გია ხუხაშვილი: „თუ ასეთი ზრდა გვაქვს, რატომ არ აისახა ის თითოეული ადამიანის ბიუჯეტზე?“
მარტის მიწურულს, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შესახებ წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა: „2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 4.1 პროცენტით განისაზღვრა“ - ნათქვამია „საქსტატის“  ინფორმაციაში,  რომელიც ამავე უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება იანვრის მაჩვენებელს ( 3,5% ). თებერვალში ეკონომიკის ზრდას  ექსპერტებიც ადასტურებენ - მათი შეფასებით, წლის დასაწყისიდან საქართველოში შექმნილი დამატებითი ღირებულების უმეტესი ნაწილი სწორედ თებერვალზე მოდის.  „ბიზნესპოსტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ ჩვენი ეკონომისტები 2019 წლის პირველი თვეების მაჩვენებელებს და ამის გასარკვევად რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა:  

ავთო სილაგაძე - პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი:

-თებერვალში ჩვენი ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა, ასევე გაიზარდა იანვარ-თებერვლის მაჩვენებელიც - ეს „საქსტატის“ მონაცემებში აშკარად ჩანს. რის ხარჯზე მოხდა ეს? - პირველ რიგში, დამამუშავებელი მრეწველობის, სავაჭრო სფეროს და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების ხარჯზე. სამწუხაროდ, შემცირება შეიშნება მშენებლობის სფეროში. ჩემი აზრით, ეკონომიკურ ზრდაში სერიოზული წვლილი შეიტანა ექსპორტის მატებამ,  ეს სოლიდური ციფრები არ არის, მაგრამ ექსპორტის მაჩვენებლები გაიზარდა და ეს ტენდენცია აშკარაა. თებერვალში გაიზარდა ახლად რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობაც. ამავე დროს, მოიმატა დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ, რომელიც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.8 პროცენტით აღემატება. ზრდა აშკარაა, მაგრამ ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ეს საკმარისი არ არის. სწორედ ამიტომ, ხარჯების ზრდა და შემოსავლის შემცირება შეინიშნება სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლებში, რაც არასახარბიელო მოვლენაა. თუ გვინდა, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს და თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მომავალში საქართველოს ეკონომიკის ზრდა უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს. 

გია ხუხაშვილი - ექსპერტი:

-ყველამ ვიცით, რომ ჩვენთან იანვარში ეკონომიკური აქტივობა დაბალია, ასე რომ, სტატისტიკურ მონაცემებში ყველაფერი ლოგიკურია - თებერვალში იანვართან შედარებით  უკეთესი მაჩვენებლები მიიღეს. მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ეკონომიკური ზრდა ექსპორტის ზრდამ გამოიწვია, რადგან ეს არ არის რეალური ექსპორტი - სინამდვილეში ავტომობილების რეექსპორტი გაიზარდა, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ მაჩვენებლებში ბევრს ვერაფერს ცვლის. სტატისტიკით რეექსპორტიც ექსპორტის კეტეგორიას მიეკუთვნება, რაც მანიპულირების მშვენიერი საშუალებაა. ახალი საწარმოების რეგისტრაცია მართლაც მომატებულია, ასევე -  უკვე რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვაც, მაგრამ მე ამ მიმართულებითაც ვერ ვხედავ სერიოზულ ძვრებს. ციფრები კარგია, მაგრამ სტატისტიკოსთა მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ხშირად რეალურ სიტუაციას ვერ ასახავს. ამას ისიც ადასტურებს, რომ ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში და შემოსავლებში არაფერი შეცვლილა, ადამიანების კეთილდღეობაც არ გაზრდილა.  თუ ასეთი ზრდა გვაქვს, რატომ არ აისახა ის თითოეული ადამიანის ბიუჯეტზე? ლარის კურსიც ისევ ძველ ნიშნულზე რჩება. მართალია, ვალუტის კურსი ეკონომიკის ზრდაზე თუ კლებაზე მიბმული არ არის, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველო იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, ეროვნული ვალუტა გამყარებისკენ ვერ მიდის. ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუწყობს ხელს ლარის სტაბილურობას, თუ იმპორტ-ექსპორტის სალდო ნორმალური იქნება და რეექსპორტს ექსპორტად არ „მოვნათლავთ“.

პაატა ბაირახტარი - „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი:

-ერთი თვის მონაცემებზე დაყრდნობით სრულყოფილ და ნათელ ეკონომიკურ სურათს ვერ მივიღებთ. კარგია, რომ თებერვალში 4.6%-იანი ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ისეთი სერიოზული ცვლილება, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. ეს არ არის მასშტაბური ზრდა, მით უმეტეს, იანვრის პირველი ნახევარი  შობა-ახალი წლის დღეებს ემთხვევა და საქართველოში ყოველთვის პასიურია. მართალია, გვაქვს პოზიტიური ციფრები და მონაცემები, მაგრამ ეს იმ დონის წინსვლა არ არის, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მხოლოდ მომსახურების სექტორის ხარჯზე ეკონომიკის განვითარება დიდხანს ვერ გასტანს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ რეექსპორტს ჩვენს ექსპორტში წამყვანი პოზიციები უჭირავს, თანაც, საქართველოდან მადნეული გაგვაქვს, ქვეყანაში მზა პროდუქცია და დამატებითი ღირებულება არ იქმნება, რაც დიდი მინუსია ნებისმიერი ეკონომიკისთვის - ამის გარეშე ეკონომიკური ზრდა წარმოუდგენელია.

P.S. გთავაზობთ  „საქსტატის“ მონაცემებს, საიდანაც ჩანს, თუ როგორ იცვლებოდა მშპ-ის მაჩვენებლები 2011 წლიდან დღემდე:

მშპ მიმდინარე ფასებში   (მლნ.ლარი)                   მშპ ერთ სულზე (მიმდინარე ფასებში)                          

2011 – 20743,4                                                                  5478,0 ლარი

2012 – 24344,0                                                                  6480,6 ლარი

2013 – 26167,3                                                                   7017,5 ლარი

2014 – 26847, 4                                                                  7221,6 ლარი

2015 – 29150,5                                                                   7837,4 ლარი

2016 – 31755,6                                                                   8524,3 ლარი

2017 – 34028,5                                                                   9129,0 ლარი

2018 – 37846, 6                                                                 10152,0 ლარი

2019 – 41077,5                                                                   11013,9 ლარი

თარიღი: 2019/04/02