30 წელი ტექნოსფეროს მიუწვდომელ სამოთხემდე - რას გვიქადის 21-ე საუკუნე
რეი კურცვეილის ფუტუროლოგიური პროგნოზი

აწმყოში დაგეგმილი მომავალი - ხვალინდელი დღე, რომლისთვისაც საქმიანი ადამიანები მთელი ძალისხმევით იღწვიან. თითოეულის ფანტაზია, რომელიც ხვალ რეალობად შეიძლება იქცეს, დღეს სწორად დაგეგმილ საქმეს უკავშირდება.

სფერო და მიმართულება, რომელმაც ბიზნესმენის წარმატებული მომავალი უნდა განსაზღვროს, სწორ და ფაქიზ შერჩევას მოითხოვს. ბიზნესი, რომელიც ყოველთვის ხარჯით  (გარკვეული კაპიტალდაბანდებით) იწყება და ბიზნესმენს მოგებას მხოლოდ მომავალში უქადის, ყველა შემთხვევაში,  ხანგრძლივ სამომავლო პერიოდზე უნდა გაითვალოს.

ვიქტორიანული ეპოქის ადამიანები 100 წლის შემდეგ არსებულ მოძრავ ტროტუარებზე ოცნებობდნენ ან ისეთ სახლებს წარმოიდგენდნენ, რომელთა რელსებზე გადაადგილება იქნებოდა შესაძლებელი. ბევრი მათგანი პირად დირიჟაბლზე ფიქრობდა, ბევრს კი გაცილებით უფრო შორს მიმავალი ამბიციური გეგმების განცხორციელების იდეა არ ასვენებდა. რამდენიმე  მათგანმა  ხორცი მე-20 საუკუნეში მართლა შეისხა, თუმცა...

21-ე საუკუნის ადამიანებს განსხვავებული ოცნებები და ფანტაზიები აქვთ. ციფრული ეპოქა, რომელშიც „ჭკვიანი ტექნოლოგიები“ და „ხელოვნური ინტელექტი“ ჩეულებრივი საქმეა, გაცილებით მეტ შესაძლებლობებს იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევანი დიდია და ყველა მიმართულებას თავისი ხიბლი აქვს, ბიზნესის წამოსაწყებად მაინც არსებული რეალობისა და სამომავლო პროგნოზების გათვალისწინება ხდება აუცილებელი.

სფერო, რომელსაც არსებობა-განვითარების ხანგრძლივ პერსპექტივას უწინასწარმეტყველებენ, სტარტაპისთვის იდეალურ მიგნებად ითვლება. ბუნებრივია, მომავლის პროგნოზირება არცთუ ისეთი მარტივი საქმეა და მკითხაობაც უსასრულო მასშტაბით არის შესაძლებელი, მაგრამ...

დაინტერესებულ პირებს საქმის გამარტივების შესაძლებლობაც ეძლევათ.  მაგალითად,  საკუთარი მომავლის დასაგეგმად, ტექნიკური სფეროთი დაინტერესებულმა ადამიანებმა Google-ის ტექნიკური დირექტორის, ფუტუროლოგის, რეიმონდ კურცვეილის ფუტუროლოგიური პროგნოზი უნდა შეისწავლონ. სფეროს ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ის ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც კარგად იცის, უახლესი მომავლისგან რას უნდა ველოდოთ.  

რეი კურცვეილი ტექნიკური მიღწევების პროგნოზებს 1990 წლიდან აქვეყნებს. მისი წინასწარმეტყველებით, 25 წლის განმავლობაში ჩაწერილი ინტერვიუებით, ლექციებით, წიგნებითა და ბლოგებით, 2019-2099 წლის სავარაუდო მომავლის ისტორიის თვალწინ გადაშლა ხდება შესაძლებელი. კურცვეილი თვლის, რომ ჩვენი მომავალი ტექნოსფეროს წამყვანი, სტაბილური და დღეს ჯერ კიდევ მიუწვდომელი სამოთხეა - რომელსაც ჩვენ ტექნოლოგიურ სინგულარობას ვუწოდებთ. მასთან კი სულ რაღაც 30 წელი გვაშორებს.

და მაინც, საინტერესოა, კონკრეტულად რომელი მიმართულების განვითარებას წინასწარმეტყველებს ფუტუროლოგი და მომავლის როგორ სურათს უსახავს სფეროთი დაინტერესებულ პირებს - იხ. მეტ-ნაკლებად სრული პროგნოზი.

2019  - ნებისმიერი სფეროს პერსონალური და პერიფერიული მოწყობილობების სადენები და კაბელები  წარსულში დარჩება;

2020 - პერსონალური კომპიუეტერები ისეთ გამოთვლით სიჩქარეს განავითარებს, რომლის შედარებაც ადამიანის ტვინთან იქნება შესაძლებელი;

2021 - უსადენო ინტერნეტი დედამიწის ზედაპირის 85%-ს დაფარავს.

2022 - ადამიანებსა და რობოტებს შორის ურთიერთობებს დასარეგულირებლად აშშ-სა და ევროპაში კანონებს მიიღებენ, რომლის მიხედვითაც რობოტების უფლებები და ვალდებულებები, მათი საქმიანობა და ნებისმიერი ტიპის შეზღუდვა მკაცრად იქნება რეგლამენტირებული.

2024 - ავტომობილებში აუცილებელი გახდება კომპიუტერული ინტელექტის ელემენტების ჩამონტაჟება, ხოლო თუ ის კომპიუტერული დახმარებით არ იქნება აღჭურვილი, ადამიანებს საჭესთან დაჯდომა აეკრძალება.  

2025- მასობრივ ბაზარზე გაჯეტ-იმპლანტები გაჩნდება და განვითარდება.

2026 - სამეცნიერო პროგრესის წყალობით, ჩვენი ცხოვრების დროის ხანგრძლივობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე წარსულში.

2027 - პერსონალური რობოტი, რომელსაც რთული მოქმედებების შესრულების უნარი ექნება, ისეთივე ჩვეულებრივი, საჭირო საგანი გახდება, როგორც ჭურჭლის სარეცხი მანქანა ან ყავის მოსამზადებელი აპარატი.

2028 - მზის ენერგია საკმაოდ იაფი და გავრცელებული იქნება და კაცობრიობის ენერგეტიკულ მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს.

2029 - კომპიუტერი ტიურინგის ტესტის გავლას შეძლებს, რომელიც მასში გონების არსებობას დაადასტურებს. კურცვეილის აზრით, ამას ადამიანის ტვინის კომპიუტერული სიმულაციით მიაღწევენ.

2030 - მეწარმეობაში ნანოტექნოლოგიების გამოყენება პროდუქტების წარმოებას მნიშვნელოვნად გააიაფებს.

2031 -  სამედიცინო დაწესებულებებში 3D - პრინტერებს ადამიანური ორგანოების ბეჭდვისთვის გამოიყენებენ.

2032 - ჩვეული გახდება ნანორობოტების გამოყენება სამედიცინო მიზნებისთვის - მათ შეეძლებათ საკვები ნივთიერების მიტანა ადამიანის უჯრედებამდე,  ნარჩენების მოშორება და მისი მუშაობის დეტალების უკეთ გასარკვევად ადამიანის ტვინის დეტალური სკანირება იქნება საჭირო.

2033 - გზებზე თვითმმართველი მანქანები გამოჩნდება.

2034 – „ადამიანის პირველი პაემანი ხელოვნურ ინტელექტთან“  ფილმ „იგი“-ს თავისებური გაგრძელება იქნება, მხოლოდ მცირე შესწორებებით: შესაძლებელი იქნება ვირტუალური შეყვარებულის აღჭურვა „სხეულით“, თვალის ბადურაზე გამოსახულების  პროექტირებით, მაგალითად, კონტაქტული ლინზების ან ვირტუალური რეალობის სათვალის დახმარებით.

2035 - კოსმოსური ტექნიკა საკმარისად განვითარებული იქნება იმისთვის, რომ  დედამიწის ასტეროიდთან შეჯახების საფრთხისგან სანდო დაცვა უზრუნველყოს.

2036 - ბიოლოგიასთან ისეთი მიდგომის გამოყენებით, როგორც პროგრამირებასთან, ადამიანი დაავადებების სამკურნალოდ უჯრედების დაპროგრამებას შეძლებს, ხოლო 3D-პრინტერების გამოყენებით  ახალი ქსოვილებისა და ორგანოების განვითარების საშუალებას მოგვეცემა.

2037 -  გიგანტური გარღვევა ადამიანის ტვინის საიდუმლოების გასაგებად: განისაზღვრება ასობით სხვადასხვა სუბრეგიონი სპეციალიზირებული ფუნქციებით, ხოლო ზოგიერთი ალგორითმი, რომელიც ამ რეგიონების განვითარების კოდირებას ახდენენ, იქნება გაშიფრული და კომპიუტერების ნეირონულ ქსელში ჩართული.

2038 - გაჩნდებიან რობოტიზირებული ადამიანები, ტრანსჰუმანური ტექნოლოგიების პროდუქტები. ეს ახალი „ფრანკენშტეინები“ დამატებითი ინტელექტით  (ორიენტირებულები იქნებიან მეცნიერების კონკრეტულ ვიწრო სფეროზე) და სხვადასხვაგვარი იმპლანტებით - თვალი-კამერებიდან დაწყებული დამატებითი ხელები-პროტეზებით დამთავრებული - იქნებიან აღჭურვილები.

2039 - ნანომანქანები პირდაპირ ტვინში იქნება იმპლანტირებული და  ისინი ტვინის უჯრედებიდან სიგნალების შეყვანას და გამოდევნას თავისუფლდ განახორციელებენ. ეს  გამოიწვევს სრული ვირტუალური რეალობის აღქმას, რომელიც არანაირ დამატებით აღჭურვილობას არ საჭიროებს.

2040 - ადამიანის ორგანიზმში გაჯეტების ჩადგმას დაიწყებენ, რომელიც ძიებას არა მარტო ენის მიხედვით, არამედ აზრების საშუალებით განახორციელებს, ხოლო საძიებო მოთხოვნის შედეგები ლინზების ან სათვალის ეკრანზე იქნება გამოტანილი.

2041 - ინტერნეტის სიჩქარე 500 მილიონჯერ მეტი იქნება, ვიდრე  დღესაა.

2042 - განხორციელდება უკვდავების პირველი პოტენციური რეალიზაცია ნანორობოტების არმიის წყალობით, რომელიც იმუნურ სისტემას შეავსებს და ორგანიზმს დაავადებებისგან გაწმენდს.

2043 - შინაგანი ორგანოები ბევრად უკეთესი ხარისხის კიბერნეტიკული მოწყობილობებით შეიცვლება, ხოლო ადამიანის ორგანიზმი ნებისმიერ ფორმას მიიღებს ასევე ნანორობოტების დიდი რაოდენობის წყალობით.

2044 - ხელოვნური ინტელექტი ბიოლოგიურზე მილიარდჯერ ჭკვიანი იქნება.

2045 - ტექნოლოგიური სინგულარობის დასაწყისი - დედამიწა ერთ გიგანტურ კომპიუტერად იქცევა.

2099 - ტექნოლოგიური სინგულარობის პროცესი მთელ სამყაროზე გავრცელდება.

თარიღი: 2018/04/30