ფული გვაქვს და ვერ ვხარჯავთ - რატომ ვერ ახერხებს მთავრობა საბიუჯეტო თანხის ბოლომდე ათვისებას?  
ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია, რადგან მთავრობა საბიუჯეტო თანხების სრუყოფილ ათვისებას ვერა და ვერ ახერხებს. მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერშიც,  ბიუჯეტის დეფიციტური ხარჯვა ბოლო წლების ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწევს - წლის ბოლომდე დაახლოებით 3 მილიარდი ლარია დასახარჯი... თავის ანგარიშში აუდიტის სამსახურმაც დაადასტურა, რომ ბიუჯეტის აუთვისებელი თანხა 2019 წლამდე დარჩენილ დროში დაიხარჯება და ეს ბოლო წლებთან შედარებით, ყველაზე მასშტაბური ხარჯი იქნება. ფინანსისტები შიშობენ, რომ 2 თვეში ამ რაოდენობის ფულის ბაზარზე გამოსვლა ისედაც სუსტ ეკონომიკას და ეროვნულ ვალუტას დამატებით პრობლემებს შეუქმნის:

დავით ჭიჭინაძე - საქართველოს პარლამენტის წევრი: 

„დიდწილად ეს ტენდერში გამარჯვებული არაკეთილსინდისიერი კომპანიების ბრალია“

-როდესაც საბიუჯეტო თანხა არათანაბრად იხარჯება, ამას კარგი შედეგი არავისთვის მოაქვს. თუ ქვეყანა საბიუჯეტო თანხას ვერ ხარჯავს, ესე იგი, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში რაღაც ჩამორჩენაა, ან კაპიტალურ ხარჯებში არ გვაქვს ყველაფერი რიგზე. თანხა აქვთ და ვერ ხარჯავენ? - ეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ არასწორ დაგეგმვასა და ადგილობრივი მერებისა და გამგებლების მიერ არასწორ ფულის ხარჯვაზე მიუთითებს. სამწუხაროდ, ზაფხულის სეზონი უკვე გასულია და მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში ამხელა თანხის ერთბაშად დახარჯვა სასურველი სულაც არ არის. ეს ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ლარის გამყარებას და ეკონომიკის ზრდას. ის, რაც ბოლო წლებში ხდება, ტენდერში გამარჯვებული არაკეთილსინდისიერი კომპანიების ბრალიცაა: როდესაც კომპანია სერიოზულ შეცდომებს უშვებს, მისთვის გამოყოფილი ფულის ათვისებას და სამუშაოების შესრულებას ვეღარ ახერხებს. ასეთი ორგანიზაციები ტენდერის პირობებს სათანადოდ არ ასრულებენ, თორემ როცა ყველაფერი სწორად არის გათვლილი და სამუშაოებიც სწორად მიმდინარეობს, მაშინ საბიუჯეტო სახსრებიც სწორად იხარჯება და ყველაფერი კარგად მიდის. ამჟამად ჩვენი ბიუჯეტის შემოსულობებში ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ხარჯვით ნაწილშია პრობლემა. ეს მიუთითებს, რომ არაკომპეტენტურია ის, ვინც სატენდერო პირობებს აყალიბებს და ისიც, ვინც ამ ტენდერებს იგებს. საინტერესოა, როგორ იგებს ტენდერებს კომპანია, რომელსაც ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ შეუძლია? აქ შეიძლება კორუფციის ნიშნებიც იკვეთებოდეს. ბიუჯეტის არასწორი ხარჯვა აუცილებლად აისახება ლარზე, მე ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ არჩევნები დამთავრდება და ლარის კურსი მერე დასტაბილურდება. 3 მილიარდი ლარი არ არის მცირე თანხა, მით უმეტეს, ზამთარი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საუკეთესო დრო ნამდვილად არ არის.

თემურ მაისურაძე - პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი:

„ფული გვაქვს და ვერ ვხარჯავთ, - აქ ლოგიკა სად არის?“  

-მე წინა მოწვევის პარლამენტის წევრი ვიყავი და ამ პრობლემაზე კარგა ხანს ვიმუშავე, ტენდერებიც შევისწავლე და აღმოჩნდა, რომ ამ სფეროში დიდი გაუგებრობაა: ხშირად ერთი კომპანია იმაზე ათჯერ უფრო მეტ საქმეს ეჭიდება, რის გაკეთებაც შეუძლია. ასეთ კომპანიას „შავ სიაში“ მოახვედრებენ, მერე კი, ისევ „თეთრ სიაში“ გადაჰყავთ, მოკლედ, სრული ქაოსია და ბოლოს ეს ყველაფერი მუშის ხელფასზე და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე  აისახება. სამწუხაროდ, ჩემს მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია: ის, რაც ბოლო წლებში ხდებოდა, დღესაც მეორდება - საქმე არ კეთდება და ქვეყანას უზარმაზარი თანხა რჩება აუთვისებელი. ეს იმის ბრალია, რომ ჩვენი ეკონომიკა არ არის ინკლუზიური. თითზე ჩამოსათვლელია კომპანიები, რომლებიც ტენდერებს და სახელმწიფო შეყიდვებს განაგებენ. ეკონომიკა ინკლუზიური რომ იყოს და ყველას დამსახურების მიხედვით  შეეძლოს ტენდერში მონაწილეობის უფლება, ყველაფერი ობიექტურად რომ წყდებოდეს და არა - კერძო ურთიერთობების წყალობით, მაშინ მთელი თანხა დაიხარჯებოდა. ახლა კი რა ხდება? - ქვეყანაში, სადაც ხალხი სამუშაო ადგილებს ეძებს, ამდენი ფული რატომ უნდა იყოს დასახარჯი? ბოლო წლებში  ტენდენციად იქცა: დარჩენილ თანხას უცებ ხარჯავენ, ყველამ იცის ეს ლარზე როგორ მოქმედებს. ახლაც, ორი თვეც არ არის დარჩენილი და ძალიან დიდი თანხაა აუთვისებელი. ამას წელს საარჩევნო ხარჯებიც  ემატება და ეს ყველაფერი ისევ ჩვენს ეროვნულ ვალუტას დაასუსტებს. ჩემი აზრით, შექმნილ სიტუაციაში დასახარჯი თანხის მომდევნო წელს გადატანა ყველაზე სწორი და მართებული გადაწყვეტილება იქნება. ბოლოს კი, ერთ შეკითხვას დავსვამ: ფული გვაქვს და ვერ ვხარჯავთ, - აქ ლოგიკა სად არის?   - ამ კითხვაზე პასუხი არც წინა წლებში გაუცია ვინმეს და ალბათ, ვერც წელს გასცემს.



ვახტანგ ჭარაია - თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი:

„ბიუჯეტის არასწორი ხარჯვა ინფლაციასაც ზრდის და ლარსაც აუფასურებს“

-რატომ ვერ ვითვისებთ საბიუჯეტო თანხებს? - ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ რომელიღაც ტენდერი ჩავარდა და ვერ შესრულდა, შეიძლება ტენდერი შედგა, მაგრამ მიღება-ჩაბარების პროცედურა ვერ შესრულდა  თავის დროზე და ის ფული ვერ დაიხარჯა, ან - კომპანიებმა სწორად ვერ დაგეგმეს, როდის უნდა დაესრულებინათ სამუშაო... როდესაც ასეთი რამ ყოველწლიურად ხდება, ეს უფრო გამოუცდელობას და არასწორ დაგეგმვას უნდა  დავაბრალოთ. რაც დაგეგმილია, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დროულად უნდა შეასრულოს, თორემ ადამიანმა მთელი დღის ულუფა  ერთბაშად საღამოს რომ მიიღოს, კარგი რა მოუვა? ამ შემთხვევაშიც ანალოგიური სიტუაცია გვაქვს: წელსაც მოსალოდნელია, რომ დარჩენილი ფული ნოემბერ-დეკემბერში ერთბაშად დაიხარჯოს. ყველამ ვიცით, დაჩქარებული ხარჯვა ლარზე როგორ მოქმედებს, თუმცა, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ორ თვეში ბევრი პოზიტიური რამ მოხდება, რაც უარყოფით მოვლენებს გაანეიტრალებს. ორ თვეში 3 მილიარდის დახარჯვა მართლაც ბევრია, მაგრამ მხოლოდ ამაზე დაყრდნობით ლარის გაუფასურებაზე ვერ ვიმსჯელებთ: შეიძლება ფულადი გზავნილების, ან უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდოს და უარყოფითი ფაქტორები ამან დააბალანსოს. არ მინდა, მკითხველს უარყოფითი განწყობა შევუქმნა, მაგრამ ბიუჯეტის არასწორი ხარჯვა ინფლაციასაც ზრდის და ლარსაც აუფასურებს - ამიტომ, ასეთ ხარჯებს მთავრობამ როგორმე თავი უნდა აარიდოს. 

თარიღი: 2018/11/09