სებ-ის „უჩვეულო“ ინტერვენციები: ბოლო ორ წელიწადში ეროვნულმა ბანკმა 280 მილიონი დოლარი შეისყიდა
უწყება, რომელსაც ქართული ვალუტის მკვეთრი რყევებისგან დაცვა შეუძლია, ეროვნული ბანკია, თუმცა, ეკონომისტები ხშირად აკრიტიკებენ მას და ამბობენ, რომ ნაკლებად ზრუნავს ლარის სტაბილურობაზე: თუ ლარი უფასურდება, არაფერს აკეთებს, მაგრამ საკმარისია ლარმა გამყარება დაიწყოს და მაშინვე იწყებს ბაზარზე დოლარების შესყიდვას.  2018 წელს ეროვნულმა ბანკმა ცამეტი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ბაზრიდან 145 მილიონი დოლარი ამოიღო. ოპონენტები ჩივიან, რომ ლარის გასამყარებლად ქვეყნის ცენტრალურ ბანკს თითქმის არაფერი გაუკეთებია. უკანასკნელი ინტერვენცია სებ-მა 2018 წლის 12 დეკემბერს გამართულ სავალუტო აუქციონზე  განახორციელა და ბაზრიდან 15 მილიონი აშშ დოლარი ამოიღო, ბოლო 2 წელიწადში კი - 280 მილიონამდე დოლარი შეისყიდა. ამ პოლიტიკის წყალობით, ლარი სუსტდება, დოლარი კი  - მყარდება, ცხადია, ეს პროცესი საქართველოს მოსახლეობასაც აზარალებს და ბიზნესსაც. სებ-ის ამგვარ პოლიტიკას ეკონომისტების ერთი ნაწილი ამართლებს, მეორე კი - მწვავედ აკრიტიკებს:

პაატა ბაირახტარი - „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი:

-ეროვნული ბანკი ცალმხრივად მოქმედებს და აგიხსნით, რატომ: როცა ლარი მყარდება, ის ძალიან აქტიურდება და დოლარს ყიდულობს, სამაგიეროდ, როცა ლარი უფასურდება, სებ-ი საერთოდ არ ერევა პროცესებში, თუ არ ჩავთვლით განცხადებებს, რომლებიც ძალიან ბუნდოვანი და ხშირ შემთხვევაში, დაგვიანებულია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქვეყნის ცენტრალური ბანკი მხოლოდ თავისი რეზერვების შევსებაზე ზრუნავს, ვინაიდან ეს რეზერვები გაცილებით მწირია, ვიდრე ამას სავალუტო ფონდის მისია გვავალდებულებს. ეროვნული ბანკი ცდილობს ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც სავალუტო ფონდი კარნახობს. სავალუტო ფონდიც კმაყოფილია, დიდ მადლობას უხდის სებ-ს და ამას ჩვენი ეროვნული ვალუტის სტაბილურობა ეწირება. როდესაც ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი გამოდის და ამბობს - ყველაფერი რიგზეა, ვალუტის კურსი რა შუაშია, ჩვენ მხოლოდ ინფლაციის რეგულირება გვევალებაო, ყველაფერი ნათელი და გასაგებია. კარგი იქნება, თუ ამ ბანკის ხელმძღვანელი, კობა გვენეტაძე, ორ სიტყვას მაინც ეტყვის ჩვენს მოსახლეობას ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგიაზე. დღეს არსებული მეთოდოლოგია ოდნავაც ვერ ასახავს რეალურ სურათს, რომელსაც თითოეული ჩვენგანი აწყდება პროდუქტის შეძენისას. ის სამომხმარებლო კალათა, რომელსაც „საქსტატი“ და ეროვნული ბანკი იყენებენ ინფლაციის დასათვლელად, სულ სხვა კალათაა, საქართველოს მოსახლეობა კი, სულ სხვა კალათით დადის მაღაზიებში და საყიდლებზე. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის არგუმენტი, რომ ყველაფერი რიგზეა, ვალუტის კურსი რა შუაშია და ინფლაცია საქართველოში მიზნობრივზე დაბალია, მიუღებელია. ახლა რაც შეეხება ლარის კურსს: 2018 წლის ბიუჯეტი 2,50-ზეა იყო გათვლილი, მაგრამ ამჟამად ლარის შეფარდება დოლართან 2,67-2,68-ია და ეს სულაც არ არის კარგი. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკი აქტიურად ყიდულობს უცხოურ ვალუტას  და ლარის გაუფასურებას  უწყობს ხელს. ამის გამო მე ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება და იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა ამ მიმართულებით ცალმხრივი და არასწორია. ფაქტია, რომ როდესაც ლარის კურსს დახმარება სჭირდება, სებ-ი უმოქმედოა და ამ პროცესში საერთოდ არ ერევა. მართალია, კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურიბაზეა პასუხისმგებელი და არა - ლარის კურსზე, მაგრამ თუ სიტუაციას რეალურად შევაფასებთ, ის ვერც ამ ფუნქციას ართმევს თავს. თითქოს, ინფლაციის მაჩვენებელი დაბალია, მაგრამ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები ძვირდება, გიტარა, კომპიუტერი და ტელეფონი - იაფდება... სიმართლე ის არის, რომ ეროვნული ბანკი პირველ რიგში ცდილობს რეზერვები შეივსოს და სავალუტო ფონდი არ გაანაწყენოს. რომ არა ეროვნული ბანკის ამგვარი პოლიტიკა, ლარი დღეს გაცილებით მყარი და სტაბილური იქნებოდა.

თემურ მაისურაძე- ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

-სავალუტო ბალანსი და ლარის სტაბილურობა უპირველესად ექსპორტ-იმპორტზე და მათ შეფარდებაზეა დამოკიდებული. შეუძლებელია სავალუტო ურთიერთობებს ეროვნული ბანკი აბალანსებდეს, ეს ეკონომიკურად სწორი არ არის. რეალურად, ყველაფერი ჩვენი ეკონომიკის სისუსტით არის გამოწვეული. ეროვნული ბანკის მიერ დოლარის ხშირი შესყიდვა, ცხადია, ლარის კურსზე უარყოფითად აისახება და თუ ინტერვენცია ლარზე არასწორად მოქმედებს, ის არასწორი ინტერვენციაა, მაგრამ საქმე ის არის, რომ დოლარის შესყიდვა ჩვენს სახელმწიფოს ძალიან ხშირად უწევს, რომ ვალებს მოემსახუროს. ეროვნული ბანკი დოლარებს ამის გამოც ყიდულობს.  სტაბილურობის მთავარი გარანტი კი ის არის, რომ მთავრობა და ცენტრალური ბანკი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ეს პროცესი ძალიან მაგონებს ავტომობილის მოძრაობას: თუ ავტომანქანის ნაწილები ცალ-ცალკე კარგად მუშაობენ, მაგრამ მთლიანობაში ერთმანეთს ხელს უშლიან, მანქანა მუხრუჭდება, ან სულ ჩერდება. ანალოგიური სქემა მოქმედებს ეკონომიკაშიც: თუ სახელმწიფო, მთავრობა, ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორი და ეკონომიკური სუბიექტები სინქრონულად, ერთობლივად არ იმოქმედებენ, ქვეყანაში სულ ასეთი პრობლემები გვექნება. 

ლევან ალაფიშვილი - სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის ხელმძღვანელი:

-ეროვნული ბანკის მისია კანონში ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული: ამ უწყებას მონეტარული პოლიტიკის მართვა ევალება, მის ფუნქციებში შედის ფასების სტაბილურობის და ფინანსური სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობა - მეტი არაფერი. ფისკალური პოლიტიკა  მთავრობის და პარლამენტის უფლებამოსილებაა. მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინაცია აუცილებელია. ცალკე აღებული ერთი უწყება წარმატებული ვერ იქნება და ვერც ლარის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ეროვნულმა ბანკმა უნდა იცოდეს, რას აპირებს მთავრობა და მათ შორის მუდმივი კოორდინაცია უნდა იყოს როგორც დაგეგმვისას, ასევე - ხარჯვით ნაწილში. ვნახოთ, როგორ იქცეოდა წელს ჩვენი მთავრობა ფისკალური თვალსაზრისით - ძალიან ცუდად: მან რაც დაგეგმა, ვერაფერი შეასრულა, ბიუჯეტის ფულიც კი ვერ დახარჯა სწორად და ეროვნული ბანკი აქ რა შუაშია? ამ ბანკის ფუნქციები კონსტიტუციურად არის შეზღუდული, ამიტომ, ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის დაუსრულებელი კრიტიკა სწორი არ არის, უფრო მეტიც - ეს პოლიტიკური პოპულიზმის ნიმუშია. ლარის კურსზე და იმპორტ-ექსპორტის ბალანსზე მთავრობამ უნდა იზრუნოს - ეს მისი კონსტიტუციური მოვალეობაა. როგორც ჩანს, მთავრობას უჭირს თავისი შეცდომების აღიარება და ეს შეცდომები  ეროვნულ ბანკს მოეკითხება ხოლმე, ჩემთვის გაუგებარია - რატომ?

 

 

თარიღი: 2018/12/20