FRASER-ის ინსტიტუტის ანგარიში: რა კრიტერიუმებით მოხვდა საქართველო მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის?
საქართველო ლიდერთა შორის 

კანადური Fraser-ის ინსტიტუტი  ყოველწლიურად ატარებს კვლევას, რომლითაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს განსაზღვრავს. ამგვარი კვლევა წელსაც ჩატარდა და გამოქვეყნდა ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2017 წელს გამოქვეყნებულ ინდექსთან შედარებით პოზიცია ორი ადგილით გაიუმჯობესა. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ჰონგ-კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია, შვეიცარია, ირლანდია და აშშ-ი უსწრებენ. ამ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა აქვს კანონის უზენაესობის მხრივ, თუმცა, რეგულაციების სიმარტივით საქართველო ლიდერი ქვეყნების ათეულშია. Fraser-ის ინსტიტუტის ანგარიშით, მსოფლიოს ყველაზე დახურული ეკონომიკის მქონე ქვეყნებია: სირია, ალჟირი, არგენტინა, ლიბია და ვენესუელა. ალბათ ჩვენს მკითხველს დააინტერესებს, როგორ აფასებენ ქართველი ეკონომისტები ამ ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს:

ვახტანგ ჭარაია - თსუ-ის ანალიზისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი:  

„ეს საკმაოდ პოზიტიური მოვლენაა“

-მე ვფიქრობ, რომ Fraser-ის  ინსტიტუტის  ანგარიშის შედეგები ძალზე პოზიტიურია, რადგან ეს არ არის რეიტინგი, სადაც განვითარებადი ქვეყნები ლიდერობენ. ჩვენს გვერდით ისეთი სახელმწიფოები არიან, როგორიც არის მაგალითად, აშშ-ი, შვეიცარია, ირლანდია და სხვ... ეს ანგარიში სერიოზულ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ, მით უმეტეს, რომ 2010 წელს ამავე ინსტიტუტის მონაცემებით, 27-ე ადგილზე ვიყავით, 2015 წელს - მე-9 ადგილზე, ახლა კი, უკვე მე-7 ადგილზე ვართ. არის პარამეტრები, სადაც მდგომარეობა გაგვიუმჯობესდა, მაგრამ არის პარამეტრები, სადაც პირიქით, გაგვიუარესდა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მთელი რიგის პარამეტრების მხრივ საკმაოდ კარგად გამოიყურება და კარგი პოზიციები აქვს. საინტერესეო შედეგები გვაქვს ეკონომიკის თავისუფლებისა და საერთაშორისო ვაჭრობის თვალსაზრისით, რადგან ჩვენს ქვეყანაში მიზერული დოზით არის დაბრკოლებები, რომლებიც საერთაშორისო ვაჭრობას ხელს უშლის. თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს არა მხოლოდ ევროკავშირთან, არამედ სხვა ქვეყნებთანაც.

 „ზოგიერთი კრიტერიუმით ისეთ ქვეყნებს ვუსწრებთ, როგორიც გერმანია და საფრანგეთია...“        

 იმ კომპონენტების მიხედვით, რომელსაც Fraser-ის  ინსტიტუტი ითვალისწინებს, საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. განსაკუთრებით, რეგულაციების თვალსაზრისით აშკარად წინ წავიწიეთ: ადრე დაახლოებით 8 ქულა გვქონდა, ახლა კი, 8,5 ქულა  გვაქვს. საინტერესოა, რომ ზოგიერთი კრიტერიუმით ისეთ სახელმწიფოებს ვუსწრებთ, როგორიც გერმანია, ან საფრანგეთია. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნების ეკონომიკა ძალიან ძლიერია, მაგრამ რეგულაციების სიმარტივით, თავისუფლების ხარისხითა და გამჭვირვალობით, საქართველოს ძალიან პოზიტიური დინამიკა აქვს, თუმცა არის ბევრი კრიტერიუმი, რომელშიც მოვისუსტებთ. თუ ამ პრობლემებსაც გამოვასწორებთ, მივიღებთ ძალიან საინტერესო ეკონომიკას, რომელშიც ინვესტირება მიმზიდველი და საინტერესო იქნება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ Fraser-ის ინსტიტუტის ანგარიშში ძირითადად ის არის გათვალისწინებული, თუ რამდენად ღია და თავისუფალია ამა თუ იმ ქვეყნის ბაზარი. ცნობილია, რომ ზოგიერთი ქვეყნის ბაზარზე თავისუფლად ვერავინ შევა. ამ მხრივ ჩვენ ლიდერთა შორის ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს ეკონომიკის სიძლიერით ვუსწრებთ - ანგარიშში ეკონომიკის თავისუფლებაზეა ყურადღება გამახვილებული. სხვათა შორის, საბერძნეთი ამ რეიტინგში 108-ე ადგილზეა, გერმანია კი - მე-20-ზე, რადგან ეს ანგარიში ეკონომიკური თავისუფლების ხარისხს შეეხება, მას სხვა პარამეტრები არ აინტერესებს.

ავთო სილაგაძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

„მასობრივი წნეხისგან ქართული ბიზნესი თავისუფალია“

- მთავარი ამ ანგარიშში ის არის, რომ საქართველო მე-7 ადგილზე ეკონომიკის თავისუფლების გამო გავიდა. საერთაშორისო ორგანიზაციები თავისუფლებას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ზომავენ, მათ შორის ერთ-ერთი ბიზნესის შევიწროებაა... მე მგონი, ყველა დამეთანხმება, რომ ბიზნესზე პოლიტიკური წნეხი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. საკუთრების ხელაღებით წართმევის ფაქტები, რომელიც წინა ხელისუფლების დროს მასობრივად ხდებოდა, აღარ ხდება. მასობრივი წნეხისაგან ბიზნესი თავისუფალია, თუმცა, ერთეული შემთხვევები მაინც გვაქვს, რაც უნდა გამოსწორდეს. მნიშვნელოვანი კრიტერიუმია ისიც, რომ საქართველოში ნორმალური სიტუაციაა ბიზნესის რეგისტრაციის მხრივ. არსებობს ქვეყნები, რომლებსაც სტაბილური მდგომარეობა აქვთ, ჩვენთან კი დინამიკაა გაუმჯობესებული და შეიძლება ამის გამოც დავწინაურდით. რეგულაციების სიმარტივითაც, საქართველო მსოფლიოს პირველ ათეულში დასახელდა, რადგან ჩვენი სახელმწიფო ამ მხრივ შედარებით ლმობიერ პოლიტიკას ატარებს. რეგულაციები არავის მოსწონს, მაგრამ ჩემი აზრით, ზოგჯერ ეს აუცილებელია. ზოგიერთ სფეროში ზედმეტად ლიბერალური კრიტერიუმები გვაქვს, რაც დაუშვებელია. მაგალითად: თუ სასურსათო პროდუქტებზე რეგულაციებს მთლიანად მოვხსნით, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს. ისედაც არავინ იცის, რა ხარისხის პროდუქტები შემოდის ქვეყანაში, არადა, ეს სფერო მოსახლეობის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული.

-როგორ ფიქრობთ, რატომ დავწინაურდით ასე Fraser-ის ინსტიტუტის რეიტინგში?

-ალბათ იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების დროს არსებულ სიტუაციასთან შედარებით რევოლუციური შედეგები გვაქვს. ისიც უნდა ითქვას, რომ რეიტინგში რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე უკეთესი მდგომარეობა საქართველოს აქვს. რატომ? - თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენთან პროდუქციის იმპორტი და ექსპორტი უფრო იოლია და ეკონომიკაც უფრო გახსნილია, ვიდრე  რუსეთში, უკრაინაში, ან სომხეთში. მე ვისურვებდი, რომ მსგავს რეიტინგებში ეკონომიკური ზრდის მიხედვითაც ისეთივე შედეგები გვქონდეს, როგორიც ეკონომიკური თავისუფლების მხრივ გვაქვს.

P.S.  Fraser-ის ინსტიტუტის ანგარიშში რეგიონის  ქვეყნების მონაცემები ასე გამოიყურება:

სომხეთი - 29-ე ადგილი;

თურქეთი - 86-ე ადგილი;

რუსეთი - 87-ე ადგილი;

ყაზახეთი - 69-ე ადგილი;

აზერბაიჯანი - 106-ე ადგილი;

უკრაინა - 134-ე ადგილი.

 

თარიღი: 2018/10/30