„პოლიტიკაა ის, რასაც ბიზნესმენები ვაკეთებთ“ - რამდენად ეხმარება ბიზნესში მიღებული ცოდნა და გამოცდილება პოლიტიკოსებს
პოლიტიკა და ბიზნესი - ამ ორ სფეროში მოღვაწე ადამიანი გამორჩეული ნიჭით, ალღოთი და შრომისმოყვარეობით უნდა იყოს დაჯილდოებული. ამ თვისებების გარეშე წარმოუდგენელია კარგი პოლიტიკოსი და კარგი ბიზნესმენი, თუნდაც იმიტომ, რომ  თითოეულ მათგანს ადამიანების ბედი აბარია. რა ხდება მაშინ, როცა ბიზნესმენი პოლიტიკოსი ხდება, ან - პოლიტიკოსი მიდის ბიზნესში და  რა სარგებლობა მოაქვს ბიზნესის ცოდნას პოლიტიკოსისთვის?  - ამ შეკითხვით იმ ადამიანებს მივმართეთ, რომლებსაც ბიზნესსა და პოლიტიკაში ყოფნის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ:


ზურაბ ტყემალაძე - პარტია „მრეწველების“ თავმჯდომარე:

„წარმატებული ბიზნესმენები ხშირად წარმატებული პოლიტიკოსები ხდებიან“

-დღევანდელ მსოფლიოში უკვე არავის უკვირს, როცა გავლენიანი ბიზნესმენები პოლიტიკაში მიდიან, ან  ცნობილი პოლიტიკოსები  მდიდარ და წარმატებულ ბიზნესმენებად გვევლინებიან.  ავიღოთ თუნდაც  დონალდ ტრამპი - აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსია. გადახედეთ თუნდაც ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს - ბიძინა ივანიშვილიც ბიზნესიდან მოსული კაცია და მასზე გავლენიანი პოლიტიკოსი დღეს მე საქართველოში არ მეგულება. მართალია, ასეთ ხალხს  ბევრი აკრიტიკებს - ბიზნესმენს პოლიტიკაში რა უნდაო, მაგრამ ასე არ არის. წარმატებული ბიზნესმენები ხშირად წარმატებულ პოლიტიკოსებად ყალიბდებიან. რატომ? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა იოლია: ბიზნესმენები მოაზროვნე ხალხია და ბუნებრივია, კარგი ბიზნესმენი კარგი ეკონომისტიც არის და კარგი მენეჯერიც. ბიზნესში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ადამიანს პოლიტიკურ ასპარეზზეც ეხმარება, ოღონდ, პოლიტიკა და ბიზნესი ერთმანეთთან გადაჯაჭვული არ უნდა იყოს. წარმატებულმა ბიზნესმენმა ეკონომიკაც კარგად იცის და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმაც ეხერხება, მერე კი, ეს ცოდნა და გამოცდილება პოლიტიკურ საქმიანობაშიც ხელს უწყობს. უკვე ვთქვი, რომ პოლიტიკაში და ბიზნესში ერთდროულად ყოფნა არ გამოდის, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს კანონით აკრძალულია:  ორივე სფეროს ძალიან დიდი დრო და  ენერგია მიაქვს.  მეც ბიზნესიდან წავედი პოლიტიკაში, სამჯერ ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი და ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ბიზნესი ისეთ თვისებებს და უნარ-ჩვევებს უყალიბებს ადამიანს, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის სანატრელი და ფასეულია.  ალბათ გაგიგიათ პოპულარული გამონათქვამი: „რაც კარგია „ჯენერალ მოტორსისთვის“, კარგია ამერიკისთვისაც“ -  ძლიერი და მდიდარია ის სახელმწიფო, სადაც ბიზნესი ყვავის. სხვათა შორის, აშშ-ის პოლიტიკურ ელიტაში ძალიან ბევრია, ვინც პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდა და პოპულარულ, წარმატებულ პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - კომპანია „ნატახტარი“-ს კორპორაციულ საქმეთა დირექტორი, საერთაშორისო-სავაჭრო პალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი:

„პოლიტიკაა ის, რასაც ბიზნესმენები ვაკეთებთ“

-ლიდერობის უნარი, კარგი მენეჯმენტი და კარგი გუნდის შექმნა - ეს ყველა წარმატებული მეწარმისა და ბიზნესმენის აუცილებელია თვისებებია. ამ პრიზმიდან თუ შევხედავთ, ნებისმიერ კარგ ბიზნესმენს შეუძლია პოლიტიკაში წარმატებული იყოს. ვინ არის კარგი ბიზნესმენი?  ჩემთვის კარგი ბიზნესმენია  ის, ვინც ყველაფერი თავისი ჭკუით და შრომით შექმნა და არა ის, ვინც პრივატიზაციის პერიოდში რაღაც ქონება კაპიკებად ჩაიგდო ხელში და თავისი საქმიანობა ასე დაიწყო. კარგ ბიზნესმენს ყოველთვის აქვს რესურსი საიმისოდ, რომ მისი გუნდი საუკეთესო პროდუქტს ქმნიდეს, ცხადია, რესურსში მხოლოდ ფულს არ ვგულისხმობ. ნებისმიერი ექსპერტი დაგვიდასტურებს, რომ გუნდის წარმატება მისი ლიდერის ცოდნაზე, გამოცდილებაზე და მართვის უნარზეა დამყარებული. სწორედ მართვის უნარი აყალიბებს წარმატებულ გუნდს და წარმატებულ კომპანიას. ყველამ იცის, რომ პოლიტიკოსები ლამის ყველა არჩევნების წინ იძლევიან დაპირებებს, რომლებსაც მერე ვერ ასრულებენ, ბიზნესის ეთიკა ამას გამორიცხავს: ბიზნესმენი მხოლოდ პრაგმატულ გათვლებზე დამყარებულ დაპირებებს იძლევა და თუ პოლიტიკაში მიდის, ამ თვისებას ასე თუ ისე ინარჩუნებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენთან პოლიტიკის ცნებაც დავიწროებეულია: ხალხს ჰგონია, რომ პოლიტიკოსი მხოლოდ ის არის, ვინც რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრია და არჩევნებში იღებს მონაწილეობას.  ჩემთვის ბიზნესიც ერთგვარი პოლიტიკაა, თუნდაც იმის გამო, რომ ასეულობით მილიონი ლარი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში. პოლიტიკაა ისიც, რასაც ბიზნესმენები ვაკეთებთ: გადასახადებს ვიხდით, ახალ სამუშაო ადგილებს ვქმნით და მუდმივად ვცდილობთ წინ წავიდეთ. ამიტომ, ჩემთვის პოლიტიკა მხოლოდ პარტიის შექმნა და არჩევნებში მონაწილეობა არ არის.

ზურაბ რამაზაშვილი - „თელავის ღვინის მარნის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი:

„ თუ შენი ბიზნესი წარმატებულია, მაშინ პოლიტიკაში რა გინდა?“

-თუ შენი ბიზნესი წარმატებულია, მაშინ პოლიტიკაში რა გინდა? ადამიანმა  ან ერთი გზა უნდა აირჩიოს, ან - მეორე. ისე, ბიზნესში ადამიანის ხასიათი იწრთობა, ის უფრო ძლიერი ხდება და პრაგმატულ აზროვნებას ეჩვევა. ბიზნესი ადამიანისგან სხვა თვისებებსაც მოითხოვს, კერძოდ, ინოვაციურობას და რისკზე წასვლის უნარს. ეს თვისებები პოლიტიკოსისთვისაც საჭირო და აუცილებელია, მაგრამ შეიძლება ადამიანი ბიზნესში ძალიან ნიჭიერი იყოს და პოლიტიკაში ვერ ივარგოს, ან კარგმა ბიზნესმენმა პოლიტიკაშიც წარმატებას მიაღწიოს - გამორიცხული არაფერია. იგივე უნდა ვთქვა ხალხზე, ვინც პოლიტიკიდან ბიზნესში მიდის. პოლიტიკოსი კომუნიკაბელური უნდა იყოს, ბიზნესმენი კი - პრაგმატულად უნდა უყურებდეს სიტუაციას - ვფიქრობ, რომ ორივე ამ თვისების შერწყმა საუკეთესო შედეგს იძლევა. 

გია ხუხაშვილი - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

„შეიძლება ძალიან ნიჭიერი ბიზნესმენი ვერ გახდეს კარგი პოლიტიკოსი“

-ჩემი აზრით, უნივერსალური ფორმულა არ არსებობს: შეიძლება ძალიან ნიჭიერი ბიზნესმენი ვერ გახდეს კარგი პოლიტიკოსი და - პირიქით, არაფრით გამორჩეული - საუკეთესო პოლიტიკოსად იქცეს. ბიზნესში შეძენილი გამოცდილება და უნარ-ჩვევები მართვის გარკვეულ გამოცდილებას იძლევა, რომელიც შეიძლება პოლიტიკოსს გამოადგეს, თუმცა პოლიტიკური სისტემის მართვა ძირეულად განსხვავდება ბიზნესის მართვისაგან: ბიზნესში ყველაფერი წინასწარ არის გათვლილი და ყველაფერი პრაგმატულ გადაწყვეტილებებს ეფუძნება, პოლიტიკაში კი, გარდა მატერიალური ღირებულებებისა, არსებობს ფასეულობათა სისტემა, რომელიც ანგარიშს და პრაგმატულ გათვლებს არ ემორჩილება. პოლიტიკაში ხშირად გაუგებარია, რატომ შეიძლება საკმაოდ გონივრულ, პრაგმატულ გადაწყვეტილებაზე უარის თქმა ფასეულობათა სისტემის გამო. ასე რომ, ბიზნესის ცოდნა პოლიტიკოსისთვის საკმარისი არ არის, თუმცა, ბევრი ისეთი შემთხვევაც ვიცით, რომელიც ამ წესს არღვევს. რაც შეეხება პოლიტიკიდან ბიზნესში გადანაცვლებას: პოლიტიკა ადამიანს ისეთ უნარ-ჩვევებს უმუშავებს, რაც ბიზნესში  ძალიან მნიშვნელოვანია - თუნდაც, მოლაპარაკებების დროს. ასე რომ, ორივე სფეროში ყოფნას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. არსებობენ უნიკალური, მრავალმხრივი ადამიანები, რომლებიც გამორჩეული გონებრივი შესაძლებლობებით არიან დაჯილდოებული. ისინი ყველა ამ თვისებას აერთიანებენ და წარმატებას აღწევენ  როგორც ბიზნესში,  ასევე - პოლიტიკაში.

 

თარიღი: 2018/06/16