გზა რაჭიდან _ შორეულ ამერიკამდე - ქართველი, რომელიც საკუთარი გამოგონებით მილიონერი გახდა
შობა-ახალი წლის დღეები ლამაზად მოციმციმე ნათურების გარეშე წარმოუდგენელია. ეს ნათურები ჩვენს სახლებსაც ამშვენებს და ქუჩებსაც. შეიძლება ბევრმა არც კი იცის, რომ საახალწლო ნათურები ქართველი ჯორჯ კობის ანუ გრიგოლ კობახიძის გამოგონილია. ჯორჯ კობი ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი იყო. იგი 1883 წელს, ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში დაიბადა და ურთულესი გზა განვლო, ვიდრე წარმატებული ადამიანი გახდებოდა: 10 წლის ასაკში სახლიდან გაიპარა და კითხვა-კითხვით ჩავიდა ბორჯომში, სადაც ახლადგახსნილ მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა მუშაობდა. ის ამ ქარხანაში მოეწყო და თავისი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის წყალობით ყველას თავი შეაყვარა. იქვე დაეუფლა მინის წარმოების საიდუმლოს და ყველა ტექნოლოგია შეისწავლა, რაც კი ქარხანაში იცოდნენ. წარმატებითა და ფულადი ჯილდოებით წახალისებული გიგო ჯერ თბილისის, მერე კი, ოდესის მინის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ. თანდათან ის ამ სფეროში საუკეთესო სპეციალისტად ჩამოყალიბდა. 1907 წელს გრიგოლ კობახიძე პოლონეთის გავლით გერმანიაში ჩავიდა, ჯერ მიუნხენში დასახლდა, სადაც გერმანელი სპეციალისტების დახმარებით შუშის პროდუქციის დამამზადებელი პატარა საწარმო შექმნა, ამას მოჰყვა ცხოვრება ლონდონში, 1909 წელს კი, მეუღლესთან, დაშა ნოდვიკოვასთან ერთად, ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად.

                       ნიჭიერი გამომგონებელი

იმ დროს ამერიკაში ბლომად იყვნენ რაჭველები, რომელთა ნაწილი მამა-პაპური ხელობით _ მეპურეობით იყო დაკავებული. მათი დახმარებით გიგო ნიუ-იორკში მოეწყო და თავდაპირველად პურის ცხობით ირჩენდა თავს. ამის შემდეგ, 9 წლის განმავლობაში მეუღლესთან ერთად იმუშავა `ჯენერალ ელექტრიკის~ ფირმაში და ფულს აგროვებდა საკუთარი საქმის წამოსაწყებად. გიორგი კობახიძე იშვიათი გამომგონებლური ნიჭით გამოირჩეოდა. მისმა შექმნილმა ავტომატურმა საწერ-კალამმა რამდენიმე პატენტი მიიღო. ვაჭრობდა საკანცელარიო ნივთებითაც. 1919 წელს გრიგოლ კობახიძემ მასაჩუსეტსის შტატში დიდი ქარხანა გამართა. 1922 წლიდან მისი ფირმა 45 დასახელების მინას უშვებდა. ასე გახდა გიორგი კობახიძე ამერიკელი მილიონერი _ ჯორჯ კობი. მილიონერის სტატუსის მიუხედავად გრიგოლ კობახიძე უსაქმოდ არასდროს ყოფილა – 60-ზე მეტი პატენტი შექმნა, რომელიც მის სახელს პრესტიჟს მატებდა.

                      დაბრუნება სამშობლოში

გრიგოლ კობახიძე მთელ დროს ბიზნესს უთმობდა, მაგრამ სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის თვალყურს ადევნებდა. იგი სიხარულით შეხვდა საქართველოს დამოუკიდებლობას. დიდი სურვილი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებულიყო და აქ გაეგრძელებინა თავისი საქმე, მაგრამ მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა, რის გამოც ვერ შეძლო. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგაც სურდა საქართველოში მინის დიდი ქარხნის აგება, მაგრამ ბოლშევიკებთან მოლაპარაკებები ჩაიშალა. 1924-28 წლებში ორჯერ ჩამოვიდა საქართველოში. აქტიურად ეხმარებოდა თავის სოფელს: მხარში ედგა გაჭირვებულებს, ააშენა სკოლა, აფთიაქი, შეაკეთა ეკლესია, გახსნა და საქონლით მოამარაგა სავაჭროები, მოაგვარა სოფლის წინაშე არსებული მრავალი პრობლემა. მიუხედავად ამისა, ბოლშევიკებმა მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს, ამიტომ, გრიგოლ კობახიძე იძულებული გახდა სასწრაფოდ გასცლოდა სამშობლოს.

                    ცხოვრება "დიდი დეპრესიის" მარწუხებში

1929 წელს ამერიკაში არნახული ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რომელიც 1933 წლამდე გაგრძელდა. `დიდი დეპრესიის~ პერიოდში ჯორჯ კობის საწარმომ მილიონები დაკარგა. კობი ბედს არ შეურიგდა და თავდაუზოგავი შრომით კვლავ მოახერხა ფეხზე წამოდგომა. თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელითაც აკეთებდა. საწერ-კალმებისა და საკანცელარიო ნივთების ბიზნესიც გაიხსენა და მუშტარიც გაიჩინა. 1941 წ. 7 დეკემბერს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები  მეორე მსოფლიო ომში ჩაება, ჯორჯ კობმა ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა ამერიკის მთავრობას და ფინანსური დახმარება ითხოვა, რათა მინის წარმოება აღედგინა საომარი შეკვეთებისათვის. მან სახელმწიფოსგან დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და 2 მილიონი დოლარი. როდ აილენდის შტატის ქ. პატაკეტში  გახსნა ქარხანა, რომელიც უშვებდა პროდუქციას ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიებისათვის, საველე ჰოსპიტლებისა და საავადმყოფოებისათვის. მან მალევე გაისტუმრა მთავრობის ვალი და კაპიტალის დაგროვებას შეუდგა.

ქველმოქმედი მილიონერი

გიორგი კობახიძე ქველმოქმედებას ამერიკაშიც არ წყვეტდა: გააუმჯობესა მუშების ცხოვრების  დონე, დააწესა წამახალისებელი ჯილდოები, დახმარებები მრავალშვილიანი თანამშრომლებისათვის და ა.შ... გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდა სიკეთეს, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ამერიკასა და ევროპაში ცხოვრობდნენ. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ჯორჯ კობმა თავის წარმოებაში კიდევ ერთი სიახლე დანერგა და ნაძვის ხის სათამაშოების დამზადება დაიწყო: მან შექმნა ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლები, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა. ის ფერადი მინისაგან ამზადებდა სხვადასხვა ფორმის სათამაშოებს, რომელიც ყველას ძალიან მოსწონდა... ბიზნესში მიღწეული წარმატების პარალელურად, ჯორჯ კობი თანდათან შორდებოდა სამშობლოს: საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო იძულებული გახდა საერთოდ შეეწყვიტა თავის ოჯახთან და ახლობლებთან ურთიერთობა. გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა _ 1967 წელს. მის მიერ შექმნილი საახალწლო ნათურები კი, დღესაც მილიონობით ადამიანს ულამაზებს შობა-ახალი წლის დღეებს.

 

თარიღი: 2019/01/11