როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც სესხის გადახდის დრო მოდის, საჭირო თანხა კი არ გვაქვს
რა დროს ითვალისწინებს ბანკი მომხმარებლის ინტერესებს?

საბანკო კრედიტი - ეს ის ტერმინია, რომელიც მოსახლეობის კვალიფიციური უმრავლესობის ცხოვრებისთვის თანმდევი და ნაცნობია. სასესხო ხელშეკრულებებით ”დახუნძლული“ ოჯახების რაოდენობის სტატისტიკაც ამაზე მოწმობს, რაც, თავის მხრივ, აყალიბებს მეორე სტატისტიკას იმაზე, რომ საქართველოში დღემდე ვერ მოხერხდა მკაცრად ჩამოყალიბებული საშუალო ფენის ფორმირება. შესაბამისად მსესხებლის გადახდისუუნარობა სცილდება სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებს და გარდაიქმნება სოციალურ პრობლემად. ამასთან საბანკო ბაზარზე, კომერციული ბანკებთან ერთად, მომრავლდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები,  რომელიც სწრაფი სესხის გაცემის სისტემის სიმარტივით მოქალაქეების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს იზიდავს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოქალაქისთვის, სახლიდან გაუსვლელად, რამდენიმე ინტერნეტოპერაციის შესრულება ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე ბანკში საათობით ლოდინი. ამასთან, სესხის დამტკიცების ალბათობაც პირველ შემთხვევაში ბევრად მაღალია. მიუხედავად სესხის აღების სიმარტივისა, მისი გადახდა ასეთივე მარტივი როდია. თვიდან თვემდე გადახდის თარიღი იმდენად სწრაფად მოდის, თითქოს წინა თვის პროცენტი გუშინ შევიტანეთ.  ერთდღიან ვადაგადაცილებასაც კი მოჰყვება გაუთავებელი ზარები, თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებები ბანკების მხრიდან გადაუხდელობის შემთხვევაში შესაძლო სამართლებრივი ღონისძიებების დაწყების შესახებ.

სამომხმარებლო კრედიტის ფართო გავრცელების მიუხედავად, იგი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე რთულ და პოტენციური რისკის შემცველ ხელშეკრულებად, რომელსაც მომხმარებელი დებს თავისი პირადი და საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მისგან გამოწვეული პრობლემები ცივილიზებულ ქვეყნებში წყდება კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც მიმართულია მოვალე-მსესხებლის მდგომარეობის შემსუბუქებისკენ და არა მათ მიმართ სანქციების გამკაცრებისკენ. საქართველოში მთავარი პრობლემა, ამ კუთხით, არა იმდენად კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, არამედ მომხმარებლის სკეპტიკური დამოკიდებულება და შიშია სასამართლო სისტემის და  უშუალოდ, მის წინააღმდეგ მოქმედი ბანკების ფინანსური და იურიდიული სიძლიერის მიმართ. ბუნებრივია ისიც, რომ მსესხებელი,  რომელსაც თვის ბოლოს სესხის პროცენტის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს, ვერც იმის ფინანსურ შესაძლებლობას ხედავს, რომ დაიქირაოს კვალიფიციური ადვოკატი და წარმატებით დაიცვას საკუთარი უფლებები, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით სავსებით შესაძლებელია. მაგრამ როდესაც დარიცხული ჯარიმების ოდენობა უკვე მნიშვნელოვან ნიშნულს აღწევს, სასამართლო (რომელსაც არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ ბანკის პოლიტიკა გაატაროს) თქვენთვის საუკეთესო გამოსავალია.

ხსენებულ საკითხზე „ბიზნესპოსტი“ პრობლემურ მსესხებელთა დაცვის ორგანიზაციის“ იურისტს,  კახა ჩიდრაშვილს ესაუბრა.

-პირველ რიგში, როდესაც პრობლემურ სესხზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, განვმარტოთ, როდის ითვლება მსესხებელი გადახდისუუნაროდ და რა შემთხვევაში ითვლება სესხი პრობლემურად?

- ადამიანი, რომელიც სესხს იღებს, როგორც წესი, დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან ამ სესხს დააბრუნებს. ის ყველანაირად ცდილობს კიდეც, რაც შეიძლება სწრაფად და თავის ვადებში დააბრუნოს, გამომდინარე იქიდან, რომ სესხს თავისი საპროცენტო განაკვეთები აქვს. თუმცა ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული მდგომარეობიდან გამომდინარე, მსესხებელს შეიძლება წარმოექმნას ფინანსური პრობლემები, ან დაკარგოს სამსახური, რის გამოც მას პერიოდულად გადახდებში „ჩავარდნები“ გაუჩნდეს. გარდა ამისა სესხი პრობლემურად მაშინ ითვლება, როდესაც პროცენტის, ან ძირითადი თანხის გადახდა 90 დღით, ან მეტი ხნით გვიანდება ან  საპროცენტო განაკვეთის კაპიტალიზება-რეფინანსირება ხდება.

- როგორია პირველადი და ამავდროულად, ოპტიმალური გამოსავალი ამ კატეგორიის მსესხებლებისთვის (როდესაც საქმე გვაქვს კომერციულ ბანკთან)? 

-ასეთ დროს მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ბანკს და აცნობოს გადახდისუუნარობის შესახებ. ბანკს კი, თავის მხრივ, შეუძლია კლიენტს შესთავაზოს საშეღავათო პერიოდი ან „რესტრუქტურიზაცია“ ნორმალური პირობებით. ეს უკანასკნელი კი ნიშნავს ძველი სესხის გადაფარვას და ახალი სესხის აღებას უფრო ხანგრძლივი ვადით და შემცირებული ყოველთვიური საპროცენტო შენატანით. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბანკს ასეთ პრობლემურ შემთხვევაში, აქვს შესაძლებლობა, შეუცვალოს მსესხებელს გადახდის პირობები. თავის მხრივ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მომხმარებელი მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოს ბანკთან მოლაპარაკების დროს, რადგანაც არის შემთხვევები, თუ ნაკლებად კეთილსინდისიერი კრედიტოფიცერი შეგხვდათ, მაშინ, რესტრუქტურიზაცია მოხდეს უფრო მაღალი პროცენტით. გადახდის პერიოდიც დიდად არ იცვლება, რადგან გადახდის ვადა რჩება თითქმის იგივე, ყოველთვიური შენატანი მცირედით კორექტირდება, ამიტომ მომხმარებელი გამოდის მოტყუებული და საბოლოო ჯამში, შეიძლება იმაზე მეტის გადახდა მოუწიოს, ვიდრე თავდაპირველი სესხის შემთხვევაში. მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ ბანკმა საშეღავათო პერიოდი მისცა, მაშინ არც ბანკი ზარალდება და არც გადამხდელი, რადგანაც ამ დროს სესხს ან მინიმალური საჯარიმო პროცენტები ერიცხება, ან არის შემთხვევები (თუმცა იშვიათად) როცა ბანკი პროცენტის დარიცხვას საერთოდ აჩერებს.

- ზემოხსენებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა სავალდებულოა, თუ კანონით ბანკებს მომხმარებლის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულება არ გააჩნიათ ?

-პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს მათ კეთილსინდისიერებაზე, მათ ნებაზეა დამოკიდებული. ზოგადად, ბანკებს უჭირავთ სტანდარტული პოზიცია, რომლის მიხედვითაც, ის მომხმარებელს სთავაზობს სტანდარტულ პირობებს, რომელსაც მსესხებელი სესხის აღებისას თანხმდება. შესაბამისად, მსესხებელი ინფორმირებულია იმაზე, თუ რა ვადაში, რა პირობით და რა პროცენტით უწევს გადახდა. მაგრამ ამავე დროს სასურველი იქნება, თუ მსესხებელი  ბანკს დაუპირისპირდება იმ პრინციპით, რომლსაც სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილი ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც, შეცვლილ გარემოებებთან მიმართებით უნდა შეიცვალოს ხელშეკრულების პირობებიც.

- გაცემული სესხის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ბანკები გასცემენ მსესხებელზე, არის თუ არა სრული და მოიცავს თუ არა მის ყველა პირობას ?

- კრედიტოფიცერი, როდესაც მომხმარებელზე სესხის თაობაზე გასცემს ინფორმაციას,  ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციით, ვალდებულია ხელშეკრულებას თან დაურთოს თავსართი, რომელზეც ყველა ძირითადი ინფორმაცია იქნება დატანილი. მაგალითად საპროცენტო განაკვეთი, ღირებულება, სესხის მთლიანი მოცულობა. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ როდესაც კრედიტოფიცერი მომხმარებელს ეუბნება, რომ სესხი გაცემულია, პირობითად,  X პროცენტით, ის არ ეუბნება ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც მომხმარებლის გადასახდელია და მოიცავს ბანკის მომსახურების ხარჯებს, შესაბამისად მსესხებელს ერთმევა შესაძლებლობა ამა თუ იმ ბანკის მომსახურება შეადაროს ერთმანეთს და ისე გააკეთოს არჩევანი. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესები არ ითვალისწინებენ ბანკების ვალდებულებას, გაასაჯაროონ სამომხმარებლო სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და გააცნონ იგი საზოგადოებას. ეს გარემოება კი მნიშვნელოვნად ამცირებს ამ განაკვეთის ინფორმაციულ დატვირთვას, რის შედეგადაც მომხმარებლის უფლება, მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია სასესხო განაცხადის შეტანამდე, არ არის რეალიზებული.

-რა პრინციპით ხდება საპროცენტო განაკვეთის დადგენა , მომხმარებლები ხშირად უჩივიან სესხის მაღალ პროცენტში დამტკიცებას  და რამდენადაა კავშირში ეს მათ გადახდისუნარიანობასთან ?

-უმეტეს შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ბანკებს აქვთ 25%-იდან ზემოთ. უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთი არის იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტოფიცერი ინფორმირებულია თქვენს ფინანსებზე (მაგ: ფლობ რამდენიმე ანგარიშს ან გერიცხება ხელფასი იმავე ბანკში). ასეთ სესხს ბანკები უზრუნველყოფილ სესხს უწოდებენ და შესაბამისად, პრაქტიკაში ასეთ მსესხებლებზე, რომლებზეც გარანტირებული აქვთ გადახდა სესხის დაბალ პროცენტში (9-10%) გასცემენ. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ნაკლებად უზრუნველყოფილია და აქვთ წინასწარი მოლოდინი, რომ სესხი პრობლემური გახდება, უმტკიცებენ 25%-დან ზემოთ. რა თქმა უნდა, უსაზღვროდ დიდი პროცენტი მათთვისაც არაა მიღებული, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმუმ, შეუძლია გასცეს 150%-ით (მთლიანად - ძირს დამატებული %, მაქსიმუმ 250 %), რადგან ამ პოლიტიკით გაშავებული და მოვალეთა რეესტრში აღრიცხული მომხმარებელთა რაოდენობის გათვალისწინებით, ბანკს კლიენტი ფიზიკურად აღარ ეყოლება.

-თუ ბანკს უკვე შეტანილი აქვს მსესხებლის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში, საქმის მსესხებლისთვის წარმატებით დასრულების რა შანსი არსებობს?

-მნიშვნელოვანია საქმის წარმოების რა ეტაპზე მიმართავს მომხმარებელი ადვოკატს. თუ მომხმარებელი დროულად ჩაერთო საპროცესო მოქმედებებში და წარადგინა საპროცესო დოკუმენტები, სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება საწყისი ხელშეკრულების ვადის ძალაში დატოვების ან მისი ერთ წელზე გადანაწილების შესახებ. ამასთან სასამართლო გზით ხდება თავდების პასუხისმგებლობის შემცირებაც.

-რა ვითარებაა ამ კუთხით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მიმართებაში?

-რაც შეეხება ონლაინ სესხებს, ისინი მოქმედებენ იმ პოლიტიკით, რომ არ აქვთ დიდი საპროცენტო განაკვეთები, თუმცა ჯარიმები დიდია. არ ხდება მომხმარებლის მიერ მითითებული მონაცემების და შესაბამისად, მისი გადახდისუნარიანობის შემოწმება, რადგანაც ამ შემთხვევაშიც, მათ წინასწარ აქვთ გათვლილი, რომ სესხების უმეტესობა აუცილებლად გაპრობლემდება და მომხმარებელი ვერ დააბრუნებს მას ერთი თვის ვადაში. ამასთან, გადავადების საფასურიც დიდია, რაც მათ მიერვე აიხსნება იმით, რომ პირობითად 10 გაცემული სესხიდან სტატისტიკურად მხოლოდ სამი აბრუნებს ვალს და მთლიანად გაცემული სესხის ოდენობის დაბალანსება ხდება ამ სამის ხარჯზე. ამ შემთხვევაში არამხოლოდ იმ შედეგამდე მივდივართ, რომ ორგანიზაციამ მოგება ვერ მიიღო, არამედ ორგანიზაცია ერთი ადამიანის ხარჯზე ცდილობს დააბალანსოს ის, რაც სხვებისგან ვერ მიიღო და გავიდეს იმ მოგებაზე, რომელიც მას არ ეკუთვნის.

- რა სამართლებრივი საშუალებები შეუძლიათ გამოიყენონ ორგანიზაციებმა თუ მსესხებელი არ აბრუნებს ვალს ?

- როდესაც მსესხებელი ვერ ან არ იხდის თანხას, სესხი ამოსაღებად გადაეცემა გარე კორექტორ კომპანიას (ე.წ პრობლემურ განყოფილებას), რომელსაც აქვს ორი შესაძლებლობა: შეიტანოს სარჩელი კლიენტის წინააღმდეგ სასამართლოში, ან გამარტივებული სააღსრულებლო წარმოებისთვის მიმართონ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. პრაქტიკაში ეს კომპანიები ჯერ იყენებენ კლიენტზე ზეწოლისა და დაშინების მექანიზმებს, რომელიც ხშირად მუქარის შემცველ ტექსტებსაც შეიცავს. იმუქრებიან დაპატიმრებით, სახლის დაყადაღებით, ანგარიშების დაბლოკვით. მათი ფანტაზია იქამდეც მიდის, რომ ზოგჯერ მომხმარებელს ეცნობიან სასამართლოს (მოსამართლის) ან აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით. ყოველივე ზემოჩამოთვლილის უფლება კი მათ, რა თქმა უნდა, არ აქვთ, თუმცა ბოროტად სარგებლობენ მოქალაქეების მდგომარეობით, რომელთა უმეტესობამ არ იცის მისი უფლებები და მათი დაცვის ხელმისაწვდომი საშუალებები.

-თუმცა სესხის ამოღების კანონიერი გზა დაშინებაზე არ გადის... 

-როგორც ზემოთ აღვნიშნე, გარე კორექტორ ორგანიზაციას ორი კანონიერი საშუალება აქვს: მიმართოს ან პირდაპირ სასამართლოს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს. უკანასკნელ შემთხვევაში, ბიურო ვალდებულია და უგზავნის კიდეც მსესხებელს უწყებას, რომელიც შეიძლება მას დროულად არ ჩაბარდეს, მაგალითად, სხვა მისამართზე გაგზავნის გამო. ასეთ დროს ბიუროს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება კომპანიის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე და გამოსცემს შესაბამის ინდ. აქტს. სხვა მისამართზე გაგზავნა ხშირად თვითონ მომხმარებლის ბრალეულობით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომელმაც,  შესაძლოა, ან არასწორად მიუთითა მისამართი, ან შემდგომ შეიცვალა და არ შეატყობინა ამაზე კრედიტორს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ მსესხებელიც პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს მისივე ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ თუ აღნიშნული უწყება ჩაგბარდათ, 10 დღის ვადაში გაქვთ შესაძლებლობა, ბიუროს მიწეროთ წერილი და არ დაეთანხმოთ კომპანიის მოთხოვნას, რის საფუძველზეც ბიურო წყვეტს საქმის წარმოებას და მოსარჩელის (გარე კორექტორი კომპანიის) სურვილის შემთხვევაში, საქმე განსახილველად უკვე სასამართლოს გადაეცემა.

-კომერციული ბანკების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთის გადახდით, თუმცა კი უმეტესად მცირედით, მაგრამ მაინც ხდება სესხის ძირის შემცირება, როგორია სიტუაცია ამ მხრივ მიკროსაფინანსოებთან მიმართებაში?

-ამ შემთხვევაში განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს, რადგანაც გადავადების საფასური ძირს არ აკლდება და მსესხებელს ერთი თვის გასვლის შემდეგ პროცენტთან ერთად იგივე ძირი თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნია. ამიტომ, ამ დროს ვიღებთ მდგომარეობას, როცა მსესხებელს პერიოდული გადახდებით (გადავადებით) გარკვეული დროის შემდეგ სესხის ძირი თანხის ოდენობა, ფაქტობრივად, გადახდილი აქვთ, მაგრამ ის მაინც რჩება გადასახდელად მათ მიერ შეთავაზებული სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე.

-შესაძლებელია თუ არა ამ პირობის გაბათილება ?

-დიახ, ამ პირობის გაბათილება შესაძლებელია სასამართლო გზით, მაგრამ ერთგვაროვანი პრაქტიკა გაბათილებაზე არ არსებობს. ასეთ დროს არსებობს სასამართლო გადაწყვეტილების ორი შედეგი. პირველი, როცა გადავადების საფასური ითვლება ძირ თანხაში და შესაბამისად, მსესხებელს აღარ უწევს სესხის თანხის გადახდა, და მეორე შემთხვევა, როცა სასამართლო არ თვლის პერიოდულ გადახდებს ძირ თანხაში, თუმცა შეუსაბამოდ მაღალ დარიცხულ ჯარიმას ამცირებს მინიმუმამდე და ამასთან, ხდება სესხის თანხის გადანაწილება გარკვეულ პერიოდზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორი ვარიანტიდან გამომდინარე, რომელი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს მოსამართლემ, სასამართლო მომხმარებლის გამოსავალია, რაზეც პრაქტიკაც მეტყველებს. უმეტესად ეს ორგანიზაციები მიზერულ თანხაზეც კი შეუსაბამოდ მაღალ ჯარიმას აკისრებენ, მაგრამ არის შემთხვევები როცა სასამართლოს მათ მიერ მოთხოვნილი 5000 თუ 6000 ლარი საჯარიმო თანხა შეუმცირებია 150 ლარამდე. ამ მხრივ, სასამართლო პრაქტიკა ძალიან კარგია.

- მაგრამ შეიძლება პერიოდული გადახდებით მსესხებელმა ძირ თანხაზე მეტიც კი გადაიხადოს, ამ შეთხვევაში რამდენად პერსპექტიულია დავა სხვაობის უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით ?

- ისეთ შემთხვევაში, როცა პერიოდული გადახდებით სესხის ძირ თანხაზე მეტი აქვს მსესხებელს შეტანილი და სასამართლომ ძირად არ ჩაუთვალა, გამოდის, რომ ამ დროს ეს ორგანიზაცია უსაფუძვლოდ გამდიდრდა. გადახდილი თანხისა და ძირის სხვაობის უკან გამოთხოვა კი, პრაქტიკულად, შეუძლებელია. რადგანაც იყო სესხი, იყო გადახდის ვალდებულებაც.

- ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მსესხებელი აღარ პასუხობს მიკროსაფინანსო კომპანიების ზარებს, ისინი კი უკავშირდებიან მსესხებელთან დაკავშირებულ დაახლოებულ პირებს, უმეტესად ოჯახის წევრებს და ატყობინებენ მის საკრედიტო მდგომარეობას. რამდენად აქვთ მათ ამის კანონიერი უფლება და ხომ არ ჩაითვლება ეს პირადი მონაცემების გამჟღავნებად?

- მესამე პირებზე ინფორმაციის გაცემა ზოგადად არ შეიძლება, თუმცა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თუ პირმა გამოთქვა თანხმობა ასეთი ინფორმაციის გაცემის თაობაზე, მაშინ დასაშვებია. რადგანაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ხელშეკრულებაში, რომლებსაც უმეტესად მომხმარებელი წაუკითხავად ეთანხმება,  ეს პირობაც აქვთ გათვალისწინებული,  ამ კუთხით მათ ვერ შევედავებით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი თანამშრომლობს ოპერატორთან, პასუხობს მათ ზარებს ან მიდის მათთან მოლაპარაკებებზე, დაუშვებელია ზემოხსენებული ინფორმაციის მესამე პირებზე გაცემა. 

- რა განსხვავებაა ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით კომერციულ ბანკსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას შორის და როდიდან წარმოეშობათ მათ ამის უფლება?

- ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით განსხვავება მასშტაბშია. თუ კომერციული ბანკის მოთხოვნა სასამართლომ დააკმაყოფილა, ის იღებს სააღსრულებლო ფურცელს, რის საფუძველზეც თანხის ამოსაღებად ბანკი გაგიყიდით ყველაფერს, რაც გაგაჩნიათ და შესაძლებელია, კიდევ შემოგედავოთ, რომ რეალიზაცია კრედიტის დასაფარად არასაკმარისია. მიკროსაფინასო ორგანიზაციები კი აღსრულების ეტაპზე, როცა ამის შესაძლებლობას მათ მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აძლევს, უფრო მსუბუქად გამოდიან, მაგალითად : ანგარიშების დაყადაღება ან ნივთების რეალიზაცია. 

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავინ დავობს იმაზე, რომ, როცა სესხს ვიღებთ,  უკანაც უნდა დავაბრუნოთ, თუმცა გონივრული პირობით და გონივრულ ვადაში. სასამართლოში დავის წამოწყება არ არის მხოლოდ ბანკების უფლება, მას მსესხებელმა სესხის ჯარიმის არასაფუძვლიანობაზე უნდა მიმართოს. მაშინაც კი, თუ ხელშეკრულებით ამაზე წინასწარ უკვე დათანხმდა, რადგანაც ბათილია, ბათილია ხელშეკრულების ის პირობაც, რომელიც მეორე მხარეს (ამ შემთხვევაში მომხმარებელს) შეუსაბამოდ მაღალი თანხის გადახდას აიძულებს.

თარიღი: 2018/04/30