“შრომით ბაზარზე ყველაზე ღირებული პროდუქტი ნიჭი, ნოვატორობა, გამომგონებლობა და ინტელექტუალური კაპიტალი გახდება”
მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია - გამოწვევები და შესაძლებლობები

მეოთხე ინდუსტრიული რევოლუცია, ანუ ციფრული ტექნოლოგიები, რომელიც მესამე რევოლუციის ფუნდამენტზე შენდება, კაცობრიობას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. რამდენიმე ტექნოლოგიის შერწყმა, რომელიც ფიზიკურ, ციფრულ და ბიოლოგიურ სფეროებს შორის საზღვრებს შლის, ინოვაციათა ახალ ტალღაში ვლინდება. თვითმავალი მანქანები, ჭკვიანი რობოტები, მსუბუქი და გამძლე მასალები, 3D-ში ბეჭდვის ტექნოლოგია და სხვა ყველა სფეროში   რევოლუციური ცვლილებების გარდაუვალი მოლოდინის აღქმას ქმნის.

თუ  პირველმა ინდუსტრიულმა რევოლუციამ მრეწველობის მექანიზაციისთვის წყალი და ორთქლი გამოიყენა,  ანუ ორთქლის ძალის გამოყენებით კუნთი მანქანით ჩაანაცვლა, მეორემ — ელექტროენერგიის საშუალებით, მასობრივი წარმოება შექმნა, გამოგონებათა ტალღა ააგორა,  მათ შორის იყო შიგაწვის ძრავაც, რასაც თვითმფრინავის შექმნა და კინოსურათების ამოძრავება მოჰყვა, მესამემ - ელექტრონული და საინფორმაციო ტექნოლოგიების დახმარებით (პერსონალურ კომპიუტერები და ინტერნეტი) პროცესი ავტომატიზირებული გახდა, მეოთხესგან გაცილებით უფრო მასშტაბურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ.

ექსპერტების თქმით, მომდევნო რევოლუცია ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს ძირფესვიანად შეცვლის. ტრანსფორმაცია, რომელსაც იგი გამოიწვევს გაცილებით კომპლექსური და რთული იქნება, ვიდრე  წინამორბედი რევოლუციების შემთხვევაში.  მისი მასშტაბები საყოველთაო და ერთმანეთთან ინტეგრირებულია - გლობალური მმართველობის სისტემები, საჯარო და კერძო სექტორები, სამეცნიერო სფერო, სამოქალაქო საზოგადოებები და სხვა. შეიცვლება წარმოების, მენეჯმენტისა და მმართველობის სისტემები. ტექნოლოგიური პროგრესი  კაცობრიობის მიერ ისეთი გამოგონებების დამკვიდრებას გამოიწვევს, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგია, ნანოტექნოლოგია და ა.შ. არსებობს პოტენციალი იმისა, რომ ტექნოლოგიურმა წინსვლამ გლობალური მაშტაბით გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. თუმცა, შესაძლებლობებთან ერთად, ეს გარკვეულ საფრთხეებსაც უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ რევოლუციის მიზანი არის კაცობრიობის ცხოვრების გაუმჯობესება და თანასწორობის გამარტივება, ის თანასწორული ბალანსის დარღვევის მიზეზი შეიძლება, გახდეს. შრომით ბაზარზე ყველაზე ღირებული პროდუქტი ნიჭი, ნოვატორობა, გამომგონებლობა  და ინტელექტუალური კაპიტალი გახდება; ეს ბუნებრივ უთანასწორობას და სოციალურ დაძაბულობას გამოიწვევს.  საშუალო კლასის შემოსავლები შეიცვლება, რასაც თან უკმაყოფილებაც მოჰყვება. ამასთან ერთად, ტექნოლოგიის განვითარება გამოიწვევს არა მარტო ახალი პროფესიების შექმნას, არამედ გარკვეული პროფესიების გაქრობასაც.

ყველა ინდუსტრიული რევოლუციის შემთხვევაში, წინსვლამ ბიზნესის სამყაროზე უზარმაზარი გავლენა იქონია. ორგანიზაციებს გაუჩნდათ მეტი გავლენა სოციალურ სივრცეზე. ძალაუფლების ზრდასთან ერთად, საჭირო გახდა ბიზნეს სივრცე გამხდარიყო მეტად გამჭვირვალე და მომხმარებელზე მორგებული. ზოგადად, ბიზნესმა ცვლილებებს ფეხი უნდა აუწყოს ყოველთვის.  ბიზნესმენმა მომხმარებელთა მოთხოვნების მიხედვით უნდა შექმნას და ბაზარზე გაიტანოს პროდუქტი;  კარგად უნდა შეისწავლოს მომხმარებელთა პრობლემების სპეციფიკა, იმსჯელოს მათ შესაძლო გადაჭრის გზებზე,  იყოს შემოქმედებითი და თანამედროვე. ამ ძალისხმევის მიუხედავად, ძალიან რთულია ბიზნესის მომავლის პროგნოზირება, შესაბამისად, წარმატების გარანტია არ არსებობს. ასეთ დროს უზარმაზარ დამხმარე ფუნქციას ასრულებს მარკეტინგი. წარმატებული მარკეტინგისთვის კი ორგანიზაცია უნდა შეეცადოს, სხვებისგან გამოირჩეოდეს, მუდმივი განვითარებისა და ზრდის პროცესში იყოს და მომხმარებელთან კავშირის საშუალებით მიმდინარე მოვლენებს არ ჩამორჩეს. 

ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში ბიზნეს ორგანიზაციებისთვის არა მხოლოდ საქმის წარმოება, არამედ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გახდა ერთ-ერთი გამოწვევა. მათ ყურადღება უნდა მიაქციონ ადამიანთა უფლებებისა და  გარემოს დასვას, განათლების სფეროს და ა.შ. ის კომპანიები, რომლებიც მეტ ინიციატივას იჩენენ სოციალური პრობლემების მოგვარებაში, უფრო წარმატებულები არიან. გარდა მომხმარებლებისა, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლების უმეტესობა უარს აცხადებს ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე, რომელთა პოლიტიკა იურიდიულ, ეთიკურ, ნაციონალურ თუ საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. სოციალური მედია ერთდროულად ამარტივებს და ართულებს ბიზნესის წარმოებას. დღევანდელი გამოწვევები კი გაცილებით დიდია, ვიდრე წარსულის დაბრკოლებები.

 
Business Post
Facebook Group · 1,442 members
Join Group
 
თარიღი: 2018/04/30