N 1 საფრთხე გარემოსთვის, რომელიც 1 ოქტომბრიდან უნდა აიკრძალოს - რამდენად დააზარალებს ბიზნესს პოლიეთილენის პარკების აკრძალვა?
პოლიეთილენის პარკების მავნებლობაზე მსოფლიოში უკვე დიდი ხანია საუბრობენ. ძალიან ბევრ ქვეყანაში ასეთი პარკები უკვე აკრძალულია, საქართველოში კი, მათ აკრძალვაზე საუბარი 2017 წლიდან დაიწყეს. აღნიშნული პროექტის განხორციელებას მთავრობა 2018 წლის იანვრიდან აპირებდა, თუმცა პროცესი შეფერხდა და მისი ამოქმედების თარიღმაც გადაიწია. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ 1 ოქტომბრიდან საქართველოში პოლიეთილენის პარკების გამოყენება, იმპორტი და წარმოება იკრძალება. თავდაპირველად აკრძალვა 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკებზე გავრცელდება, ხოლო 2019 წლის 1 აპრილიდან აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. პასუხისმგებლობა პარკის წარმოება-რეალიზაციის წესების დარღვევისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება. კოდექსის მიხედვით რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. განმეორებით ჩადენილი ქმედება კი - გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით.

ამავე რეგლამენტის მიხედვით, სრულად იკრძალება ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.

ამ საკითხზე დაწვრილებით გვესაუბრება „საქართველოს მწვანეების“ ლიდერი - ნინო ჩხობაძე:

-მაშინაც და ახლაც, პოლიეთილენის და ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების აკრძალვის მთავარ მიზეზად ამ პარკების ქიმიური შემადგენლობა სახელდებოდ. ეს არის 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პარკები, რომლებიც იყრება და არაფერში გამოდგება. მათი დაწვაც არ შეიძლება, რადგან პოლიეთილენი წვისას ძალიან საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს  და მხუთავ აირებს გამოყოფს, რომლებიც ალერგიას იწვევს. ასეთი პარკები ბუნებას ძალიან აბინძურებს. ეს პარკები საფრთხეს უქმნის არა მარტო გარემოს, არამედ შინაურ პირუტყვსაც, რადგან მისი წყალობით საქონელი იღუპება. საბოლოო ჯამში ამ პარკებს დიდი ზიანი მოაქვს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ასეთი პარკები 100 წლის განმავლობაში არ იშლება. პოლიეთილენი საშინლად აბინძურებს ბუნებას და მის მიერ შექმნილი პრობლემები ძალიან დიდია.

- ცნობილია, რომ მოწინავე ქვეყნებში ამ მასალისგან დამზადებული პარკები კარგა ხნის წინ აკრძალეს. რით ჩაანაცვლეს პოლიეთილენის პარკები?

-ევროპაში პოლიეთილენის პარკები კარგა ხანია აკრძალულია. იქ იყენებენ ბიოდეგრადირებულ ცელოფნებს, რომელიც ქაღალდისგან არის დამზადებული. ამ მასალის შიგნით სპეციალური მინარევია შერეული, რომელიც პროდუქციის სწრაფ დაშლას იწვევს.

- როგორ აისახება ეს აკრძალვა ბიზნესზე? - მეწარმეებს საქმიანობას ხომ არ გაუძვირებს?

- ზიანი, რომელსაც პოლიეთილენის ნაწარმი აყენებს გარემოს და ადამიანებს, გაცილებით მეტია, ვიდრე ის ზიანი, რომელიც მეწარმეებს მიადგებათ. თანაც, საწარმოებს  საშუალება აქვთ სხვა ტიპის ცელოფნის წარმოებაზე  გადავიდნენ, რადგან ეს ტექნოლოგია დიდ გადაიარაღებას არ მოითხოვს. გარდა ამისა, ბიოდეგრადირებადი მინარევის შემოტანა ცელოფნის მწარმოებელს უფრო იაფი დაუჯდება. ასე რომ, პოლიეთილენის პარკების  ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება მეწარმეებს ნამდვილად არ დააზარალებს.

-ისიც საფიქრალია, რომ პოლიეთილენის პარკებს მოსახლეობა ინტენსიურად იყენებს და მათ გარეშე ბევრს გაუჭირდება, მათ შორის, დიასახლისებს...

-ვერ გეტყვით, რომ გაუჭირდებათ. ჩვენი დედები და ბებიები საერთოდ არ იყენებდნენ ასეთ პარკებს. მაშინ ასეთი საწარმოები არ იყო და არც პოლიეთილენის პარკი არსებობდა, მაგრამ იყო სხვადასხვა მასალისგან დამზადებული ჩანთები, რომლითაც დიასახლისები პროდუქტს ატარებდნენ. ჩვენ თანდათან უნდა დავუბრუნდეთ ამ ტრადიციას.  2017 წლიდან ლაპარაკობენ ამ პარკების აკრძალვაზე და კარგი იქნება, თუ მთავრობა ამ ჩანაფიქრს განახორციელებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ დიდხანს მოგვიწევს პოლიეთილენის პარკების ატანა. ეს მასალა არა მარტო ბუნებისთვისაა მავნებელი, ის ეკონომიკურადაც აზარალებს ადამიანებს. საბოლოო ჯამში, ეს პარკები, რომლებიც ჰაერში ტრიალებს, ნიადაგს უბრუნდება, რის გამოც ნიადაგი სერიოზულად ბინძურდება. ამიტომ, კარგია, რომ სანქციები და ჯარიმები დააწესეს. მკაცრი რეგულაციები თუ არ დავაწესეთ, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ 2018 წელი ამ სფეროში გარდამტეხი იქნება.

- ქალბატონო ნინო, პოლიეთილენის პარკებს საქართველოშიც აწარმოებენ?

- ამ პარკებს საქართველოშიც აწარმოებენ, თუმცა მათი დიდი ნაწილი იმპორტირებულია. სხვათა შორის, პოლიეთილენის პარკები ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც აკრძალულია. ასეთ პარკებს უფრო განვითარებად ქვეყნებში იყენებენ, მაგრამ იქაც ცდილობენ ხმარებიდან ამოიღონ. ყველა სახელმწიფო თანდათან გადაეწყო ამ რეჟიმზე და ამას ჩვენც შევძლებთ.

- თუ იცით, რას ფიქრობენ ამ აკრძალვაზე ბიზნესმენები?

-მე ამ საკითხზე რამდენიმე მეწარმესთან კულუარული საუბარი მქონდა და ვიცი, რომ ისინიც მზად არიან სხვა პროდუქციაზე გადაეწყონ, თუ ხელშეწყობა ექნებათ. რაც მთავარია, ეს ცვლილება გადაიარაღებას, ტექნოლოგიისა და დანადგარების შეცვლას არ მოითხოვს, ტექნოლოგია ოდნავ იცვლება,  მაგრამ სამაგიეროდ, ხელში გვრჩება ბიოდეგრადირებადი ანუ შლადი ცელოფანი, რომელიც ძალიან  პრაქტიკული და უვნებელია. ნელ-ნელა უნდა გადავერთოთ ამ ახალ პარკებზე. პირველ რიგში ბიზნესი და მოსახლეობა უნდა იყოს ამ საქმით დაინტერესებული.

 

ცნობისათვის: ქართულ ბაზარზე არსებული პოლიეთილენის პარკების დაახლოებით 40 პროცენტი 15 მიკრონზე ნაკლები სისქისაა. პოლიეთილენის პარკების დიდი ნაწილი იმპორტირებულია. 2017 წელს საქართველომ სულ $3.2 მილიონის პარკები შეიძინა. მათი იმპორტი მაქსიმალური 2013 წელს იყო და $5.6 მილიონს შეადგენდა. ამავე დროს, საქართველო ამ საქონლის ექსპორტიორიცაა: 2017 წელს ქვეყნიდან 404 ათასი დოლარის ღირებულების პოლიეთილენის პარკი გავიდა. საინტერესოა ისიც, რომ 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში ერთი მოქალაქე, საშუალოდ, წელიწადში 525 ერთჯერად პარკს მოიხმარს, ირლანდიაში აღნიშნული საშუალო მაჩვენებელი არის 14 პარკი, დანიასა და ფინეთში კი - მხოლოდ 4.

თარიღი: 2018/09/28