2018 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები -  მიღწევები და გამოწვევები
2018 წელი თანდათან იწურება. სულ რამდენიმე დღის შემდეგ საქართველოში ახალი, 2019 წელი შემოაბიჯებს, რომელსაც ჩვენი მოსახლეობა უკეთესი მომავლის იმედით ეგებება. ეკონომიკის ექსპერტთა შეფასებით 2018 წელს „საუკეთესოს“ ნამდვილად ვერ ვუწოდებთ, თუმცა, უარყოფითთან ერთად წელს ბევრი დადებითი მოვლენაც მოხდა. 2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასება „ბიზნესპოსტმა“ ეკონომიკის ექსპერტ  სოსო არჩვაძესთხოვა:

პოზიტივი თუ ნეგატივი?

ეს იყო ახალი მიზნებისაკენ სწრაფვის წელი, რომელსაც იმედგაცრუება და პრობლემებიც თან ახლდა. იმის მტკიცება, რომ 2018 საქართველოს ეკონომიკისთვის გამორჩეული და პოზიტიური წელი იყო, ნამდვილად არ შეიძლება, მაგრამ  გავითვალისწინებ წინასაახალწლო განწყობას და ყურადღებას ჯერ დადებით მოვლენებზე გავამახვილებ, მერე კი, შეიძლება უარყოფითზეც ვისაუბროთ: ჩემი შეფასებით, 2018 წლის ერთ-ერთი ძირითადი პოზიტივი ის არის, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა - „საქსტატის“ მონაცემებით, 2018 წლის  მესამე კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 10 586, 8 მილიონი ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 3,7 პროცენტით განისაზღვრა. 2018 წლის პირველი სამი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,8 პროცენტი შეადგინა. მშპ-ის ზრდასთან ერთად ჩნდება შესაძლებლობა, რომ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც გაიზარდოს და სოციალური პროგრამების დაფინანსებაც. ასეთი პროგრამების წილი მთლიან საბიუჯეტო ასიგნებებში მატულობს, ამიტომ, უფრო სრულად არის შესაძლებელი მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც.

კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია

წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა, რომელიც რატომღაც მედიის და პოლიტიკოსების ყურადღების მიღმა დარჩა, არადა, ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ პირველად მივაღწიეთ გარდატეხას დასაქმების სფეროში, კერძოდ, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ საქართველოში თვითდასაქმებულთა რაოდენობას გადააჭარბა. აქამდე პირიქით იყო: თვითდასაქმებულთა რიცხვი აჭარბებდა დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვს. ეს უპირატესობა ჯერჯერობით სიმბოლურია, მაგრამ იმედია, მომავალში ეს ტენდენცია გაგრძელდება და უპირატესობა დაქირავებით დასაქმებულთა სასარგებლოდ კიდევ უფრო გაიზრდება.

თბილისის წილი მთელ ჩვენს ეკონომიკაში 72-73%

ნეგატიური მოვლენაა უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შენარჩუნებაც, ეს განსაკუთრებით ეხება აგროსასურსათო პროდუქციას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს 10 ძირითად სავაჭრო პარტნიორს შორის, რომელთანაც ყველაზე დიდი ბრუნვა გვაქვს, ცხრასთან უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს. ერთადერთი ქვეყანა ბულგარეთია, ვისთანაც მეტნაკლებად ვახერხებთ დადებითი სავაჭრო ბალანსი შევინარჩუნოთ, გერმანიასთან, რუსეთთან, ჩინეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან უკვე წლებია, რაც უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს. ნეგატივია ისიც, რომ წელს პირველს სამ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა.  2018 წლის ნეგატივია ისიც, რომ დედაქალაქის დომინანტური როლი საქართველოს ეკონომიკაში ოდნავაც არ შეცვლილა: როგორც მშპ-ის შექმნის, ასევე ბიზნესის ბრუნვის მიხედვით თბილისის წილი მთელ ჩვენს ეკონომიკაში 72-73%-ია. 2018 წელს ქვეყნის საწარმოთა ფინანსური ბრუნვის 72.4% სწორედ თბილისზე მოდიოდა. თბილისი დასაქმებულთა რაოდენობითაც ლიდერობს. ეკონომისტთა შეფასებით, ყოველი 6 დოლარიდან 3 დოლარი სწორედ თბილისში ილექება, რაც სულაც არ არის კარგი მთელი საქართველოს ეკონომიკისთვის.  

2018 წლის პოზიტიური მოვლენები

პოზიტივად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ 2018 წელს ექსპორტის ზრდის ტემპი  უსწრებდა იმპორტის ზრდის ტემპს. გაიზარდა ტურისტული სექტორის შემოსავალიც, პოზიტიურ მოვლენებს მივაკუთვნებ იმას, რომ საქართველოში 15%-ით გაიზარდა უცხოეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების რაოდენობა.  მართალია, ამას 11 თვის მონაცემების მიხედვით ვამბობ, მაგრამ დეკემბერში ეს მაჩვენებელი ყოველთვის მატულობს. კიდევ ერთი პოზიტიური მოვლენა, რომელიც უნდა ვახსენო, არის ის, რომ საერთაშორისო გამოკითხვებსა და რეიტინგებში საქართველოს მდგომარეობა 2017 წელთან შედარებით გაუმჯობესდა. ეს მიანიშნებს, რომ ჩვენი სახელმწიფოსადმი ინტერესი და ნდობა მსოფლიოში სულ უფრო მატულობს. თითქმის  5%-იანი ეკონომიკური ზრდაც პოზიტიურ მოვლენად უნდა მივიჩნიოთ, რადგან 2018 წელს მთავრობის პროგნოზებით ეკონომიკური ზრდის ტემპი 4.5%-იქნებოდა. ეს კარგი მაჩვენებელია ჩვენი მეზობლების ეკონომიკური ზრდის დაბალ ტემპთან შედარებითაც. ეს იმის შედეგია, რომ საქართველო წელსაც ზედმიწევნით ითვალისწინებდა ისეთი პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, როგორიც საერთაშორისო სავალუტო ფონდია.

როდესაც  პოზიტივს უარყოფითი ელფერი ახლავს

პოზიტიურ მოვლენებს შორის უნდა დავასახელოთ ისიც, რომ წელს საშუალო ხელფასი გაიზარდა. 2018 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების მატება შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. შედეგად, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაიზარდა და 1125, 5 ლარი გახდა. ცუდი ის არის, რომ ეს მაჩვენებელი მაღალხელფასიანი ფენების ხარჯზე შეიცვალა. ეს საშუალო სტატისტიკური მაჩვენებელია, რომლის დადგენის დროს ყველაფერი ერთ ქვაბში იყრება, ყველა სფეროში არსებულ ხელფასებს აჯამებენ და გაშუალებულ მაჩვენებელს იღებენ. ეს იგივეა ვთქვათ, რომ დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების საშუალო ტემპერატურა 37,5 გრადუსია და წინა დღესთან შედარებით 1, ან 2 ხაზით გაიზარდა.

კიდევ ერთი დადებითი მოვლენა, რომელსაც ნეგატიური ელფერი ახლავს, შემდეგია: მთელი მსოფლიოს ქვეყნების  ფონზე საქართველოს ზრდის ტემპი ასე თუ ისე დამაკმაყოფილებელია და ეს რეიტინგებშიც ჩანს, მაგრამ ძალზე თვალშისაცემია ჩვენი ჩამორჩენა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. თუ იმ ტემპს შევინარჩუნებთ, რაც საქართველოს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ჰქონდა, ევროკავშირის ყველაზე სუსტი რგოლის - ბულგარეთის დონეს მხოლოდ 12 წლის შემდეგ ანუ 2030 წელს მივაღწევთ, პოლონეთის დონეს - 2042 წელს, ხოლო ესტონეთისას - 2045 წელს. ბუნებრივია, ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ეს ქვეყნები განვითარებას შეწყვეტენ და ჩვენ დაგველოდებიან. ჩვენი ეკონომიკური ჩამორჩენის პრობლემა ისევ ძალაში დარჩება, ამიტომ, 5-6%-იანი ეკონომიკური ზრდა კი არ გვჭირდება, არამედ გაცილებით მაღალი, რომელიც ორნიშნა ციფრებთან იქნება მიახლოებული. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ ამ პრობლემას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

დოლარიზაცია - პრობლემა, რომელიც ვერა და ვერ დავძლიეთ

დადებით მოვლენებს შორის ჭარბვალიანობის შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს გამოვყოფდი. პოზიტივია ის, რომ 2019 წლის 1 იანვარს უამრავი ოჯახი ვალის გარეშე შეხვდება და ამ მოვლენის ეკონომიკური ეფექტი შესამჩნევი იქნება: ეს ხელს შეუწყობს რამდენიმე ასეული ადამიანის სამეწარმეო საქმიანობაში ჩართვას. მიუხედავად ამისა, დოლარიზაციის მაღალი დონე კვლავ რჩება ჩვენი ეკონომიკის „აქილევსის ქუსლად“. დოლარიზაციის დონე ჩვენთან 64%-ის ფარგლებშია. შედარებისთვის: დოლარიზაციის პრობლემა მეზობელ თურქეთსაც აქვს, მაგრამ იქ ეს მაჩვენებელი 40 პროცენტია. გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, რთულია ლაპარაკი იმაზე, რომ მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, რომ სიღარიბე დავძლიეთ და ღარიბები საშუალო ფენას შეუერთდნენ, ვერც ბიუჯეტი იქნა ბოლომდე ათვისებული და ვერც ლარის კურსი შევინარჩუნეთ დაგეგმილ 2.5-იან ნიშნულზე. ამის გამო, ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩვენთვის საუკეთესო  წელი იყო. იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი, 2019 წელი უფრო მეტ წარმატებას და ეკონომიკურ წინსვლას მოუტანს საქართველოს და აქ მცხოვრებ ოჯახებს.

 

თარიღი: 2018/12/25