„იმის მტკიცება, რომ კანაფი გადაგვარჩენს, სირცხვილია!“ - გია ხუხაშვილი
რას შემატებს ქართულ ბიზნესს და ეკონომიკას კანაფის ექსპორტი?

საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, ხელისუფლება  კი, რატომღაც, სულ უფრო არაპოპულარულ ნაბიჯებს დგამს. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანას ლეგალიზებიდან ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება კანაფის ექსპორტს გეგმავს და ამ ბიზნესზე სერიოზულ იმედს ამყარებს. ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, ოფიციალურად განაცხადა, რომ კანაფი მალე ერთ-ერთ წამყვან საექსპორტო პროდუქტად გადაიქცევა საქართველოში. ამ გადაწყვეტილებას  საპატრიარქოს და ქართული საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, რამაც გარკვეული შედეგი გამოიღო: 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კანაფის შესახებ კანონპროექტის  განხილვა, რომელიც მის კულტივაციას და ექსპორტს ეხება, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

რას შემატებს ქართულ ბიზნესს და ეკონომიკას კანაფის ექსპორტი და რატომ დგამს ხელისუფლება ასეთ არაპოპულარულ  ნაბიჯებს - ამის თაობაზე „ბიზნესპოსტს“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება:

-ბატონო გია, რას გვეტყოდით კანაფის ექსპორტზე და თუ შეიძლება გახდეს ის ეკონომიკური აღმავლობის მიზეზი?

-ნებისმიერი ბიზნესი განხილვადია, მათ შორის, კანაფის ბიზნესიც, მაგრამ ბოლო დროს მიღებული ინიციატივის გამო ქვეყანაში უცნაური ფონი შეიქმნა. ჯერ იყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას დეკრიმინალიზაციის შესახებ, ახლა კი, ეს თემა წამოვიდა. უცნაურია, როდესაც ხელისუფლება კანაფზე დიდ იმედს ამყარებს და ეკონომიკურ აღმავლობაზე გვესაუბრება. ზოგიერთმა „საზოგადო მოღვაწემ“ კანაფის მოყვანა ლარის სტაბილურობის  გარანტადაც კი მიიჩნია. იმის თქმა, რომ რომელიმე ქვეყნის სტაბილურობას კანაფი განსაზღვრავს, სასაცილოა, სატირალი რომ  არ იყოს. მაგალითებად კანადა და დიდი ბრიტანეთი მოჰყავთ, სადაც კანაფს სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნებისთვის ახარებენ, მაგრამ საკითხავია, სად არის კანაფი ეკონომიკის განმსაზღვრელი ძალა?  ხელისუფლების უსუსური არგუმენტები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, მიუხედავად იმისა,  რომ ამ საკითხს ძალიან ბევრი დამცველი გამოუჩნდა. დამისახელეთ მსოფლიოში ერთი ქვეყანა მაინც, სადაც რაღაც პროდუქტი იწარმოება, მხოლოდ ექსპორტზე გადის და შიდა ბაზარს არ ითვისებს.

-რატომ მიიღო ხელისუფლებამ ასეთი არაპოპულარული გადაწყვეტილება?

-ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ეს ნაბიჯი ძალიან სპონტანურად და უცბად გადადგეს. ეს ინიციატივა თითქოს, არსაიდან დაიბადა და ვიღაცას სურს ფართხა-ფურთხით გაიტანოს. სწორედ ეს სპონტანურობა აღძრავს ეჭვს და გვაფიქრებინებს, რომ კანაფის ქვეყნის გადამრჩენლად გამოცხადება  ვიღაცის ბიზნესინტერესებს ემსახურება. აშკარაა: ქვეყანაში არსებობს ლობისტური ჯგუფი, რომელმაც მიიჩნია, რომ ახლა კარგი დროა  ამ საქმის ლობირებისთვის და შანსს ხელიდან არ უშვებს.

-ჩვენი საზოგადოება მიიჩნევს, რომ მსგავსი ინიციატივები  ქართველი ერის გენოციდს და ახალგაზრდობის დაღუპვას უწყობს ხელს.

-მე სიტუაციის გამწვავებას  არ დავიწყებ, რადგან ეს პრობლემა საქართველოში ისედაც მძაფრად დგას. ნარკოტიკების პრობლემა საქართველოში ძალზე მასშტაბურია.  ჩვენი ახალგაზრდები კანაფზე ბევრად უფრო მძიმე და სახიფათო სინთეტიკურ ნარკოტიკებს ეტანებიან, რასაც ლეტალური შედეგი მოჰყვება ხოლმე. კანაფი კი, შეიძლება ადამიანის ინტელექტუალურ და პიროვნულ დეგრადაციას იწვევდეს, მაგრამ არა - ფატალურს. იმ შენობებში, სადაც კანაფს გაახარებენ, ისეთი უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს დაცული, რომ ბუზიც ვერ შეფრინდეს, მაგრამ საქართველოში ამის  გაკეთება შეუძლებელია. ფაქტია, რომ რისკები დასათვლელია, ისიც ფაქტია, რომ ეს პროდუქტი შიდა ბაზარზე უფრო იოლად მოხვდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვინც მას აწარმოებს, გარეთ თუ ვერ გამოიტანს, შიგნითვე ივლის დაბოლილი.

-სხვათა შორის, კანონპროექტში საკმაოდ მკაცრი სტანდარტებია მითითებული: კანაფის დათესვა და მოყვანა დასაშვები იქნება მხლოდ დახურულ შენობებში, კანაფის ფერმაში უნდა იყოს  შუქხმოვანი სიგნალიზაცია, სადღეღამისო დაცვა და ა.შ...

-კი, მაგრამ სად არის ეს დახურული შენობები? რაც უნდა დაიცვა ეს ფერმები, პროდუქცია მაინც გაჟონავს. რისკი იმისა, რომ კანაფი შიდა ბაზარზე გავრცელდება, ძალიან მაღალია. ვიდეოთვალი კი, პატრონის ხელშია: უნდა მიატრიალებს, უნდა - მოატრიალებს.  ხომ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ნედლეული ნარკოტიკებისთვის, მისი მოყვანა კერძო პირისთვის აკრძალულია და სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება? როდესაც რაღაცას გვიმტკიცებენ, კიდეც უნდა დაგვარწმუნონ: პირველი - უნდა დაგვარწმუნონ უსაფრთხოების სისტემების შეუვალობაში და მეორე - ეკონომიკურ ეფექტში. რომ გვეუბნებინა, ეს ბიზნესი მილიარდს მოგვიტანსო, კონკურენციის მომენტს არ ითვალისწინებენ ? კანადას და დიდ ბრიტანეთს რომ ახსენებენ, მათთან კონკურენციას აპირებენ საქართველოდან? რომელი პროდუქტით შევძელით კონკურენტულ ბაზარზე გასვლა, რომ ახლა კანაფით გავიდეთ? - მოკლედ, შეკითხვა უამრავია და ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი სპონტანურად არის დაგეგმილი და არა - სერიოზული ანალიზის საფუძველზე.

-ესე იგი, კიდევ ერთი დაუფიქრებელი გადაწყვეტილება მიიღეს?

-დიახ,  ეს აბსოლუტურად სპონტანური გადაწყვეტილებაა. ასე არასერიოზულად ასეთი სერიოზული თემის დაწყება არ შეიძლება. საზოგადოება ამის  წინააღმდეგია, ამიტომ, საზოგადოებას მაინც სცენ პატივი და აუხსნან, კონკრეტული არგუმენტები, კონკრეტული  ეკონომიკური გათვლები წარუდგინონ. ციფრებს უაზროდ ნუკი ისვრიან, პროფესიული დისკუსიები გამართონ. ეს იმდენად მძიმე თემაა საქართველოსთვის, რომ არ გამოვრიცხავ, რეფერენდუმიც გახდეს საჭირო. ყოველ შემთხვევაში, იმის მტკიცება, რომ  ქართულ ეკონომიკას კანაფი გადაარჩენს, სირცხვილია! ჩვენ ტრადიციული კულტურები გვაქვს, შეგვიძლია ბევრი ყურძენი ვაწარმოოთ, მაგრამ კონკურენცია ისეთია, რომ ბაზრებს ვერ ვითვისებთ. სხვები იდიოტები არიან? თუ კანაფი ასე მომგებიანია, რატომ არ აწარმოებენ? ჩვენზე ბევრად უფრო სერიოზული საინვესტიციო გარემოს ქვეყნები რატომ არ თესავენ და ამრავლებენ კანაფს? როცა ნათელ მომავალზე გვესაუბრებინა, რისკებიც გვითხრან. მთელი ინფორმაცია უნდა გვქონდეს როგორც მინუსებზე, ასევე , პლუსებზე, რომ ლოგიკური დასკვნები გავაკეთოთ. სხვანარიად, როგორც ყოველთვის, საქმე გვექნება მონოლოგთან, ან ისტერიკასთან: ერთი ამბობს, რომ კანაფი ააშენებს ქვეყანას, ხოლო მეორე - ეს მცენარე დაანგრევს ქვეყანასო. სინამდვილეში არც ერთია სწორი და არც - მეორე. ჭეშმარიტება ამ დისკუსიის მიღმა რჩება. ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთი ლეგალური მარიხუანას წარმოებით მსოფლიოში მოწინავეა, მაგრამ იქ ეს ეკონომიკის ერთ-ერთი მიმართულებაა, რადგან კანაფს სამედიცინო მიზნებისთვის იყენებენ. საქართველოში კი, სკეპტიკურად უყურებენ წარმოების და  რეალური სექტორის განვითარებას და რაღაცებს იგონებენ. კანაფი არის მოგონილი თემა, რომელიც თითქოს სწრაფ ეკონომიკურ შედეგზეა გათვლილი, მაგრამ დამერწმუნეთ, არც ერთი სიტყვა არ შესრულდება. 2 წელიწადში მილიარდზე ავალთო - რა ეკონომიკური საფუძველი დგას ამ რიცხვის უკან? - არანაირი!

-გამოცხადდა, რომ კანაფის ინსპეტირების სააგენტოს შექმნა ბიუჯეტს ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდება. ხომ შეიძლება თვითონ ეს სააგენტო იქცეს საფრთხედ?

-შეიძლება იქცეს, შეიძლება - არა, წინასწარ ამას ვერავინ იტყვის, მაგრამ ნარკობიზნესთან დაკავშირებული ტიპები თვითონ რომ ხდებიან ნარკოდილერები, ფილმებში მაინც არ უნახავთ? ეს ნახევარი მილიონი კი, წყალში გადაყრილი ფული იქნება. ისე, კარგია, რომ ბოლო ხანებში უკან დაიხიეს, ახლა ამ ყველაფერზე ვინმემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, თუნდაც, ფინანსთა მინისტრმა, რომელმაც კანაფის ბიზნესს აშკარად მხარი დაუჭირა.

-ბატონო გია, მწვავე კრიტიკა მოჰყვა განცხადებას, რომ ეს ბიზნესი ლარის გამყარებას შეუწყობს ხელს. თქვენ რას იტყოდით ამ მოსაზრებაზე?

-ქართულ პოლიტიკაში არიან პერსონაჟები, რომლებსაც თავი ჭკვიანი ჰგონიათ, სინამდვილეში კი, სიბრიყვეს სიბრიყვეზე ამბობენ და აკეთებენ. ეს მოსაზრებაც სიბრიყვის საუკეთესო ნიმუშია.

ცნობისათვის: გაეროს 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი მარიხუანას წარმოებით მსოფლიოში მოწინავეა. 2016 წელის მდგომარეობით, მსოფლიოში ამ მიზნით სულ 211 ტონა მარიხუანა მოიყვანეს. აქედან 95 ტონა ბრიტანული იყო. რაც შეეხება მის ექსპორტს, აქაც პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთია, რომელმაც 2016 წელს 2.1 ტონა მარიხუანა გაყიდა, 500 კილოგრამით მეორე ადგილზეა ნიდერნალდები, ხოლო მესამეზე - ავსტრია - 200 კილოგრამით. ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ტერიტორიაზე, ლეგალური მარიხუანას ყველაზე დიდი ნარგავები ბრიტანეთშია, მათი საერთო ფართობი 117 ჰექტარია. 15 ჰექტრით მეორე ადგილზე პორტუგალიაა. 

თარიღი: 2018/09/20