რაში უშლის ხელს ტრადიციები ქალ სტარტაპერებს
თანამედროვე მსოფლიოში საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალის ჩართულობა დღითიდღე იზრდება. დღესდღეობით ქალი ახერხებს ლავირებას დროსთან და ოჯახურ მოვალეობებს წარმატებით უთავსებს პრფესიულ საქმიანობას. ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა და გენდერული თანასწორობის პრინციპების რეალიზება.  ქალის როლის ამაღლება საზოგადოებაში არსებითად განაპირობებს ქალისა და მამაკაცის თანაბარ შესაძლებლობებს, უფლებებსა და პასუხისმგებლობას. ქვეყნის განვითარების პროცესში ქალთა და მამაკაცთა სრულფასოვანი მონაწილეობისთვის აუცილებელია მათ თანაბრად მიუწვდებოდეთ ხელი სოციალურ და ეკონომიკურ რესურსებზე, მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ქალების ჩართულობა ბიზნესში - მსოფლიო სტატისტიკა

„გრანთ თორონთნის“ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადებულ სტატიაში („თანამედროვე გენერული რეალობა სტატისტიკაში-ანუ ქალის ლიდერობის მიმზიდველობა“) ნაჩვენებია ბიზნესში ქალის ჩართულობა, კერძოდ, ქალების მიერ ტოპ მენეჯმენტში თანამდებობის დაკავების 2016-2017წლების სტატისტიკა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ამ მხრივ გლობალური საშუალო მაჩვენებელი 26%-ია, რაც 4%-ით აღემატება გასული წლის საშუალო მონაცემს-22%-ს.

„გრანთ თორონთონის“ კვლევის შედეგების მიხედვით,  რუსეთში, ბიზნესში უმაღლესი პოზიციების 47%-ს ქალები იკავებენ, რაც 7%-ით აღემატება 2015წლის შედეგს. ეს მსოფლიოს მასშტაბით უმაღლესი პროცენტული მაჩვენებელია. მას მოჰყვება ინდონეზია 46%-ით და ესტონეთი 40%-ით. ყველაზე დაბალ პოზიაციას,  ტრადიციულად, 7%-ით იაპონია იკავებს, რომელსაც წინ უსწრებს არგენტინა(15%) და ინდოეთი(17%). აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოში ეს ნიშნული მხოლოდ 19%-ზეა.

საქართველო და ქართული ტრადიციები - უშლის თუ არა სტერეოტიპები ხელს ქართველ ქალებს საკუთარი ბიზნესის აწყობაში

რაც შეეხება საქართველოს,  საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საწყის ეტაპზე, ქვეყანაში მასობრივი უმუშევრობით გამოწვეულ სირთულეებს ქალები ყველაზე მედგრად გაუმკლავდნენ. საკუთარი შვილებისა და ოჯახების გადასარჩენად მათმა უმრავლესობამ საკუთარი თვითდასაქმებით შეძლო შრომის ბაზრის მკაცრ მოთხოვნებთან ადაპტირება. მიუხედავად უამრავი ხელის შემშლელი პირობისა, ქალებს ჭეშმარიტად გააჩნიათ სათანადო ნებისყოფა, ძალა და გონიერება, რათა დაამსხვრიონ საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილი სტერეოტიპები. ქალებმა მთელი ძალისხმევა უნდა მიმართონ საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად საზოგადოებაში. შეიძინონ სათანადო ეკონომიკური განათლება, დაეუფლონ ახალ კონკურენტიან სპეციალობებს, წამოიწყონ საკუთარი ინდივიდუალური საქმე - მცირე ბიზნესი და მიაღწიონ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, რაც უმიშვნელოვანესი წინაპირობაა თვითრეალიზაციისა და უფლებამოსილების გაზრდისათვის.

საქართველოს მთავარ გამოწვევას უმუშევრობა და თვითდასაქმების მაღალი მაჩვენებლები წარმოადგენს როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

რაც შეეხება თვითდასაქმების დონეს, ის ქალებში 31 %-ს, ხოლო კაცებში - 40 %-მდე აღწევს, თვითდასაქმების მაღალი დონე საქართველოს შრომის ბაზრის სტრუქტურიდან გამომდინარეობს.

ბუნებრივია, სიღარიბე ისეთი სოციალური ტვირთია რომელიც თანაბარზომიერად მძიმეა როგორც ქალებისათვის, ასევე მამაკაცებისათვის. თუმცა, სიღარიბე უფრო მეტად აფერხებს ქალთა აქტიურობას საჯარო სივრცეში და არ უტოვებს მას შესაძლებლობას, იფიქროს და განახორციელოს რაიმე ტიპის სამეწარმეო ინიციატივა. ამასთან, საჯარო ფინანსების სიმწირის გამო ქალთა ბევრი პრობლემა მოუგვარებელი რჩება. აღნიშნული ტიპის პრობლემები და ქალთა მძიმე მატერიალური სტატუსი კი, თავის მხრივ, ქალთა პასიურ მდგომარეობას იწვევს, რაც გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე უმუშევრობის გამო მრავალმა ქალმა განიცადა დისკვალიფიკაცია და იძულებული გახდა გადასულიყო არარეგისტრირებულ, თვითდასაქმების სფეროში. მათ შორის ბევრი მოექცა შრომის ბაზრის გარეთ, ანუ არაფორმალურ სექტორში ე.წ. „ჩრდილოვანი ეკონომიკის” არეალში, სადაც ყოველგვარი შრომითი უსაფრთხოების გარეშე მუშაობენ და უხეშად ირღვევა მათი უფლებები. ოჯახებიდან, რომელთაც არ გააჩნიათ საარსებო წყაროს შექმნის ხელშემწყობი პირობები, განსაკუთრებით სოფლად, ქალთა უმრავლესობა იძულებულია ოჯახისა და შვილების გადასარჩენად (30 წლამდე მარტოხელა დედების უმრავლესობა) გაემგზავრონ დიდ ქალაქებში ან საზღვარგარეთ სამუშაოს მოსაძებნად, სადაც იმის გამო, რომ ვერ აკმაყოფილებენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს, შეიძლება ჩართულები აღმოჩნდნენ სხვადასხვა არაფორმალურ საქმიანობაში.

ქალთა ჩართვა ეკონომიკურ ცხოვრებაში და მათი განვითარება ძალიან რთულია ისეთ ტრადიციულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ვინაიდან საზოგადოების ცნობიერებაში ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპები და შეხედულებები, „ქალის ადგილი ოჯახშია” და „დაქირავებით შრომა არ არის ქალის საქმე”, რაც გვევლინება ქალებისათვის მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად შრომის ბაზარზე. ქალს უჭირს დაწინაურება, კარიერული ზრდა მისთვის ძნელად მისაღწევია, აღსანიშნავია რომ გენდერული დისკრიმინაცია დაწინაურებასთან მიმართებით ყველა იერარქიულ დონეზე არ არსებობს, ის უფრო უმაღლეს პოზიციებზე ვლინდება. სამუშაო ადგილზე თანამდებობრივი სეგრეგაცია უპირველესად სამუშაოების „ქალურ“ და ,,კაცურ“ საქმიანობის სფეროებად დაყოფა წარმოშობს. ცხადია, აღნიშნული უპირველესად სოციალურ-კულტურული ასპექტებიდან გამომდინარეობს. დაბრკოლებები, რომლებსაც დამწყები მეწარმე ქალები ფინანსების მოძიების პროცესში აწყდებიან, საკმაოდ მაღალია.  ქალების მიერ მართულ ბიზნესს უფრო მაღალი რისკის შემცველად აღიქვამენ ფინანსური ინსტიტუტები.

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ  საქართველოში  საკმაოდ  ხელსაყრელი  ბიზნესგარემოა.  უფრო  მეტიც, ბოლო  წლების  განმავლობაში  განხორციელებული  რეფორმების  შედეგად,  სამეწარმეო საქმიანობის დაწყება საკმაოდ გამარტივებულია. ამასთან, მნიშვნელოვნად შემცირდა ლიცენზიებისა და ნებართვების  რაოდენობა და  სხვა  ქვეყნებთან  შედარებით  საკმაოდ  დაბალია  გადასახადებიც. წმინდა  საკანონმდებლო  თვალსაზრისით  ბიზნესგარემო  საქართველოში  გამართულია  და  არ შეიცავს  მნიშვნელოვან  დისკრიმინაციულ  რეგულირებას ქალებთან მიმართებაში.  ქალთა  სამეწარმეო  შესაძლებლობების  შეფასებისა  და  მათი  გაზრდის პერსპექტივების გამოვლენისათვის  აუცილებელია,  იმ  კატეგორიებისა  და  ფაქტორების  გამოვლენა,  რომელიც რეალურად ქმნის სამეწარმეო გარემოს. ქალების  ეკონომიკური  გაძლიერებისა  და  სამეწარმეო  შესაძლებლობების  შეფასებისას  ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი  ფაქტორი  ფინანსებზე  ხელმისაწვდომობაა.  აღნიშნული კომპონენტი მნიშვნელოვანი  წინაპირობაა  სამეწარმეო  საქმიანობის  დასაწყებად  და  განსავითარებლად და  არა  მხოლოდ  ქალებისთვის. საქართველოში  დიდ  სირთულეს  წარმოადგენს   ფინანსური  ინსტიტუტებიდან  და   დაფინანსების  სხვადასხვა წყაროებიდან  პირისთვის  ბიზნესის  დასაწყებად  თანხის  მიღება.  წმინდა პროცედურული  თვალსაზრისით,  ბანკებსა  და  მიკროსაფინანსო  ინსტიტუტებში  კრედიტის გამოტანა  გამარტივებულია,  თუმცა  ამ  შემთხვევაში  კრედიტზე  ხელმისაწვდომობის შეფასებისას  ცალსახაა  მაღალი  საპროცენტო  სარგებელი  და  სესხის  უზრუნველყოფის (ქონებითა და შემოსავლებით) სირთულე. ამას ემატება ისიც, რომ ქალებს ნაკლები ხელმისაწვდომობა აქვთ უძრავ ქონებაზე, რაც მათ დაეხმარებოდა  კრედიტის აღებაში.საქართველოში, ლიბერალური  კანონმდებლობის  არსებობის  მიუხედავად, რომელიც  ქალს  და  კაცს  მშობლების  ქონებაზე  თანაბარი  მისაწვდომობის  საშუალებას აძლევს,  კულტურული  ნორმები  და  ტრადიციები  იმდენად  მყარია,  რომ  ქალი  უმეტეს შემთხვევაში მემკვიდრეობის გარეშე რჩება; ქალები  ხშირ  შემთხვევაში  შეგნებულად  არ  იყენებენ  თავიანთ  უფლებას მემკვიდრეობაზე ან საერთოდ არ იციან  ამ უფლებების არსებობის შესახებ.

საქართველოში  სახელმწიფო  ახორციელებს  სხვადასხვა  პროგრამებს ბიზნესის  განვითარების ხელშეწყობის  მიზნით.  მაგ., ასეთია ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა (ENPARD), რომელიც საზოგადოების და მათ შორის ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება. პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და სოფლად სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი (2013-2022წლებში) 179.5მლნ. ევროს შეადგენს.

EBRD დაქალები ბიზნესში

აღსანიშნავია EBRD-ის პროგრამა „ქალები ბიზნესში“, რომელშიც საქართველოსთან ერთად უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია და მოლდოვა მონაწილეობს. პროგრამა ეხმარება ქალების მიერ მართულ მცირე და საშუალო საწარმოებს ნოუ-ჰაუსა და ფინანსებზე წვდომის მიღებაში, რაც სჭირდებათ თავიანთი ზრდისთვის. ამ პროექტის მხარდასაჭერად EBRD -მა 50 მლნ ევროზე მეტი გამოყო, რასაც თან ერთვის ევროკავშირის 9 მილიონიანი საგრანტო დაფინანსება, რომელიც რისკების შემცირების ფინანსურ მხარდაჭერას და ქალი მეწარმეებისთვის ტრენინგებს გულისხმობს.  საერთო ჯამში კი მის მიერ 20 პროექტში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 270 მილიონს ევროს შეადგინა.

EBRD-ის სტრატეგია საქართველოსთვის გენდერულ თანასწორობას ერთ-ერთ პრიორიტეტად განიხილავს. როგორც სტრატეგიაშია  მიმოხილული UNDP-ის გენდერული უთანასწორობის მაჩვენებელის მიხედვით (GII) ქვეყანა 73-ე ადგილზეა, გლობალური მასშტაბით, ეს არის საზომი, რომელიც ქვეყანაში გენდერული უთანასწორობის გამო განუხორციელებელ მიღწევებს ადგენს. ამის გასაკეთებლად კი სამ ფაქტორს იყენებს: რეპროდუქციული ჯანმრთელობა, უფლებამისლება და შრომის ბაზარზე მონაწილეობა.

სტრატეგიაში ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს სიდიდით მესამე გენდერული უთანასწორობა EBRD რეგიონში, აზერბაიჯანისა და ტაჯიკეთის შემდეგ.

„საქართველოში ქალთა მონაწილეობა სამუშაო ძალაში უფრო მცირეა, ვიდრე მამაკაცების. მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, 2010 წელს 15 წლის და უფროსი ასაკის ქალთა წილი სამუშაო ძალაში იყო 56%, მამაკაცების 74 %. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის თანახმად, ქალთა გამომუშავება საშუალოდ 42,6%-ით ნაკლებია, ვიდრე მამაკაცების, როცა გათვალისწინებული იყო საშუალო ყოველთვიური შემოსავალი„ - აღნიშნულია სტრატეგიაში.

თარიღი: 2018/04/30