დარღვეული საავტორო უფლებები ბიზნესში - ვინ და როგორ იცავს ავტორს
საქართველოში,  მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საავტორო უფლებები ნებისმიერი ტიპის საქმის წარმოებისას საკმაოდ ხშირად ირღვევა. განსაკუთრებით თვალშისაცემია ასეთი შემთხვევები მედია და შოუ ბიზნესებში, თუმცა მსგავსი ფაქტების სიმცირეს არც სამოდელო ბიზნესი უჩივის. ამ მხრივ პრობლემებია ხელოვნების სხვადასხვა სფეროშიც და ა.შ. ინტელექტუალური „ქურდობების“ სიმრავლეს ბოლო პერიოდში ინტერნეტმაც გვარიანად შეუწყო ხელი. სრულიად თავისუფალ ვირტუალურ სივრცეში ავტორის მითითების გარეშე  კონკრეტული სტატიების, ფოტოების, ნაწარმოებების, მუსიკისა თუ ფილმების “კოპირება” ჩვეულებრივ მოვლენად არის ქცეული.  უმეტეს შემთხვევაში, პლაგიატმა არც კი იცის, რომ არღვევს კანონს. მიმთვისებელი ვერ აცნობიერებს, რომ ინტელექტუალური ქონება უტოლდება, ან ხშირად აჭარბებს მატერიალურ კუთვნილებას.  სხვისი ქონების მითვისება კი არის დანაშაული. როგორც ჩვენს რესპოდენტებთან საუბრისას გავარკვიეთ, ამ მხრივ თანდათან საზოგადოებრივი ცნობიერების წინსვლა შეიმჩნევა და ჩვენდა სასიხარულოდ, 90-იანი წლებიდან გამოყოლილ მავნე ჩვევაზე ნელ-ნელა უარს ვამბობთ, რასაც, შესაძლოა, მეტი ინფორმირებულობა განაპირობებდეს. მიუხედავად ამისა, პრობლემის საბოლოო აღმოფხვრისგან ჯერ, რა თქმა უნდა, შორს ვართ.

არადა, საავტორო უფლებებს არეგულირებს საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც სამოქალაქო პასუხისმგებლობა, კომპენსაცია, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება და რიგ შემთხვევებში, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კია გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.

საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევები ყველაზე ხშირად შოუ-ბიზნესში, კონკრეტულად კი მუსიკის მიმართულებით შეინიშნება.  წლებია უკვე, ამ კუთხით ეს სფერო პირველობას არ თმობს.  აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ  ცნობილი კომპოზიტორებისა და მათი ოჯახის წევრების შემთხვევაში ვლინდება. დარღვეული საავტორო უფლებების კუთხით ქართული სკანდალებიც ბიზნესის სწორედ ამ მიმართულებას უკავშირდება.

ზემოთქმულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, ,,ბიზნესპოსტი‘’ კომპოზიტორთა კავშირის ყოფილ თავმჯდომარეს -კახა ცაბაძეს ესაუბრა.  როგორც  გაირკვა, კომპოზიტორი მამამისის - გოგი ცაბაძის სიმღერების სხვების მიერ შესრულებას, თუნდაც გარკვეული ინტერპრეტაციით,  არ ეწინააღმდეგება. თვლის, რომ ცაბაძის შემოქმედება ერის საკუთრებაა. ერთადერთი, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია, სიმღერაში მუსიკისა და ტექსტის განცალკევება, ტექსტი  ამოღება ან შეცვლა  და სიმღერის ამგვარი სახეცვლილებაა...

კახა ცაბაძე:  საავტორო უფლებების შესახებ კანონის დაცვა ყველასთვის სავალდებულოა და დამრღვევმა პასუხი უნდა აგოს, მაგრამ როცა საქმე გოგის სიმღერების ახლებურად შესრულებას ეხება, არასდროს ვეწინააღმდეგები.  ვფიქრობ, რომ თანამედროვე შესრულების მდარე ვარიანტი საზოგადოებისთვის ისედაც მიუღებელი იქნება და დიდხანს არ დარჩება. კარგი ვერსიის შემთხვევაში კი მაინც გოგი ცაბაძის სასარგებლოდ იტყვიან, რომ მისმა სიმღერებმა დროს გაუძლო და 21-ე საუკუნეში ახალი თაობისათვისაც იგივენაირად სასიამოვნოდ მოსასმენი და მისაღებია. ასეა ნებისმიერი კომპოზიტორის შემთხვევაში.  მიმაჩნია, რომ მუსიკის გადაკეთების პროცესი არასოდეს არის უარყოფითი, გათანამდროვებული სიმღერა ორიგინალზე უკეთესიც რომ გამოვიდეს, ავტორი მაინც მოგებულ პოზიციაში იქნება.

- რამდენად ამაღლდა საზოგადოების ცნობიერება საავტორო უფლებების დაცვის სფეროში, იღებენ თუ არა თქვენგან ნებართვას გოგი ცაბაძის სიმღერის ახლებურად შესრულებისთვის ?

- ამ ბოლო დროს, რაც საავტორო უფლებებთან დაკავშირებით კანონი ამუშავდა, ნებართვას უკვე იღებენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ამას არ აკეთებენ. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ საავტორო უფლებების დაცვა საკმაოდ რთული თემაა არამარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებშიც. აი, მაგალითად, ჩვენთან სტივ უანდერის სიმღერებს რომ უსმენენ რესტორანში, წესით, მას კანონით დაკისრებული ჰონორარიც უნდა გადაურიცხონ, მაგრამ არ მგონია, ამას ვინმე აკეთებდეს. ძალიან რთული სისტემაა ეს. თუმცა, ამ ბოლო დროს კანონი და საქართველოს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია შედარებით ამუშავდა, ძირითადად ტელევიზია და რადიოები ჩაერთნენ ამ ვალდებულებაში და ჰონორარის სახით აგზავნიან პატარა პროცენტს იმ სიასთან ერთად, რომელი კომპოზიტორების რა ნაწარმოებები გამოიყენეს. სწორედ ამ სიის მიხედვით ხდება კომპოზიტორებზე თანხის გადანაწილება. კარგია, როცა საზოგადოება მიდის საავტორო უფლებების დაცვისკენ. ეს დაახლოებით ასეა,  ვინმე სახლში რომ შემოვიდეს და წაიღოს თქვენი კუთვნილი ნივთები ან ქუჩაში ქურთუკი გაგხადონ. საზოგადოება უნდა მიხვდეს, რომ ესა თუ ის ნაწარმოებიც ვიღაცის საკუთრებაა და არ შეიძლება სხვისი ქონების მითვისება. ფილმებსაც შევეხები თუ შეიძლება, საერთოდ ჩვენთან რეჟისორებს აქვთ საავტორო უფლებები, მთელი თანხა შესდის რეჟისორს და თავად ანაწილებს კომპოზიტორზე, დრამატურგზე, მხატვარსა და ა.შ. აქაც ქაოსია, ბევრი ანაწილებს - ბევრი - არა, ფილმების საკითხიც დასარეგულირებელია ამ მიმართულებით.

- გქონიათ თუ არა სამართლებრივი დავა?

- მქონია ასეთი შემთხვევა, მაგრამ წლები მიდის პროცესი, ამის წინ, მაგალითად, მომივიდა უწყება - გადაიხადეთ 500 ლარი, რათა გავაგრძელოთ აღსრულებაო, ანუ მე უნდა გადამეხადა და აღსრულების შემდეგ დამიბრუნებდნენ ამ თანხას. ვფიქრობ, სასამართლო სისტემასთან რაც არის დაკავშირებული, ცოტა დასახვეწია. ჯერ ერთი, წლები გრძელდება პროცესი და მერე აღსრულებაც პრობლემა ხდება.

აღსანიშნავია, რომ საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნისთანავე წარმოიშობა. ავტორის გარდაცვალების შემდეგ  სამართალმემკვიდრეობა  70 წლის განმავლობაში მოქმედებს.   ვადის გასვლის შემდეგ კი ნამუშევრის გამოყენება ყველას შეუძლია.

,,ბიზნესპოსტი“ საქართველოს საავტორო უფლებების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარეს გიგა კობალაძესაც ესაუბრა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ შოუბიზნესის სფერო საავტორო უფლებების დაცვის კუთხით დღემდე ყველაზე პრობლემური ზონაა, თუმცა წინა წლებთან შედარებით,  საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მხრივ, წინსვლა შეიმჩნევა. მისივე თქმით, რამდენიმე თვის წინ  შეიქმნა დამატებითი ბერკეტი, რომელიც დაზარალებულს საკუთარი უფლებების დაცვას გაუიოლებს.

გიგა კობალაძე: მიუხედავად იმისა, რომ დღემდე საავტორო უფლებების დარღვევის მხრივ მუსიკის სფერო ლიდერობს, საბედნიეროდ  საზოგადოების ცნობიერება ნელ-ნელა იზრდება. ამას კი, ალბათ, როგორც ავტორების, ანუ უფლებათა მფლობელების, ასევე მოსარგებლე მხარის ინფორმირებულობა განაპირობებ. ეს, ბუნებრივია, იწვევს სიტუაციის გაუმჯობესებას, როგორც ჰონორარის მატების კუთხით (ანუ ავტორს მეტი ჰონორარი მისდის წლიდან წლამდე), ასევე იმ მხრივაც, რომ დარღვევები მცირდება, რაც ცხადია, არ ნიშნავს პრობლემის სრულად გაქრობას. თუმცა თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ცვლილება აშკარად გვაქვს- ყოველი წელი წინა წელზე უკეთესია. რაც შეეხება კანონის აღსრულებას, ჩვენი ასოციაცია აწარმოებს სასამართლო დავებს, ოღონდ ეს ეხება იმ დავებს, როდესაც, მაგალითად, მოსარგებლე უარს ამბობს ლიცენზიის შეძენაზე, ან აქვს ლიცენზია, მაგრამ ჰონორარის გადახდაზე ამბობს უარს. სხვა დარღვევები კი ასოციაციის კომპეტენცია არ არის, ანუ მას არ ეხება, თუმცა ავტორების მოთხოვნის საფუძველზე  2-3 თვის წინ ჩვენ შევქმენით დამატებითი ორგანიზაცია - ხელოვნების იურიდიული დახმარების ცენტრი, რომელიც ორიენტირებული იქნება სადავო და პრობლემური საკითხების მოგვარებაზე და ავტორებს გაუწევს იურიდიულ მომსახურებას. ცენტრმა უკვე დაიწყო ფუნქციონირება და დაზარალებული პირების დახმარება. ამ ეტაპისთვის გვაქვს 10-მდე მომართვა.“

ფოტოგრაფი გუბაზ შენგელაია ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც  საკუთარი ფოტო, შემთხვევით,  სხვის ფეისბუქგვერდზე აღმოაჩინა. მიმთვისებელი ფოტოს საკუთარ ნამუშევრად ასაღებდა.

- ,,რამდენჯერმე მქონდა ასეთი შემთხვევა. ძალიან საწყენი ფაქტია, როცა ვიღაც შენ შემოქმედებას ისე ითვისებს, ვითომც არაფერი მომხდარა. ახლა უკვე თავს ამგვარი უსიამოვნო შემთხვევებისგან იმით ვიცავ, რომ საკუთარ ნამუშევრებს ინიციალებს ვაწერ და ინტერნეტსივრცეში ამ სახით ვტვირთავ“ - განაცხადა ფოტოგრაფმა ჩვენთან საუბრისას.

,,ბიზნესპოსტი“ ამ სფეროში იურისტ თამარ გეგეჭკორის გამოცდილებით დაინტერესდა:

,,სულ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება, რაც ინტერნეტში საავტორო უფლებების დარღვევას უკავშირდება და ეს არა ინდივიდუალურ პირებს, არამედ უცხოურ კომპანიებს ეხება. ჩვენი კლიენტების ძირითადი პრობლემა ის იყო, რომ ინტერნეტში მათ სასაქონლო ნიშნებს იყენებდნენ ის პირები, რომლებსაც კანონით ამის უფლება არ ჰქონდათ. ამჟამად სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს პირის უფლებას, მოითხოვოს დამრღვევი მხრისგან, რომ ეს სასაქონლო ნიშანი მოაშოროს ინტერნეტსივრციდან.“

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და ,,საქპატენტმა“ ,,ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონპროექტზე ერთობლივი მუშაობა დაიწყეს. კანონის ამოქმედების შემდეგ კი საავტორო უფლების მფლობელი შეძლებს, მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს გარეშე მოითხოვოს ვებგვერდზე ნებართვის გარეშე გავრცელებული მასალის დაბლოკვა, ხოლო თუ პროვაიდერი გადაწყვეტს მასალის დატოვებას, უფლების მფლობელი შეძლებს სამოქალაქო დავის წარმოების დაწყებას, როგორც უშუალოდ დამრღვევის, ისე სერვის პროვაიდერის წინააღმდეგ.

თარიღი: 2018/04/30