ინფორმაციას კლიმატის ცვალებადობისა და დაავადებების გავრცელების რისკების შესახებ ფერმერები „sms”-ის საშუალებით იღებენ
როგორ იცავენ მოსავალს აგრომეტეოროლოგიური სადგურები

განვითარებულ ქვეყნებში აგრომეტეოროლოგიური სადგურების მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის სფეროში ძალიან დიდია, მათი საშუალებით შესაძლებელია ვაზის, მრავალწლოვანი და ერთწლოვანი კულტურების მოსავლიანობის ზრდის ხელშეწყობა, მცენარეთა დაავადებების და მავნებლების რაოდენობის მკვეთრი შემცირება და კლიმატთან მიმართებაში გონივრული სოფლის მეურნეობის წარმოება, რაც კონკრეტული მიმართულებით მომუშავე ბიზნესების ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორებია. აგრომეტეოსადგურები, რომლებიც ავსტრიული წარმოებისაა ჯერჯერობით მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოშია განთავსებული, ისინი მონაცემებს ნიადაგისა და ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობაზე, ნალექების რაოდენობაზე, ქარის სიჩქარესა და მიმართულებაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის დამუშავების ცენტრს უგზავნის, საიდანაც ადგილობრივ ფერმერებს ინფორმაცია მიმდინარე და მოსალოდნელი მეტეოროლოგიური პროცესების შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიეწოდებათ.

სოფლის მეურნეობაში აგრომეტეოროლოგიური სადგურების მნიშვნელობაზე ,,ბიზნესპოსტი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს, მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნიკოლოზ მესხს ესაუბრა:

- სოფლის მეურნეობაში აგრომეტეოსადგურების გამოყენება მსოფლიოში კარგად აპრობირებული მეთოდია. მოწყობილობას აგრონომისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. მოგეხსენებათ. სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის დამახასიათებელია მავნე ორგანიზმები, რომლებიც აზიანებენ მცენარეს და თუ მათ წინააღმდეგ სწორი ღონისძიებები არ იქნება გატარებული, მოსავლის თვალსაზრისით, ბიზნესს ეს სერიოზულად დააზარალებს. აგრომეტეოსადგურები საშუალებას იძლევა, განისაზღვროს როდის უნდა ჩატარდეს სპეციალური ღონისძიება ამა თუ იმ კულტურის მიმართ. მაგალითად, ვაზისთვის ძირითადად დამახასიათებელია სოკოვანი ორგანიზმები, ჩვენ ამ ბაქტერიებს ბრძოლას იმ დროს ვუცხადებთ, როცა ამის საჭიროებაა, ზუსტი ინფორმაციის მიღებაში კი აღნიშნული სადგურები გვეხმარება. ხშირად ფერმერი საჭიროების გარეშე ზედმეტად წამლავს მცენარეს, ეს კი ფინასური ზარალიცაა და პესტიციდებით მცენარის ზედმეტი დოზირებაც.

- როგორ მიეწოდება ფერმერს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების ან მოსალოდნელი დაავადების შესახებ და გააუმჯობესა თუ არა მიღებული მოსავალი ამ დანადგარმა?

- თითოეული მეტეოსადგურიდან ინფორმაცია კონკრეტულ დაავადებასა თუ კლიმატურ ცვლილებაზე მონაცემთა ბაზაში ხვდება და ამ ბაზის საშუალებით შესაბამისი რეკომენდაციები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ფერმერებს ეგზავნებათ. წინა წლებთან შედარებით, მცენარეთა დაცვის მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მნიშვნელოვანია ამ მეთოდის მთელ საქართველოში დანერგვა. სამომავლოდ მათი რაოდენობის გაზრდა იგეგმება.“

,, ბიზნესპრესი“ კახეთში მცხოვრები აგრომეწარმეების შეფასებითაც დაინტერესდა. დავით აბესაძე, რომელსაც გურჯაანის რაიონში ბიოღვინის წარმოება აქვს, დანადგარს ფერმერებისთვის სასარგებლოს უწოდებს.

-,,ძალიან კარგი საშუალებაა ვაზის შეწამვლის ჯერადობის შესამცირებლად, იმისთვის რომ დროულად მოახდინო რეაგირება მავნებლებზე, ასეთ შემთხვევაში კი მოსავლიანობაც მაღალია და პროდუქტის ხარისხიც. როცა მეწარმე ინფორმირებულია, შეწამვლის ჯერადობა 40% -ით მაინც მცირდება, მაგალითად, შარშან, ვინც ტრადიციულად წამლავდა ვაზს, დაახლოებით 10-ჯერ და 11-ჯერ გამოიყენა ეს პროცედურა, მაშინ როცა ამ სადგურიდან მოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ მხოლოდ 7-ჯერ შეწამვლა დაგვჭირდა. აქედან გამომდინარე, პროდუქტზე აგროქიმიკატების დანალექი ნაკლებია, შესაბამისად მოსავალი უფრო საღი და ჯანსაღია. ვფიქრობ აგრომეტეოსადგურები საუკეთესო გზაა ბიოპროდუქტის საწარმოებლად“- აღნიშნა მეწარმემ ,,ბიზნესპოსტთან“ საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ 1 მეტეოსადგური 5 კმ რადიუსის ფართობს ფარავს. ნიკოლოზ მესხის განცხადებით, ფერმერებს, რომელთა ნაკვეთებიც დაფარვის ზონაშია, შეუძლიათ, საკუთარი მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრს მიმართონ და საკუთარი მონაცემები მიაწოდონ. ამ პროცედურის შემდეგ კი მოსალოდნელი კლიმატის, თუ ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მათ მოკლე ტექსტური შეტყობინებების სახით გაეგზავნებათ.

აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. კახეთის რეგიონში ამჟამად 22 აგრომეტეოროლოგიური სადგურია დამონტაჟებული. სურსათის ეროვნული სააგენტო კი რეგიონის მასშტაბით 8000–მდე მევენახეს, მებაღესა და ფერმერს ე.წ. “sms”-ების საშუალებით კლიმატის ცვალებადობისა და კონკრეტული დაავადების გავრცელების რისკების შესახებ წინასწარ ატყობინებს.

თარიღი: 2018/04/29