საქართველო ექსპორტის ზრდის უწყვეტ ტენდენციას ინარჩუნებს - რამ განაპირობა და რამდენად მდგრადია საერთაშორისო ბაზრებზე მიღწეული შედეგები
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 8 100.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 22.6 პროცენტით აღემატება. აქედან ექსპორტი 27.1 %-ით,  ხოლო იმპორტი 21 %-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდის უწყვეტი ტენდენცია 2016 წლის სექტემბრიდან შეიმჩნევა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა და ექსპორტის სხვადასხვა ბაზრებზე დივერსიფიკაციისთვის გადადგმულმა ნაბიჯებმა ითამაშა. შედეგად წელს საქართველოს ექსპორტი ევროკავშირის, ასევე მეზობელი ქვეყნების, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთისა და უკრაინის ბაზრებზე არის გაზრდილი.

ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებს თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ რომ ქვეყანაში  ექსპორტის კლების რეალური საფრთხე  არსებობდა. 2014 წლის აგვისტოდან ექსპორტმა შემცირება დაიწყო, რაც მნიშვნელოვანმა  სტრუქტურულმა ცვლილებებმა განაპირობა. საქართველოს ერთდროულად შეექმნა პრობლემები მის უმსხვილეს ბაზრებზე (მაგალითად, დსთ-ის სივრცე) და  ასევე წამყვანი საექსპორტო პროდუქტების კუთხითაც. 2014 მკვეთრად შემცირდა ავტომობილების რეექსპორტი, ხოლო 2015 წელს პრობლემები შეექმნა ისეთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტს როგორიცაა ფეროშენადნობები.  შემობრუნების ტენდენცია 2015 წლის მესამე კვარტლიდან შეინიშნება, როდესაც ექსპორტის  შემცირებაში ფასისმიერი ეფექტი დომინირებდა და  რეალურ გამოხატულებაში ექსპორტმა კლება შეწყვიტა. უკვე 2016-2017 წლებში საერთაშორისო ბაზრებზე სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა,  რამაც სავაჭრო ურთიერთობების გამყარებას შეუწყო ხელი და საქართველო უკვე 2 წელია ექსპორტის უწყვეტი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.

რამ განაპირობა და რამდენად მდგრადია ექსპორტის ზრდა, რა პოტენციალი აქვს ამ მხრივ ქვეყანას და რას უნდა ველოდოთ მომავალში ? - ამ თემებზე სტატისტიკოსი ნოდარ კაპანაძე გვესაუბრება.

  • რამ განაპირობა ექსპორტის ასეთი მაჩვენებლით გაზრდა?
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მონაცემთა ბაზების ანალიზის შედეგად  განსხვავებული ტენდენცია იკვეთება. სტატისტიკის სამსახურის ვებ გვერდზე განთავსებული მონაცემები, როგორც წესი,  ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებისაგან განსხვავდება. ვიტყოდი, რომ ამ მიმართულებით კარგი იქნებოდა უფრო მეტი კოორდინაცია. რაც შეეხება ექსპორტის ზრდას, ეს ძირითადად ცოცხალი პირუტვის ექსპორტის ზრდმ განაპირობა.  აღსანიშნავია ასევე ტრიკოტაჟის ნაწარმის ექსპორტის ზრდაც, თუმცა საექსპორტო პროდუციის ლიდერი პოზიციები კვლავინდებურად სპილენძის კონცენტრატებს, ფეროშენადნობს, ავტომობილებსა და ღვინოს უჭირავს.

  • როგორ შეიცვალა ქვეყნის სავაჭრო ბალანსი და რა უნდა გაკეთდეს სავაჭრო დეფიციტის შესამცირებლად?
სავაჭრო ბალანსი მხოლოდ ოდნავ გაუმჯობესდა, რადგან სავაჭრო სალდო იმდენად უარყოფითია, რომ მისი თვისობრივი გაუმჯობესებისათვის ექსპორტის მოცულობის ზრდის გაცილებით მაღალი მაჩვენებელია საჭირო.

იმპორტთან შედარებით ექსპორტის ზრდის უფრო მაღალი ტემპი უდავოდ მისასალმებელი გარემოებაა , მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმპორტის საბაზისო მოცულობა ჯერადობით  ექსპორტის საბაზისო მოცულობას აღემატება და ამდენად სავაჭრო ბალანსის გაჯანსაღებისათვის ექსპორტის ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლებია საჭირო. მაგალითად ზრდის ასეთი ტემპების პირობებში იმპორტისა და ექსპორტის მოცულობების გათანაბრება მხოლოდ 2040 წლისთვისაა შესაძლებელი.

  • რა არის საქართველოს ექსპორტის ყველაზე სუსტი მხარე და ზოგადად როგორი პოტენციალი აქვს ამ მხრივ ქვეყანას?
ამისათვის საკმარისია გადავხედოთ საექსპორტო პროდუქციის ლიდერ პოზიციებს, სადაც ერთადერთი მეტნაკლებად ღრმა გადამუშავების პროდუქცია ყურძნის ღვინოა. საქართველოდან ღვინის ექსპორტი სრულიად ბუნებრივი და გასაგებია, მაგრამ არცერთი დანარჩენი ლიდერი საექსპორტო პროდუქტი ღრმა გადამუშავების არაა.

ფეროშენადნობი შავი მეტალურგიის პირველადი გადამუშავების პროდუქტია, ასევე წიაღისეულიცა და სპილენძის კონცენტრატიც. ხოლო ავტომობილების ექსპორტი საერთოდ ანეკდოტია, რადგან  თამამად შეიძლება ითქვას, რომ  საქართველოდან ექსპორტირებული არც ერთი ავტომობილი  ქართული წარმოების არაა. სწორედ ესაა საქართველოს ექსპორტის ყველაზე სუსტი მხარე. საექსპორტო პროდუქციის ლიდერი პოზიცია ძირითადად წიაღისეულს და მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტებს უჭირავს, ხოლო ღრმა გადამუშავების პროდუქციის წილი მინიმალურია.

  • რამდენად მდგრადია ექსპორტის ზრდა და რა შედეგს უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით მომავალში?
იანვარ-აგვისტოს პერიოდის ექსპორტის მოცულობა ბოლო ორი წელი მკვეთრად ზრდადია. იმავე პერიოდის ექსპორტი 2015-2016 წლებში შემცირების ტენდანციას ატარებდა, საუბარია იანვარ-აგვისტოს პერიოდზე - წლიური ექსპორტის მაჩვენებელი შეუქცევადი ზრდის ტენდენციას ატარებს. ეს უდავოდ დადებითი ტენდენციაა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, სავაჭრო ბალანსის თვისობრივი გაუმჯობესებისათვის ექსპორტის ზრდის გაცილებით უფრო მაღალი ტემპია საჭირო.

 

  • რას უნდა მოიცავდეს ექსპორტის ზრდაზე ორიენტირებული სტრატეგია?
ექსპორტის ზრდის თვისობრივად უფრო მაღალი ტემპის მისაღწევად აუცილებელია ექსპორტზე ორიენტირებული მრეწველობის ხელშეწყობა.

დამამუშავებელი მრეწველობა უნდა განვითარდეს ისე, რომ მან არსებითად გააუმჯობესოს საექსპორტო პროდუქციის ნომეკლატურა, რის შედეგადაც  ლიდერ პოზიციებზე არა მადნები, ნედლეულის პირველადი გადამუშავების პროდუქტები, არამედ ღრმა გადამუშავების პროდუქცია იქნება.

 

 

თარიღი: 2018/09/23