ბიზნესი „სიმაღლეზე“ - რა აიძულებთ უცხოელ ტურისტებს საშიშ გზებზე სიარულს - თუშური ვოიაჟი ქართულად, ანუ „ცასთან ახლოს“
საშიში და მიმზიდველი...  

გზა, რომლის გავლასაც მყარი ნერვები და დიდი ენთუზიაზმი სჭირდება,  ექსტრემალი ტურისტების მთავარი სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ის მსოფლიოს ყველაზე საშიშ გზათა ხუთეულში მოექცა. ბარში ჩამოტანილი მთის დაუჯერებელი ამბები და ნანახი, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა ბევრისთვის შიშის დაძლევის წინაპირობა და საფრთხესთან შეჭიდების მთავარი მოტივატორი გახდა. თუშეთმა, რომელიც ექსტრემალი და რომანტიკოსი ტურისტებისთვის ერთნაირი გამოწვევა აღმოჩნდა, თავის თავში საოცარი ლანდშაფტი, ველური ბუნება, ლეგენდარული ამბები, რეალური ისტორია და ქართული ტრადიციები გააერთიანა.



ულამაზეს ტურისტულ ზონას, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არც ისე დიდი ხნის წინ მოექცა, ჩვენი ჯგუფი რამდენიმე დღის წინ ეწვია. უფსკრულში გადაჩეხვის გარდაუვალობის განცდა,  ოჯახში ვერდაბრუნების შიში და  უსასრულო აღმა(მა)ვლობის დასრულების მოლოდინი  ადგილზე განცდილმა ემოციებმა სრულად გადაფარა. ცივილიზაციას მოწყვეტილი სხვა ცივილიზაცია, ფილტვების „მწველი“ სუფთა ჰაერი, უცხოელი ტურისტების მიერ ღიმილით ნასროლი „ჰელოუ“ ან „გამარჟობა“ და სრულად „გაკეთილშობილებული“ სამყარო „ღრუბლებში გახვეული“ პარალელური, ანუ სხვა საქართველოს აღმოჩენაში დაგვეხმარა.

ჩვენი ჯგუფი საოჯახო სასტუმრო „ძველ ომალოში“ გაჩერდა.  საცხოვრებელი, ფაქტობრივად, ყველანაირ საარსებო პირობას აკმაყოფილებდა - დაცული იყო სისუფთავე, არ იყო ცხელი წყლის პრობლემა, შეიძლებოდა უფასო wi-fi-ით სარგებლობა, უწყვეტ რეჟიმში მოგვეწოდებოდა ელექტროენერგიაც, რომლით მომარაგებაც  მზის პანელების წყალობით ხდებოდა. სასტუმროს მეპატრონეებმა კი თუშური სტუმარ-მასპინძლობითაც გაგვანებივრეს.



როგორც მოგვიანებით გავიგეთ, სარისკო გზების მიუხედავად, ტურისტების სიმცირეს არც ეს და არც სხვა სასტუმროები უჩიოდნენ. ტერიტორიით კი უფრო მეტად უცხოელი ტურისტები ინტერესდებოდნენ.

„ეს სეზონური ბიზნესია. ბუნებრივია, შემოსავალიც მოაქვს, მაგრამ მარტო ზაფხულში. ზამთარში აქ დედამთილ-მამათილი რჩება - ცხვრებს და ძროხებს უვლიან. რძის ნაწარმი და ხორცი სულ გვაქვს. თავიც ასე გაგვაქვს. როდესაც თუშეთს ახლა უკვე ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ესტუმრა,  აქაურობის ტურისტული პოტენციალით გაოგნდა. მაშინ გამოყო ვეტმფრენი, რომელიც შემოდგომიდან კვირაში ერთხელ დაფრინავდა. მისი საშუალებით ამოგვქონდა ხოლმე პროდუქტები ზამთარში. ახლა არ ვიცი, როგორ იქნება საქმე ამ მხრივ. კვირიკაშვილი ხომ პრემიერი აღარაა და... „ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჩვენმა მასპინძელმა.



ჩვენი ყურადღება სამშენებლო მასალამაც მიიპყრო - აღმოჩნდა, რომ საოჯახო სასტუმროებისა და სახლების უმრავლესობა „ნაყარი“ ქვებისგან აუშენებიათ. უცნაური იყო იმის გააზრებაც, რომ მშენებლებს არც ცემენტი და არც სხვა დამხმარე საშუალება არ გამოუყენებიათ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამის საჭიროება არც იყო.

„ეს ქვები კარიერებიდან მოაქვთ. ეს ქვები ერთმანეთში იმდენად მყარად ჯდება, რომ დანგრევის საფრთხე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. თან ასე უფრო იაფი ჯდება. სხვაგვარად კახეთიდან ან თბილისიდან იქნებოდა მასალა ამოსატანი. ეს ძალიან რთული საქმეა. თვითონაც ნახეთ, როგორი გზებია ამოსავლელი. ასე ნაშენები სახლები კი სიმყარესაც ინარჩუნებს და სითბოსაც“ - განმარტა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, იოსებ ფირაშვილმა ჩვენთან საუბრისას.



სასტუმროების ბიზნესისა და საოჯახო სამზარეულოს გარდა, ადგილობრივები „ხელნაკეთ“ ბიზნესსაც აწარმოებენ. ამბობენ, რომ ტურისტებს სწორედ ასეთი, განსაკუთრებით კი თექაზე შესრულებული ნამუშევრები მოსწონთ. ჩვენი ყურადღება კი ერთ-ერთ სოფელში გამოფენილმა შემოქმედებამ მიიპყრო - ულამაზესი შარფები, ჩანთები, კედელზე დასაკიდი საოცარი ნახატები...  როგორც მოგვიანებით გაირკვა, ავტორი თექის ოსტატი, თამარ გულუხაიძე იყო.

„ადრე იმას ვხატავდი, რაც მე თვითონ მომწონდა, ახლა უკვე მყიდველის ინტერესებს ვითვალისწინებ, მაგრამ...  მაინც ტრადიციული ელემენტებით  ვქმნი ყველაფერს. ტურისტებს, ძირითადად, კოშკები, ცხენები და ასეთი გამოსახულებები აინტერესებთ. იმდენად იტვირთებიან ამ გარემოთი, რომ ყვავილები, ფოთლები და ზოგადად, ბუნება აღარ უნდათ.  ნამუშევრები კარგად იყიდება. ძირითადად, ზაფხულობით ვარ ხოლმე აქ. ბავშვები ამომყავს დასასვენებლად და... ასე ჰაერზეც ვართ და შემოსავალიც მაქვს. შემოდგომიდან კი სამსახურს ვუბრუნდები. თექაზე მუშაობას სხვებსაც ვასწავლი. საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“ მაძლევს ამის საშუალებას. სწავლა უფასოა და... ძალიან მინდა, ძველი ტრადიციული შემოქმედების ანბანი ჩვენს მომავალ თაობასაც გადავცე. უკვე დედაჩემის ასაკის ხალხმაც აღარ იცის ქსოვა, რაც ძალიან მაღელვებს ჩემი მომსწავლეების უმრავლესობა 40-ს გადაცილებული ადამიანები არიან. მართალია, ეს აქ სეზონური ბიზნესია, მაგრამ... თექა მარტო თუშეთში ხომ არ იყიდება? „- აღნიშნა თამარ გულუხაიძემ „ბიზნესპოსტთან“ საუბრისას.



სოფელ დიკლოდან ძველ დიკლოში გადავინაცვლეთ,  დაღესტნის საზღვარს გადავედით და გონებაში „ლეკიანობის“ პერიოდიც გავიცოცხლეთ. მანამდე კი შენაქო მოვინახულეთ. ადგილობრივების უცნაური მიდგომების და ტრადიციების შესახებაც სწორედ იქ, სამების ეკლესიის ტერიტორიაზე შევიტყვეთ.

„შენაქოში დღეობა იმართება ხოლმე, ივლისის ბოლო ორშაბათ-სამშაბათს. სენაქობა და აგიუთობა. დღეობაზე ამოსულებს 10 შერჩეული ოჯახი მასპინძლობს. მასპინძლებს სია გარკვეულ პერიოდში ერთხელ იცვლება. ახლანდელი სია 2020 წლამდეა. 2021 წელს ახალი სია შედგება. ტურისტებს ან/და ადგილობრივებს, რომელიც დღეობას ესწრება, სწორედ ეს ოჯახი უმასპინძლდება. ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია. თითოეულ ვიზიტორზე ოჯახის წევრივით ზრუნავენ. არეულობა არ ხდება. იმ მთას ხომ ხედავთ? აი, როდესაც ტურისტი აქ კარავს გაშლის, იმ მთას ვუყურებთ. თუ წვერი ღრუბელში გაეხვა, ტურისტებს ვაფრთხილებთ, რომ იწვებს. ვაშლევინებთ კარვებს და ჩვენ ვაბინავებთ. ამ ადგილს ხომ ხედავთ? სამეხეს ეძახიან. არ არსებობს, ჭექა-ქუხილის დროს მას მეხი არ დაეცეს. ჩვენ ყოველთვის ვაზღვევთ ამისგან ტურისტებს. ვაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციასაც, რაც მათ უსაფრთხოებას ეხება. ტრადიციების და ლეგენდების შესახებაც ვუყვებით, მაგალითად, გეუბნებით იმას, რომ აქ ღორს არ ჭამენ. ვუხსნით მიზეზსაც - ის უწმინდური ცხოველია. ბუნებრივია, აქ მომსვლელმა უცხოელმა ამის შესახებ არ იცის. ჩვენ ძველი ხალხი ვართ, ლეგენდების გვწამს და ვიცით, რას რა შეიძლება მოჰყვეს. ტურისტებს ეს ნაამბობებიც მოსწონთ. ინტერესით გვისმენენ. ინფორმაციით დატვირთულები მიდიან შენაქოდან“- გვიამბო იოსებ ფირაშვილმა.

ორი დღის განმავლობაში ჩვენი ჯგუფი ერთი სოფლიდან მეორეში გადადიოდა. ტერიტორიების დათვალიერებით არავინ დაღლილა. ყველა ადგილი საკუთარ ისტორიას, განსხვავებულ საიდუმლოებებს ინახავდა. თუმცა ერთი საერთო მაინც ყველას გააჩნდა - თითოეული სოფელი თავს ხელნაკეთი ბიზნესით, ძველ სტილში აგებული კაფეებით და შთამბეჭდავი საოჯახო სასტუმროებით იწონებდა. ისეთი ადგილებიც გვხვდებოდა, სადაც ქალებს შესვლა გვეკრძალებოდა.

„ქალი უწმინდურია და ამიტომო“ - აგვიხსნეს ადგილობრივებმა.



მთავარი აღმოჩენა კი, რომელსაც თუშური ვოიაჟის დროს „გადავაწყდით“, ეს ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე გახლდათ. ორი ტურისტი, რომელიც თუშეთის მთებში ავტოსტოპით მგზავრობდა, ჩვენს მანქანაში უამინდობის გამო აღმოჩნდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა,  ერთ-ერთი მათგანი ჯირი პრეკლიკი იყო.

„თუშეთის რეგიონს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. რამდენიმე წლის წინ აქ ჩვენი ერთ-ერთი თანამშრომელი იმყოფებოდა. ჩეხეთში საქართველოზე შეყვარებული დაბრუნდა. სწორედ მაშინ გააჟღერა პირველად, რომ ეს მხარე ყურადღებას იმსახურებდა. მას შემდეგ ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს ტურისტული პოტენციალით დაინტერესდა. მზის პანელები, რომელსაც, ალბათ, თითქმის ყველა სახლის სახურავზე ხედავთ, სწორედ ჩვენი ქვეყნის დაფინანსებით დამონტაჟდა. ასევეა გზის მანიშნებლები, ე.წ. მარკერები, რომელზეც სოფლის დასახელებებია დატანილი. ჩვენმა საელჩომ გამოყო სასწრაფო დახმარების მანქანაც. თუშეთს გადასცა ასევე პირველი ტრაქტორიც. ზოგადად, ჩეხეთი პატარა რესპუბლიკაა. ამერიკას, მაგალითად, შეუძლია თავს უფლება მისცეს და მთელ ქვეყანაზე განავრცოს დაფინანსება. ჩვენ რამდენიმე უნდა ამოგვერჩია. არჩევანი თუშეთზე, სამეგრელოსა და სვანეთზე შევაჩერეთ. გარკვეული პროექტები იმერეთის რეგიონშიც დაფინანსდა. მაგალითად, ერთ სოფელს ყურძნის დასაწური მოწყობილობა გადავეცით, მეორეს - ყველის ამოსაყვანი და ა.შ. ბუნებრივია, გვერდში საქართველოს ხელისუფლებაც დაგვიდგა და ჩვენ მიერ ინიცირებულ ყველა პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა - სათანადო ხელშეწყობაც მივიღეთ. ვფიქრობ, ეს რეგიონი მეტსაც იმსახურებს და დარწმუნებული ვარ, ცოტა ხანში მსოფლიოს ყურადღების ცენტრი სწორედ თუშეთი და ზოგადად, საქართველო გახდება. - აღნიშნა ჯირი პრეკლიკმა "ბიზნესპოსტთან" საუბარში. 



დაშვების შიში გულისწყვეტამ (გა)დაფარა, უფსკრულში „გადავარდნის“ მოლოდინი სილამაზის სრულფასოვანი აღქმით ჩანაცვლდა, დაძაბულობა კი ნელ-ნელა „ჩამორჩენილი“ ღრუბლებივით გაიფანტა...  თბილისში საოცარი მოგონებებით და შთამბეჭდავი ემოციებით დავბრუნდით - ჩვენ ხომ სამყაროს ზემოდან დავხედეთ და უსასრულობამდე ჩავყევით... მერე კი აბსოლუტურად ცხადად ვიგრძენით, რომ ქვეყანას სწორედ მაშინ ეშველება, როდესაც ასეთ ტურისტულ ზონებზე ზრუნვას ჩეხეთის საელჩო კი არა, საქართველოს ხელისუფლება დაიწყებს.

 

თარიღი: 2018/09/10