ბიზნესიდეა, რომელიც მეგობრებს ჰოთ-დოგის დაგემოვნების შემდეგ გაუჩნდათ
ყველაფერი ევროპაში მოგზაურობისას დაიწყო. ბრიუსელში ირაკლი ჩაჩანიძემ და გიორგი გოგიჩაშვილმა პატარა ჯიხური შენიშნეს. ეს სწრაფი კვების ობიექტი იყო. მასთან, ყინვის მიუხედავად, უზარმაზარი რიგი იდგა. მდნარი ყველისგან მომზადებული ჰოთ-დოგის დაგემოვნების შემდეგ მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ ანალოგიური პროდუქტი ქართველი მომხმარებლებისთვისაც უნდა შეეთავაზებინათ. ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ ქართულ ბაზარზე ეს სიახლე ყველის მოყვარულებს სასიამოვნოდ გააოცებდათ. იდეას ხორცშესხმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაიწყეს და გზად შემხვედრი დაბრკოლებების მიუხედავად, დაახლოებით, ერთი თვის წინ, აბაშიძის 82-ში შვეიცარიული ტექნოლოგიებით დამზადებული სენდვიჩებისა და ჰოთ-დოგების რესტორანი გახსნეს.

„ვიზჩიზის“-ის თანადამფუძნებელმა, გიორგი გოგიჩაშვილმა, მათი წარმატების ისტორიასა და იმ სირთულეებზე გვიამბო, რომელიც სტარტაპერებმა წარმატებით დაძლიეს:

- ფეისბუქსზე მეგობრები ხშირად აზიარებდნენ ხოლმე ვიდეოებს, რომლებშიც მდნარი ყველისგან ამზადებდნენ კერძებს და მას ყოველთვის დიდი გამოხმაურება ჰქონდა. აქედან გამომდინარე, რადგანაც ბაზარზე მსგავსი პროდუქტი არ იყო, ვიმედოვნებდით, რომ იდეა გაამართლებდა. მართლაც, პროდუქტზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. რამდენიმე კვირაზე გათვლილი მარაგი სულ რაღაც სამ დღეში ამოგვეწურა.

- რაში მდგომარეობს WIZCHIZ-ის განსაკუთრებულობა?

- ჩვენი სენდვიჩები და ჰოთ-დოგები მაქსიმალურად ჯანსაღია, რადგანაც ხორცს გრილზე ვწვავთ, ხოლო ყველი სპეციალური აპარატით დნება. ჩვენ ვიყენებთ გერმანულ ყველსა და შვეიცარიულ რაკლეტს, რომელსაც სპეციალური შეკვეთით ვამზადებინებთ და ის მხოლოდ ჩვენ გვაქვს საქართველოში.

- რა იყო ყველაზე დიდი დაბრკოლება თქვენი იდეის განხორციელების გზაზე?

- ყველაზე დიდი დაბრკოლება იყო ყველის საკითხი. ჩვენ ვნახეთ და გავარემონტეთ ფართი, მოვაგვარეთ ყველა ტექნიკური საკითხი და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ შვეიცარიული ტექნოლოგიით ნებისმიერ ყველს ვერ დავადნობდით ისე, რომ თვისებები და გემო არ შეცვლოდა. შვეიცარიულ ყველს კი სპეციალური სტრუქტურა აქვს, რომელიც მას გემოსა და თვისებებს უნარჩუნებს. ამგვარი ყველის არქონის გამო კი რამდენიმე თვის დაგვიანებით გაიხსნა ჩვენი რესტორანი. ეს დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის.

- რა რჩევებს მისცემთ სტარტაპერებს?

-პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ დაბრკოლების დროს შიშის მომენტი გადალახონ. მე და ირაკლიმ, ვისთან ერთადაც დავაფუძნე „ვიზჩიზი“, კარგად ვიცით, ეს რამხელა გამოწვევაა. ჩვენ სამი თვე მხოლოდ შესაბამისი ყველის უქონლობის გამო გავჩერდით. ჩვენი შეცდომა იყო ის, რომ ყველის ფაქტორი წინასწარ არ გავითვალისწინეთ. გამოცდილებამ გვასწავლა რომ ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა უმნიშვნელოვანესია. მინდა ყველა სტარტაპერს წარმატებები ვუსურვო.

თარიღი: 2018/06/30