საპენსიო რეფორმა ქართულად: გონივრული გადაწყვეტილება თუ ბიუჯეტის დაფინანსების მორიგი ხრიკი?
2019 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა უნდა ამოქმედდეს - ეს ჩვენი მთავრობის და პარლამენტის ერთობლივი გადაწყვეტილებაა. კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ პარლამენტმა 21 ივლისს მიიღო. ამ კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეების მიერ დაზოგილი თანხა სპეციალურ საპენსიო ფონდში დაგროვდება და თითოეულ მათგანს პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნდება. სისტემა ნაწილობრივ სავალდებულო პრინციპით იმოქმედებს: 40 წელს გადაცილებულმა პირებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, სურთ თუ არა ამ პროცესში ჩართვა, 40 წლამდე პირებისთვის კი - რეფორმაში მონაწილეობა სავალდებულოა. საპენსიო სქემაში მონაწილეობას მიიღებენ დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო. მათი თანამონაწილეობა რეფორმაში შემდეგი ფორმულით განხორციელდება: 2%+2%+2%, (6%) რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად დასაქმებული ფონდში თავისი ხელფასის 2%-ს ჩარიცხავს, დამსაქმებელი - დასაქმებულის ხელფასის 2%-ს, ხოლო სახელმწიფო დასაქმებულის საშემოსავლო გადასახადიდან 2%-ს საპენსიო ფონდში გადარიცხავს. გამოდის, რომ დამქირავებელს არჩევანი აღარა აქვს: თუ მის მიერ დასაქმებული პირი ფონდში თანხის ჩარიცხვას გადაწყვეტს, ეს 2% ძალაუნებურად უნდა გადაიხადოს. ამ სქემამ ჩვენი საზოგადოების და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კამათი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია:

მიხეილ კორძახია - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი:

„ამ სქემით დაწყებული საპენსიო რეფორმა ძალიან ბევრ სიმახინჯეს წარმოშობს“

-მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ამ რეფორმის ასე განხორციელება არ შეიძლება. მას არანაირი დადებითი ეფექტი არ ექნება. ეს არის სრულიად უმოტივაციო მოდელი, რომელიც ძალიან ბევრ სიმახინჯეს წარმოშობს. ბიზნესისთვის მსგავსი რეფორმა გადასახადების ზრდას და ფინანსური ტვირთის დამძიმებას ნიშნავს. ამას რომ ვამბობ, თავად ბიზნესის წარმომადგენელთა შეფასებებს ვეყრდნობი. ზოგიერთები საპენსიო რეფორმის გადადებას მოითხოვენ, ჩემი აზრით კი, ეს სქემა საერთოდ უნდა გაუქმდეს. თუ პენსიონერებისთვის რაიმეს გაკეთება სურთ, ნებაყოფლობითი სისტემა შემოიღონ. ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს ამ სისტემაში და ფული თავისი ხელფასიდან გადაიხადოს, მე რატომ უნდა მაიძულონ სხვისი პენსიის საფასურის გადახდა, ვერ გავიგე! ყველაფერში ევროპის ქვეყნებს რომ ვბაძავთ, ჯერ მათ ეკონომიკური განვითარებით დავეწიოთ და ასეთ საკითხებში მერე მივბაძოთ. ხომ არ შეიძლება ქართული ბიზნესი ყოველთვის ასე უბოდიშოდ მოწველონ? ბარემ გვითხრან, დამატებითი საშემოსავლო გადასახადი გადაიხადეთო. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მაგალითი ვიცი, როცა საპენსიო ფონდის ფული „ვიღაცამ“ შეჭამა, ეს „ვიღაც“ ან კერძო პირი იყო, ან - სახელმწიფო სტრუქტურა. მე ამასაც არ გამოვრიცხავ და მიმაჩნია, რომ საპენსიო რეფორმის ამ სქემით წამოწყება საქართველოში არასწორია.

ირაკლი იაშვილი - კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

„უკვე გადავწყვიტე საპენსიო რეფორმაში ჩავერთო“

-საპენსიო რეფორმა ნაჩქარევი როგორ არის, როცა საპენსიო ფონდიც არა გვაქვს? რეფორმის განხორციელებას ფული სჭირდება და ეს ფული საიდანღაც ხომ უნდა შეიქმნას? ამხელა თანხის მოძიება სახელმწიფოს არ შეუძლია, სწორედ ამიტომ იქმნება მსოფლიოში საპენსიო ფონდები, სადაც თანხა გროვდება. დაგროვებითმა სისტემამ ძალიან კარგად იმუშავა ლათინურ ამერიკაში, მაგალითად ჩილეში. ჩვენს მოდელშიც თორიულად ყველაფერი კარგია, მაგრამ ახლა პრაქტიკულ საკითხებზეც გადავიდეთ: ცხადია, საპენსიო ფონდში ფული უნდა დაგროვდეს და ეს ფული დამსაქმებელმა და დასაქმებულმა უნდა გადაიხადონ, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ თანხის აკუმულირებას სულ ცოტა, 5 წელი მაინც დასჭირდება. მეორე საკითხია, ვინ მართავს თანხას, რომელიც ადამიანს 30-40 წლის შემდეგ უნდა დაუბრუნდეს, ამ 40 წლის განმავლობაში ვის ხელში იქნება ეს ფული. პრინციპული საკითხია: გვჭირდება თუ არა საპენსიო ფონდი? - რა თქმა უნდა, გვჭირდება, მაგრამ მასში ფულს ნებაყოფლობით არავინ ჩარიცხავს, ამიტომაც არის რეფორმაში მონაწილეობა სავალდებულო. ამიტომ, დღეს უნდა მოიკლო და ხვალისთვის დააგროვო - ეს არის პენსიის პრინციპი. მე უკვე გადავწყვიტე ჩავერთო ამ პროცესში, რადგან 2% არ არის ისეთი თანხა, რომლითაც ძალიან დავზარალდები. ოღონდ, სასურველია იმ შეკითხვებზე, რომლებიც დავსვი, პასუხი მივიღო.


პაატა შეშელიძე - „თავისუფალი ეკონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი:

„ეს რეფორმა კი არა - თაღლითობაა, რომელიც მალე გამოაშკარავდება“


-ჩემს შეფასებას მოკლედ გეტყვით: გადაწყვეტილება, რომელიც დამსაქმებლისთვის 2%-ის დაკისრებას გულისხმობს, არაკონსტიტუციურია, ეს არის დამატებითი გადასახადი ბიზნესისთვის. ეს არის იძულება, რომ საქმიანმა ადამიანმა თავისი ფული რაღაც გაურკვეველ ფონდში შეიტანოს. გამოსავალს ალბათ ყველა კომპანია სხვადასხვაგვარად მოძებნის: ზოგი მოგებიდან დაფარავს ამ თანხას და იძულებული იქნება თავის სამომავლო გეგმებს გადახედოს. ზოგი შეეცდება, რომ ეს 2% დაქირავებულებს დააკისროს, მათი ხელფასებიდან გამოქვითოს და ხელფასები შეუმციროს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ იქნება სწორი და გამართლებული გადაწყვეტილება, რადგან მის გამო დაქირავებული, ან დამქირავებელი დაზარალდება. სხვა საკითხია სად წავა ეს თანხა, როდის დაბრუნდება, ვინ დააბრუნებს და ა.შ... გააჩნია, ბიზნესი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ მე პირდაპირ გეტყვით - ეს არის ბიუჯეტის დაფინანსების მორიგი ხრიკი, ეს არის თაღლითობა, რომელიც მალე გამოაშკარავდება. სხვათა შორის, ანალოგიური რამ მოხდა ე.წ. დეპოზიტების დაზღვევის დროსაც. მართალია, დაგროვებითი საპენსიო სისტემა უცხოეთშიც აქვთ, მაგრამ ის ყველა ქვეყანაში წარმატებული არ არის. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ საპენსიო ფონდის ფული ამ 40 წლის განმავლობაში მთავრობამ მიითვისოს. ქართველ ხალხს კარგად ახსოვს 1990-იან წლებში ანაბრების მითვისების ამბავი და მსგავს ექსპერიმენტებს აღარ ენდობა.

პაატა კვიჟინაძე - პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

„კანონი 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, რადგან ბიუჯეტში საამისო თანხა უკვე გამოყოფილია “


-მე ახალაც პარლამენტარი ვარ, წინა მოწვევის პარლამენტის წევრიც ვიყავი და ამ კანონ-პროექტს სულ ცოტა, 5 წლის განმავლობაში ვიხილავდით. განხილვის პროცესში ჩართული იყვნენ უცხოელი და ქართველი ექსპერტები, როგორც იქნა, კანონმა საბოლოო სახე მიიღო და მისი გადადება აღარ შეიძლება. თანაც, ეს რთული თემაა, რომელზეც ყველას თავისი მოსაზრება და პოზიცია აქვს: მემარცხენე ანუ სოციალისტური მიმართულების პარტიები ამბობენ, რომ სულ სხვა სქემაა საჭირო, მემარჯვენეები კი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“, კომიტეტის სხდომებზე აცხადებდნენ, რომ ეს რეფორმა ჯერ ნაჩქარევია და წლები რომ გავა, მერე უნდა დავიწყოთ. ამ საკითხში ერთობა ვერ იქნება, ამიტომ, ჩვენ ავიღეთ რამდენიმე ევროპული ქვეყნის მოდელი და საპენსიო რეფორმა ამის საფუძველზე შევიმუშავეთ. საბოლოო ვარიანტი რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, მას შემდეგ საკმაო დრო იყო, რომ მოვმზადებულიყავით და ბიზნესიც მომზადებულიყო. მომავალშიც დავაკვირდებით კანონის მოქმედებას და თუ რაიმე შესაცვლელი იქნება, გავასწორებთ, მაგრამ კანონი უნდა ამოქმედდეს. მოქალაქე ამ რეფორმაში მონაწილეობით მოგებული რჩება, რადგან თავის ანგარიშზე ვთქვათ, 50 ლარს თუ ჩარიცხავს, კიდევ 50 ლარს დამსაქმებელი დაუმატებს და 50 ლარს - სახელმწიფო, ეს ფული უგროვდება და წლების შემდეგ პენსიის სახით აიღებს - ეს ცუდია? შეკითხვაზე - სად წავა ეს ფული, გიპასუხებთ, რომ დაცვის მექანიზმები კანონში ჩადებულია და თანხა არ დაიკარგება. საპენსიო ფონდი თითქმის ყველა ქვეყანას აქვს და ჩვენ მგლის შიშით ცხვარი რატომ უნდა გავწყვიტოთ? საპენსიო რეფორმა 1 იანვრიდან უკვე უნდა დაიწყოს და კანონიც ამოქმედდეს, რადგან ბიუჯეტში თანხა უკვე გამოყოფილია - სახელმწიფომ თავისი წილი თანხა საპენსიო ფონდში შესატანად უკვე გამოყო.

P.S. გთავაზობთ მონაცემებს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოქმედი საპენსიო სისტემები:

ლატვია - მონაწილეობის მიღება სავალდებულოა 30 წლამდე, დასაქმებულები ფონდში ხელფასის 8%-ს რიცხავენ.
ლიტვა - მონაწილეობა ნებაყოფლობითია, დასაქმებულები ფონდში ხელფასის 6%-ს რიცხავენ.
ესტონეთი - სავალდებულოა ახალი თაობის სამუშაო ძალისთვის, დასაქმებულები ფონდში ხელფასის 6%-ს რიცხავენ.
პოლონეთი - სავალდებულოა 30 წლამდე, დასაქმებულები ფონდში ხელფასის 7.3%-ს რიცხავენ.
უნგრეთი - სავალდებულოა ყველასთვის, დასაქმებულები ფონდში ხელფასის 6%-ს რიცხავენ.
ბულგარეთი - სავალდებულოა 42 წლამდე მოქალაქეთათვის, დასაქმებულები ფონდში საკუთარი ხელფასის 5%-ს რიცხავენ.
ხორვატია - სავალდებულოა 40 წლამდე მოქალაქეთათვის, დასაქმებულები ფონდში ხელფასის 5%-ს რიცხავენ.

თარიღი: 2018/12/21