„ბრძანება ძალაში რომ შევიდეს, ჩვენი ბიზნესი დიდ ზარალს ნახავს“ - ერთი წლით გადავადებული გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა, ათასობით ადამიანი უმუშევარი დატოვოს
რამ გამოიწვია ტრაილერის მძღოლების გაფიცვა?

ბოლო დღეებში ჩვენს დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ტრაილერის მძღოლების გაფიცვა იყო: ისინი თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან შეიკრიბნენ. საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თვითდაზიანებები მიიყენა და თავის დაწვით  იმუქრებოდა... მძღოლების პროტესტის მიზეზი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის მიერ გამოცემული ბრძანება გახდა, რომლის მიხედვითაც საქართველოში საავტომობილო გზით ხორბლის იმპორტ-ექსპორტი და ტრანზიტი უნდა აიკრძალოს. თუ ეს ბრძანება ძალაში შევა, ხორბლის ტრანსპორტირების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ რკინიგზას და პორტებს ექნებათ. ფინანსთა მინისტრის თქმით,  ტრაილერების რიგი ტურისტებს უშლის ხელს, ამიტომ, სახელმწიფომ ხორბლის უფრო „ცივილიზებული“ გზით ტრანსპორტირების გადაწყვეტილება მიიღო.  მთავრობის მიერ გამოცემული აკრძალვა მწვავედ გააკრიტიკეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათი შეფასებით, ფინანსთა მინისტრის  ბრძანება პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას და ათასობით მძღოლს შემოსავლის გარეშე ტოვებს. ისიც ითქვა, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მხოლოდ „საქართველოს რკინიგზა“ დარჩება მოგებული, რომელიც უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა. საბედნიეროდ, საზოგადოების პროტესტმა შედეგი გამოიღო და ივანე მაჭავარიანის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულება მთავრობამ ერთი წლით გადადო. ჩვენ დავინტერესდით, როგორ აისახება ეს რეგულაცია ბიზნესზე, ან რატომ გადაიფიქრეს მისი შესრულება და ამის გასარკვევად ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს ვესაუბრეთ:

ლევან სილაგავა - საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის ხელძღვანელი:

ერთი თვის წინ ხორბალი 200 დოლარი ღირდა, ახლა კი - 230 დოლარი ღირს“

-საქართველოში ხორბლის იმპორტის მხოლოდ 10-15% ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება ჩვენი პროდუქციის ფასზე დიდ გავლენას ვერ მოახდენდა. წისქვილკომბინატებისთვის უფრო მეტი პრობლემა მსოფლიოში, და მათ შორის, რუსეთში არსებული ხორბლის დეფიციტი და მწირი მოსავალია. მეორე ფაქტორი დოლარის ლარის კურსთან დამოკიდებულებაა. 18-პუქტიანმა ცვლილებამ, რომელიც ლარმა ბოლო ხანებში განიცადა, ხორბლის ფასზე ძალიან იმოქმედა. ამიტომ, ერთი თვის წინ ხორბალი 200 დოლარი თუ ღირდა, ახლა 230 დოლარი ღირს.  ვის შეეხება აკრძალვა, რომელიც ერთი წლის ვადით გადაიდო? - პირველ რიგში მათ, ვინც არასასურსათო ანუ საფურაჟე ხორბალს იყენებს - ეს არის ხორბალი, რომელიც ხშირად სამანქანო გზით შემოდის. ფინანსთა სამინისტროს ბრძანება პირველ რიგში არასასურსათო ხორბლის მომხმარებლებს დააზარალებს, მათ შორის, მეფრინველეობის ფაბრიკებს და სხვა საწარმოებს. მართალია, განხილვა ერთი წლით გადადეს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხის განხილვა ერთი წლის შემდეგ უნდა დაიწყოს. განხილვები და დებატები უნდა იყოს ახლა, თორემ ერთი წლის შემდეგაც კონფლიქტური სიტუაცია შეიქმნება და ანალოგიურ სურათს მივიღებთ.  

ზურა უჩუმბეგაშვილი - მეფრინველეთა ასოციაციის თავმჯდომარე:

„ბრძანება ძალაში რომ შევიდეს, ჩვენი ბიზნესი დიდ ზარალს ნახავს“

-დავიწყოთ იმით, თუ რამდენი ადამიანი რჩება უმუშევარი ამ  ბრძანების ძალაში შესვლით. მძღოლებმა სერიოზული პროტესტი გამოთქვეს, რაც შეეხება ჩვენს ბიზნესს, ყველაფერი გაგვიძვირდება. თუ საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებზე გადავალთ, ვერც ერთი ფაბრიკა ვერ მიიღებს პროდუქციას უშუალოდ მომწოდებლისაგან. გინდა თუ არა, შუაში ვიღაც უნდა ჩადგეს, ეს კი, სერიოზული დისკომფორტი და ძვირი სიამოვნებაა. სატრანსპორტო გადაზიდვების აკრძალვა, ან შეზღუდვა იმპორტიორებსაც დიდ ზიანს მოუტანს. წარმოიდგინეთ, რომ დაიტვირთა ტვირთი კრასნოდარში, ან სტავროპოლში და იმავე მანქანას მოაქვს შენამდე. როცა ტვირთი ტრაილერით შემოდის, არც ტრანსპორტის გამოცვლა გჭირდება და არც სხვა პროცედურები, მაგრამ როცა რკინიგზით შემოგაქვს, ყველაფერი უფრო რთულადაა. თანაც, გინდა, თუ არა, ვიღაც შუამავლისგან უნდა იყიდო, რაც ძალიან ართულებს საქმეს. მინისტრის ბრძანება ძალაში ერთი წლის შემდეგაც რომ შევიდეს, იმპორტიორები და საერთოდ, ჩვენი ბიზნესი დიდ ზარალს ნახავს.

რუსეთის ნაცვლად ყაზახეთი?

ლევან სილაგავა - ფქვილის ადგილობრივ მწარმოებლებს  ხორბალი შემოაქვთ გემებით, რკინიგზით და სამანქანო გზითაც. ამავე დროს, წისქვილკომბინატებსაც ჰყავთ თავიანთი მანქანები და გარკვეული რაოდენობის ხორბალი ამ გზითაც შემოდის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ წისქვილკომბინატებს თვეში დაახლოებით 60 ათას ტონამდე ხორბალი სჭირდებათ, მათი მარაგების რაოდენობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ სამანქანო გზით შემოტანილ ხორბალზე. იმის გამო, რომ ხორბალი მთელ მსოფლიოში დეფიციტია, მათ შორის, რუსეთსა და უკრაინაშიც,  ჩვენთვის სხვა ბაზრებზე გადართვა  ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ყაზახეთზე გადავერთოთ.  უკვე გვაქვს დადებული ხელშეკრულებები, რომლითაც ხორბლის იმპორტს ამ ქვეყნიდან განვახორციელებთ. ახალ კონტრაქტებში დიდი წილი ყაზახურ ხორბალს უკავია და შესაძლოა, ძირითადად ყაზახეთის მიმართულებაზე გადავერთოთ.

ფინანსთა  მინისტრის   უჩვეულო არგუმენტი

ზურაბ უჩუმბეგაშვილი - უჩვეულოა ფინანასთა მინისტრის არგუმენტი, რომ ეს გადაწყვეტილება ტურიზმის განვითარებას  შეუწყობს ხელს. უფრო მეტიც, ეს ძალიან უსუსური და ბავშვური არგუმენტია, რომლის მოყვანაც მინისტრს არ ეკადრება. რა მოხდებოდა ფინანსთა მინისტრის ბრძანება ძალაში რომ შესულიყო, ან - მომავალში რომ შევიდეს? - ჩვენ დავითვალეთ და უხეში გაანგარიშებით, გარდა იმისა, რომ სერიოზული მარაგის გაკეთება დაგვჭირდება და საკვები გაგვიძვირდება, ეს რეგულაცია ჩვენი პროდუქციის გაძვირებასაც გამოიწვევს, კერძოდ, კვერცხი 2-3 თეთრით გაძვირდება, ხოლო ხორცი - 20-25 თეთრით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პროდუქციის რეალიზაციაზეც აისახება. რეგულაცია ჩემი აზრით, სასურსათო ხორბალსაც გააძვირებს, მაგრამ საფურაჟეს ძალიან ცუდად შეეხება. კიდევ ჩნდება ერთი კითხვა - რატომ გადაავადა მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება? -ჩემი აზრით, ხალხის პროტესტმა სერიოზული სახე მიიღო და როგორც ჩანს, მთავრობამაც ყურები გამოიფხიკა. ჩვენს ხელისუფლებაში მიუხვედრელი არავინაა და ყველამ იცის, რომ ეს ცვლილება ხორბლის და ყველა სხვა პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, არ არის გამორიცხული, რომ რეგულაცია ერთი წლის შემდეგ მაინც ძალაში შევიდეს, გააჩნია, ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი და რას გადაწყვეტს... ბოლოს კი, ერთ უმნიშვნელოვანეს დეტალს უნდა შევეხო: როცა ასეთი რადიკალური რეგულაცია მზადდება, ცუდი არ იქნება ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად განიხილონ - იმ ხალხთან ერთად, ვისაც ის უშუალოდ შეეხება. ამ შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო ქუჩაში გამოსვლა, ბენზინის გადასხმა და თავის დაწვა... როდესაც ასეთი სერიოზული საკითხები წყდება, მთავრობა კაბინეტიდან უნდა გამოვიდეს და დაგველაპარაკოს.  

თარიღი: 2018/09/26