„ამ სფეროში არნახული სტაგნაციაა“ - რა უშლის ხელს მცირე ბიზნესის განვითარებას
„ბიზნესი ჰგავს კაცს, რომელიც ნავში ზის და დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობს. მას არჩევანი არა აქვს, თუ გაჩერდება, დინება უკან წაიღებს“ - ეს სიტყვები ამერიკელ ფინანსისტს - ლუის პირსონს ეკუთვნის. ალბათ, ეს გამონათქვამი ყველაზე მეტად მცირე ბიზნესს მიესადაგება, რადგან მისი შესაძლებლობები მსხვილ ბიზნესთან შედარებით მცირეა. მიუხედავად ამისა, მცირე ბიზნესი მთელ მსოფლიოში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის უმთავრეს წყაროდ არის მიჩნეული. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ვითარდება საქართველოში ბიზნესის ეს უმნიშვნელოვანესი მიმართულება. მცირე და საშუალო ბიზნესის პრობლემებზე ამ სფეროს წარმომადგენლებს და ეკონომიკის ექსპერტებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ:

 

თამაზ ვაშაკიძე - საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი:

„ჩემი აზრით, ამ სფეროში არნახული სტაგნაციაა“

-სამწუხაროა, მაგრამ მცირე ბიზნესი საქართველოში სათანადოდ ვერ განვითარდა. გადავხედოთ  სტატისტიკურ მონაცემებს და ავიღოთ ყოველ ათას მოსახლეზე მცირე საწარმოების რაოდენობა, რაც მსოფლიოში ცნობილი და აპრობირებული კრიტერიუმია. ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ევროკავშირში ათას მოსახლეზე მინიმუმ 45 საწარმო მოდის, ჩვენთან კი - მხოლოდ თორმეტი. 2008 წლის შემდეგ ვარდნა თითქმის 160 პროცენტია. რატომ? - იმიტომ, რომ ქვეყანაში შესაბამისი გარემო არ არსებობს. ძალიან ბევრია ისეთი საწარმო, რომელიც ვითომ მუშაობს, მაგრამ ეს საწარმოები მარტო ქაღალდზე არსებობს. ქვეყანაში უნდა იყოს ხელსაყრელი სამეწარმეო გარემო, რომლის შესაქმნელად არავინ არაფერი გააკეთა. მეწარმეობის განვითარებას ხელს უშლის თუნდაც ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები, რის გამოც  მცირე მეწარმეების დიდი ნაწილი ვალებშია ჩაფლული.   საქართველოში სასტარტო კაპიტალიც არ არსებობს. ბანკებს მევახშის პოზიცია უჭირავთ და მევახშეობით დაწყებული მცირე ბიზნესი ჯერ არავის გაუგია. სტარტაპი მევახშეობით ვერ დაიწყება. ერთ შეკითხვას დავსვამ: რატომ არის საკრედიტო პროცენტი უფრო დაბალი თურქეთში, აზერბაიჯანში, ან სომხეთში? ეს მაჩვენებელი საქართველოში 24%-ია, აზერბაიჯანში - 16%, ხოლო სომხეთში - 7%. ასეთ საკითხებს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს, ეროვნული ბანკი კი - სახელმწიფო სტრუქტურაა და სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია. აქედან დასკვნა: საქართველოში არ არსებობს სწორი სახელმწიფო პოლიტიკა მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის და შედეგიც სახეზეა - ამ სფეროში არნახული სტაგნაციაა.

რამდენად დიდი სტიმულია მეწარმისთვის სახელმწიფოს დახმარება, სინგაპურის მაგალითზეც კარგად ჩანს: იქ  მეწარმის ხარჯების ნახევარს სახელმწიფო ფარავს, იმას კი, ვინც ახალ ტექნოლოგიას დანერგავს, სახელმწიფო 25 წლით ათავისუფლებს გადასახადებისგან. 

ჩვენთან „მცირე ბიზნესის“ ცნებაც არასწორად ესმით - ბევრისთვის ეს პატარა მაღაზიის გახსნასთან არის გაიგივებული, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს: გამოდის, რომ ეს ვაჭრობის სფერო ყოფილა და არა - მატერიალური წარმოება. ჩვენი ეკონომიკაც ვაჭრობაზეა გადართული, აქ ყველაფერი იმპორტზეა აგებული, არადა, მცირე ბიზნესი პირველ რიგში მატერიალურ წარმოებას ნიშნავს და არა - ვაჭრობას. და ბოლოს, კიდევ ერთ მტკივნეულ საკითხს შევეხები: წლების განმავლობაში მცირე ბიზნესის განვითარებისთვის მილიონები „იხარჯებოდა“. ჯერ კიდევ თემურ ბასილიას დროს, ამ მიზნით 140 მილიონი ლარი გამოიყო და თქვეს, რომ ეს ფული ლარის გასამყარებლად გამოიყენეს. გიორგი კვირიკაშვილიც გვპირდებოდა - მცირე ბიზნესისთვის 150 მილიონს დავხარჯავო, მაგრამ ეს ფული კომერციულ ბანკებს გადასცეს და ბანკებმა ეს თანხა სათავისოდ გამოიყენეს. არამიზნობრივი ხარჯვის სხვა მაგალითებს აღარ ჩამოგითვლით... სად წავიდა ეს მილიონები? - ზუსტი პასუხი ამ კითხვაზე მე არ მაქვს!

მიხეილ ჭელიძე - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი:  

„ქვეყანაში სტარტაპების დაფინანსება უნდა დაიწყოს“.

-მე ვფიქრობ, რომ რა დონეზეც არის საქართველოს ეკონომიკა, იმ დონეს პასუხობს მცირე ბიზნესიც. ბუნებრივია, ამ მხრივ ევროკავშირის ქვეყნებს ვერ შევედრებით, მაგრამ ტრაგიკული სიტუაცია ნამდვილად არა გვაქვს. ძალიან ბევრი ბიზნესი ფინანსდება თუნდაც „აწარმოე საქართველო“-ს ფარგლებში. მე თვითონ მაქვს კომპანია, ძალიან ბევრი კომპანიის ფინანსებში ვიხედები და ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ სფეროში სტაგნაციაა. რაც შეეხება გაკოტრებულ საწარმოებს, ეს - ბიზნესის კანონია: ადამიანებიც ხომ იღუპებიან? ბიზნესში ზოგი გადარჩება, ზოგიც - გაკოტრდება და ეს სავსებით ნორმალურ პროცესად მიმაჩნია. სახელმწიფო აქ არაფერ შუაშია. ვფიქრობ, რომ ბიზნესის გაკოტრების მთავარი მიზეზი, ხშირად, მისი დამფუძნებელია: რა თანხაც შემოგივა, სახლში თუ წაიღებ და შვილის ქორწილს გადაიხდი, არაფერი გამოგივა. ქორწილი კარგია, მაგრამ ბიზნესი ასეთ მიდგომას ვერ იტანს. მე და ჩემმა მეგობარმა ყველაფერი 3 ათასი ლარით დავიწყეთ, ახლა უკვე 45 თანამშრომელი გვყავს და იმედია, მომავალში კიდევ უფრო გავიზრდებით. პირველი ოთხი წელი ჩვენთვის ჩვეულებრივი კატორღა იყო. თუ მეწარმე ამ კატორღისთვის მზად არ არის, რა თქმა უნდა, გაკოტრების მსვერპლი გახდება. რაც შეეხება ვალს - როგორც წესი, ყველა ბიზნესი ვალით იწყება. წარმოებას საკუთარი ფულით ვერ დაიწყებ. ამიტომ, მე სულ ვამბობ, რომ ქვეყანაში სტარტაპების დაფინანსება უნდა დაიწყოს. სტარტაპებს მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ, რომ ფეხზე წამოდგომა შეძლონ. მეწარმემ ბიზნესის დასაწყებად თავისი ბინა არ უნდა ჩადოს და წარუმატებლობის შემთხვევაში ქუჩაში არ უნდა აღმოჩნდეს.

სოსო არჩვაძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი:

„ჩვენი ეკონომიკა შეზღუდულ შესაძლებლობებს ქმნის მცირე ბიზნესის განვითარებისთვის.“

-ჩვენს ქვეყანაში მცირე ბიზნესის ხვედრი ძალზე რთულია: რაც უფრო ძლიერია სახელმწიფო და რაც უფრო მეტი რესურსი აქვს, მით მეტი მზრუნველობის გამოხატვა შეუძლია მცირე ბიზნესის მიმართ. ჩვენი ეკონომიკა შეზღუდულ შესაძლებლობებს ქმნის მცირე ბიზნესის განვითარებისთვის. არის კიდევ რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია. მაგალითად: 1990-იან წლებში, როცა ჩვენში საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება დაიწყო, ეს პროცესი ქაოტურ, შეიძლება ითქვას, ტურბულენტურ სიტუაციაში მიმდინარეობდა. დღეის მდგომარეობით კი, რამდენიმე ფაქტორს გამოვყოფდი, რომელიც მცირე ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. პირველ რიგში, ეს ადამიანური ფაქტორია:  ადამიანი იწყებს ბიზნესს და არა აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, ცოდნა და გამოცდილება, მან არ იცის, რა სჭირდება ბაზარს. ამას ემატება წმინდა ტექნიკური ფაქტორიც - თუნდაც, ბიზნესის უზრუნველყოფა თანამედროვე ტექნოლოგიებით. ხელისშემშლელი ფაქტორია კანონმდებლობის ხშირი ცვლილებაც. როდესაც მეწარმეს რაღაც უკვე დაგეგმილი აქვს და უეცრად იღებენ კანონს, რომელიც რამდენიმე დღეში შედის ძალაში, ის იბნევა და არასტაბილურობის შეგრძნება უჩნდება. სერიოზული ფაქტორია ფინანსური რესურსის სიმწირეც: საქართველოში ბიზნესს იწყებენ და როგორც წესი, საკმარისი თანხა არა აქვთ. ამიტომ, მეწარმე ან თავის საცხოვრებელ ბინას აგირავებს, ან ვალებში ვარდება. ამ სიტუაციაში რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ? - შეიძლება ფინანსური დახმარება ყოველთვის ვერ შეძლოს, მაგრამ მცირე ბიზნესს საგადასახადო შეღავათები დაუწესოს და მაქსიმალურად ლმობიერად მოექცეს - ეს ყველაზე გონივრული მიდგომაა, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს უფრო მეტად გამოაცოცხლებს და გააძლიერებს.

თარიღი: 2018/06/05