როგორ აისახება ლარის, რუბლისა და ლირის გაუფასურება ქართულ ბიზნესზე?
საქართველოში ტურისტული სეზონის პიკია და წესით, ეროვნული ვალუტა უნდა გამყარდეს, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ ხდება: დაახლოებით სამი კვირის წინ 1 აშშ დოლარი 2,44 ლარი ღირდა, 23 აგვისტოს კი, დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.58 ლარი გახდა. ექსპერტები ამას რუსული რუბლის და თურქული ლირის გაუფასურებითაც ხსნიან. ჩვენ დავინტერესდით, რა გავლენას ახდენს ლარის, რუბლისა და თურქული ლირის გაუფასურება ქართულ ბიზნესზე და ამის გასარკვევად სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს დავუკავშირდით: 

ზვიად დარახველიძე - სამშენებლო კომპანია „მონოლით ჯგუფის“ დამფუძნებელი:


-ბუნებრივია, ქართულ სამშენებლო სექტორზე სამივე ამ ვალუტის გაუფასურება მოქმედებს, რადგან ხალხი ბინებს ვეღარ ყიდულობს, ამის გამო მშენებლობაც გაძვირდება და ბინებიც. რუსეთი და თურქეთი ჩვენი ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესი ქვეყნებია: ამ ქვეყნებიდან საქართველოში სამშენებლო მასალაც შემოდის და თანხაც, რადგან ბინებს ძირითადად ჩვენი ემიგრანტები ყიდულობენ. ხალხი სპეციალურად არის წასული უცხოეთში, რომ საცხოვრებელი ფართი შეიძინოს. სხვათა შორის, ქართული ბიზნესისთვის ლარის გაუფასურება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ლარი მჭიდროდ არის მიბმული რუსულ რუბლზე, განსაკუთრებით კი, თურქულ ლირაზე. კიდევ კარგი, ზაფხულმა და ტურისტულმა სეზონმა გვიშველა, თორემ უარესი მდგომარეობა გვექნებოდა - დოლარს ვეღარ გავაჩერებდით. ლარის გამყარებას ისიც ხელს უწყობს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ირანელი, არაბი და სხვა ქვეყნის მოქალაქე ყიდულობს ბინას. ამიტომ, მათი წყალობით აქ ძალიან ბევრი ფული შემოედინება. ჩემი დაკვირვებით, უცხოელები უფრო მეტ ბინას ყიდულობენ, ვიდრე ადგილობრივები. ესეც უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი წყაროა. აისახება თუ არა ჩვენი მეზობელი ქვეყნების ვალუტების გაუფასურება ჩვენს ბიზნესზე? - რა თქმა უნდა, აისახება და ძალიან ცუდად აისახება.


თამაზ ჩიტაიშვილი - ტურისტული კომპანია „ტიფლის თრეველის“ ხელმძღვანელი:


-რა თქმა უნდა, ვალუტის კურსის რყევა ტურისტულ სექტროზეც მოქმედებს, მაგრამ ეს უფრო გამსვლელ ტურებს ეხება: ქართველებს, რომლებიც უცხოეთში დასასვენებლად მიდიან, უფრო მეტი თანხის გადახდა უწევთ. რუსული რუბლის გაუფასურებამ რუსი ტურისტები შეიძლება დააბრკოლოს, მაგრამ ჩვენი ტურიზმი მხოლოდ რუსეთზე ხომ არ არის მიბმული? საქართველოში ძალიან ბევრი ვიზიტორი შემოდის აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ირანიდან, არაბეთიდან... ამიტომ, ვალუტის კურსის ცვლილება ტურისტულმა ბიზნესმა შედარებით იოლად გადაიტანა, მაგრამ ბევრი რამ ჩვენც გაგვიძვირდა, მაგალითად: სასტუმროებს და რესტორნებს ყველაფერი გაუძვირდათ და მერე ისინი ჩვენ გვიძვირებენ ფასებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დოლარის გაძვირებით საწვავი ძვირდება და ეს ყველა სფეროზე მოქმედებს. ჯერჯერობით ტურიზმი შეძლებისდაგვარად იჭერს ლარს, მაგრამ ზამთრის სეზონზე ეს ვეღარ მოხერხდება. ამიტომ, საქართველო მარტო ტურიზმზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული, თორემ ზამთარში ჩვენი ეროვნული ვალუტა უფრო მეტად გაუფასურდება.


ლევან სილაგავა - „მეხორბლეთა ასიციაციის“ ხელმძღვანელი:


-ხორბალი ნებისმიერი ქვეყნისთვის სტრატეგიული პროდუქტია, რადგან მისგან პურს აცხობენ, პური კი, მოსახლეობის მთავარი საკვებია. ვალუტის კურსის რყევა ჩვენს ფასებზე უკვე აისახა, თანაც, გარდა გაუფასურებისა, იყო მეორე ფაქტორიც - მოსავლის შემცირება. რუსეთში მოსავალი 30%-ით შემცირდა, გერმანიაში - 20%-ით, ხოლო ავსტრალიაში - 30%-ით. ამან მსოფლიო ბაზარზე ხორბლის გაძვირება გამოიწვია - სამიოდე კვირის წინ ხორბალი 200 დოლარი ღირდა, დღეს კი - უკვე 232 დოლარი ღირს. ამას დაემატა ლარის კურსის ცვალებადობა, რაც თავისთავად აძვირებს პროდუქციას. შესაბამისად, 3 კვირის წინ ფქვილის ფასი თუ ღირდა 37 ლარი, დღეს 42 ლარი ღირს. წისქვილკომბინატებს და ფქვილის მწარმოებლებს ნედლეული სერიოზულად გაუძვირდა და ისინი იძულებულნი გახდნენ ხორბალი გაეძვირებინათ. გაძვირდება თუ არა პური? - ეს უკვე მეპურეებმა უნდა გადაწყვიტონ, რადგან მათ თავისი კალკულაცია აქვთ.


მარიამ გოგიშვილი - კომპანია „იფქლის“ კომუნიკაციების მენეჯერი:


-ხშირად გვეკითხებიან - გაძვირდება თუ არა პური... ეს შეკითხვა საზოგადოებას ვალუტის კურსის ცვალებადობის გამო უჩნდება. ბოლო კვირების განმავლობაში 1 ტომარა ფქვილის ფასმა მართლა ძალიან მოიმატა, მაგრამ პურის გაძვირებაზე ჯერ კომენტარის გაკეთება არ შეგვიძლია. მოლოდინის რეჟიმში ვართ და ველოდებით, როგორ დასტაბილურდება ფქვილის ფასი და მხოლოდ ამის შემდეგ, ჩვენს ფინანსურ ჯგუფთან ერთად შევძლებთ განვსაზღვროთ, საჭიროა თუ არა ფასის მომატება. ვიმედოვნებთ, რომ გაძვირების საჭიროება დღის წესრიგში არ დადგება, რადგან ფქვილს საერთოდ ახასიათებს ფასის ცვალებადობა. ერთი ტომარა ფქვილის ფასი ზოგჯერ მაღლა იწევს, ზოგჯერ კი - იკლებს. ყველაფერი, რასაც ვიყენებთ - ნედლეული, შესაფუთი მასალები, დანადგარები - იმპორტირებულია. ამიტომ, დოლარის და ლარის მიმართება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესისთვის.


სოსო არჩვაძე - ეკონომიკის ექსპერტი:


-რა თქმა უნდა, ქართული ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის რუბლისა და ლირის კურსი ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან თურქეთისა და რუსეთის წილი საქართველოს საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში საკმაოდ დიდია. თურქეთს პირველი ადგილი უკავია ჩვენს საგარეო-სავაჭრო ბრუნვაში, ხოლო რუსეთს - ჩვენს ექსპორტში. გვინდა თუ არა, ეს ქვეყნები ჩვენთვის მნიშვნელოვანია და როდესაც მათი ვალუტები უფასურდება, ამას ორმაგი და სამმაგი უარყოფითი ეფექტი აქვს ხოლმე. როდესაც ჩვენი მეზობლების ვალუტა ეცემა, ეს ნიშნავს, რომ ლირაში და რუბლში გამომუშავებული თანხა, რომლის გადმოგზავნას აპირებდნენ ჩვენი ემიგრანტები, კონვერტირებისას მცირდება. ეს კი, ლარის პოზიციებს ასუსტებს. ლარის დასუსტების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არაჯანსაღი აჟიოტაჟია, როცა ყველა გარბის და დოლარს ყიდულობს. მე მახსენდება ერთი იგავი ხოჯა ნასრედინზე, რომელმაც ქალაქში, ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე დაიძახა: ქალაქის ბოლოს ფლავს მუქთად არიგებენო და ხალხი რომ გაიქცა, თვითონაც უკან დაედევნა. როდესაც ჰკითხეს, სად მირბიხარო, უპასუხა: იმდენი ხალხი მირბის, შეიძლება მართალს ამბობენო. ეს ხუმრობაა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციას ზუსტად მიესადაგება. მოქმედებს თუ არა რუბლის, ან ლირის გაუფასურება ქართულ ბიზნესზე? - რასაკვირველია, მოქმედებს: საქართველო იმდენად არის დამოკიდებული იმპორტზე, რომ ჩვენი მეზობლების ვალუტის რყევა ქართულ ეკონომიკაზე ყოველთვის აისახებოდა და ახლაც აისახება.

თარიღი: 2018/08/24