რა უნდა იცოდეს მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადმა თანამშრომელმა?
მენეჯმენტის არსი, ანუ 4 პრინციპი, რომელზეც კარგმა მენეჯერმა საკუთარი მმართველობითი კულტურა უნდა ააგოს 

ბიზნესის სფეროში წარმატება ბევრადაა დამოკიდებული მართვის თეორიის ცოდნაზე, დაგროვებულ პრაქტიკულ გამოცდილებასა და მათ სწორად გამოყენებაზე.

მართვას დიდი ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა მართვის პრაქტიკა, რასაც ადასტურებს ჩვენამდე მოღწეული ისტორიული დოკუმენტები. დოკუმენტებში მოცემულია ცნობები კომერციული გარიგებებისა და შუმერების კანონების შესახებ. 

მართვის როგორც მეცნიერების, ანუ მენეჯმენტის წარმოშობა აშშ-ში XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო. მენეჯმენტის შესწავლის საგანია მართვის ურთიერთობები, ანუ ურთიერთობები ადამიანებს შორის მართვის პროცესში. ეს ურთიერთობები მრავალწახნაგოვანია. ისინი გამოხატავენ არა მარტო ეკონომიკურ, არამედ გარკვეული ზომით საზოგადოებრივ-პოლიტიკურ, ფსიქოლოგიურ, სამართლებრივ ურთიერთობებსაც.  მათ შორის ძირითადი მაინც ეკონომიკური ურთიერთობებია, ამიტომ  მენეჯმენტი განეკუთვნება ეკონომიკურ მეცნიერებათა კატეგორიას.

არსით კი მენეჯმენტი გულისხმობს სხვადასხვა ორგანიზაციაში ადამიანთა ხელმძღვანელობას. შესაბამისად, ორგანიზაციის წარმატება, მისი წარმოების ეფექტურობა თუ მომხმარებელთან ურთიერთობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კომპანიის მენეჯმენტთან, რადგან ამ ყველაფერს, ძირითადად, ადამიანური რესურსის სწორად მართვა განაპირობებს.  სწორედ განსაზღვრული მიზნით შეკრებილი ადამიანების საქმიანობის კოორდინაციის აუცილებლობა გახდა მენეჯმენტის წარმოშობის საფუძველი, რამაც გააჩინა მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი თანამშრომლის - მენეჯერის აუცილებლობა. მენეჯერის ფუნქცია არსობრივად გულისხმობს 5 ძირითად მიმართულებას: 

1.დაგეგმვა

  1. ორგანიზება 
  2. მოტივაცია
  3. კოორდინირება
  4. კონტროლი
ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ნათელია, რომ მენეჯერის წარმატება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მმართველობითი ურთიერთობის კულტურასთან. ნებისმიერი საქმიანობა, სადაც ადამიანური რესურსის მართვაა საჭირო, მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული მენეჯერისა და პერსონალის ურთიერთობასთან. მენეჯერის მიერ პერსონალთან ურთიერთობისას გამოჩენილი დამოკიდებულება ერთგვარი ბუმერანგია, ამიტომ გამოცდილი მენეჯერები, როგორც წესი, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ მმართველობითი ურთიერთობის კულტურას, რომელიც დიდწილად ისეთ ცნებებს ეფუძნება როგორიცაა მორალი, სინდისი, ღირსება, კეთილშობილება, მოვალეობა და პატივისცემა.

კარგი და გამოცდილი მენეჯერები ხშირად წარმატებას სწორედ პერსონალის მიერ მათდამი გაჩენილი დამოკიდებულებით აღწევენ, ამიტომ მათი უმრავლესობა მმართველობითი ურთიერთობის პრინციპებს ზედმიწევნით ასრულებს. აღნიშნული პრინციპები ზემოთჩამოთვლილი ცნებების გათვალისწინებით შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: 

  1. თავაზიანობის პრინციპი
ადამიანებთან ურთიერთობისას, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მათი რესურსის მართვის მოვალეობა გაქვს, თავაზიანობა წარმატების ერთ-ერთი საკვანძო პრინციპია. მენეჯერის მიერ პერსონალთან არათავაზიანი მოპყრობა ​ თანამშრომლებში ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს, რაც ამცირებს ადამიანთა შრომისუნარიანობას, იწვევს​ მენეჯერისადმი პატივისცემის დაკარგვას და ზრდის გულგრილობას შესასრულებელი მოვალეობების მიმართ. 

  1. თავმდაბლობის პრინციპი 
მენეჯერის მიერ საკუთარი მიღწევისა და დამსახურებების აღნიშვნისგან თავის შეკავება მართვას უფრო ეფექტურს ხდის. ქედმაღლური დამოკიდებულება ადამიანების თვალში პატივისცემის დაკარგვას იწვევს. 

  1. ტაქტისა და კორექტულობის პრინციპი 
მნიშვნელოვანია მენეჯერის უნარი პერსონალთან ურთიერთობისას არ დაარღვიოს ზრდილობისა და ეთიკის ნორმები, არ გადაუხვიოს საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესებს. უხეშობა და უტაქტო დამოკიდებულება ყოველთვის უარყოფით შედეგს იწვევს. კარგმა მენეჯერმა უნდა იცოდეს, როდის და რა ფორმით მისცეს პერსონალს შენიშვნა, თუკი ის ამას იმსახურებს. 

  1. პასუხისმგებლობის პრინციპი 
მენეჯერის მიერ  პერსონალისადმი მიცემული დაპირების არ შესრულება, როგორც წესი, იწვევს ნდობისა და პატივისცემის დაკარგვას. კარგმა მენეჯერებმა იციან, რომ თანამშრომლებს  არ უნდა გაუცრუონ იმედი. 

თარიღი: 2018/04/30