პატარა საქართველოს დიდი პერსპექტივა - რატომ ვერ შედის  ქართული პროდუქცია ევროპის ბაზარზე?
ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პატარა საქართველოს სერიოზული პერსპექტივა გაუჩნდა: მას მსოფლიოს ყველაზე დიდ, 500-მილიონიან ბაზარზე შესვლის შესაძლებლობა მიეცა. ჩვენს ქვეყანას შეუძლია ამ ბაზარზე აგრარული პროდუქცია თავისუფლად შეიტანოს, მაგრამ რამდენადაც დიდია ევროპის ბაზარი, იმდენად მძლავრი კონკურენტები ჰყავს საქართველოს - კონკურენტები, რომლებიც თანამედროვე ცოდნით და ტექნოლოგიებით არიან აღჭურვილი. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქცია საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომ ევროპის ბაზარზე თავი დაიმკვიდროს. სამწუხაროდ, ევროპულ სტანდარტებს ყველა ქართველი ფერმერის ნაწარმი ვერ აკმაყოფილებს. „ბიზნესპოსტი“ დაინტერესდა, რატომ ვერ შედიან ქართველი ფერმერები ევროპის ბაზარზე, რა სერთიფიკატები სჭირდებათ მათ და ვინ გასცემს ამ სერტიფიკატებს:

აკაკი ღლონტი - სწავლული აგრონომი, ფერმერი:

-ევროპის ბაზარზე ქართულ პროდუქციას გზა ხსნილი აქვს, მაგრამ ჩვენი მთავარი დაბრკოლება პროდუქციის რაოდენობა და ხარისხია. ფერმერს უნდა ჰქონდეს იმ რაოდენობის ნაწარმი, რომ სავაჭრო ცენტრი, სუპერმარკეტი თუ მაღაზია, რომელთანაც ხელშეკრულებას დადებს, მთელი წლის განმავლობაში მოამარაგოს. ჩვენს ფერმერებს ამის რესურსი არა აქვთ, ჩავარდნები და პერიოდული მიწოდება კი არავის მოსწონს - არც ევროპაში და არც - საქართველოში. ავიღოთ თუნდაც ქართული თხილი, რომელიც ევროპელებს ძალიან მოსწონდათ. ბოლო წლებში თხილის ექსპორტი იმიტომ ჩავარდა, რომ მისი რაოდენობაც შემცირდა და ხარისხიც დაეცა. უხარისხო თხილი კი, არავინ შეიძინა. ვინ იყიდის სოკოთი დაავადებულ თხილს, რომელიც საშიშ დაავადებებს იწვევს? - ცხადია, ასეთ ნაწარმს საზღვარზეც არავინ გადაუშვებს. სწორედ ამიტომ არის კარგი კოოპერატივების შექმნა, რადგან დიდი რაოდენობით, ხარისხიანი პროდუქციის მოყვანას და უცხოეთის ბაზარზე გასვლას დიდი მეურნეობები უფრო ადვილად ახერხებენ. ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესი გამოსავალი მაინც ბიოპროდუქტების წარმოებაა: საქართველოს ნამდვილად აქვს საშუალება, რომ ბიოპროდუქციის მწარმოებელ ქვეყნად იქცეს და ევროპაშიც  ასეთი პროდუქცია შეიტანოს.

როლანდ ზირაქიშვილი - საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შპს „მეთაფლიას“ დამფუძნებელი:

- საქართველო უკვე ერთი წელია შედის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ევროკავშირის ტერიტორიაზე თაფლის შეტანა დაშვებულია. მიუხედავად ამისა, ქართული წარმოების თაფლი ევროპის ბაზარზე იშვიათად ხვდება და ამას თავისი მიზეზები აქვს. მეფუტკრე ერთდროულად ვერ შეძლებს პროდუქციაც აწარმოოს და მის რეალიზაციაზეც იზრუნოს. შპს „მეთაფლიამ“ ეს სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან ეს სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. შეუძლებელია ყველაფერს ერთდროულად გაუძღვე. შეიძლება მე ძალიან ხარისხიანი და კარგი პროდუქცია მქონდეს, მაგრამ მარკეტინგული ნიჭით არ გამოვირჩეოდე და ვერ ვყიდდე. მოწინავე ქვეყნებში აგრარულ პროდუქციას ფერმერები აწარმოებენ, ხოლო რეალიზაციაზე სულ სხვა რგოლი ზრუნავს. ჩვენც ამ სამყაროს უნდა მივაძოთ და მისი თამაშის წესები ავითვისოთ. მეფუტკრემ უნდა აწარმოოს ხარისხიანი პროდუქცია, რომელიც ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება, სახელმწიფო სტრუქტურებმა კი, უნდა შექმნან შუამავალი რგოლი, რომელიც ფერმერს რეალიზაციაში დაეხმარება.  ჩვენი კომპანიის მაგალითს მოვიშველიებ: არაბებთან გვქონდა მოლაპარაკება, რომლებსაც ჩვენი  თაფლის გატანა სურდათ, მაგრამ სერტიფიკატის აღება გაგვიჭირდა. იმის გამო, რომ სისტემა არ არის გამართული, საკმაო რაოდენობით ზარალი ვნახეთ. მე ვიცი რამდენიმე მეფუტკრე, რომელსაც ტონობით თაფლი აქვს დაფასოებული და მის რეალიზაციას ვერ ახერხებს. ფერმერს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ თავის ნაწარმს გაყიდის. კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: საქართველო იმდენ თაფლს ვერ აწარმოებს, რომ ადგილობრივი ბაზარიც დააკმაყოფილოს და უცხოეთშიც გავიდეს, ამიტომ, უმჯობესია ჩვენი პრიორიტეტი მეფუტკრეობის სხვა ნაწარმი გახდეს, თუნდაც, დედა-ფუტკარი, ან ფუტკრის რძე. ქართული დედა-ფუტკარი 50 წელზე მეტია წარმატებით იყიდება მთელ მსოფლიოში. ასევე დიდი რესურსი გვაქვს ფუტკრის რძის წარმოებაში - ჩვენებური ფუტკრის რძე მთელ მსოფლიოშია აღიარებული, როგორც გამორჩეული და საუკეთესო - ეს ქართული ფუტკრის და ჩვენი კლიმატის დამსახურებაა. თაფლის წარმოებით ჩვენ კონკურენციას ვერ გავუწევთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც კანადა, უკრაინა, ჩინეთი, ან ბრაზილიაა... ამიტომ, ჩვენი ნიშა უნდა ვიპოვოთ. ჩემი აზრით, საქართველოსთვის ფუტკრის ნაწარმის ექსპორტი უფრო პერსპექტიულია. რეალიზაციაში კი, მეფუტკრეს სახელმწიფოც უნდა დაეხმაროს.

ნინა პეტროვა-ძნელაძე  - ბიოფერმერი:

-ჩვენი ბიომეურნეობა ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს. პროდუქციის ევროპაში გატანაზე ვერც კი ვფიქრობთ, რადგან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი რომ მოიყვანო, უზარამაზარ ხარჯებია საჭირო. ჩვენ ამ პროდუქციის მოყვანა უფრო ძვირი გვიჯდება, ვიდრე შეგვიძლია გავყიდოთ. ნიტრატებისა და სასუქის წყალობით მცენარე რამდენიმე დღეში იზრდება, ხოლო ბიონაწარმის მოყვანას 3-4 თვე მაინც სჭირდება. ბიოკვება ძალიან ძვირფასია, მწერებთან და მავნებლებთან ბრძოლაც უფრო ძვირი გვიჯდება და ჩვენი ბიონაწარმიც უფრო ძვირი ღირს. ევროპასა და სამხრეთ აზიაში ძალიან ბევრი მეურნეობაა გადასული ბიონაწარმის წარმოებაზე, მაგრამ ჩვენთან ეს ძალიან რთული საქმეა: არც სუბსიდირებაა, არც დახმარება, ამას ემატება ბანკის სესხები, გაუმართავი დაზღვევის სიტემა და ფერმერების უმეტესობა ვერ გადადის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე. თუნდაც, მე - თბილისს ვერ ვამარაგებ და ევროპის ბაზარზე როგორ ვიფიქრებ? ამიტომ, ფერმერებს ურჩევნიათ პროდუქცია აქვე, საქართველოში გაყიდონ, ვიდრე ევროპაში წაიღონ და ზედმეტი ხარჯი გასწიონ.

თამაზ დუნდუა -ასოციაცია „ელკანას“ პროგრამის ხელმძღვანელი:

-მეც ვემხრობი მოსაზრებას, რომ ჩვენს ბიოპროდუქციას ყველაზე დიდი პერსპექტივა აქვს ევროპის ბაზარზე დასამკვიდრებლად, რადგან ეს ნიშა ევროპაში თავისუფალია. ევროპაში ძალიან მკაცრი მოთხოვნები აქვთ სურსათის უვნებლობის სფეროში, ამის გამო ჩვენი ხორცპროდუქტები და რძის ნაწარმი ევროპის ბაზარზე ვერ გადის. რაც შეეხება მცენარეულ ნაწარმს: ევროპელებს ქიმიურად დამუშავებული და შეწამლული პროდუქცია ნაკლებად აინტერესებთ. თუ ფერმერი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს, მას ამ პროდუქციის რეალიზაცია არ გაუჭირდება. საჭიროა მხოლოდ ბიოპროდუქციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელსაც საქართველოში „კავკასსერტი“ გასცემს. მათ ბიოსერტიფიკატს კანონიერი ძალა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანაში.

რა უშლის ხელს ბიოპროდუქციის წარმოებას და გატანას ევროპის ბაზარზე? - ყველაზე მთავარი დაბრკოლება ის არის, რომ ფერმერს არა აქვს მოტივაცია, რომ ბიოპროდუქტები აწარმოოს. ქართველი ფერმერი არ ცდილობს ევროპაში გაიტანოს თავისი პროდუქცია, რადგან სერტიფიცირებაც საკმაოდ ძვირი უჯდება და ტრანსპორტირების ხარჯიც. ამის გამო, ჩვენი სახელმწიფო აპირებს ამ სფეროს სუბსიდირება დაიწყოს და ბიოფერმერები წაახალისოს.. ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა შეხვედრები, მოლაპარაკებები და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.

P.s. როგორც „ბიზნესპოსტმა“ გაარკვია, საქართველოში ფიტოსანიტარულ სერტიფიკატებს სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს.  ამ სააგენტოს მიერ, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 288 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი. ამავე პერიოდში საქართველოდან დსთ-ის და ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირებულია 101 500 ტონა მცენარეული პროდუქცია. გარდა ამ უწყებისა, პროდუქციის ექსპორტი შესაძლებელია საბაჟო სამსახურის მიერ გაცემული სერტიფიკათიტაც. რაც შეეხება ბიოსერტიფიკატებს, მათ შპს „კავკასსერტი“ გასცემს ოთხი სახის პროდუქციაზე:

  1. პირველადი მცენარეული პროდუქცია (სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება და ველურად მზარდი მცენარეების შეგროვება)
  2. ცოცხალი ცხოველები და მეცხოველეობის პირველადი პროდუქცია (მეფუტკრეობის ჩათვლით)
  3. სასურსათო დანიშნულების გადამუშავებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია (ბიოღვინის ჩათვლით)
  4. სარგავი მასალა და თესლი.
 

 

თარიღი: 2018/12/11