რეგულაციები „ვალების ხაფანგში“ გაბმული მოსახლეობისთვის თუ ცვლილებები „შავი ბაზრის“ სასარგებლოდ?
„ვალი ძალიან ჰგავს ხაფანგს, რადგან მასში მოხვედრა ადვილია, ხოლო გამოსვლა - ძნელი“

ბერნარდ შოუ

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს  მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ასეთ „ხაფანგშია“ გაბმული. იმის გამო, რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ბანკის, ლომბარდის თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალი, საქართველოში ძალიან პოპულარულია ტერმინი - „ჭარბვალიანობა“. უკვე რამდენიმე წელია, რაც ქვეყნის მთავრობა ამ პრობლემის საწინააღდეგო ღონისძიებებს მიმართავს, მაგრამ პრობლემა მაინც პრობლემად რჩება. ერთ-ერთი ასეთი ცვლილება  მთავრობამ ცოტა ხნის წინ განახორციელა და სესხებზე 50%-იანი ლიმიტი დააწესა. ამ რეგულაციის წყალობით, 2018 წლის 1 სექტემბრიდან,  საქართველოში აიკრძალა ისეთი სესხის გაცემა, რომლის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი  50%-ზე მაღალია. ცვლილების ინიციატორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე გახლავთ და ის სამოქალაქო კოდექსში უკვე შევიდა. 

და მაინც, რას მოუტანს ეს რეგულაცია ვალების ხაფანგში მომწყვდეულ მოსახლეობას და ქართულ ბიზნესს?

მიხეილ თოქმაჯიშვილი - პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი:

-ცხადია, ხელისუფლება ცდილობს, რომ ჭარბვალიანობა დაძლიოს და ეს პროცესი რაღაც ჩარჩოებში მოაქციოს, ცდილობს, სესხის გასტუმრება მოსახლეობისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს. რამდენად სწორია სესხებისთვის 50%-იანი ლიმიტის დაწესება? - თუ მთავრობა ინფლაციას ვერ შეაკავებს, ამგვარ ნაბიჯებს დადებითი ეფექტი ვერ მოჰყვება. თუ ინფლაცია კვლავ მაღლა წავა, ეს კომერციულ ორგანიზაციებს დააზარალებს და ისინი  შეეცდებიან მაქსიმალურად შეზღუდონ  სესხების გაცემა.  ბანკები ყოველთვის ითვალისწინებენ რისკებს, რომელიც სესხის გაცემას ახლავს. ბანკი განსაკუთრებული ორგანიზაციაა და მას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან მას შეუძლია ეკონომიკა გაზარდოს, ან პირიქით - დააქციოს. ამიტომ, მსგავსი გადაწყვეტილებების დროს არა მარტო მომხმარებლის, არამედ კომერციული ორგანიზაციის ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. საპროცენტო განაკვეთის რაოდენობა და მომხმარებელსა და ბიზნესს შორის ურთიერთობა ამ ორი მხარის გადასაწყვეტია, ხოლო ხელსაყრელი გარემო, რომელიც საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს, ხელისუფლებამ უნდა შექმნას. 50-%-იანი ჭერის დაწესება პირველ რიგში ონლაინსესხების გაცემას შეზღუდავს, არადა, ეს ძალიან სწრაფი და მოქნილი სესხებია, რომელიც ბევრ ადამიანს სჭირდება. ამ ადამიანებს  გაუჭირდებათ სესხის ძველებურად, მარტივად აღება,  რადგან ეს რეგულაცია შედარებით ღარიბ მიკროსაფონანსო ორგანიზაციებს კიდევ უფრო შეზღუდავს და ამ ბაზარს ჩამოაშორებს. არ გამოვრიცხავ, რომ  პროცესმა ე.წ. შავ ბაზარზე გადაინაცვლოს და არალეგალური სახე მიიღოს.  საერთოდ, ბაზარს ხელისუფლების მკაცრი ჩარევა არ უხდება. უფრო მეტიც, ეს ხშირად უკუეფექტს იწვევს: ჰგონიათ, რომ დადებით  შედეგს გამოიღებს, მაგრამ პირიქით ხდება. ამიტომ, მსგავსი რეგულაციების დაწესებამდე წინასწარი გათვლების გაკეთება  და მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებაა საჭირო.

ლევან ალაფიშვილი - იურისტი, სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი:

-პირველ რიგში, ეს პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი გადაწყვეტილებაა, თუმცა მოსახლეობის პრობლემებს  უფრო გაამწვავებს. მსგავსი გადაწყვეტილებები ამცირებს თითოეული ჩვენთაგანის წვდომას ფინანსებზე და ვალებში ჩაფლულ მოსახლეობასაც ვერ შველის. მძიმე სოციალური ფონი სოციალურად დაუცველ ადამიანს აიძულებს, დამატებითი სახსრები ყველგან მოიპოვოს: კერძო სექტორში, მეზობლებში, მეგობრებში და ა.შ... ერთი შეხედვით, ეს უწყინარი გადაწყვეტილებააა, მაგრამ ადამიანს როცა შია და სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს, აკრძალვებით მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება? !  აქამდე თუ ვალს იღებდა და მერე როგორღაც ისტუმრებდა, ახლა ვალსაც  ვეღარ აიღებს და მედიკამენტების,  საკვების,  აუცილებელი ნივთების ყიდვაც კი გაუჭირდება. როგორ ფიქრობთ, ამით ხალხის მდგომარეობა გაუმჯობესდება? მაშინ რატომ იღებს მთავრობა მსგავს გადაწყვეტილებებს? - ჩემი აზრით, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, წინასაარჩევნო პერიოდია და ახლა მოსახლეობის მძიმე სოციალური მდგომარეობით მანიპულირება საკმაოდ  „კარგი“  გზაა. ხალხის ყოფა არ გაუმჯობესდება, სამაგიეროდ მთავრობა წინასაარჩევნო პერიოდში მოკლევადიან წარმატებას მიაღწევს. ამას განვითარებულ დემოკრატიულ საზოგადოებაში არაკეთილსინდისიერ ქმედებას უწოდებენ. თუ ადამიანმა წამალი ვერ იყიდა, სწავლის ფული ვერ გადაიხადა, ოჯახი ვერ არჩინა, აბა, სახელმწიფო რაღას გვიკეთებს? ხალხი აზროვნებს,  კალკულატორიც აქვს და იცის, რა ჯობია...  ისიც კარგად იცის, რომ მსგავსი ქმედებები სწორი არ არის და ეკონომიკისთვის დადებით შედეგს ვერ იძლევა.

ვახტანგ ჭარაია - თსუ-ის ანალიზისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი:

-ერთი შეხედვით,  ეს ცვლილება მომხმარებლის სასარგებლოა, რადგან გამსესხებელს საშუალებას არ აძლევს საპროცენტო განაკვეთი 50%-ს ზევით იყოს, მაგრამ თუ დეტალებს ჩავუღრმავდებით,  დავინახავთ, რომ საბანკო სექტორს ეფექტური განაკვეთი 50%-ზე მეტი ისედაც არ ჰქონია და ეს რეგულაცია უფრო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შეეხება. აქედან გამომდინარე, ბანკებს პრობლემა არ შეექმნება, ხოლო მიკროსაფინანსო და სესხის გამცემ მცირე ორგანიზაციებს საქმეს გაურთულებს. ბუნებრივია, ეს მომხმარებელზეც ცუდად აისახება, რადგან ადამიანს ფული როცა სჭირდებოდა, შეეძლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის მიემართა და სწრაფად, უმტკივნეულოდ მიეღო, ახლა კი, ის ასე სწრაფად ამის გაკეთებას ვერ შეძლებს: უნდა მივიდეს ბანკში, სადაც მისი შემოსავალი შემოწმდება და სესხი შეიძლება მისცენ და შეიძლება - არა. თუ იმავე პროცედურების გავლა მოუწევს, რაც ბანკს სჭირდება, მაშინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობა აზრს დაკარგავს. შესაბამისად, ეს რეგულაცია ბანკების პოზიციას კიდევ უფრო გააძლიერებს, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისას - შეასუსტებს. სწრაფი სესხების მსურველებიც ბანკებში გადავლენ და მათ გარდა ამ ბაზარზე სხვა მოთამაშეები არ იარსებებენ. ორგანიზაციის გაკოტრება, ან გაერთიანება სამუშაო ადგილებზეც აისახება. ონლაინსესხების კომპანიები მრავალ ადამიანს ასაქმებდნენ, ახალი რეგულაცია კი,  მათ სამუშაო ადგილებს გაქრობის რისკის ქვეშ აყენებს. თანაც, პრობლემები ადგილობრივ კომპანიებს შეექმნებათ, რადგან უცხოელებს უფრო მეტი რესურსი აქვთ, რომ თანხა მოიზიდონ. შედეგი რა იქნება? - ქართულ საფინანსო ბაზარზე უცხოური ორგანიზაციები დარჩებიან და საბანკო სექტორი უფრო გაძლიერდება. როცა ადამიანს უჭირს და შია, ის ბევრ რამეზე წავა, მათ შორის იმაზეც, რომ სესხის აღება არ გაფორმდეს, რაც  „შავი სექტორის“ განვითარებას შეუწყობს ხელს. ონლაინსესხები, როგორც წესი, ხანმოკლე და მცირე ზომისაა, მაგრამ რადგან მოსახლეობა თანახმაა ასეთ საპროცენტო განაკვეთებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ამ ტიპის სესხები საჭიროა. ასეთ სესხებს ხშირ შემთხვევაში დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა იღებს, რომელსაც თავისი შემოსავალი თვიდან-თვემდე არ ჰყოფნის. ამიტომ, სოციალურად დაუცველი და საშუალო ფენისთვის ამ რეგულაციას ნამდვილად არ ექნება დადებითი შედეგი, რადგან ფულზე წვდომა კიდევ უფრო შეუმცირდება. ამით ბიზნესიც იზარალებს, რადგან ბევრი  სესხით ყიდულობდა ტელევიზორს, ტელეფონს, ან სხვა ნივთებს, ახლა კი - ნაკლები ყიდულობს. ტექნიკის მაღაზიებში უკვე აცხადებენ, რომ მათი  პროდუქციის რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა. ფაქტია, რომ ასეთი რეგულაციები არ ამართლებს და „ქირურგიული ჩარევა“  თავისუფალ ეკონომიკაში საპირისპირო ეფექტს იძლევა.

 

თარიღი: 2018/09/11