რატომ რჩება საქართველო იმპორტზე დამოკიდებულ სახელმწიფოდ?
წლები გადის, სხვადასხვა სფერო ცვლილებებს განიცდის, გარკვეული მიმართულებები, შეიძლება ითქვას,  ელვის სისწრაფითაც კი ვითარდება. ინვესტიციები იდება სოფლის მეურნეობაში, არსებობს ქართული წარმოების ხელმშემწყობი სახელმწიფო პროგრამებიც, თუმცა საექსპორტო პოტენციალის და შესაბამმისი პროდუქტის ზრდის მიუხედავად, საქართველო მაინც იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად რჩება. ამას სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც ადასტურებს:  2018 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, 2017 წელთან შედარებით, მიმდინარე წელს იმპორტი $1 მილიარდით ( 23%-ით)  არის გაზრდილი და $5.2 მილიარდს შეადგენს. მართალია, ექსპორტის ზრდა უფრო მაღალია - 28%, მაგრამ ეს მაინც  ძალიან მცირე თანხაა -  400 მილიონი დოლარი. შედეგად, საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი  ანუ სხვაობა იმპორტსა და ექსპორტს შორის  2.7 მილიარდიდან 3.3 მილიარდ დოლარამდეა გაზრდილი. 

რატომ რჩება საქართველო იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად? - ამ საკითხზე ჩვენს მკითხველს ქართველი ეკონომისტები ესაუბრებიან:

პაატა ბაირახტარი - „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი:

-სამწუხაროა, მაგრამ საქართველო თვითკმარი ქვეყანა არ არის. ჩვენს ეკონომიკას საიმისო რესურსიც არა აქვს, რომ საკუთარი  მოსახლეობა მაინც დააკმაყოფილოს. რაც შეეხება პრობლემას, თუ რატომ გვაქვს უარყოფითი სავაჭრო სალდო წლების განმავლობაში, ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ძალიან მცირე მასშტაბისაა და არა აქვს იმის რესურსი, რომ ექსპორტზე უფრო მეტი პროდუქცია გაიტანოს. თუ ჩვენი ექსპორტის დინამიკას გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ეს ისეთი ნედლეულია, რომელიც შემდგომი დამუშავების მიზნით გადის ჩვენგან ანუ ადგილობრივი ნაწარმი არ იქმნება, რაც განვითარებადი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ტენდენციაა. ჩვენი ექსპორტი უკვე წლებია დამოკიდებული რეექსპორტზე და მასში ლომის წილი უკავია ავტომობილების რეექსპორტს. მეორე მიმართულებაა ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები და ისეთი პროდუქცია, რომელიც შემდგომი დამუშავების მიზნით გადის საქართველოდან. ის პროდუქცია კი, რომელიც აქ იწარმოება, ძალიან მცირე რაოდენობით გვაქვს. ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომელიც ჩვენი ქვეყნის უარყოფით სავაჭრო სალდოს განაპირობებს. როდესაც ქვეყანა თავად არაფერს აწარმოებს და მხოლოდ იმპროტირებულ ნაწარმზეა დამოკიდებული, როცა იმპორტი წლების განმავლობაში აჭარბებს ექსპორტს, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის მისასალმებელი სულაც არ არის. სწორედ ამიტომ, საქართველოს ეკონომიკა საგარეო შოკების მიმართ გაცილებით მგრძნობიარეა. ამავე დროს, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ექსპორტის მაჩვენებლებიც ნელა, მაგრამ მაინც იზრდება. ეს  დადებითი ტენდენციაა, რომელიც  ქართულ ეკონომიკაზე და ბიზნესზე დადებითად აისახება.

ირაკლი მაკალათია - ეკონომიკის დოქტორი:

-მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანებში ექსპორტის ზრდა მართლაც  შეინიშნება, ეს ჩვენს ეკონომიკაზე მაინც ვერ ახდენს სერიოზულ გავლენას. რადიკალურად არ იზრდება ექსპორტის წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში და ჩვენ კვლავ იმპორტზე დამოკიდებულები ვრჩებით. ცუდია ისიც, რომ ექსპორტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია რეექსპორტს. ეს ნიშნავს, რომ ექსპორტზეც  სხვა ქვეყნიდან შემოსული პროდუქტი გაგვაქვს, ადგილობრივი წარმოება კი, თითქმის გათიშულია.  ბოლო პერიოდში აშკარად დაწინაურდა ექსპორტი აზერბაიჯანში და  რის ხარჯზე მოხდა ეს? - უპირველეს ყოვლისა, ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე. რეექსპორტი  არანაირ კავშირში არ არის ეკონომიკურ განვითარებასთან, შესაბამისად,  ჩვენი ეკონომიკაც ვერ იზრდება და ვერ ვითარდება. ჩვენს მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად კვლავაც რჩება რუსეთი და დსთ-ის სივრცე, სადაც  მინერალური წყლები, ფეროშენადნობები და ნატურალური ღვინოები გაგვაქვს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ რეალური ცვლილებები საქართველოს ეკონომიკაში არ იგრძნობა.

ვახტანგ ჭარაია - თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი:

-მეც ვიზიარებ აზრს, რომ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ქართული ეკონომიკის განუვითარებლობის შედეგია. ასეთი ბალანსი უფრო ხშირად განვითარებად ქვეყნებს აქვთ. ეს ერთგვარი ხაგანგიცაა, რადგან იმპორტზე დამოკიდებული ქვენისთვის ძალიან ძნელია ადგილობრივი წარმოების შექმნა და გაძლიერება. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ქართული ბაზარი, სადაც თითქმის ყველა მიმართულებით გვყავს კონკურენტი და ადგილობრივ პროდუქციას ძალიან უჭირს უცხოურისთვის კონკურენციის გაწევა. მაგალითად: ბაზარზე რამდენიმე დასახელების ქართული ლუდი იყიდება, მაგრამ მომხმარებელი მაინც უცხოურს ყიდულობს, რადგან რეკლამას, სახელს და ბრენდს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ იმ პროდუქციასაც ვერ ვაწარმოებთ საკმარისი რაოდენობით, რაშიც სერიოზული პოტენციალი გვაქვს: შეგვიძლია ხორცის წარმოება გავზარდოთ და მაინც იმპორტირებული შემოგვაქვს, საკმაო რაოდენობით  ხილის და ბოსტნეულის მოყვანა შეგვიძლია და მაინც იმპორტირებულზე ვართ დამოკიდებული. რატომ? - პასუხი მარტივია: შედარებით იაფი თურქული პროდუქცია ჩვენს ბაზარზე უფრო კარგად იყიდება. ადგილობრივი კი - უფრო ძვირია და ამის გამო - არაკონკურენტუნარიანიც. საბოლოო ჯამში, ადგილობრივი წარმოება ვერ ვითარდება და დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტა გადის ქვეყნიდან - ეს არის ყველაზე ცუდი, რაც იმპორტზე დამოკიდებულებას მოჰყვება ხოლმე.

P.S. გთავაზობთ მონაცემებს, სადაც ერთმანეთთან წლევანდელი და გასული, 2017 წლის მაჩვენებლებია შედარებული:

საქართველოს 10 მთავარი საიმპორტო პროდუქტი (2018 წლის იანვარ-ივლისში)

1) ნავთობპროდუქტები - $489 მილიონი, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან  შედარებით - 37%

2) ავტომობილები - $335 მილიონი, ზრდა - 24%.

3) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $217 მილიონი, ზრდა - 16%

4) მედიკამენტები - $191 მილიონი, კლება  - 2%

5) ბუნებრივი აირი - $170 მილიონი - რაოდენობა უცვლელია

6) მობილური ტელეფონები - $104 მილიონი, კლება - 4%

7) თამბაქოს ნაწარმი - $84 მილიონი, ზრდა  - 110%

8) კომპიუტერები, სერვერები - $81 მილიონი, ზრდა - 71%

9) აირტურბინები - $80 მილიონი, ზრდა - 831%

9) ხორბალი - $62 მილიონი, ზრდა - 16%

საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი

1) სპილენძის მადნები - $278 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით - 13%

2) ფეროშენადნობები - $205 მილიონი, ზრდა - 13%

3) ავტომობილები (რეექსპორტი) - $203 მილიონი, ზრდა - 98%

4) ღვინოები - $105 მილიონი, ზრდა - 25%

5) მედიკამენტები - $80 მილიონი, ზრდა - 2.7%

6) სპირტიანი სასმელები - $72 მილიონი, ზრდა- 23%

7) თამბაქოს ნაწარმი - $66 მილიონი, ზრდა - 700%

8) მინერალური წყლები - $62 მილიონი, ზრდა - 16%

9) აზოტოვანი სასუქები - $59 მილიონი, ზრდა - 42%

10) ოქრო - $45 მილიონი, ზრდა - 10%

თარიღი: 2018/09/07