რა შეიცვლება თბილისში მოსახლეობის ინიციატივით და როგორია  ეკონომიკურ პროგრესს შერწყმული სამოქალაქო პასუხისმგებლობა 
თბილისის მერიის პროექტი- „შენი იდეა ქალაქის მერს“ მოქალაქეთა მაღალი აქტიურობით მიმდინარეობს. შვიდი თვის განმავლობაში შესაბამის ვებგვერდზე, 13 კატეგორიაში,  1000-მდე იდეა აიტვირთა, რომელთაგან თითოეული დედაქალაქის ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ თუ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ეხება.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყველზე მეტი პროექტი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საკითხებს მოიცავს. არის იდეები ველობილიკების, ხიდების, გზების მშენებლობისა და წყლის ტრანსპორტის შესახებ,  თუმცა მათი განხორციელება ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.  რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, 12 მათგანი  განხილვის პროცესშია, ხოლო 3 უკვე დამტკიცდა და მათი განხორციელება დაწყებულია.

პირველი იდეა, რომელმაც მერისგან მოწონება დაიმსახურა თბილისში ე.წ. ბოთლიყლაპია აპარატების დადგმას გულისხმობს.  გამოყენებულ ბოთლებს ადამიანები აპარატში ათავსებენ და  სანაცვლოდ  გარკვეული ოდენობის ხურდა ფულს იღებენ, გადამუშავების შემდეგ  კი ბოთლები მეორადი გამოყენების პროდუტად იქცევა და იზოგება ხარჯები ახალი ბოთლების წარმოებაზე. ამგვარი პრაქტიკა უკვე მრავალი წელია გავრცელებულია ევროპის ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ ამ გზით ფინანსურ სარგებელს როგორც ბიზნესი, ისე მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილი მიიღებს და გარკვეულწილად მოგვარდება ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები როგორიცაა გარემოს დაბინძურება და სიღატაკე.

კუკური ბარამიძე: ,,ბოთლიყლაპია აპარატების დადგმის იდეა, 2017 წელს, გერმანიაში ცხოვრების დროს გამიჩნდა. ვიფიქრე, რომ ეს ძალიან გამოადგება ისეთ ქალაქს, როგორიც თბილისია. უამრავ გაჭირვებულ ადამიანს პურის ფულის შოვნის შესაძლებლობა გაუჩნდება, ხოლო ეკოლოგიას ნაკლები ზიანი მიადგება.დავიწყე საინფორმაციო კამპანიის წარმოება, რომელსაც შოუ-ბიზნესის არა ერთი წარმომადგენელი შემოუერთდა. მათ გადაიღეს და გაავრცელეს მოკლე ვიდეოები, იმის შესახებ თუ რატომაა აუცილებელი მსგავსი აპარატების არსებობა, ტელევიზიითაც გავრცელდა ინფორმაცია. შემდეგ იყო აქცია, რომელზეც მხოლოდ ორი არასრულწლოვანი მოზარდი მოვიდა, რის გამოც ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. თუმცა, ამ ბავშვების მოტივაცია საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ კამპანია გამეგრძელებინა. მეგობრებთან ერთად დავიწყე ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე " საზოგადოება #ბოთლიყლაპია აპარატებისთვის" და manifest.ge-ზე 20000-ზე მეტმა ადამიანმა ხმა მისცა იდეას.  ამის შემდეგ გაჩნდა თბილისის მერიის პლატფორმა "შენი იდეა ქალაქის მერს" და ჩვენი მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდა. ორ თვე ნახევარში ხმების საკმარისზე მეტი რაოდენობა შევაგროვეთ და იდეამ განხილვის რეჟიმში გადაინაცვლა. საბოლოოდ მერმა მისი განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო.  დღეს უკვე გვაქვს კონკრეტული პროექტი, რომელიც როგორც შინაარსობრივ ისე  ტექნიკურ დეტალებს მოიცავს და ქართულ რეალობაზეა მორგებული. ამ დროისთვის  თბილისის ყველა დიდი უბნისა და სავაჭრო ცენტის დაფარვა იგეგმება, ხოლო შემდეგ, იმედია, ბოთლიყლაპია აპარატები სქართველოს რეგიონებშიც გამოჩნდება."

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც დამტკიცებულია და უახლოეს მომავალში განხორციელდება, ე.წ. ეშმაკის ბორბალზე გიგანტური საათის დამონტაჟებას ეხება. იდეა  ნიკოლოზ მეტრეველს ეკუთვნის, რომელიც ფიქრობს, რომ ეს საათი თბილისის სავიზიტო ბარათი გახდება და სხვადასხვა კუთხით უამრავ სარგებელს მოიტანს. საკუთარ ორიგინალურ იდეაზე ავტორი ინტერვიუში გვესაუბრება.

  • როდის და როგორ გაგიჩნდათ "ეშმაკის ბორბალზე" საათის დამონტაჟების იდეა?
ყველაფერი გენიალური ხომ სიმარტივიდან მოდის?! ხოდა, ამ შემთხვევაშიც ძალიან მარტივი მიზეზით მოვიდა ეს იდეა. სტუდენტობის დროიდან, მაჯის საათის ხმარება არ მიყვარს და სულ მქონდა სურვილი, სადმე თვალსაჩინო ადგილას დიდი საათის არსებობის, რაც ქალაქისთვისაც მნიშვნელოვანი და მიმზიდველი იქნებოდა. ამისთვის ყველაზე შესაფერის ადგილად კი, რელიეფიდან გამომდინარე, ფუნიკულიორი მიმაჩნდა.  მას მერე რაც „ეშმაკის ბორბალი“ გამოჩნდა,  ჩემი იდეის განხორციელება უფრო რეალური გახდა.

  • რას მოუტანს ამ იდეის განხორციელება თბილისს?
პირველ რიგში, იქნება ულამაზესი. ვფიქრობ, მისი, როგორც საათის ფუნქციით, ბევრი ისარგებლებს;  მგონია, რომ ქალაქისა და ქვეყნის სავიზიტო ბარათი იქნება და ტურიზმის განვითარებაში თავის როლს შეასრულებს. მსგავსი რამ, მითუმეტეს საათი, ამ ფორმით და ასეთ თვალსაჩინო  ადგილას, არც ერთ ქვეყანაში არ არის, ამიტომ ჩვენი დედაქალაქი გამორჩეული გახდება.  ტურისტების მოზიდვის გარდა მას სხვა ფინანსური სარგებლის მოტანაც შეუძლია, შეასაძლებელია მისი სხვადასხვა ღონისძიებისათვის გამოყენება, მისი ანალოგით დამზადებული სუვენირების გაყიდვა და ა.შ.

განხილვაში მყოფი იდეებიდან გამორჩეულია იდეა სახელწოდებით "ახალი სიცოცხლე ძველ სახლებს". პროექტი დიდუბის რაიონში, კერძოდ წერეთლის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ამორტიზებული სახლების, ე.წ. ,,ხრუშოვკები"-ს ახალი სახლებით ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. იდეის ავტორი აკაკი კაკიტაძე სწორედ ამ უბნის ერთ-ერთი მაცხოვრებელია.

აკაკი კაკიტაძე: ,, ცენტრალურ დიდუბეში დაზიანებულია სახლები. მუნიციპალიტეტის პროგრამით ხდება მათი გამაგრება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, იმისთვის, რომ იქ მაცხოვრებელმა ადამიანებმა  იგრძნონ ახალი სიცოცხლე ძველ სახლებში. ჩემი და მთლიანად დიდუბელების სურვილია ჩვენს რაიონში იყოს განსაკუთრებით კარგი ინფრასტრუქტურა.  გარდა ამისა, მოსახლეობა და გამვლელები დაცულები იყვნენ ჩამონგრევის საფრთხისგან, რომელიც დღეს ამ ტერიტორიაზე ძალიან დიდია. ამ იდეის განხორციელებით მოხდება ძველი სახლების ახალი თანამედროვე ტიპის სახლებით ჩანავლება, რაც რა თქმა უნდა დადებითად აისახება, როგორც ადგილობრივების ცხოვრების პირობებზე, აგრეთვე თბილისის იერსახეზე. აღსანიშნავია თუ რა ტემპით ვითარდება საქართველოსა და მის დედაქალაქში ტურიზმი. ეს იმის მაუწყებელია, რომ თანამედროვე პროცესებს ფეხი უნდა ავუწყოთ და თბილისი, კერძოდ კი დიდუბის რაიონი, როგორც მაცხოვრებლებისთვის აგრეთვე დამთვალიერებლებისთვის  უსაფრთხო და მიმზიდველი გავხადოთ."

საზოგადოებისთვის კიდევ ერთი სარეკრეაციო და გასართობი ადგილის მოწყობას სთავაზობს დედაქალაქის მერიას შოთა მოდებაძე იდეით- "შადრევანი გლდანი-მუხანის შუაგულში". სხვა 11 იდეასთან ერთად  მისი ინიციატივაც განხილვის პროცესშია.  რას გულისხმობს პროექტი და რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას მოსახლეობისთვის, ამაზე ავტორი ინტევიუში გვიყვება.

  • როგორ გაგიჩნათ გლდანი-მუხიანის სკვერის ტერიტორიაზე შადრევნის გაკეთების იდეა?
მე ვარ კომპანიის დამფუძნებელი რომელიც ამ უბანში საცხოვრებელ კორპუსს აშენებს, და მინდა რომ ჩემი კლიენტები უფრო ლამაზ გარემოში ცხოვრბდნენ, ვიდრე ახლა არის. გლდანისა და მუხიანის გადაკვეთაზე მეტროსთან ძალიან ახლოს გობრონიძის "მოედანი" არის 2500 კვადრატულ მეტრზე მეტი  ფართობის. თითქმის ყოველდღე ვუყურებდი სიტუაციას, რომ მიუხედავად ამ მოედნის ირგვლივ  საავტომობილო გზების არსებობისა, ის მაინც აქტიურად არის დატვირთული ფეხით მოსიარულეებით.  ირგვლივ არის ბევრი საბანკო და სხვა დაწესებულებები, რომელთა თანამშრომლები ასევე სიამოვნებით დაისვენებდნენ სკვერში სკამებს თუ განვათავსებდით. ყოველდღიურად აქ გაივლის ალბათ 50 000 -მდე ადამიანი, გლდანის კენტი მიკროებიდან და მუხიანიდან. ასევე გასათვალისწინებელია რომ არეალის ირგვლივ არის სამარშუტო ტაქსების გაჩერებები და ძალიან დიდი ოდენობის ხალხი იცდის ფეხზე მდგომარე მუდმივ რეჟიმში. ამიტომ როგორც კი გავიგე პროექტის შესახებ "შენი იდეა ქალაქის მერს", დავწერე იდეა შადრევნის გაკეთების თაობაზე.

  • რას მოუტანს ამ იდეის განხორციელება თბილისელებს?
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  შადრევანმა, რომელიც სკვერში განთავსდება, დადებითად  იმოქმედოს ადამიანების განწყობაზე. სხვა მხრივ კი გამწვანება, რომელიც გაკეთდება შთანთქავს კონცეტრირებულ მტვერსა და ნახშირბადს. შეიქმნება სარეკრეაციო სივრცე ადგილობრივი მოსახლეობისათვის და ამვდროეულად ეს იქნება მოსასვენებელი ადგილი  ახლომდებარე ოფისების თანამშრომლებისთვისაც.

თარიღი: 2018/10/01