საქართველო -  მომწამვლელი ავტომობილების „სამოთხე“ - რით ემუქრება  ტექდათვალიერება საავტომობილო ბიზნესს და რას მოუტანს ქვეყანას ტაქსების ლიცენზირება
საქართველოსა და თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე რომ მაღალია, ეს არაერთი კვლევით დადასტურდა.  დაბინძურებული ჰაერი  კი, უამრავი საშიში დაავადების წყარო ხდება: ფილტვის კიბო, ინსულტი, გულის დაავადებები - ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც დაბინძურებული ჰაერი ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის. დადგენილია, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების შედეგად წელიწადში  საშუალოდ 3 741 ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით კი, თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია - აქ ჰაერის დაბინძურება ნორმას 2.9-ჯერ აღემატება. ისიც დადგენილია, რომ ჰაერის დაბინძურების და მავნე გამონაბოლქვის მთავარი წყარო საქართველოში  გაუმართავი ავტომობილებია. რა მდგომარეობაა ამ მხრივ დღეს ჩვენს ქვეყანაში? - ამის თაობაზე საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტს - ლავრენტი ალანიას ვესაუბრეთ:

-გაუმართავი, მოუწესრიგიებელი ტრანსპორტი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. არ არსებობს რეგულაციები, რომელიც ამ სფეროს მოაწესრიგებს. ტაქსები, მსუბუქი ავტომობილები და ყველა სხვა სახის ტრანსპორტი მოძველებული და ამორტიზებულია.  

-რატომ მოიყარა თავი ჩვენს ქვეყანაში ამგვარმა ტრანსპორტმა?

-მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში გადასაყრელი, მეორადი ავტომობილები შემოდის. უმწვავესი პრობლემაა ისიც, რომ ყველა მანქანას, რომელიც აქ შემოდის, კატალიზატორი  ამოჭრილი აქვს, ან მერე აჭრიან  ამ უმნიშვნელოვანეს დეტალს და ყიდიან. კატალიზატორის ფუნქცია ის არის, რომ ჰაერი გაწმინდოს, შესაბამისად, ეს უმნიშვნელოვანესი დეტალია ავტომობილისთვის. მოძველებული მიკროავტობუსები და ავტობუსები - ეს ყველაფერი მთლიანობაში ქმნის იმ კატასტროფას, რაც ჩვენს დედაქალაქში და საქართველოში ხდება. ქვეყანაში პრაქტიკულად გადასაყრელი მანქანები შემოდის. ამასწინათ ვნახე, ერთ-ერთ სკოლას ისეთი ავტობუსები შეუძენია, რომელიც უკვე აფრიკაშიც კი აღარ დადის. მეორადი მანქანების ასაკზეც ზღვარი უნდა დაწესდეს. არ შეიძლება 1995-1996 წელს და უფრო ადრე გამოშვებული მანქანები თავისუფლად შემოდიოდეს საქართველოში.

-ასეთი ძველი მანქანები როგორღა შემოჰყავთ?

-ნაავარიევი, ორად გაჭრილი მანქანები შემოჰყავთ და მერე აწყობენ. როდესაც ავტომანქანა ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსულია, მისი ადგილი სანაგვეზეა და არა - ჩვენს ქუჩებში. საქართველოში გასული საუკუნის 60-70-იან წლებში გამოშვებული მაქანებითაც კი დადიან, რაც სრული აბსურდია. როცა გაირკვა, თუ რამდენი ადამიანი იწამლება ამ მანქანების  გამონაბოლქვისგან, მხოლოდ მაშინ დავიწყეთ ყვირილი. თუ ჩვენს ქვეყანაში ახალი ავტომობილების მომრავლება გვინდა, არ შეიძლება 2014 წელს გამოშვებული მანქანის განბაჟება უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე 2010, ან 2012 წელს გამოშვებულისა - სწორედ ამგვარი ღონისძიებები სჭირდება ავტოპარკის განახლებას, რასაც ვერა და ვერ ვეღირსეთ.  არანაკლები პრობლემაა მარჯვენასაჭიანი მანქანების სიმრავლეც.

-მაინც, რას „აშავებენ“ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები?

- საქმე ის არის, რომ ჩვენი გზები არ არის აწყობილი ამ მანქანებზე და მარჯვენასაჭიანი მანქანები ყოველთვის იქნება საშიშროების წყარო. ავარიების სიმრავლეც სწორედ გაუმართავი და ჩვენს გზებთან შეუფერებელი ტრანსპორტის სიჭარბით არის გამოწვეული. სწორედ ამიტომ უნდა შეიზღუდოს მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანა საქართველოში.

-ბატონო ლავრენტი, თბილისში ძალიან ბევრი მძღოლი „ტაქსაობს“ გაუმართავი  მანქანით. ეს ადამიანები თავს იმით იმართლებენ, რომ ამ გზით ოჯახებს არჩენენ...

- გასაგებია, რომ ისინი „ტაქსაობით“ ოჯახებს ინახავენ, მაგრამ ეს სხვების ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ, ძალიან კარგია, რომ 1 ოქტომბრისთვის ტაქსების ლიცენზირება  დასრულდება. ეს  მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ ეს სფერო მწყობრში მოვიყვანოთ. ლიცენზირება  ყველა ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში მიღებული და ნორმალური პროცესია. უნდა ვიცოდეთ, თუ რა რაოდენობის ტაქსია თბილისში და მთელ ქვეყანაში. მძღოლმა შესაბამისი ნებართვა მერიისაგან უნდა აიღოს და ეს საშუალებას მოგვცემს ვიცოდეთ, რამდენი ამორტიზებული ტაქსია ჩვენთან და რა უნდა მოვუხერხოთ მათ.

-როგორც ვიცი, შეზღუდვები ორკარიან მანქანებსაც შეეხება. ამ ტიპის ავტომობილებს რა ნაკლი აქვთ?

-დიახ, 2018 წლის 1 ოტომბრიდან თბილისში ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით ტაქსაობა იკრძალება. მარჯვენასაჭიანებზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ ორკარიანი მანქანა არანაკლებ საფრთხეს უქმნის მგზავრს. ეს შეზღუდვები თბილისიდან მთელ საქართველოზე უნდა გავრცელდეს. რაც შეეხება ტექდათვალიერებას,  ის მძღოლმა წელიწადში ერთხელ კი არა, 3 თვეში ერთხელ უნდა გაიაროს და 60 ლარი კი არა, უფრო დაბალი ფასი უნდა ღირდეს. 2019 წლიდან ეს რეგულაციაც სრულყოფილად ამოქმედდება და ეს აუცილებელიცაა. დასათვლელია, რამდენი სამარშრუტო ტაქსი სჭირდება ქვეყანას და არც ერთმა მძღოლმა არ უნდა იაროს სატვირთო მანქანით, რომელიც  სამგზავრო „მარშუტკად“ არის გადაკეთებული.  ჩემი აზრით, ლიცენზირება მარტო ტაქსებს კი არა, მიკროავტობუსებსაც სჭირდება. არ შეიძლება კერძო მესაკუთრეებს გადავაყოლოთ ადამიანების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სიცოცხლეც კი.

-დაბოლოს, ძალიან ბევრს კამათობენ საქართველოში შემოტანილი საწვავის ხარისხზეც: ამბობენ, რომ მასში ტყვიის და სხვა მავნე ნივთიერებების შემცველობა მაღალია. ამ პრობლემაზე რას გვეტყოდით?

-დანამდვილებით ვერაფერს  ვიტყვი, რადგან ამის დაზუსტებას დიდი კვლევები სჭირდება. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ საქართველოში მომწამვლელი და უხარისხო საწვავი შემოდის და ეს არც არის გამორიცხული, რადგან არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს შეამოწმებს. რატომ ხდება, რომ ყველა საწვავი განსხვავებულად მოქმედებს ავტომობილის ძრავზე? - ალბათ იმიტომ, რომ ზოგიერთი მათგანი უხარისხოა. ზოგიერთ საწვავს მანქანაში რომ ჩაასხამ, მისი სუნი და ხარისხი მაშინვე დაგაეჭვებს. ამ სფეროში ყველაფერი შესამოწმებელია და ეს საწვავის ხარისხსაც ეხება.

თარიღი: 2018/08/28