რობოტები ადამიანებს სამუშაო ადგილებიდან აძევებენ - 10 ფაქტი რეალობიდან
კაცობრიობა ხელოვნური ინტელექტის რევოლუციას უახლოვდება, სადაც ადამიანების ნაცვლად რობოტები „დასაქმდებიან“. მომდევნო 10 წლის განმავლობაში ადამიანის მიერ შექმნილი მექანიზმი სამუშაო ადგილებზე 25 მილიონ მუშახელს ჩაანაცვლებს. Marketwatch-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ, ამ მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატებია.  ექსპერტების ვარაუდით, რობოტები და ხელოვნური ინტელექტი აშშ-ში სამუშაო ადგილების  38%-ს,  გერმანიაში - 35%-ს, ხოლო დიდ ბრიტანეთში - 30%-ს დაიკავებს.

Marketwatch-ი 10 სამუშაოს აქვეყნებს, სადაც რობოტებმა ადამიანები უკვე ჩაანაცვლეს.

  1. საწყობის მუშა
Amazon-მა 2015-2016 წლებში 20 საწყობში 45 000 რობოტი გამოიყენა. რობოტები შეფუთვის სამუშაოს ასრულებდნენ. კომპანია მომავალში მუშა რობოტების რაოდენობის გაზრდას აპირებს.

  1. ბარმენი
საკრუიზო გემზე Royal Caribbean cruise ბარმენის ფუნქციას რობოტი ასრულებს. რობოტ ბარმენს წუთში 2 კოქტეილის მომზადება შეუძლია და დღეში დაახლოებით 1000 კოქტეილს ამზადებს. ასევე, მომხმარებელს შეუძლია ბარმენს კოქტეილი თავისი გემოვნებითაც მოამზადებინოს.

  1. ჯარისკაცი
2030 წლისთვის რობოტი ჯარისკაცები აშშ-ის სახმელეთო ჯარის ერთ მეოთხედს ჩაანაცვლებს. ასეთ ჯარისკაცებს აშშ ახლაც იყენებს. მას სხვადასხვა დავალების შესრულება შეუძლია.

  1. ფარმაცევტი
სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის უნივერსიტეტთან აფთიაქში ფარმაცევტის ნაცვლად წამალს რობოტი ყიდის. რობოტი კომპიუტერით ექიმის დანიშნულებას იღებს და ამის შემდეგ მომხმარებელს წამალს უფუთავს და  რეკომენდაციასაც აძლევს. კალიფორნიის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ რობოტს ამ ხნის განმავლობაში შეცდომა არ დაუშვია.

  1. ფერმერი
მსოფლიოს მასშტაბით რობოტებს სოფლის მეურნეობაში აქტიურად იყენებენ. ისინი, ხვნა-თესვით დაწყებული, მოსავლის აღებით დამთავრებული, თითქმის ყველა სამუშაოს ასრულებენ.

  1. პოლიციელი
აშშ-ში 45 სამართალდამცავი ბრიგადა არსებობს, რომელიც სპეციალურად ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფას ახორციელებს. ბრიგადები ცოცხალი ძალის უსაფრთხოების მიზნით სპეციალურ რობოტებს იყენებენ, რომლებსაც რისკები მინიმუმამდე დაჰყავთ და ხანდახან გაუვნებელყოფით სამუშაობს ადამიანზე უკეთესად ასრულებენ.

  1. დიასახლისი
მტვერსასრუტების მოდელი დღითიდღე უმჯობესდება. iRobot-ის ბოლო ვერსია - Roomba 980 ამის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს. ის იატაკს აპრიალებს, ხოლო ხალიჩას ცხოველის ბეწვსაც აშორებს. კომპანია iRobot-ში აცხადებენ, რომ  1990 წლიდან დღემდე 15 მილიონი რობოტი მტვერსასრუტია გაყიდული.

  1. რობოტი იურისტი
ადამიანები იურიდიული მომსახურეობისთვის მილიონებს ხარჯავენ. ისინი ფულთან ერთად დროსაც კარგავენ.  Silicon Valley-თან არსებული კომპანია Blackstone Discovery-ის რობოტები კლიენტებს იურიდიულ მომსახურეობას სთავაზობენ. რობოტები ადამიანებისგან განსხვავებით არ იღლებიან და დიდ სამუშაოს ნაკლებ დროშიც ასრულებენ.

  1. მოლარე
რამდენიმე წლის წინ ბანკმა Coastal Federal Credit Union-მა, საკუთარ ფილიალებში მოლარეები რობოტებით ჩაანაცვლა. რობოტები გაცილებით მეტი სამუშაოს შესრულებას ახერხებდნენ, შესაბამისად,  ორგანიზაციამ  მუშახელის 40%-ით შემცირება შეძლო.

  1. მზარეული
კომპანია Moley Robotic-მა  პირველი რობოტი სამზარეულო შექმნა, სადაც მექანიზმის 2 ხელი სენსორებით, ღუმელით, გაზქურით და ჭურჭლის სარეცხი მანქანით არის აღჭურვილი. ხელოვნურ ხელებს შეუძლია სხვადასხვა ჭურჭლის აღება და გამოყენება. რობოტზე ინტეგრებულია ხელთათმანები და  3D კამერა. რობოტის მიერ შესრულებული ყოველი სამუშაო მონაცემთა ბაზაში იტვირთება. ადამიანს ა ე.წ. სამზარეულოს ეკრანზე ან სმარტფონის აპლიკაციის საშუალებით კერძის სასურველი ინგრედიენტების სხვადასხვა ლოკაციებიდან მითითება შეუძლია.

Moley Robotic-ი სამომავლოდ სამზარეულოს მონაცემთა ბაზაში 2000-ზე მეტი რეცეპტის შეყვანას აპირებს.

 

თარიღი: 2018/06/07