უცხოური ინვესტიციების მოცულობა 34.9%-ით შემცირდა - რამდენად სავალალოა ეს ჩვენი ეკონომიკისთვის?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რიცხვი 1 232,4 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 34,9%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. 2017 წელს ეს მაჩვენებელი 1 894,5 მლნ აშშ დოლარი იყო. ყველაზე მკვეთრად პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა აზერბაიჯანიდან იკლო, საიდანაც 225 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოვიდა. 188.8 მილიონით ნაკლები თანხა შემოვიდა ნიდერლანდებიდან, გაერთიანებული სამეფოდან კი - ინვესტიციები 43.7 მილიონით შემცირდა. მართალია, ეს მონაცემები წინასწარია და დაზუსტებულ მონაცემებს საქსტატი 15 აგვისტოს გამოაქვეყნებს, მაგრამ ინვესტიციების შემცირების ტენდენცია აშკარაა. „საქსტატის“ მონაცემებს „სავალალოს“ უწოდებენ ხელისუფლების ოპონენტები და ყველაფერს არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას აბრალებენ. როგორ აფასებენ ამ მონაცემებს ეკონომიკის ექსპერტები და რამდენად სავალალოა ინვესტიციების შემცირება საქართველოსთვის? – „ბიზნესპოსტმა“ ამ შეკითხვით ეკონომიკის ექსპერტებს მიმართა:

ირაკლი მაკალათია - ეკონომიკის დოქტორი: 

-ჩვენი ეკონომისტები თითქმის ერთი წლის განმავლობაში აკეთებდნენ პროგნოზს, რომ ქვეყანაში ინვესტიციები შემცირდებოდა. საქმე ის არის, რომ 2018 წელს საქართველოში შემოსული ინვესტიციების 19,5 % აზერბაიჯანს ეკუთვნოდა, გასულ წლებში კი, ეს მაჩვენებელი 25% იყო ანუ ინვესტიციების მეოთხედი ერთ ქვეყანას ეკუთვნოდა. რაც მთავარია, ამ ინვესტიციების აბსოლუტური უმრავლესობა შაჰ-დენიზის მილსადენზე მოდიოდა. ამიტომაც ვვარაუდობდით, რომ აღნიშნული პროექტის დასრულებისთანავე ინვესტიციების შემოსვლა შემცირდებოდა. მართლაც, შაჰ-დენიზის პროექტი დასრულდა, რასაც ინვესტიციების კლებაც მოჰყვა. „საქსტატმა“ ინვესტიციების შემცირების მთავარ მიზეზად სწორედ  შაჰ-დენიზის პროექტის დასრულება დაასახელა, თუმცა, დასახელდა  შემცირებული ინვესტიციების კიდევ 2  მიზეზი: გასულ წელს არარეზიდენტ ინვესტორთა აქტივები ქართველ რეზიდენტთა საკუთრებაში გადავიდა, მეორე მიზეზად კი, სასესხო დავალიანებების ცვლილება დასახელდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხშირად ქართული კომპანიები ევროკავშირის ქვეყნებში და ოფშორულ ზონებში არიან დარეგისტრირებული და ინვესტიციებს თავიანთ შვილობილ კომპანიებში ახორციელებენ. სტატისტიკურად ეს აღირიცხება, როგორც უცხოური ინვესტიციები, თუმცა ეს არანაირი უცხოური ინვესტიცია არ არის - ეს უფრო შიდა ინვესტიციაა. ასე რომ, უცხოური ინვესტიციები რეალურად კიდევ უფრო მცირეა, ვიდრე ეს ციფრებშია ასახული. მნიშვნელოვანია ასპექტია ისიც, რომ ინვესტიციების 1/3 ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიდის. ეს ინვესტიციები ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირში არ არის, რადგან არც ხალხს ასაქმებს და არც შემოსავალს ქმნის. მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება და ქვეყნის განვითარება თუ გვინდა, ინვესტიციები მწარმოებლურ დარგებში და ეკონომიკის რეალურ სექტორში უნდა განხორციელდეს - ეს არის ეკონომიკის მამოძრავებელი სტიმული და რეალურ ეკონომიკურ ეფექტს სწორედ ეს მოგვიტანს. უარყოფითი მოვლენაა ისიც, რომ ინვესტიციების 80% თბილისზე მოდის. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის რეგიონები ვერ ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობას საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს.

პაატა ბაირახტარი - „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი:

-მე ყურადღებას ერთ საკითხზე გავამახვილებ: ბოლო წლებში საქართველოში ინვესტიციების ძალიან სწრაფი მატება იგრძნობოდა, რის გამოც შარშანდელი  შემცირება უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდა. ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო დარგი ჩვენთან ენერგეტიკა იყო და ამ დარგში ჩვენი მთავარი რესურსი  ჰიდროენერგეტიკაა. რატომღაც, ჩვენი საზოგადოება აგრესიულად არის განწყობილი ჰესების მიმართ, მაშინ, როცა სხვა ქვეყნები საკმაოდ აქტიურად იყენებენ ჰიდრორესურსებს. საქართველოში კი, რამდენიმე დიდი პროექტი, მათ შორის, „ხუდონჰესი“ საზოგადოების წინააღმდეგობის გამო შეჩერებულია. ეს პროექტები რომ განხორციელებულიყო, სერიოზულ ინვესტიციებს მოგვიტანდა. ამ დარგზე ძალიან ცუდად აისახა  ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება და მისი შეერთება ეკონომიკის სამინისტროსთან. მთელი სამინისტროს ნაცვლად ერთი დეპარატმენტი დარჩა. მე მთავრობის და ხარჯების შემცირების მომხრე ვარ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი, რაც უნდა კვალიფიციური და უნარიანი იყოს, მთელი სამინისტროს საქმეს ვერც მოერევა და ვერც გააკეთებს. ამანაც იქონია გავლენა ინვესტიციების შემოდინებაზე, შედეგიც შესაბამისი მივიღეთ: ყველაზე დიდი ჩამორჩენა სწორედ ამ დარგში გვაქვს. გარდა ამისა, ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა ცოტა არ იყოს, ბუნდოვანია, ის არ გულისხმობს კონკრეტული დარგების განვითარებას. ინვესტორმა კონკრეტულ დარგში უნდა დაინახოს პერსპექტივა, წამახალისებელი ფაქტორი, რომ იმ დარგში თანხა ჩადოს. არის დარგები, რომლის მიმართ ინვესტორების ინტერესი უფრო დიდია, მაგალითად საფინანსო სექტორი. ამავე დროს, ზოგიერთი დარგის, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მიმართ ინტერესი უფრო მცირეა. თუ მათ ერთნაირ პოზიციაში ჩავაყენებთ, სოფლის მეურნეობა ჩემორჩება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ ნაკლებად საინტერესო დარგები უნდა წაახალისოს, რომ ისინი არ დაიჩაგროს. სამწუხაროა, მაგრამ საინვესტიციო პოლიტიკა პრაქტიკულად, არა გვაქვს: პრინციპი - „რაც მეტი, მით უკეთესი“ ვერ მუშაობს ისე, როგორც საჭიროა, ამიტომ, ჩვენი მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკა შესაცვლელია. არის თუ არა ინვესტიციების შემცირება საქართველოსთვის სავალალო მოვლენა? - ჩემი აზრით, ეს გაზვიადებული შეფასებაა - 2018 წლის მონაცემები სახარბიელო და პოზიტიური ნამდვილად არ არის, მაგრამ ამ ყველაფერში კოლაფსის დანახვა და კატასტროფული სურათის დახატვა არ ღირს.

 ავთო სილაგაძე - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

-პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება საქართველოში მართლაც აშკარაა. ტრანსპორტში, კავშირგაბმულობაში, მშენებლობაში, ენერგეტიკაში - 2018 წელს ყველა წამყვან დარგში შემცირება აღინიშნა. ძალიან დიდი თანხა დარჩა აუთვისებელი ინფრასტრუტურულ პროექტებშიც.  მცირე ზრდა გვაქვს სოფლის მეურნეობაში, მოპოვებით და გადამამუშავებელ მრეწველობაში, მაგრამ მიუხედავად ცუდი მონაცემებისა, მაინც ვერ ვიტყოდი, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის სავალალოა. თუნდაც იმიტომ, რომ ეკონომიკა არ შემცირებულა, უმნიშვნელო, მაგრამ ეკონომიკური ზრდა მაინც გვაქვს. თანაც, გასულ წელს რამდენიმე უცხოელი ინვესტორის ქონება საქართველოს მოქალაქეებმა შეისყიდეს. ცხადია, მათ მიერ ეკონომიკასა და ბიზნესში ჩადებული სახსრები აღარ მიიჩნევა უცხოურ ინვესტიციებად. კარგი იქნება, თუ „საქსტატი“ უფრო ვრცელ ინფორმაციას გამოაქვეყნებს და ამ საკითხს უფრო ღრმად შევისწავლით.  

P.S.   გთავაზობთ 10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალს, რომელიც ასე გამოიყურება:

აზერბაიჯანი - 19,5%

გაერთიანებული სამეფო - 16,5%

ნიდერლანდები - 13,6%

აშშ-ი - 8,4%

პანამა - 6,1%

ჩეხეთი - 5,9%

ჩინეთი - 5,3%

კორეა - 5,1%

რუსეთი - 4,9%

სხვა ქვეყნები - 14,7%

თარიღი: 2019/03/19