გადამზიდავი კომპანიების ყველაზე საშიში „მტერი“
საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა, რაც ბუნებრივად უწყობს ხელს გადამზიდავი კომპანიების წარმოშობას და მათი რიცხვის მომრავლებას. როგორც ამ კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, ქართველ გადამზიდავებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ და თავიანთ უცხოელ კოლეგებთან არათანაბარ მდგომარეობაში არიან. მეზობელ ქვეყნებში გადამზიდავებს არაოფიციალური გადასახადების გადახდა და რთული საბაჟო პროცედურების გავლა უწევთ, თუმცა მთავარი პრობლემა  მაინც დაბალი ტარიფებია - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კომპანია „ევროტრანს სერვისის“ დირექტორმა - რევაზ მელაძემ:

- უმთავრესი პრობლემა ჩვენთვის მეტისმეტად დაბალი ტარიფებია. ცნობილია, რომ საქართველოდან უცხო ქვეყნებში გადის მინერალური წყალი, ღვინო, სასმელი წყალი, ლიმონათი და ა.შ., მაგრამ იმდენად ცოტას გვიხდიან, რომ ტვირთის გადაზიდვა საქართველოს გვერდის ავლით - მესამე ქვეყნებიდან გვიწევს. კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: საქართველოდან მოსკოვამდე ტვირთის ჩატანაში 1300 დოლარს გვიხდიან, მაშინ, როცა აზერბაიჯანიდან იმავე ტვირთის გადაზიდვაში შეიძლება 2500 დოლარი გადაგვიხადონ, ხოლო ირანიდან - 3500 დოლარი. ბავშვიც მიხვდება, რომ ეს დიდი სხვაობაა. გეკითხებით, რატომ უნდა უწევდეს გადამზიდავ კომპანიას ამხელა გზის შემოვლა, როცა შეუძლია ტვირთი საქართველოდან წაიღოს?!

 „ევროტრანს სერვისის“ ხელმძღვანელის თქმით,  „ტარიფების ვარდნა იმით არის გამოწვეული, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უცხოური მანქანა შემოდის, ისინი უკან, თავიანთ ქვეყანაში რომ ბრუნდებიან, ტარიფებს აგდებენ: თუ ტარიფი 2000 დოლარია, გადამზიდავი კმაყოფილია ათას დოლარად დაბრუნდეს უკან. ამით მას დამატებითი მოგება რჩება, რადგან თავის ქვეყანაში ისედაც საკმაოდ კარგად უხდიან. ამის გამო ქართული გადამზიდავი კომპანიები იძულებულნი ხდებიან ძალიან დაბალ ტარიფებზე იმუშაონ“.

რევაზ მელაძე - უცხოურ კომპანიას ხშირად  200, 300, 1000 მანქანა ჰყავს და უღირს, რომ ერთ გადაზიდვაზე თუნდაც 100 დოლარი დარჩეს. ქართული კომპანია კი, რომელსაც მხოლოდ 8-10 მანქანა ჰყავს, ასეთი ტარიფით ვერ იმუშავებს. მე მაგალითად, რამდენიმე წლით უკან რომ დამაბრუნა, ამ ბიზნესს არავითარ შემთხვევაში აღარ ავირჩევდი და არც ინვესტიციას ჩავდებდი. თუ 400-500 მანქანა გყავს, მაშინ გადაზიდვების სფეროში მუშაობა ღირს, მაგრამ როცა 2-3 მანქანა გყავს, წონასწორობის შენარჩუნება ძალიან რთულია. ამ ყველაფერს მეზობელ ქვეყნებში არსებული კორუფცია და არაოფიციალური ხარჯებიც ემატება, რის გამოც სოლიდური თანხების გაღება გვიწევს. ეს პრობლემა უცხოელ გადამზიდავებს საქართველოში არა აქვთ, რადგან ჩვენთან კორუფცია არ არის და ამ ბიზნესისთვის ძალიან კარგი პირობებია შექმნილი. სწორედ ამ მიზეზების გამო, ბოლო წლებში ბევრი ქართული კომპანია გაკოტრდა და ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში ქართული კომპანიების რიცხვი შემცირდა.

 „ისტ გეით ჯგუფის“  დირექტორი,  დავით დავითიძე კი ამბობს, რომ ჩვენი გადამზიდავი კომპანიები კონკურენციას ვერ უწევენ უცხოელებს, რადგან ქართული პროდუქციის ექსპორტი თითქმის ნულამდეა დასული:

-ჩვენი სატრანსპორტო დერეფანი უცხოელებისთვის საკმაოდ მიმზიდველია. ამ ბიზნესში წამყვანი როლი ენიჭება იმას, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა და ტვირთის მოძრაობა გარედან შიგნით გაცილებით ინტენსიურია, ვიდრე ექსპორტი. ამიტომ, როდესაც უცხო მანქანა შემოდის, მერე ცდილობს აქედანაც წაიღოს ტვირთი თუნდაც, მინიმალურ ფასად. ამის გამო ადგილობრივი ბიზნესი ვეღარ ვითარდება. სხვათა შორის, ჩვენც გვინდოდა ამ ბიზნესში ჩართვა, გადავწყვიტეთ სამაცივრე ტვირთი გადაგვეზიდა და ქართული ღვინო გაგვეტანა ევროპაში. დაგეგმილი გვქონდა რეგულარული რეისები დაგვენიშნა საქართველოდან ევროპისკენ, რაც წვრილ და საშუალო კომპანიებს საშუალებას მისცემდა თავიანთი პროდუქცია თვეში ერთხელ, ან ორჯერ რეგულარულად გაეტანათ ევროპის ქვეყნებში. დიდი მონდომებისა და მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ მოვახერხეთ და იძულებული გავხდით შეძენილი მანქანები და ტექნიკა ისევ გაგვეყიდა. ამ ბაზარზე ძალიან ბევრი რუსული კომპანია ოპერირებს, რომელსაც ტვირთი შემოაქვს და მერე აქედან ძალიან დაბალ ფასში შეუძლია წაიღოს ნებისმიერი სახის პროდუქცია. ცხადია, ჩვენ ამ კომპანიებს კონკურენციას ვერ გავუწევთ.

საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის პრეზიდენტი გია ცაგურიაც ფიქრობს, რომ გადამზიდავთა მთავარი „მტერი“ ექსპორტის არარსებობაა:

-ბოლო 15 წელიწადში რეისების რაოდენობა დაახლოებით  50-ჯერ გაიზარდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. კონკურენტუნარიანი რომ არ ვიყოთ, ეს არ მოხდებოდა. ბოლო წლებში ეს ბიზნესი ძალიან კარგად განვითარდა, გადამზიდავი ფირმების კონკურნეტუნარიანობა და მომსახურების ხარისხიც გაიზარდა, ოღონდ, ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ექსპორტი საქართველოში ჩამკვდარია. მიუხედავად ამისა, იმდენად კონკურენტუნარიანები ვართ, რომ კვოტებს გვაძლევენ და სხვა ქვეყნებში შევდივართ, მათ შორის, თურქეთში და სომხეთში, ვიღებთ ამ ქვეყნებში ტვირთს და დასავლეთ ევროპაში, ან სხვა მიმართულებით გაგვაქვს - ყველგან, სადაც შედარებით უკეთესი კლიმატი და ნორმალური ტარიფებია. 10-15 წლის წინ თურქეთში 300-400 რეისს ვასრულებდით, დღეს კი, ეს რიცხვი 30 ათასამდეა ასული. ქართული კომპანია სხვებზე ათი თავით უკეთესი უნდა იყოს, რომ ტვირთის გადაზიდვის უფლება მისცენ, რატომ? - იმიტომ, რომ საკუთარი ბაზარი, საკუთარი ინდუსტრია არა გვაქვს.

გია ცაგურია არ ეთანხმება  მოსაზრებას, რომ ქართულ გადამზიდავ კომპანიებს ვინმე ჩაგრავს:

- მე არ ვეთანხმები, რომ მაინც და მაინც ქართველ გადამზიდავებს ჩაგრავენ და ავიწროებენ. სულ ერთია, უცხოელია თუ ქართველი, გადასახადებს ყველას ახდევინებენ. გასაგებია, რომ ჩვენგან განსხვავებით, ზოგიერთ ქვეყანაში კორუფციაა, მაგრამ რა ვქნათ - ჩვენც მივბაძოთ და შემოვიღოთ? ის, რომ სხვაგან  საქართველოზე უარესი წესებია, არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ქართველი გადამზიდავები იჩაგრებიან, ზოგიერთ სახელმწიფოში ყველა გადამზიდავი იჩაგრება: მსოფლიოში  არის ქვეყნები, რომლებსაც შეღავათიანი კანონმდებლობა აქვთ და არის ქვეყნები, რომლებსაც ძალიან ცუდი კანონმდებლობა აქვთ.  მართალია, ჩვენ სხვა ქვეყნებიდან გვიწევს ტვირთის გადაზიდვა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკურენტუნარიანები არ ვართ. თურქეთი ამ ბაზრის ლიდერია, ჩვენ მას  როგორ შევედრებით, მაგრამ თურქები საერთაშორისო დონეზე აღიარებენ, რომ ბულგარელ და ქართველ გადამზიდავებს თავიანთ მთავარ კონკურენტებად მიიჩნევენ. ამ ბიზნესში კონკურენტუნარიანობას ამაღლებს ექსპორტი, რომელიც ჩვენთან ნულის ტოლია, მაგრამ მაინც ვმუშაობთ.  როდემდე გავძლებთ, არ ვიცი, მაგრამ ვარსებობთ და ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ“ - აცხადებს გია ცაგურია.

 

 

თარიღი: 2018/06/05