„ქართველი შემოქმედისთვის უცხოეთის რეგულარული ბაზარი არ არის ღია”- ქართული ტიხრული მინანქრის ექსპორტი
რატომ არ შეესაბამება ანაზღაურება შრომას და რა უშლის ხელს ქართული ტიხრული მინანქრის ექსპორტს

ქართულ ტიხრულ მინანქარზე ჩვენს ქვეყანაში დღეს ბევრი სტარტაპერი მუშაობს.  უმრავლესობისთვის კი ეს საქმიანობა საყვარელ ჰობთან ერთად, შემოსავლის ძირითად წყაროდ არის ქცეული. და რადგან მომხმარებელი ჩვენი ქვეყნის მკვიდრია, წარმოებული ნაკეთობის მიმართ გულგრილი არასდროს რჩება.

მინანქრის ფასი ძალიან არაერთფეროვანია და დამოკიდებულია როგორც ნაკეთობის სირთულეზე, ასევე ოსტატის ხედვაზე. გასათვალისწინებელია, თუ ვისზეა გათვლილი ესა თუ ის ნივთი. მაგალითად ტურისტულ უბნებში, როგორც წესი, ნაკეთობის ფასი 10-ჯერ ან უფრო მეტჯერაც იზრდება. ოსტატთა უმეტესობა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ უცხოელი მომხმარებელი, მას შემდეგ, რაც ტიხრული მინანქრის ტექნიკის შესახებ მიიღებს ინფორმაციას, ხვდება, რა სირთულის შრომას დებს ხელოვანი ნამუშევარში, გაცილებით მეტად აფასებს სამკაულს და თანხასაც გულუხვად იხდის. ბოლო წლებში ინტერნეტში უცხოელი ავტორების მიერ შესრულებული ქართული მინანქრის ნიმუშებიც მრავლად გაჩნდა, როგორც გაირკვა სხვადასხვა ქვეყნებიდან დაინტერესებული პირები ხშირად ჩამოდიან მცირე დროით ჩვენთან ტიხრული მინანქრის ტექნიკის შესასწავლად და შემდეგ ამ დარგის საკუთარ ქვეყანაში განსავითარებლად. ,,ბიზნესპოსტი” დაინტერესდა, რამდენად ღიაა უცხოეთის ბაზარი ქართველი შემოქმედებისთვის და შესაძლებელია თუ არა ქართული ნაწარმის საზღვრებს გარეთ უკეთ პოპულარიზაცია, ანუ იქ, სადაც მომხმარებელი გაცილებით მრავალრიცხოვანი და მეტად გადახდისუნარიანია.

ნანა აზიზიანი: ,,20 წელია, ვერცხლის ქუჩაზე სახელოსნო მაქვს. ეს საქმიანობა, დაახლოებით, 23 წლის წინ დავიწყე, განათლებაც ამ სფეროში მაქვს მიღებული და ჩემი საასპირანტო ნაშრომიც ტიხრულ მინანქარზეა. მაშინ ბაზარზე ხელოვნების ეს დარგი, ფაქტობრივად, არ არსებობდა, ტექნიკაც განსხვავებული და გაცილებით რთული იყო დღევანდელთან შედარებით.

თავდაპირველად საეკლესიო სამკაულს ვაკეთებდი, გაყიდვაც ჭირდა. ხომ იცით, ჩვენთან როგორც ხდება?! გვიყვარს ერთმანეთის მიბაძვა - ჯერ ბატიკას აკეთებდა ყველა, შემდეგ თექის დამუშავებაზე გადავიდნენ, ამის მერე მინანქარზე… ახლა, მაგალითად, ხის ნაკეთობებს აკეთებენ მასიურად, ხანდახან ოსტატები უფრო მეტნი არიან ვიდრე მომხმარებლები. თუმცა ყველა საქმიანობაში მთავარი მაინც სიღრმისეული ცოდნაა. მაგალითად, მინანქარი იმდენად შხამიანი და მომწამვლელი საქმიანობაა, რომ უნდა გიღირდეს მასზე მუშაობა და ანაზღაურებაც უნდა შეესაბამებოდეს შრომას. მე მინახავს ხალხი, რომლებიც ჯვრებს 6 ლარად აბარებენ და მხოლოდ 50 თეთრი რჩებათ ნამუშევარში, ეს არ არის სწორი მიდგომა. მესმის, რომ სოციალური ფონი ძალიან მძიმეა, მაგრამ საკუთარ შრომაზე ფასის არდადებით სხვასაც უფუჭებენ საქმეს.

მინდა აღვნიშნო, რომ ამ კონკრეტულ საქმიანობაში დილერები, რომლებიც ბოლო წლებში გამოჩნდნენ, ყველაფერს აფუჭებენ. ისინი ასაქმებენ არაპროფესიონალებს, რომლებსაც 1 თვეში ან რამდენიმე დღეში აქვთ ნასწავლი მინანქრის ტექნიკა, მათ უხდიან დაბალ ფასს და უცხოეთში მდარე ხარისხის, იაფფასიანი ნაწარმი გააქვთ.

ასევე, რამდენიმე დღეში ,,სწავლობს” უამრავი აქ ჩამოსული ტურისტიც და შემდეგ თავიანთ ქვეყანაში აწარმოებენ ბიზნესს. უკრაინაში და ყაზახეთში მინანქრის ძალიან დიდი ბაზარია უკვე. ყაზახეთში პირდაპირ ნაკეთობების გატანა ხდება ჩვენი ქვეყნიდან. ამას გარდა, ხშირად საავტორო უფლებები ირღვევა და ვერც დაამტკიცებ, რომ ვინმემ შენი ნაკეთობის ასლი გააკეთა, რადგან ერთი ტიხარიც რომ შეცვალოს ავტორმა, უკვე ჩაითვლება, რომ მისია.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ხელშემწყობ პროექტებს, როგორიცაა, მაგალითად ,,სტარტაპ-საქართველო”, მის ფარგლებში მხოლოდ რეგიონების მაცხოვრებლები ფინანსდებიან, ისიც მინიმალური თანხით.

როგორც წესი, უცხოეთის ბაზარზე თავის დამკვიდრება ჭირს, პრობლემაა დამღაც - ჩვენ დამღას არ ცნობს არცერთი ქვეყანა. ამიტომ უცხოეთში გასატან საკუთარ ნამუშევრებს მხოლოდ ჩემს ინიციალებს ვაწერდი. რამდენჯერმე გამიტანია საკუთარი საგამოფენო ნივთები საზღვარგარეთ და პრინციპში, რამდენიმე ნივთის წაღებაზე პრობლემა არასდროს შემქმნია.

- ქართველი შემოქმედისთვის რამდენად მნიშვნელოვანი და სარფიანია წვდომა უცხოურ ბაზარზე?

- შესაძლებლობა იმისა, რომ განვითარდე უცხოეთის ბაზარზე გაცილებით დიდია მომხმარებლის სიმრავლიდან და ასევე დაინტერესებიდან გამომდინარე. ამერიკის, რუსეთის, უკრაინის თუ ევროპის სხვა ქვეყნების ბაზრები გაცილებით დიდ გასაქანს იძლევა და კარგი იქნება თუ რამენაირი ხელშეწყობა გვექნება ქართველ ოსტატებს. ქართველი შემოქმედისთვის უცხოეთის რეგულარული ბაზარი არ არის ღია, არადა, უამრავი ნიჭიერი ადამიანია, რომლებიც ჩრდილში რჩებიან და არავის აინტერესებს მათი ხელშეწყობა. ყველა წარმატებულ სფეროში, სამწუხაროდ, წლებია ერთი და იგივე ხალხია წარმოდგენილი და მთავარი სულაც არ არის, რამდენად ღირებულია თვითონ შემოქმედება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი არასწორი პოლიტიკის ბრალია და ამ სფეროშიც მონოპოლიის პრობლემას ვაწყდებით. ტურისტი ბევრი შემოდის ჩვენთანაც, მაგრამ არა ის კატეგორია, რომელიც მზად არის შეიძინოს ძვირადღირებული ნივთები. მაგალითად, აზიელი ტურისტი, რომელიც აღსანიშნავია, რომ ოქროს სამკაულის მოყვარულია და არა ვერცხლის, მხოლოდ აზიურ რესტორანში დახარჯავს თანხას და ისევ თავის ეროვნულ ინტერესებს მოახმარს საკუთარ ბიუჯეტს. რუსს, მცირე გამონაკლისის გარდა, ღვინის დეგუსტაცია და ხინკალი უფრო აინტერესებს, ვიდრე ძვირადღირებული მინანქარი. ასე რომ, ტურისტების მრავალრიცხოვნობა ხშირად დიდად არც აისახება ბიზნესზე.

- რაც შეეხება ტურისტს რამდენად სწორად აქვს ინფორმაცია ქართული ტიხრული მინანქრის შესახებ?

აქაც არის პრობლემები, მაგალითად რუსეთსაც აქვს მინანქარი, რომელიც სულ სხვა ტექნიკისაა და სხვა სახის. აქედან გამომდინარე, ხშირად მიწევს რუს ტურისტთან იმის მტკიცება, რომ ეს არის ქართული მინანქარი. აუცილებელია მოხდეს ცნობიერების ამაღლება და უცხოელ მომხმარებელს ადვილად გასაგებად განემარტოს, როგორც ქართული ტიხრული მინანქრის ტექნიკა, ასევე მისი ისტორია და წარმომავლობა, ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და სიმდიდრეა რასაც სათანადო გაფრთხილება და გაპიარება სჭირდება.

21– საუკუნეში ინტერნეტის განვითარებამ გააჩინა ელექტრონული ბაზარი და ვირტუალური მაღაზიების საშუალებით გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მწარმოებელმა თავადვე უზრუნველყოს საკუთარი შემოქმედების მარკეტინგი. თამარ ბენდელიანი 23 წლის ხელოვანია, რომელიც 5 წელია ამ საქმიანობით არის დაკავებული და თვლის, რომ ინტერნეტის საშუალებით გაყიდვების საკუთარი ძალებით წარმართვა ამ სფეროში  გაცილებით მომგებიანია რადგან წვდომა როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მომხმარებელზე გაცილებით იოლია.

თამარ ბენდელიანი: ,,ყოველთვის მინდოდა ჩემი პროფესიის გარდა შემესწავლა რაიმე ხელსაქმე დამატებით, ორთუბნის დედათა მონასტერში ყოფნის დროს ხელოვნებისადმი ჩემი ინტერესი კეთილშობილმა ადამიანმა, იღუმენია მარიამმა (ჩხაიძე) შეამჩნია და მინანქარის შესასწავლად მიმაბარა. ჩემს საქმიანობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა-მეთქი ვერ გეტყვით (ამისთვის საჭირო იყო პიარი, ღონისძიებები, გამოფენები და ა.შ. რაც უშუალოდ გარე ფაქტორებზე და ფინანსურ საკითხებზე იყო მიბმული). მხოლოდ შემოსავლისთვის კი სიამოვნებით ვამზადებ იმ ნივთებს, რაც მასას აინტერესებს. ესენია: მარტივი, თემატური და შაბლონური ნაკეთობები, ხოლო ნამუშევრების უმრავლესობა, რომლებშიც ვდებ შინაარსს და რომლებიც ამბობენ ჩემ სათქმელს, ჯერჯერობით არ მაქვს გამოქვეყნებული .

- რა უპირატესობები აქვს ინტერნეტით გაყიდვებს?

ზოგადად, გააჩნია, რომელ გალერეასთან თანამშრომლობ, მე პირადი გამოცდილება საპატრიარქოს გალერეასთან მაქვს.  ჩემი ნაკეთობები ინტერნეტით ძალიან მალე იყიდება, იქ კი მათი რეალიზაცია ჭირს. ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს: მომატებული ფასი(პროცენტი) გალერეის მუშაობის სპეციფიკა და ადგილმდებარეობა. ინტერნეტგაყიდვა გაცილებით კომფორტულია ჩემთვის. ამ გზით ჩემს ნაკეთობებს არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ აუდიტორიასაც წარვუდგენ. პერიოდულად ფასდაკლებებს და სადღესასწაულო შეთავაზებებს ვაკეთებ. არის შემთხვევები, როდესაც უცხოელი მომხმარებელი იმდენად აღფრთოვანებულია ნაკეთობით, რომ კონკრეტული ნამუშევრის ღირებულებაზე მეტს იხდის მის ტრანსპორტირებაში (რომ მივაწოდოთ). ჩემს ნაკეთობებს ხშირად უცხოელები უფრო ამჩნევენ და აფასებენ. მაგალითისთვის ერთ შემთხვევას გავიხსენებ: შევქმენი კულონი სახელად "მოხუცი ბებო" რომელიც შემდეგ ჩემთვის ძალიან ძვირფასი გახდა და გაყიდვას არ ვაპირებდი.  ჩემი სახელოსნოს თაროზე მქონდა გამოფენილი. ერთხელ რუსეთიდან ქალბატონი დამიკავშირდა, რომელსაც ინტერნეტში უნახავს ეს ნამუშევარი და დიდი სიყვარულით მომწერა, მითხრა, რომ ნაკეთობაში გამოსახული ბებო ძალიან ჰგავდა მის საყვარელ გამზრდელ ბებიას და ამ ნივთის შესაძენად დიდი თანხაც გადამიხადა. მეც არ დამენანა გასაყიდად, რადგან მან არა მხოლოდ თანხა გადაიხადა ჩემი შრომის შესაბამისი, არამედ დაინახა ის შინაარსი, რაც მასში ჩავდე. ვფიქრობ, ოდესმე  მოვუყარო თავი ჩემს ნაკეთობებს და გამოფენა გავაკეთო საქართველოში. სამწუხაროა, რომ ქართველი ხელოვანების უკეთ გაცნობისთვის არ ტარდება საჭირო რაოდენობის ღონისძიებები, ყოველ შემთხვევაში, მე ამ კუთხით პრობლემას ვხედავ. სადაც ვმუშაობ, ჩემ ირგვლივ არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მოზარდები, რომლებსაც არ აქვთ შემოსავლის არანაირი წყარო და სურვილი გამოთქვეს ხელსაქმის შესწავლის. მათი დახმარების მიზნით რამდენიმე მეცენატთან მივედი წინადადებით და პროექტით, რომელიც იყო მიზერულ თანხებთან დაკავშირებული, ხოლო ამ თანხით ქვეყნისთვისაც და ამ ოჯახებისთვისაც კეთდებოდა დიდი "საქმე". მათი პასუხი იყო უბრალოდ უარი და მეორე მხრივ, მხოლოდ უმოქმედო დაპირება”.

,,ბიზნესპოსტიამ თემაზე სასაუბროდ ,,აწარმოე საქართველოშისააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის პორტფელის მენეჯერს, ნიკა მამუკელაშვილს დაუკავშირდა:

,,ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა, ცოტახნის წინ ქართული ტიხრული მინანქრის მიმართულებით ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იყო -კომპანიების გაგზავნა იტალიის ქალაქ ვიჩენცაში გამართულ გამოფენაზე -სახელწოდებით ,,Jewelry virtual fair”, ეს რეგიონალურ განვითარებას უწყობდა ხელს და ქალი მეწარმეების ხელშეწყობას, ვინც დავაფინანსეთ სამივე ქალი მეწარმე იყო ტიხრულ მინანქარის სფეროში. იტალიაში გამოფენილი იყო მათი ნამუშევრები, რაც რეალურად ხელს უწყობდა საზღვარგარეთ გაყიდვების ზრდას. ზოგადად, ჩვენი პრინციპი ასეთია: გვაქვს ე.წ ,,მეილინგ ლისტი,“ სადაც ინფორმაციას ვავრცელებთ, ასევე, დავამატეთ ალტერნატიული საკომუნიკაციო არხი ფეისბუქზე, სადაც ვდებთ ჩვენ ღონისძიებებს, აი მაგალითად თუ მივდივართ ყაზახეთში, ამერიკაში, გერმანიაში და სხვადასხვა ლოკაციებში, სხვადასხვა გამოფენებზე, ჩვენ ამას ვაანონსებთ, ველოდებით გამოხმაურებას კომპანიების მხრიდან, რა თქმა უნდა, ამ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ საექსპორტო პოტენციალი და პირობების მიხედვით ვარჩევთ ყველაზე რელევანტურ პირებს. ჩვენ, როდესაც ანონსს ვდებთ, უნდა დაგვიკავშირდეს კომპანია, რომელიც განაცხადებს, რომ ღონისძიებაში სურს მონაწილეობის მიღება, ამის შემდეგ ჯერ ინდივიდუალური, შემდეგ კი ჯგუფური შეხვედრა გვაქვს, რადგან ერთ კომპანიას ვერ ვეხმარებით და როგორც წესი და სამი ან ოთხი მონათესავე კომპანია მაინც უნდა იყოს. ხოლო როდესაც უკვე განვსაზღვრავთ, რომ რომელიმე კონკრეტულ ღონისძიებაზე შეიძლება შედეგიანი იყოს მათი მონაწილეობის მიღება, ვაფინანსებთ მონაწილეებს.“

- სამომავლოდ ხომ არ იგეგმება მსგავსი ღონისძიება?

წელს ჩანიშნულია ამერიკაში თუმცა რამდენად მოესწრება ვერ გეტყვით, რადგან როგორც წესი რეგისტრაცია 1 წლით ადრე იწყება ხოლმე და ჩვენ ახლახან დავიწყეთ ამ სექტორზე მუშაობა.

თარიღი: 2018/06/07