სოფელი "გაპიარდა" - რა როლი აქვს სწორად დაგეგმილ მარკეტინგს აგროწარმოებაში
ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში სოფლის მეურნეობა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს, მით უმეტეს,  რომ ბოლო წლებში ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით საგრძნობლად  გაზრდილია.  ამ მხრივ, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები ლიდერობენ, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა არსებობს.  2016 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის 42.8% (1,591.9 ათასი ადამიანი) სოფლად ცხოვრობს. ბოლო პერიოდში ახალგაზრდობის რეგიონებში დაბრუნების ტენდენციაც იგრძნობა. ამ ფონზე ახალგაზრდა აგრომეწარმეების რიცხვის ზრდის ფაქტებია განსაკუთრებით სასიხარულო.  ახლა მთავარია, ცალკეული სახელმწიფო პროგრამებიდან და კერძო  სექტორის  (სურვილის შემთხვევაში) მონდომებიდან გამომდინარე, რაც სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, ამ ტენდენციის შენარჩუნება და კიდევ მეტად გააქტიურება მოხერხდეს. ამისთვის კი, პირველ რიგში, მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციაში ხელშეწყობაა საჭირო. რადგან სოფლის მეურნეობის როლი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ხოლო, თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ ბერკეტს სწორი და კარგად დაგეგმილი  მარკეტინგი წარმოადგენს, ახალბედა მეწარმეებმა ყურადღება, პირველ რიგში, ამ მიმართულებაზე უნდა გაამახვილონ.   

როგორ აწყობენ ახალგაზრდა აგრომეწარმეები საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის გეგმას, რა პრობლემების წინაშე დგებიან კონკრეტული ქმედებების განხორციელების პროცესში, უჭირთ თუ არა მარკეტინგული თვალსაზრისით და როგორ ეხმარება მათ სახელმწიფო, - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე  „ბიზნესპოსტი“ რამდენიმე ახალგაზრდა აგრომეწარმეს გაესაუბრა.

მამუკა ჯუღელი (20 წლის ბიზნესმენი):  მე და ჩემს მეგობარ როლანდ ნაჭყებიას კახეთში სოფ. ბაკურციხეში,  უკვე 6 თვეა, კურდღლების ფერმა გვაქვს. ეს დარგი ადრე ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ მერე, რატომღაც, აღარავის აინტერესებდა. ახლა სფერო თანდათან ისევ პოპულარული და მოთხოვნადი ხდება, მარჟა საკმაოდ მაღალი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა მაღალია, ხოლო მიწოდება ბევრად ნაკლები. თუმცა, მგონი, ახლა კონკურენციაც იზრდება, ამ ბიზნესით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება, გაყიდვები სტანდარტულად ხორციელდება - რესტორნებისთვის და საჯიშედ.

- რაც შეეხება გაყიდვებს, რაიმე ტრენინგები თუ გაქვთ გავლილი ამ მიმართულებით, რომელიც, ვთქვათ, სახელმწიფოს მხრიდან იყო შემოთავაზებული და ზოგადად, თქვენი აზრით, რა როლი ენიჭება აგროწარმოებაში სწორად შერჩეულ მარკეტინგს?

- სახელმწიფო მხრიდან ნაკლებად თუ შეხვდები მსგავს ტრენინგებს, განსაკუთრებით მარკეტინგის მიმართულებით, ზოგადად, სოფლის მეურნეობაში ყველაზე დიდი ნაკლი სწორედ თანამედროვე და ინოვაციური მიდგომებისა და  განათლების გაზიარების ნაწილში აქვს სახელმწიფოს. მეწარმეთა სკოლის ერთ-ერთი გამარჯვებული ვარ (დაფინანსებაც ამ პროექტიდან მოვიპოვე). ეს სახელმწიფო პროექტი არაა, იუესაიდის, ,,ფიეიჩინთერნეიშენალის” და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,კრისტალის” ხელშეწყობით განხორციელდა.  პროექტი რამდენიმეთვიან ტრენინგების სერიასაც მოიცავდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მონაწილეებისთვის. ზოგადად, ჩემი პირადი დამოკიდებულებით,  მარკეტინგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მგონია ნებისმიერი ბიზნესის განვითარებისთვის და აუცილებელიც, მათ შორის, სოფლის მეურნეობაში. დამწყებებს ვურჩევდი იმას, რომ ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს არ შეხედონ მარტივად, ზედაპირულად. თუ თავად არ აქვთ ცოდნა, სხვა დაიქირაონ, დაიხმარონ, ან რაც შეიძლება მეტ ინფორმაციას გაეცნონ... მარკეტინგი არ არის მხოლოდ პიარი და სოციალურ ქსელებში დადებული პოსტები, დიდი გაყიდვები დიდი მარკეტინგის შედეგია.

 კომპანიების ბრენდად ფორმირება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სარეკლამო კამპანიის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაზე. თანამედროვე პირობებში, კონკურენტულ გარემოში კომერციული საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება წარმოუდგენელია კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული სარეკლამო კამპანიის გარეშე. თუმცა ზოგიერთი მეწარმე საკუთარი ნაწარმის რეალიზაციის  მართვას თავადვე  და როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, არცთუ ისე წარუმატებლად ახერხებს.

მაგალითად, საგარეჯოელი ფერმერი ნოდარ ლატიბაშვილი, რომელიც მევენახეობა-მებაღეობით არის დაკავებული, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს,  რომ გაყიდვებს ძირითადად ინტერნეტით ახორციელებს და საკუთარ პროდუქციას, მეტწილად, „ფეისბუქის“ საშუალებით „აპიარებს“. იმავეს ამბობს ახალგაზრდა მეწარმე გიორგი სეხნიაიძე თუშეთიდან, რომელიც თუშურ ბალახეულ ჩაის ამზადებს:

,,რა თქმა უნდა, რეკლამა საკმაოდ ბევრ რამეს განსაზღვრავს,  დაწყებული პროდუქციის სახელიდან (პირადი გამოცდილებით), თუმცა...  უმთავრესი მაინც ხარისსხია, რომელიც უზრუნველყოფს მომავალში ბიზნესის წარმატებას. მე, პირადად, თავად უზრუნველვყოფ საკუთარი წარმოების მარკეტინგს და შედეგით უკმაყოფილო არ ვარ. სწორედ ფეისბუქის საშუალებით გავაპიარე ჩემი ნაწარმი, მისი საშუალებით დამიკავშირდა რამდენიმე ჟურნალისტიც, შემდეგ გაშუქდა და ნელ-ნელა პოპულარულიც გახდა ჩემი ბიზნესი. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდო მომხმარებელს  ბალახეული ჩაის შესახებ. ბოლო პერიოდში ბევრმა ახალგაზრდამ მიჰყო ხელი სოფლის მეურნეობას, რის გამოც სოფელი უფრო "გაპიარდა". მე ვფიქრობ და ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ 21-ე საუკუნის საშველი სწორედ სოფლის მეურნეობაშია, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან სწორი პროექტების გატარება ამ სფეროში, ალბათ, მაინც გადამწყვეტია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნანა ჩინჩალიკაშვილის თქმით,  სახელმწიფო ამ მიმართულების განვითარების პროცესში აქტიურად არის ჩართული და შესაბამისად, აქტიურად ეხმარება ფერმერებს საკუთარი ნაწარმის პოპულარიზაციაშიც.

- ,,სტარტაპერები რომლებმაც სახელმწიფო ხელშეწყობით დაიწყეს ადგილობრივი ბიზნესი ,,აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში,  ხშირად მიგვყავს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებზე. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ვიყავით ბერლინში, სადაც ,,სტარტაპერებს“ მიეცათ საშუალება, ევროპაში გაეტანათ საკუთარი ბრენდი და გაეწიათ პოპულარიზაცია. აღნიშნული გამოფენების ხარჯებს სახელმწიფო უზრუნველყოფს. რაც შეეხება, მეწარმეებთან ურთიერთობას, ყველანაირად ვცდილობთ გახსნილები ვიყოთ,  ცხელი ხაზის, სოციალური ქსელის, ასევე საჯარო წერილების საშუალებით. აქტიური კომუნიკაცია გვაქვს ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებთან.  მოგეხსენებათ, ეს კერძო ბიზნესია, რომელშიც სახელმწიფო ვერ ჩაერევა, ჩვენ ჩვენი მიმართულება გვაქვს, რომელიც ბაზრების დივერსიფიკაციას გულისხმობს,  თუმცა  აქტიურად  ვეხმარებით მათ მარკეტინგულ ღონისძიებებში“ -  აცხადებს ჩინჩალიკაშილი.

აღსანიშნავია, რომ  2016 წელს საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების 2017-2020 წლის სტრატეგია წარადგინა.

სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება  საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირის (EU) დახმარებით და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში გაეროს ორი სააგენტოს — გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით განხორციელდა.

სტრატეგია  საქართველოს სოფლის განვითარების ახალ ხედვას წარმოადგენს, რომელიც ამ სფეროში საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას ეყრდნობა. მისი მიზანია ადგილობრივი ბიზნესის განვითარება,  სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესება.

თარიღი: 2018/04/30