„რთველი-2018“ ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა - როგორ მიმდინარეობს პროცესი და რამდენად იმოქმედა  მოსავალზე „ამინდის ჭირვეულობამ“
კახეთში რთველი-2018  წარმატებით მიმდინარეობს. 18 სექტემბრის მონაცემებით, ამ რეგიონში უკვე 92 ათას ტონაზე მეტი ყურძენია გადამუშავებული, მოსახლეობის მიერ მიღებულმა შემოსავალმა კი, 145 მილიონ ლარს მიაღწია.  საფერავი, რქაწითელი, კახური მწვანე… -  გარდა ამ ცნობილი ჯიშებისა, კახეთში სხვადასხვა ჯიშის საუკეთესო ყურძენი იკრიფება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოები დღე-ღამეში 5-6 ათასამდე ტონა ყურძენს ამუშავებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ რთველი ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. 

წლევანდელი რთველით ფერმერებიც კმაყოფილნი არიან. „ბიზნესპოსტი“ გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მკვიდრს - გია ნინიძეს ესაუბრა, რომელიც წლევანდელი მოსავლით და რთველის მიმდინარეობით კმაყოფილია:

გია ნინიძე - ყველას ძალიან გვიხარია, რომ წლევანდელი რთველი მშვიდად და ორგანიზებულად მიმდინარეობს. თავიდან გლეხები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ სახელმწიფო სუბსიდირება მოიხსნა, მაგრამ თანდათან ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და ფერმერებმა თავიანთი პრობლემების მოგვარება თავად ისწავლეს. წელს არც ყურძნის ჩაბარებაა პრობლემა. წლების წინ უსასრულო რიგებში რომ გვიწევდა დგომა, ახლა ეს პრობლემაც ნაკლებად გვაწუხებს. კახეთში ძალიან ბევრი ახალი ქარხანა იხსნება, ყურძნის მიღება ყველას უნდა. ფასებიც მისაღებია: 70 თეთრი რქაწითელი ღირს და 1,80 - საფერავი.

 ჩვენ „თელავის ღვინის მარნის” დირექტორს - ზურაბ მაჭარაშვილსაც დავუკავშირდით, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოს ხელმძღვანელობს. ამ საწარმოში წელიწადში დაახლოებით 5,5 მილიონამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებენ.

ზურა მაჭარაშვილი - კახეთში რთველი 20 აგვისტოდან დაიწყო. ჯერ ცქრიალა ღვინოებისთვის საჭირო ყურძნის კრეფა დაიწყეს, მერე კი -  პოპულარული, ცნობილი ჯიშებისა. წელს წითელი ყურძენი დაახლოებით ორჯერ ძვირია თეთრთან შედარებით. მაგალითად:  რქაწითელი და კახური მწვანე 80 თეთრი ღირს, ხოლო საფერავი - დაახლოებით 2 ლარის ფარგლებშია.  ვვარაუდობთ, რომ რთველი ოქტომბრის პირველ დეკადაში დასრულდება. ამჟამად სრული დატვირთვით ვმუშაობთ, ძალიან ბევრი ფერმერი აბარებს ყურძენს, მაგრამ ამ დატვირთვას ჯერჯერობით თავს ვართმევთ. ზოგიერთ შემთხვევაში, როცა გადამუშავებას ვერ ვასწრებთ, რიგები ჩნდება, მაგრამ ვცდილობთ ეს პრობლემაც  მოვაგვაროთ და ფერმერებს ნორმალური სიტუაცია შევუქმნათ. ჩვენს საწარმოსთან წუხელ საღამოსაც შეიქმნა პატარა რიგი, მაგრამ დილით უკვე ყველაფერი გაიწმინდა. ჩვენი საზოგადოება ძალიან ბევრს კამათობს იმაზე,  არის თუ არა საჭირო სახელმწიფო  სუბსიდირება. მე ვფიქრობ, რომ სუბსიდირების მოხსნა გამართლებულია, რადგან სახელმწიფო  ბაზრის სტრუქტურაში არ უნდა ერეოდეს. ჩვენი ბიზნესი უამრავ ფაქტორზეა და მოკიდებული და აქ პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. თამამად ვიტყოდი, რომ მეღვინეობაში წარმატების ფორმულა არ არსებობს,  თუნდაც იმიტომ, რომ ამინდის ჭირვეულობაზე ვართ დამოკიდებული.

მოსავლით კმაყოფილიადუგლაძეების ღვინის კომპანიისხელმძღვანელი ზაზა დუგლაძე.

„წელს მართლაც ძალიან კარგი მოსავალი მოვიდა და ყურძნის ფასიც საკმაოდ მაღალია - ის ჯიშები, რომლებიც ჩვენი ბიზნესისთვის საინტერესოა, საკმაოდ ძვირი ღირს. მაგალითად: ქინძმარაული 3 ლარი, ხოლო მუკუზანი - 2,50-2,60 ლარი.  მიუხედავად პროდუქციის სიძვირისა, იმედი მაქვს, რომ წლევანდელი წელი შემოსავლიანი იქნება. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ექსპორტს ვაწარმოებთ, რუსეთი ლიდერობს, შემდეგ მოდის ჩინეთი, უკრაინა და ყაზახეთი. ბოლო წლებში ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია, ძალიან გააქტიურდა იაპონია და კორეა, ქართული ღვინო ძალიან მოსწონთ როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ერთი სიტყვით, ჩვენს ღვინოზე მოთხოვნილება ყველგან იზრდება. ამიტომაც ჩამოყალიბდა ასეთი მაღალი ფასები. რამდენიმე წლის წინ მევენახის შრომა დაუფასებელი იყო, რის გამოც, ზოგიერთმა გლეხმა თავის მამულში ვაზიც კი აჩეხა. დღეს კი, ყველაზე შემოსავლიანია გლეხი, რომელსაც დიდი რაოდენობით ყურძენი მოჰყავს, რადგან ეს დარგი ყოველწლიურად,  დინამიურად ვითარდება. მთავარი პრობლემა რა არის? - ჩემი აზრით,  ღვინის ხარისხი, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ეს ეხება როგორც ბრენდულ, ასევე ჩვეულებრივ ღვინოებს. სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანაში ხშირია ქართული ღვინის ფალსიფიკაციის შემთხვევები - კერძოდ, რუსეთში და ე.წ. ყირიმში, სადაც ქართული ღვინის სახელით სულ სხვა პროდუქცია იყიდება. ეს კი, დაუშვებელია, რადგან ამით ქართული ღვინის პრესტიჟი  და სახელი ძალიან ზარალდება“- აღნიშნა ზაზა დუგლაძემ „ბიზნესპოსტთან“ საუბრისას.

ცნობისათვის: სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში ექსპორტირებულია 52,7 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 16%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 125,5 მლნ აშშ დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25% შეადგინა. ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურებაა: რუსეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და პოლონეთი. ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზეც. ამ ქვეყნების სია ასე გამოიყურება:

იაპონია – 79%

პოლონეთი – 31%

დიდი ბრიტანეთი – 17%

აშშ – 2%

რუმინეთი – 390%

ჩეხეთი – 65%

გერმანია – 32%

ნიდერლანდები – 25%

ლიეტუვა – 12%

ლატვია – 12%

ესტონეთი – 2%

თარიღი: 2018/09/19