ბიზნესმომავალი, ანუ 10 საინტერესო ტრენდი, რომლებიც ფუტუროლოგებმა განსაზღვრეს
სოციოლოგიის დარგი, ფუტუროლოგია [ლათ. futurum მომავალი და ბერძ. logos მოძღვრება], რომელიც კაცობრიობის მომავალს სწავლობს, უკვე მრავალ ქვეყანაში წამყვან  დისციპლინად ითვლება.  ფუტუროლოგებს კონსულტაციისთვის მსოფლიოს წამყვანი კომპანიები მიმართავენ და ამ გზით საკუთარი ბიზნესის ხანგრძლივ პროგნოზებთან შესაბამისობაში მოყვანას ცდილობენ. სწორედ ასეთი თანამშრომლობა დაეხმარა Shell-ის მიეღწია წარმატებისთვის ნავთობის სფეროში, ხოლო Google-ს - განესაზღვრა Apple-ის ადგილი მობილური OS-ის ბაზარზე. ნებისმიერი კომპანიის ხანგრძლივი წარმატება ხომ, ძირითადად, იმაზეა დაფუძნებული, რომ ის წინ უსწრებს სოციალურ და ტექნიკურ პროგრესს საკუთარ სფეროში.

ბიზნესის მიმართულებით უახლეს ტრენდებს ფუტუროლოგიური კონგრესი  - Institute for the Future განსაზღვრავს, რომელსაც სფეროს სპეციალისტებთან ერთად ბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებიან. ხაზგასასმელი ფაქტია, რომ ბევრი მათგანის პროგნოზი ჩვენს თვალწინ ეტაპობრივად მართლდება. საქართველოში ეს დარგი, რბილად რომ ვთქვათ, დიდად განვითარებული არაა, თუმცა იმაში დასარწმუნებლად, რომ ფუტუროლოგები ნამდვილად არ ხუმრობენ, ოთხი წლის წინ გაკეთებული 10 ტრენდის მიმოხილვაც კმარა.

  1. ახალი თაობის ინტერნეტი
საიდუმლო არაა, რომ თავდაპირველად ინტერნეტის კონცეფცია  თავისებურ თავისუფალ ზონას გულისხმობდა, რომელიც  არც კომერციულ სტრუქტურებზე იქნებოდა დამოკიდებული და არც სახელმწიფოზე, თუმცა მსოფლიომ ცენტრალიზებული და უკიდურესად მოწყვლადი სისტემა მიიღო. უახლოეს პერიოდში კი სიტუაცია რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს.  უკვე ახლა აქტიურად მიდის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებზე მუშაობა, რომელიც ინტერნეტს თავდაპირველ კონცეფციას მიუახლოვებს. მოსმენებთან დაკავშირებული სკანდალებისა და ტოტალური შპიონაჟის ფაქტების გამოვლენის შემდეგ, ისეთმა პროექტებმა, როგორიცაა Hyperboria, TOR, Meshnet და ა.შ. აქტიური განვითარება დაიწყო. როგორც ფუტუროლოგები ამბობენ, ტექნოლოგიური ცვლილებები ინტერნეტის ძველი მოდელის ახლით ჩანაცვლებას უახლოეს ხანში უზრუნველყოფს.  

  1. „ვიკიპედია მეწარმეებისთვის“
ქსელურმა ენციკლოპედია „ვიკიპედიამ“ რამდენიმე წლის წინ სრულად დაანგრია მონოპოლიის აღქმა ცოდნაზე და მსოფლიო საზოგადოებას უფასო მრავალმხრივი ინფორმაციული პლატფორმა შესთავაზა. ახლა ანალოგიური პროექტის გამოჩენას მეწარმეობაშიც უნდა ველოდოთ. პროექტი  ყველაფერს გააერთიანებს, რაც კი ადამიანებს წარმოების შესახებ ეცოდინებათ. ამ ეტაპზე უკვე იქმნება ღია საზოგადოებები, რომლებიც ღია მეცნიერული აღმოჩენებისთვის ცალკეულ კვლევით პლატფორმებსა და ონლაინქარხნებს ქმნის. ამგვარად, ცოტა ხანში ნებისმიერ მსურველს შეეძლება, შევიდეს ინტერნეტში და აამუშავოს წარმოების ნებისმიერი ჯაჭვი ონლაინ სივრცეში. ამით საერთაშორისო დონის გიგანტების მონოპოლიას  ბოლო მოეღება.  

  1. 3D- ბეჭდვა მშენებლობაში და „ამობეჭდილი“ სახლებით შექმნილი „მომავლის ქალაქები“
3D ბეჭდვის დანერგვა მშენებლობაში, პირდაპირი მნიშვნელობით,  ამ დარგზე და მთლიანობაში, წარმოებაზე წარმოდგენას ამოაყირავებს. ეს იქნება რევოლუცია მშენებლობის სფეროში. სახლები, რომელთა „ბეჭდვაც“ განხორციელდება, არსებულისგან სრულად განსხვავებული და უფრო ფანტასტიკურ ფილმებში ნანახი „მომავლის ქალაქების“ ანალოგიური იქნება. თავად მშენებლობის პროცესი ნაკლებად შრომატევადი გახდება, ხოლო დიზაინი ბევრად უფრო მრავალფეროვანი და ეფექტური სახით წარმოგვიდგება.

  1. შრომითი თერაპია პენიტენციურ სისტემაში
შეიცვლება წარმოდგენა პენიტენციურ სისტემაზე. ძირითად მიმართულებად შრომითი თერაპია იქცევა. მსჯავრდებულები საკუთარი საქმის წამოწყებას, კვლევების წარმოებასა და სხვა საქმით დაკავებას შეძლებენ.

  1. რესურსების გაზიარება
ნორმად იქცევა მატერიალური და სხვა რესურსების ერთობლივი გამოყენება.

ბოლო პერიოდში დიდი რაოდენობის სტარტაპები გამოჩნდა, რომლებიც ე.წ. „რესურსების გაზიარების“ იდეაზეა დაფუძნებული. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თუ ერთ ადამიანს აქვს რაიმე რესურსი და მეორე მზადაა, გადაიხადოს, რომ ამ რესურსზე მიიღოს წვდომა, მოლაპარაკების საფუძველზე, ისინი, შესაძლოა, ამ რესურსის ერთობლივ გამოყენებაზე შეთანხმდნენ და ამით ორივე მხარე დარჩეს მოგებული. ახალი ტენდენციების მაგალითებად შეიძლება მოვიყვანოთ, მაგალითად, საცხოვრებელი სახლი, რომელიც AirBnB-ის დახმარებით გაქირავდა, ან ავტომობილი, რომელსაც ისეთ სერვისებში აქირავებენ, როგორიცაა  Mobility ან ZipCar. ეს მიმართულება კიდევ მეტად განვითარდება უახლოეს მომავალში, რაც სავსებით ბუნებრივია იმის გავითვალისწინებთ, რომ ბოლო კვლევების თანახმად, როგორც ბიზნესი, ისე ცალკეული ადამიანები საკუთარი რესურსის მხოლოდ 1/10-ს იყენებენ.

  1. „გადაიხადე წინასწარ“
საზოგადოებრივი ურთიერთობები დაფუძნებული იქნება მოდელზე „გადაიხადე წინასწარ“, იგივე „ჩამოკიდებული ყავა“ ყავახანებში, რომლისთვისაც წინა სტუმრებმა გადაიხადეს. ეს მოდელი ზუსტად ისაა, რაზეც სამომავლოდ აეწყობა ურთიერთობები. უკვე უამრავი სოციალური სტარტაპი გამოჩნდა, რომლებიც  მომხმარებლებში უანგარო სიკეთის კეთების სურვილის გაღვივებას ცდილობენ. ჯერჯერობით უცნობია, როგორ იმუშავებს ეს მოდელი უფრო ძვირადღირებული საქონლის ყიდვის შემთხვევაში, მაგრამ ყავას, ბუტერბროდებს და მსგავს პროდუქტებს თუ გავითვალისწინებთ,  ის უკვე აქტიურად ვითარდება ჩვენს რეალობაში.

  1. დისტანციური მუშაობა
ყოველდღიურად იზრდება ე.წ. „ფრილანსერების“ რიცხვი. აბსოლუტურად რეალური ხდება ის, რომ სულ მალე დისტანციური მუშაობა ჩვეულებრივ მოვლენად, ნორმად იქცევა.. ფუტუროლოგების პროგნოზით, სამუშაო ადგილზე ყოფნა, ცოტა ხანში, შესაძლოა, საერთოდაც აღარ იყოს აუცილებელი. შესაბამისად, მანძილი ადამიანებს შორის მნიშვნელობას საბოლოოდ უახლოეს მომავალში  დაკარგავს. ამას კი ხელს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება შეუწყობს.

  1. გარდაუვალი ცვლილებები შემეცნებით სფეროში და ეკოსისტემების მართვა ბაქტერიულ დონეზე
გაჩნდება დედამიწის მიკროფლორის გლობალური რუკა და საფუძველში შეცვლის ჩვენს წარმოდგენას ეკოსისტემის ფუნცქციისა და როლის შესახებ. ამ შემთხვევაში, თუ Earth Microbiome Project-ის განვითარება იქნება წარმატებული, ადამიანის წარმოდგენა ურთიერთკავშირზე, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ცხოვრების სხვადასხვა დონეებს შორის არსებობს, ძირეულად იქნება ამობრუნებული. გადახედავენ  ადამიანის კავშირს ეკოსისტემასთან, რის შედეგადაც, შემეცნების სხვადასხვა სფეროებს გარდაუვალი ცვლილებები დაელოდება. აქტიურად დაიწყება კვლევები, რომლებიც მიმართული იქნება იქით, რომ ეკოსისტემის მართვა ბაქტერიულ დონეზე გახდეს შესაძლებელი.

  1. Big Data-ს ტექნოლოგიები
Big Data-ს ტექნოლოგიების დახმარებით გაჩნდება რეალობის მოდელირებისა  და ყველა სოციალური პროცესის პროგნოზირების შესაძლებლობა. კაცობრიობის ტექნოლოგიური განვითარების წყალობით შესაძლებელი გახდება სოციალური პროცესის დამუშავება, კონკრეტულად კი, შეისწავლება კრიზისები, ვირტუალურობა და ა.შ. რაც მათი თავიდან არიდების შანსს მოგვცემს.  რეალობის დაპროექტების, სოციუმსა და პოლიტიკაში ნეგატიური მოვლენების წინასწარ განსაზღვრა კი მასობრივი „გეიმიზაციის“  საშუალებით იქნება შესაძლებელი.

  1. ნეირობარათი
ნეირობარათის შექმნა ტვინის შესაძლებლობების გაზრდის საშუალებას მოგვცემს. ადამიანის ტვინი ამ ეტაპზე ნაკლებად შესწავლილია, მაგრამ უახლოეს მომავალში ტექნოლოგიების განვითარება ამ მიმართულებითაც არის მოსალოდნელი.

 

თარიღი: 2018/06/18