რა მდგომარეობაშია კულტურულ ძეგლებამდე მისასვლელი  გზები შიდა ქართლში და რამდენად აფერხებს ბუნებრივი კატაკლიზმები ტურისტული მომსახურების მოცულობის ზრდას რეგიონში?  
შიდა ქართლის ტურისტული  პოტენციალი,  კულტურული და ისტორიული-გეოგრაფიული მოცემულობის გათვალისწინებით, დამთვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევს. გამომდინარე იქიდან, რომ იქ არ არის ზღვა და სამთო-სათხილამურო კურორტები, რეგიონი მრავალფეროვანი ფლორით და ფაუნით, საფეხმავლო-ტურისული გზებით, ღვინის ტურებით, ტბებით, ჩანჩქერებით, ხელუხლებელი ბუნებით, უძველესი საერო და საკულტო ძეგლებით - ტურისტებისთვის თავის მოწონებას მაინც ახერხებს. 



შიდა ქართლში ყოველთვის პოპულარული იყო პილიგრიმული ტურები, ამ მხრივ, ტურისტებისგან ყველაზე მოთხოვნადი არის გორიდან  სოფელ ხიდისთავის გავლით, უფლისციხის ისტორიულ-არქიექტურული მუზეუმი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ატენის ციხე და სხვ.

იყო პერიოდი, როდესაც შიდა ქართლი თავს  ბალნეორეკრეაციული კურორტებითაც იწონებდა, თუმცა კურორტების უმრავლესობა სახელმწიფოდან კერძო საკუთრებაში გადავიდა და მისი ძირითადი ფუნქციაც დაიკარგა  (მაგ: ჯავა, გორიჯვარი გარიყულა და სხვა).



საინტერესოა, გარდა ზემოჩამოთვლილისა, როგორ შეუძლია ამ კუთხეს ტურისტების მოზიდვა და რა პერპექტივებს ხედავს რეგიონის ადმინისტრაცია შიდა ქართლში.

„ბიზნესპოსტის“ კითხვებს გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების უფროსმა, რობერტ მაღლაკელიძემ და ქ. გორის მერის მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმა უპასუხეს.

- რომელი ტურისტული ობიექტები ფუნქციონირებს ამჟამად თქვენდამი რწმუნებულ რეგიონში?

- ჩვენს დაქვემდებარებაშია ორი საკურორტო ადგილი, ბალნეოლოგიური -კურორტი ,,გორიჯვრის აბანოები“ და კურორტი ქვახვრელი. რაც შეეხება ტურისტულ ობიექტებს ესენია:

სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, კომპლექსში შედის გორის საბრძოლო იდების მუზეუმი და შუა საუკუნეების ,,ერეკლეს აბანოს“ შენობა;

ისტორიული გორის ციხე;

  • ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი- (კომპლექსში შედის: სტალინის მემორიალური სახლი, ვაგონი რომლითაც სტალინი მოგზაურობდა და მუზეუმის შენობა);
  • აკადემიკოსის, გეოგრაფისა და ანტროპოლოგის ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი;
  • გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია;
  • უფლისციხე;
  • ატენის სიონი;
  • იაკობ გოგებაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.
- რა მდგომარეობაშია  ტურისტულ   ან კულტურულ ძეგლებამდე მისასვლელი  საავტომობილო  გზები?

- ძირითადად, მისასვლელი გზები ყველა ტურისტულ ობიექტზე დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ ატენის ხეობაში სოფელ ორმოცამდე მიმდინარეობს ახალი გზის მშენებლობა, რომელიც სექტემბრის ბოლოსთვის უკვე დასრულებული იქნება.

- ხასიათდება თუ არა არსებული ობიექტები სეზონურობით (ანუ არის თუ არა ისეთი პერიოდი, როდესაც ამ ობიექტების დათვალიერება რაიმე რთული ბუნებრივი პირობების გამო შეუძლებელია)?

- ზამთრის პირობებში შეუძლებელია საფეხმავლო ბილიკებზე გადაადგილება, ასევე ატენის ხეობაში არსებულ ყინულის ჩანჩქერზე მისასვლელად საჭიროა მაღალი გამავლობის ჯიპები.

დანარჩენი ტურისტული ობექტების დათვალიერება წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

- რა ტიპის ღონისძიებები ხორციელდება თქვენდამი რწმუნებულ რეგიონში ტურისტული ნაკადების მოსაზიდად?

-იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ რეგიონში ტურიზმის განვითარებას  მუშაობას ვაწარმოებთ ჩვენს მიერ ოთხწლიანი ტურიზმის განვითარების გეგმის მიხედვით, რომლის ფარგლებშიც ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. განსაკუთრებული ყურადღება კი ახალგაზრდებს ეთმობა. იმისთვის, რომ რეგიონს მუდამ ჰყავდეს როგორც ტურისტები, ისე ადგილობრივი დამთვალიერებელი, ნებისმიერ სეზონზე განსაკუთრებული პროექტები ხორციელდება.

ჩვენი საქმიანობის პერიოდში, შიდა ქართლში დაიწყო ექსტრემალური ტურიზმის განვითარება. (საერთაშორისო შეჯიბრი ალპინიზმში, ბიისის ჩანჩქერზე),  ამ ყველაფერთან ერთად, ოლიმპიადების, კონფერენციების, ფესტივალებისა და სხვადასხვა ღონისძიების სისტემატური ორგანიზება უზრუნველყოფს სეზონებზე ტურისტების მოზიდვას.

პოპულარული გახდა საცხენოსნო ტურები და ბოლო დროს, განსაკუთრებით კი წედისის ხეობაში აქტიურად იკიდებს ფეხს კემპინგი და საფეხმავლო-ექსტრემალური შეჯიბრებები. წედისის ხეობა საუკეთესო რესურსია სათავგადასავლო ტურიზმისა და სამონადირეო ტურიზმის განვითარების საფუძველსაც ქმნის.



გაქვთ თუ არა კომუნიკაცია ინვესტორებთან  ტურისტული  ინფასტრუქტურის განსავითარებლად  რეგიონში?

-საკითხი არც თუ ისე ადვილი გადასაწყვეტია, მარტო ჩვენი ძალისხმევა არ ყოფნის, თუ ინვესტორებმაც არ მოინდომეს. მცდელობა გვქონდა და დავუკავშირდით რამდენიმე დიდ ინვესტორს ბიისის თბილი წყლების და ატენის ღვინის ქარხნის საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ პასუხი ჩვენთვის ჯერ უცნობია.

- რამდენია თქვენი რეგიონის განთავსების სისტემების სიმძლავრე (სასტუმროების, ჰოსტელების და სხვა განთავსების ობიექტების რაოდენობა და სიმძლავრე-საწლ/ადგილების რაოდენობა)?

-მუნიციპალიტეტში სულ 38 ჰოსტელის ტიპის და საოჯახო სასტუმროა, სადაც სულ 350-მდე ტურისტის განთავსებაა შესაძლებელი, რაც ვერ აკმაყოფილებს ტურისტების მოთხოვნებს.

- რაიმე ტიპის ტრენინგი თუ განხორციელებულა  ადგილობრივი მოსახლეობის ჩასართავად ტურბიზნესში?

- საოჯახო სასტუმროების და მარნების გახსნის მსურველ 280-ზე მეტ რიგით მოქალაქეს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ციფრული ტექნოლოგიების და კონკრეტულად საოჯახო სასტუმროებისა და მარნების მოწყობის სპეციფიკაზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში, კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, 28 სახის ტრენინგი ჩაუტარდათ.

- არის თუა არა რაიმე ტიპის ბუნებრივი კატაკლიზმები რეგიონში, რაც აფერხებს ტურისტული მომსახურების მოცულობს ზრდას?

- არის კატაკლიზმების რისკები, რომლებიც ტურიზმს პოტენციურ საფრთხეს უქმნიან. გარემოსდაცვითი კვლევის თანახმად, ბუნებრივ კატასტროფებში ჭარბობს ტყის ხანძარი, მაგრამ იმ ტურისტული ადგილების ლოკაცია, სადაც შეიძლება საფრთხე შეექმნათ ტურისტებს ბუნებრივი კატაკლიზმების დროს, წინასწარ არის ცნობილი შესაბამისი სამაშველო სამსახურებისთვის.

- რა ტიპის ინფრასტრუქტურული ღონისძიებები განხორციელდა ბოლო 5 წლის განმავლობაში და რა სტრატეგიული გეგმები  გაქვთ მომავალი 5 წლის  მანძილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განსავითარებლად?

-კეთილმოეწყო სოფლებში ტურისტულ ობიექტებამდე მისასვლელი გზები. ატენის ხეობაში დამთავრდა გაზიფიცირება და სასმელი წყლის გაყვანის პროცესი. ხიდისთავსა და ატენში დაიდგა ღვინის გზის მანიშნებელი ბანერები.

მოეწყო უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია.

ყველა ისტორიული ძეგლისთვის დამზადდება საინფორმაციო სპეციალური დაფები, დამონტაჟდება ისტორიული ძეგლებისკენ მიმართულების მანიშნებელი ბანერები. ტურისტებისთვის მოეწყობა საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები და სხვა.

 

 

თარიღი: 2018/10/10