„ხიშნიკები“ - ხალხი, რომელიც ტურისტულ სექტორს ყველაზე მეტად აზარალებს
საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების რიცხვმა ყველაზე ოპტიმისტურ პროგნოზსაც  კი გადააჭარბა: 2018 წლის იანვარ-აგვისტოში  ჩვენს ქვეყანას 5.9 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვია, რაც გასულ წელთან შედარებით 12.2%-ით მეტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი ვიზიტორი აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა, ლიდერთა ათეულში შედიან თურქეთი, ირანი, უკრაინა, ისრაელი, საუდის არაბეთი, გერმანია და ბელორუსი. გასულ წელს ტურისტებმა საქართველოში 2.7 მილიარდი $ დახარჯეს,  რაც ჩვენი ეკონომიკის 6.9% იყო. 2018 წელს, სავარაუდოდ, მათი დანახარჯი 3 მილიარდს გადააჭარბებს - ასეთია სპეციალისტების პროგნოზი.

ჩვენ დავინტერესდით, რა პრობლემები იმალება ამ ციფრებს მიღმა და რა დაბრკოლებებს ხვდებიან უცხოელი სტუმრები საქართველოში.  ამის თაობაზე დამოუკიდებელი გიდი, საქართველოს გიდების ასოციაციის წევრი  - რუსუდან ჯაფარიძე გვესაუბრება:

- ქალბატონო რუსუდან, ზაფხულის სეზონი თანდათან სრულდება. როგორ შეაფასებდით ამ სეზონს და წლევანდელ წელს?

- მე ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში ტურისტული სეზონი დასრულდა, პირიქით, ზაფხულის სეზონი ტალღისებურად გადადის შემოდგომის სეზონში. ახლა ჩვენთან რთველია, უცხოელი ტურისტების შეკვეთები ჯერ კიდევ გვაქვს და იმედია, რომ შემოდგომა და ზამთარიც დატვირთული იქნება. ახლა გარდამავალი ეტაპია და შეიძლება ტურისტი რთველში წაიყვანო, მერე მასთან ერთად მთებში ახვიდე და პირველი თოვლი აჩვენო, მერე კი, ზღვაზეც  წაიყვანო... სექტემბერ-ოქტომბერი ტურისტული სექტორისთვის  ძალიან დატვირთული თვეებია. ჩემი დაკვირვებით, ტურისტების რიცხვი ნოემბერში უფრო იკლებს ხოლმე.

- რა მიგაჩნიათ ტურისტული სექტორის მთავარ მიღწევად?

- ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ რეგიონებში დასაქმებულთა რაოდენობამ მოიმატა: ხალხი საოჯახო სასტუმროებში დასაქმდა. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ხელს შეუწყობს ხალხის დაბრუნებას რეგიონებში. როდესაც ისინი დაინახავენ, რომ შემოსავალი რეგიონებშიც გაჩნდა, მშობლიურ ადგილებს ბევრი დაუბრუნდება. თანაც, ტურისტები უკვე ისეთი კუთხეების მონახულებას მოითხოვენ, რომელიც ადრე აქტიური არ იყო. მაგალითად, რაჭა მოწყვეტილი იყო ტურისტულ მარშრუტებს, ახლა კი, იქ ძალიან კარგი საოჯახო სასტუმროები გაიხსნა, სადაც ღამისთევით დარჩენა შეიძლება. წელს ამ მშვენიერ კუთხეს იმდენი სტუმარი ჰყავდა, ზოგჯერ ღამის გასათევ ადგილებსაც ვერ ვშოულობდით.  აშკარად გამოცოცხლდა ზემო იმერეთიც - იქ არსებული უნიკალური ძეგლი - კაცხის სვეტი ძალიან ბევრ უცხოელს იზიდავს. ადრე ის საერთოდ დაცლილი იყო ტურისტებისგან.  გოდერძის უღელტეხილზეც იგრძნობა გამოცოცხლება და მთელ მაღალმთიან აჭარაში, თანაც, ვიზიტორები ახალ-ახალ მარშრუტებს ითხოვენ. უკვე დაზეპირებული მარშრუტი - თბილისი-ყაზბეგი-კახეთი აღარ აკმაყოფილებთ. ბევრი მათგანი საქართველოში უკვე ნამყოფია, მათთვის იმდენად კომფორტულია აქ ყოფნა, იმდენად იაფი უჯდებათ, რომ ცდილობენ  ყველა შვებულება აქ გაატარონ.

- ერთ დროს ისიც ვერ წარმოგვედგინა, რომ სვანეთი ტურისტულ მხარედ გადაიქცეოდა. რაჭას თუ აქვს ამ მხრივ პოტენციალი?

- გეთანხმებით. მართლაც ვერავინ იფიქრებდა, თუ ოდესმე სვანეთში ამდენი ტურისტი შემოვიდოდა და ის ერთ-ერთ პოპულარულ მხარედ გადაიქცეოდა? ლამაზმა ბუნებამ, სწორმა პიარმა და ინფრასტრუქტურის მოწყობამ „აიტყუა“ ტურისტები სვანეთში.  თითქმის ყველა სტუმარი მეკითხება სვანეთზე და თუ იქ წასვლას ვერ ასწრებს, ცდილობს მომდევნო ჩამოსვლისას მაინც ნახოს. მე იმედი მაქვს, რომ რაჭაც სვანეთის ბედს გაიზიარებს, რადგან მას უფრო დიდი პოტენციალი აქვს: ქუთაისის მღვიმეების და მარტვილის კანიონების ნახვის  შემდეგ ერთი დღით რაჭაში ასვლაც შეიძლება. რაჭა არ არის ისე შორს, როგორც სვანეთი. იქ შეიძლება ნაკლები დრო დახარჯო გზაში და ნაკლებადაც დაიღალო. რაჭაში შედარებით ადვილად ხვდები და თუ იქ ინფრასტრუქტურაც გაუმჯობესდება, ტურისტები კიდევ უფრო მომრავლდებიან. მით უმეტეს, რომ ამბროლაურში უკვე აეროდრომი გაიხსნა. ჩვენ თითქმის ყველგან გვაქვს ადგილები, სადაც საშუალო და მცირებიუჯეტიან ვიზიტორებს განვათავსებთ, სამაგიეროდ, არ გვაქვს VIP დონის მომსახურება. მთავარი პრობლემა ჩვენთვის მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა, გზები ბევრგან არის დაზიანებული, არ არის საპირფარეშოები - თბილისშიც კი - რეგიონებზე რომ არაფერი ვთქვათ. ყველაზე დიდი პრობლემა კი,  აბსოლუტურად უკონტროლო ბაზარია. ყველა გიდია, ყველას ტურისტები შემოჰყავს, ყველა ტურს ატარებს, ყველა მანქანაში ტურისტებს ვხედავთ და სანამ ტრაგედია არ დატრიალდება, გაზი არ აფეთქდება, ან ვიღაც მანიაკი არ გამოჩნდება, ამ ყველაფერს არავინ აკონტროლებს. თუ ამ ბიზნესში სიტუაცია არ დალაგდა, თუ სერტიფიცირება არ დაიწყო, ან რაღაც ფორმით არ მოწესრიგდა, არაფერი გამოვა.

- მაინც რატომ არის საჭირო სერტიფიცირება?

- მარტივი მიზეზის გამო: ირანელ, არაბ, ან თურქ  მძღოლს რომ ტურისტები შემოჰყავს საქართველოში და გიდობას იჩემებს, ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ტურიზმში ძალიან ბევრი უცხოელია დასაქმებული, რის გამოც საქართველოს ბიუჯეტი დიდ ზარალს ნახულობს. ეს თანხა შეიძლება საქართველოში დარჩენილიყო, ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, ტურისტულ სექტორში ადგილობრივები საქმდებიან თუ უცხოელები. უცხოელებმა აქ ფული კი არ უნდა იშოვონ და ქვეყნიდან გაიტანონ, არამედ ფული უნდა დახარჯონ. ძალიან დაბალია ტურისტების მომსახურების დონეც. ყველა დაუსაქმებელი ადამიანი ტურისტულ სექტორში იწყებს მუშაობას. მათგან მხოლოდ 10-15 პროცენტმა იცის ზედმიწევნით  საქართველო და შეუძლია ტური ისე ლამაზად შეფუთოს, რომ სტუმარი დააინტრიგოს და მეორედ და მესამედაც ჩამოვიდეს. ჩვენი მიზანია, ადამიანი აქ ბევრჯერ ჩამოვიდეს და უფრო მეტი ფული დატოვოს. ტურიზმი მარტო სტუმართმოყვარეობა არაა. ეს არის ბიზნესი, რომელმაც ეს პატარა ქვეყანა უნდა გადაარჩინოს. ამიტომ, თითოეულ ტურში მაქსიმუმი უნდა ჩავდოთ, რომ ტურისტები  მოვიზიდოთ.

- ქალბატონო რუსუდან, საუბრისას რამდენჯერმე ახსენეთ ე.წ. ხიშნიკები, ვინ არიან ისინი?

-„ხიშნიკებს“  ანუ მტაცებლებს ტურიზმში დასაქმებული ადამაინები იმ ხალხს ვეძახით, რომლებიც ქუჩებში, ან სასტუმროებთან არიან ჩასაფრებული და ტურისტებზე ნადირობენ. გასაგებია, როგორ მომსახურებას სთავაზობენ ისინი საქართველოს სტუმრებს და რა ინფორმაციას აწვდიან. ზოგჯერ აქ ისეთი ტურისტები ჩამოდიან, რომლებმაც ქართველზე  უკეთესად იციან საქართველოს ისტორიაც და დღევანდელობაც. ასეთი ადამიანი „ხიშნიკს“ რომ გადაეყრება, რას იფიქრებს? ისინი ვიზიტორებს იაფად ემსახურებიან, მოგვიანებით ბევრი ვიზიტორი ხვდება, რომ მოტყუვდა  და  არაპროფესიონალი გიდის მომსახურებით ისარგებლა. ჩივიან, რომ გიდმა არაფერი უამბო. ადამიანს ჯვარზე რომ აიყვან და არაფერს მოუყვები, ამ ქვეყნის მტერი ხარ, აბა, ვინ ხარ? ყოფილა შემთხვევა, როცა „ხიშნიკებმა“ ტურისტები უფლისციხეზე აიყვანეს და უთხრეს - ვარძიააო, გუდაურზე კი უთხრეს - ყაზბეგიაო... ასეთი სამარცხვინო ფაქტი არაერთხელ  მომხდარა.

- სკეპტიკოსები ამტკიცებენ, საქართველოში ჯიბეგაფხეკილი ტურისტები შემოდიანო. ამაზე რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს?

- ბუნებრივია, აქ დაბალბიუჯეტიანი ხალხიც შემოდის, რადგან ჩვენთან ტურისტების რაოდენობას ითვლიან და არა - ხარისხს. თუ ეს სფერო ხარისხზე არ იქნება ორიენტირებული, მივიღებთ გადატკეპნილ, მონაგავებულ საქართველოს და დაშლილ-დანგრეულ ისტორიულ ძეგლებს, რომელსაც უგიდოდ მოსიარულე, დაბალბიუჯეტიანი სტუმრები ანადგურებენ და აზიანებენ,  კედლებზე წარწერებს აკეთებენ. ნორმალურ გიდს შეუძლია ტური ისე მართოს, რომ ტურისტმა  მინიმუმადე იგრძნოს პრობლემები და სერვისის სისუსტე. როცა უცხოელს მანქანაში ვიღაც „ხიშნიკი“ ჩაისვამს, შეიძლება ჩვენს ქვეყანას იმხელა ანტიპიარი გაუკეთოს, რომ აქ აღარავინ ჩამოვიდეს. როცა იმას, ვისაც შეუძლია ფული დახარჯოს, ეუბნებიან - შენი ერთკვირიანი შვებულება ლამაზ, მაგრამ უხარისხო სერვისის მქონე ქვეყანაში გაატარეო, ის აქ ჩამოსვლას გადაიფიქრებს და დასასვენებლად სულ სხვა ქვეყანას აირჩევს.

- მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) შეფასებით, საქართველო 2017 წელს მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ქვეყნების ათეულში შევიდა. როგორ ფიქრობთ, ეს პროგნოზი მართლდება?

- ეს მნიშვნელოვანი და საყურადღებო შეფასებაა. მით უმეტეს, რომ ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. მთავარია, ამ 5-6 მილიონმა სტუმარმა რამდენი ფული დატოვა საქართველოში და რა სარგებელი, ან ზიანი მოუტანა ქვეყანას. სწორედ ამით იზომება ტურისტული სექტორის  წარმატება თუ წარუმატებლობა.

თარიღი: 2018/09/14