ხელოვნებიდან დაწყებული ქუჩის ბიზნესი და საქმე, რომელიც ფულზე მეტად აბედნიერებს
მაყურებელი - სახე-გაცისკროვნებული; ღიმილი-გულწრფელი; თვალები - აციმციმებული; ხასიათი - მხიარული;  გული-აჩქარებული......

ეს ის ხმაურიანი ცირკია, რომელიც საზღვრებს არ სცნობს, კალაპოტში არასოდეს ჩერდება, ბავშვებსა თუ დიდებს მაგნიტივით იზიდავს და იმ სამყაროს დაუჯერებელ ამბებს უამბობს, სადაც ფიზიკური მოვლენების ახსნაზე ფიქრს აზრი არ აქვს. ეს ის საკონცერტო ნომრებია, რომლებიც ცხოვრების ბოლომდე ხშირად ამოუცნობ დეტალებად გვრჩება: როგორ? საიდან? რა ფორმით? ..... ეს ქართული ცირკია, რომელიც დედაქალაქის საზღვრებს დიდი ხანია გასცდა და საკუთარი წარმოდგენებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მაცხოვრებელ დიდებსა თუ პატარებს ახარებს. 

ხელოვნებიდან დაწყებული ბიზნესი, თუ უბრალოდ ხელოვნებაზე უარის ართქმით მიღებული მცირე  შემოსავალი, ან იქნებ მხოლოდ საკუთარი საქმის უსაზღვრო სიყვარულით მიღებული სიამოვნება, რომელიც ხელოვანს ფულზე მეტად აბედნიერებს?!

„ოლეგ თავაძე შოუ- გასართობი ცენტრი „სატირონის“ დირექტორი, ცირკი-შაპიტო „ანტრეს“ ფინანსური დირექტორი და ცირკის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე საკმაოდ უჩვეულო, აქტიური და დაუდეგარი პერსონაა, იმდენადაც კი,რომ ექვსჯერ იქორწინა, თუმცა ტრადიციებისთვის არასდროს უღალატია...

 ისე კი, ცირკის არაჩვეულებრივ სამყაროში მართლაც ძნელია, იყო ჩვეულებრივი.....

ხელოვნებას ბავშვობიდან ცეკვით ეზიარა, შემდეგ შინაგანმა მემ, მსახიობობისკენ უბიძგა და ამ სურვილს ისე მყარად ჩაეჭიდა, რომ დედის მონდომება, გამოსულიყო ექიმი და მამის- პროკურორი,  რუსეთში თეატრალურ სტუდიაში ჩაბარებით დააგვირგვინა. პირობაც დადო, რომ მშობლებს სპექტაკლზე აუცილებლად დაპატიჟებდა, სადაც  ექიმის და პროკურორის როლს მოირგებდა. მოგვიანებით საქართველოში პრაქტიკებზე ჩამოვიდა და მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილთან ერთად  სცენაზე დადგა. ცხოვრების აღმავალმა  საფეხურებმა არც ამას აკმარა და დრამატურგიიდან სხვა სამყაროში- კომედიურ ჟანრში გადაინაცვლა,სადაც თენგიზ ჩანტლაძესთან თანამშრომლობა ხვდა წილად. მისი გარდაცვალების შემდეგ კი ფილარმონიაში ჯგუფის ხელმძღვანელად 13 წელი იმუშავა. ზალიკო გაბიტაიშვილი, დავით პატარაია, ზურაბ ვადაჭკორია - ეს იმ მსახიობთა არასრული ჩამონათვალია, რომლებთანაც გატარებულ წლებს სიყვარულით იხსენებს...

-ფილარმონიიდან საცირკო ხელოვნებაში აღმოჩნდით,  ეს საქმე, შეიძლება ითქვას, ბიზნესად აქციეთ, რამ გადაგაწყვეტინათ ასეთი ნაბიჯი გადადგმა? როგორ აიდგით ფეხი და მოხვედით დღემდე?

-ფილარმონიის გაყიდვის შემდეგ ჩვენ, მსახიობები, უმუშევრები დავრჩით. ურთულესი წლები გავიარეთ.  უნდა გვეშველა თავისთვის. შევქმენით შოუ-გასართობი ცენტრი სატირონი, რომლის დირექტორიც გახლავართ. ჩვენი მიზანი იყო, საქართველოს რეგიონში მოგვევლო სკოლები და საბავშვო ბაღები და ბავშვები საცირკო ხელოვნებისთვის გვეზიარებინა. მიზერულ თანხად ბავშვებს ბედნიერ წუთებს ვჩუქნიდით. ისინი პირადად ეცნობოდნენ ცირკის ჯამბაზებს, აკრობატებს, ილუზიონისტებს... გვყავს ისეთი  უნიკალური მსახიობები, როგორებიც არიან: 84 წლის ვაჟა ნატროშვილი, რომელსაც შეუძლია ხატოს, ისროლოს, გახსნას შამპანურის ბოთლი, მოუკიდოს სიგარეტს - ფეხით, ლეგენდაა ნამდვილი. უნივერსალური რამაზ გარშაულიშვილი, რომელსაც საცირკო ხელოვნებაში ყველაფრის გაკეთება შეუძლია: ის არის ბაგირზე მოსიარულე,  აკრობატი, ეკვილიბრისტი... თამაზ ჭოლაძე-იმერეთში ცხოვრობს, ჟონგლიორია და საკუთარი საცირკო ჯგუფი ჰყავს; დათო პატარაია, რომელიც 50-50-ზე ზომის აკვარიუმში ეტევა და უამრავი სხვა..... ცაში დაფრინავენ ჩვენი აკრობატები.

2014 წელს ჩამოვაყალიბეთ ცირკის მოღვაწეთა კავშირი, სადაც გავერთიანდით  მსახიობები. ახლა დაყოფილები ვართ, თუმცა  ერთმანეთთან კომუნიკაცია გვაქვს და მე  ვარეგულირებ  საქართველოს რეგიონში, რომელი ჯგუფი სად უნდა წავიდეს. როცა გაერთიანებული კონცერტის ჩატარება გვჭირდება, მაშინ ვიკრიბებით და გამოვდივართ ერთად 45-50 მსახიობი. 1 ივნისი იქნება ეს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, თუ სხვა დღესასწაული, მაშინ ვუკავშირდებით დანაარჩენ მსახიობებს, რათა მასშტაბი გავზარდოთ, რომ მთლიანი მოედანი მოვიცვათ... ცირკი-შაპიტო, „ანტრე“ მოკლე ხანში, ალბათ, მარტის ბოლოს, უკვე რუსთავში დაიწყებს მოღვაწეობას.

2011 წელს, ცირკი რომ დაიბრუნეს, დაგვიბარა პატარკაციშვილების ოჯახმა და გაკეთდა 40 საახალწლო პროგრამა. ვფიქრობდით, საზღვარგარეთ გაგვეტანა და ქართული ცირკი მსოფლიოსაც გაეცნო, თუმცა ბადრი გარდაიცვალა. ყველაფერს აკეთებდა ეს ადამიანი, რომ ბავშვები გაეხარებინა, მაგრამ... აღარ დასცალდა სამწუხაროდ.

- რა არის ცირკი თქვენთვის? ბიზნესი თუ საყვარელი საქმიანობა?

- რა გითხრათ... ვერ წარმოიდგენთ, რა გრძნობები ეუფლებათ ბავშვებს ჩვენი საცირკო ნომრების ყურებისას. მათი გაოცებული თვალები რომ მახსენდება.... ასეთ დროს ბიზნესზე ვეღარ იფიქრებ... აქ ჯამბაზია, იქ ადამიანი-კაუჩუკი ...  ეს ყველაფერია... ბუნებრივია, იდეალური ვარიანტია, როდესაც საყვარელი საქმე ბიზნესიცაა პარალელურად, მაგრამ... ამ დროს ამაზე ნამდვილად ვერ იფიქრებ... წარმოიდგინე, რომ გამოსვლის შემდეგ  გიყურებს ბავშვი და გეუბნება, - სახლში, შენთან წამიყვანეო...  ამაზე უკეთესი არის რამე?! მასწავლონ, თუ არის და  იმას გავაკეთებ... ცხოველების დანახვაც როგორ უხარიათ ბავშვებს,  კურდღელი იქნება, მტრედი,  რომელიც ფოკუსის დროს ამოფრინდება, თუ ლეკვი...  ბავშვს კი არა, დიდს წასცდება ხელი მოსაფერებლად ...

- გეთანხმებით, მაგრამ ყველაფერი მაინც გარკვეულ ხარჯთან და შესაბამისად, შემოსავალთანაც მიდის... ცხოველების მოვლასაც ხომ გარკვეული თანხა სჭირდება? ყველაფერი ხომ ხარჯებთანაა დაკავშირებული?...

- დიახ, ხარჯი დიდია. საკვებსაც შერჩევა უნდა, ყველაფერი არ ეჭმევა, განსაკურებულად უნდა კვებო, რომ არ მოიწამლოს. მაგალითად,  პითონი გვყავს, მის შესანახად თვეში 2-4 კურდღელი მაინც გვინდა, რომ  მშვიდი იყოს და აგრესიული არ გახდეს. გვყავდა ვირებიც... გეტრები  ეცვათ და ოსურ მუსიკაზე ცეკვავდნენ, მერე გავაჩერეთ ნომერი, რომ ამას არ მოჰყოლოდა პროტესტი, ვირებს მაინცდამაინც  ოსურ მუსიკაზე რატომ აცეკვებდითო.  მაიმუნი გვყავს, დღე და ღამე ჩემს შვილიშვილთან სძინავს, ერთად მაიმუნობს ხოლმე ორივე.

- ალბათ თქვენს სასცენო მოღვაწეობას ბევრი კურიოზიც ახლავს თან...

- კურიოზების მეტი რაა, მაგალითად გვაქვს ნომერი, სადაც დათო პატარაია მცირე ზომის (50-50) აკვარიუმში ჩადის, კარს კი მე ვუკეტავ და შემდეგ ზემოდან უნდა გავუხსნა, რომ ამოვიდეს. ერთხელ გამაბრაზა და დავემუქრე, -  შენ გიჩვენებ სეირს-მეთქი...ჩავიდა აკვარიუმში, დავუკეტე კარი და იმის ნაცვლად, რომ გამეღო და ამოსულიყო,  გავედი კულისებში. ასე იჯდა ყუთში შიშისგან თვალებგაფართოებული. რომ გავუღე, ისეთი თვალები ჰქონდა, მივხვდი, მეტჯერ აღარ გამაბრაზებდა.

-  ბიზნესსა და ხელოვნებაში ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენცია... თქვენ ვის თვლით კონკურენტად?

- როცა ახალ რამეს ვქმნი, ვიცი, რომ ის ჩემია და  სხვამ არ უნდა გამოიყენოს.  ინდივიდუალიზმი აუცილებელია. ხანდახან გული მწყდება ჩემს კოლეგებზე იმის გამო, რომ არცთუ მოსაწონი პროგრამით არიან წარმოდგენილნი. მათი არახარისხიანი პროგრამის გამო კი ჩვენც ვიჩაგრებით. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მათ ხშირად ვხვდებით და ამ შეცდომის გამოსწორებას ვთხოვთ, რათა აქცენტი ხარისხზე გაკეთდეს. იმის თქმა მინდა, რომ აქ კონკურენცია არაა მნიშვნელოვანი. გაცილებით მეტი აქცენტი კეთდება მაყურებელზე. ესაა ჩვენი ინტერესი და სხვათა შორის, ჩვენს სფეროში ბიზნესის ამოსავალიც...

ასევე მინდა, გავაჟღერო თხოვნა, რომლითაც ცირკის მოღვაწეთა კავშირი მიმართავს ჩვენს კოლეგებს. იქნებ, ჩვენი ლიცენზიის გარეშე სკოლებში არავინ შევიდეს. და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ასე გვსურს. უბრალოდ, იმ ლიცენზიით წარდგება მხოლოდ ის ჯგუფი, რომელიც მაყურებელს ნამდვილად ხარისხიან პროგრამას შესთავაზებს,  ისეთს, როგორიც სკოლის მოსწავლეებისა და ბაღის აღსაზრდელებისთვის იქნება შესაფერისი. 

-კომერციული კუთხით როგორ შეაფასებდით ცირკს? ეს ხომ ბიზნესია ნებისმიერ შემთხვევაში?  

- თამამად ვიტყვი, რომ ხელოვანი არის ავადმყოფი, ის მოწამლული ამ სენით, არის ყოველთვის სიახლის ძიებაში.  და არა იმიტომ, რომ სიახლით ვინმეს გაოცება სურს, არამედ იმიტომ, რომ თავისი საქმე უყვარს.  სკოლაში, თუ საბავშვო ბაღში რომ შევდივარ და იქ პატარები მხვდებიან, მეფერებიან, ამაზე მეტი ბედნიერება არაფერია. სულ ძიებაა ეს სამყარო.. კი ბატონო, იმას რა სჯობს, რომ სათანადო დაფინანსებაც იყოს, რეალურ ბიზნესად იქცეს, ისე, როგორც ეს სხვა ქვეყანაშია, მაგრამ... მთავარი მაინც ისაა, რას გრძნობ, რა გიხარია... სწორედ ამისთვის ღირს ცხოვრება. რა თქმა უნდა,  თუ იქნება წახალისება, ჩვენ მზად ვართ, მსახიობები, ისეთი პროგრამა გავაკეთოთ, სადაც ვაჩვენებთ, რომ ქართველები ვართ და ძალიან ბევრი რამ შეგვიძლია. ჩვენი საქმის სიყვარულმა გაგვაკეთებინა ის, რომ აქამდე მოვიტანეთ ცირკი,  რომ არ მივატოვეთ ხელოვნება ... მერწმუნეთ, ხანდახან საქმის სიყვარული ყველაზე კარგი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კაპიტალდაბანდება და შესაბამისად, ბიზნესია...  

- ანუ თქვენ, როგორც კომერციულმა დირექტორმა და როგორც მსახიობმა,  ორივე შემთხვვაში საკუთარი თავი იპოვეთ აქ, ცირკში?...  უფრო სარფიანი ბიზნესის წამოწყებაზე არ გიფიქრიათ?

- ბიზნესზე არა, უფრო პროფესიაზე გავაკეთებდი აქცენტს... სხვაგვარად, ანუ პროფესიის სიყვარულის გარეშე, არც ბიზნესი იქმნება... თუ მსახიობობას გამოვრიცხავთ,სხვა მხრივ, ალბათ მასწავლებელი ვიქნებოდი. თუ ბიზნესს ვიქონიებთ მხედველობაში, სკოლას ან რაიმე ტიპის სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებას გავაკეთებდი...  იმხელა აგრესიაა  მოზარდებში, რომ... ამის განეიტრალებას ვეცდებოდი აუცილებლად. ჩვენ, ქართველებს, საამაყო ხასიათი გვაქვს და ვისურვებდი, ამ ხასიათში მოებაზე სხვას. ჩვენ კი არა, სხვამ გადაიტანოს და შეისისხლხორცოს ჩვენი ტრადიცია, გნებავთ, სუფრის აკადემია აიღეთ, გნებავთ, უფროსის პატივისცემა, თუ მანდილოსნის მიმართ გამოჩენილი ყურადღება. ეს აგრესია, რასაც ახლა მოზარდები გამოხატავენ, იქნებ არც წარმოიქმნას, თუ მათ სულიერ საზრდოს მივცემთ. მე  სწორედ ბავშვებმა მაიძულეს, რომ არ წავსულიყავი არსად და დავრჩი ხელოვნებაში. ამიტომ, როდესაც საკუთარ საქმეს ვაკეთებ, უპირველს ყოვლისა, მათზე ვფიქრობ და არა ბიზნესზე...

თარიღი: 2018/04/26