სასაქონლო ბირჟის ბოლო შანსი საქართველოში
მსოფლიოში სასაქონლო ბირჟების ისტორია იწყება მე–14 საუკუნიდან და დღეისათვის სასაქონლო ბირჟები წარმოადგენენ ეკონომიკური სისტემების ერთ–ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს.

რეალურად თანამედროვე სასაქონლო ბირჟები წარმოადგენენ ძირითადათ სასაქონლო ფასების ფორმირების სისტემებს. საქართველოში 90 – ანი წლების პერიოდში, დაიწყო სასაქონლო ბირჟების ნამდვილი „ბუმი“, რამაც თავის მხრივ ზეგავლენა მოახდინა ეკონომიკური სისტემის იერსახეზე.

ჩვენი ქვეყნის, გეო–პოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე და „აბრეშუმის გზის“ ისტორიული ფუნქციონირების გათვალისწინებით, არსებობს სასაქონლო საბირჟო ბაზრის წარმოქმნის და რეგიონალურ დონეზე განვითარების უნიკალური წინაპირობები.

ნებისმიერი სახელმწიფოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივა დამოკიდებულია, ეკონომიკურად ისეთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული დარგების განვითარერებაზე, სადაც შედეგობრივად წარმოებული პროდუქცია იქნება კონკურენტუნარიანი და “აღჭურვილი”კონკურენტული უპირატესობებით.

საქართველოს რეალობაში ესეთ დარგს სავარაუდოთ წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა აგრო-პროდუქციის წარმოება, რაც პირველ რიგში დამოკიდებულია აგრო-სექტორის კომპლექსურ განვითარებაზე.

ამასთან ერთად როგორც უკვე ცნობილია, საქართველოს მთავრობა აპირებს ერთმილიარდიანი საინვესტიციო ფონდის შექმნას, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის, რაც თავის მხრივ მოითხოვს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მომზადებას. ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ამ შემთხვევაში წარმოადგენს, – მზა აგრო-პროდუქციის ეფექტიანი სარეალიზაციო არხების შექმნა ე.წ. საბითუმო ბაზრის სახით.

ცოტა რამ ბირჟების ისტორიიდან!

ამ შემთხვევაში, მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე, პროდუქციის რეალიზაციის ყველაზე მისაღები და ეფექტიანი მექანიზმია სასაქონლო ბირჟა, რომელიც წარმოადგენს – წმინდა კონკურენციის მქონე ორგანიზებულ, სტანდარტიზირებადი პროდუქციის საბითუმო ბაზარს.
პირველი სასაქონლო ბირჟა შეიქმნა ბელგიის ქალაქ ბრიუგეში 1409 წელს, ხოლო ორგანიზებული სასაქონლო ბირჟა ქალაქ ანტვერპენში 1460 წელს.

შემდგომი განვითარება სასაქონლო ბირჟამ ჰპოვა ქალაქ ამსტერდამში. აშშ-ში მე-19 საუკუნის დასაწყისში, სასაქონლო ბირჟების რაოდენობამ მიაღწია – 500 ერთეულს. დღეისათვის თანამედროვე სასაქონლო ბირჯის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა უფრო, როგორც სასაქონლო ფასების დაზღვევის მექანიზმად, ვიდრე როგორც რეალური საქონლით ვაჭრობის ცენტრები, თუმცა მსოფლიოში წარმოდგენილია, რეალური საქონლით მოვაჭრე რამოდენიმე ათეული შესაბამისი პროფილის ბირჟები.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკურ ურთიერთობებში, სასაქონლო ბირჟა უზრუნველყოფს პროდუქციის მოთხოვნა-მიწოდების კონცენტრაციის საფუძველზე, პროდუქციაზე “სამართლიანი” ფასების ჩამოყალიბებას და გარიგებების შესრულების სესაბამის გარანტიებს.

საბირჟო საქმიანობის ისტორია, პოსტსოციალისტური ქვეყნების სივრცეში ე.წ. “პერესტროიკის” დაწყებას დაემთხვა და სავსე იყო ძალზედ საინტერესო მომენტებით და პარადოქსებით.

საქართველოში საბირჟო სტრუქტურების გაჩენა გასული საუკუნის 90 – იანი წლებიდან დაიწყო. საბირჟო ისნსტიტუტებიდან პირველად სასაქონლო ბირჟა (კავკასიის, თბილისის უნივერსალური, თბილისის ბირჟების სახით) ჩამოყალიბდა და დამკვიდრება დაიწყო საბირჟო ვაჭრობის ორგანიზების კულტურამ.

მაშინ საბირჟო ვაჭრობის მექანიზმები და ტექნოლოგიები, რბილად რომ ვთქვათ ნაკლებად შეესაბამებოდა უცხოური სასაქონლო ბირჟების სტანდარტებს, მაგრამ მიუხედავად ამისა საბირჟო საქმიანობაში მიმდინარე მოვლენებმა მისცა საკმაოდ ძლიერი ბიძგი, საბირჟო სპეციალისტების და ბროკერების პროფესიონალიზმის ამაღლებაში, რაც საბოლოო ჯამში აისახა საკმაოდ მაღალი დონის მქონე საბირჟო სპეციალისტების კონცენტრაციაში საქართველოში.

აღნიშნული მოვლენას დაემატა მაშინდელი (ზ.გამსახურდიას) მთავრობის ხელშეწყობა და გარკვეული დაპირებები, რამაც შემატა იმედი ისედაც ოპტიმისტურად განწყობილ ბროკერებს და საბირჟო ვაჭრობის ორგანიზატორებს.

ზედიზედ გაიხსნენ : “კავკასიის ბირჟა”, “თბილისის სასაქონლო ბირჟა”, “თბილისის უნივერსალური ბირჟა” და “ღვინის ბირჟა”. თავის მხრივ სასაქონლო ბირჟების ამოქმედების ფაქტორმა შემოიტანა საბირჟო ბროკერების რიცხვის ინტენსიური ზრდა და ე.წ. საბროკერო საქმიანობის გააქტიურება, რამაც არც თუ ისეთი პატარა როლი ითამაშა საქართველოს ეკონომიკის ისტორიაში.

გაჩნდა დაინტერესება, გამოჩნდნენ და წინა პლანზე წამოიწევნენ აქტიური და საქმიანი ადამიანები, დაინერგა კორპორატიული კულტურის ელემენტაბი და რაც მთავარია ადამიანები ინტერესტ სწავლობდნენ ცივილური ბიზნესის წარმართვის საბირჟო და არასაბირჟო მექანიზმებს.

იმდროინდელი ბირჟების, ძირითადი დამახასიართებელი შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ არ იყო ბოლომდე გათვითცნობიერებული საბირჟო საქონლის სტანდარტიზაციის და უნიფიცირების თვისობრივი აუცილებლობის მნიშვნელობა.

აღნიშნულმა ფაქტორმა განაპირობა სასაქონლო ბირჟებზე სხვადასხვა სახის ე.წ. არასაბირჟო (არასტანდარტიზებული) საქონლის წარმოდგენა, რის შედეგადაც სასაქონლო ბირჟის ინსტიტუტი გარდაიქმნა უფრო საბითუმო, სავაჭრო სახლების მსგავს სუბიექტებში, თუმცა უმეტეს შემთხვევაში საბირჟო ვაჭრობის ძირითადი პრინციპის დაცვით.

ამასთან ერთად ბოლომდე არ იყო გამოყენებული საბირჟო ვაჭრობის ისეთი ძირითადი პრინციპები, როგორიცაა საბირჟო გარიგების მხარეთა შორის ანგარიშსწორების და საქონლის მიწოდების გარანტიის მექანიზმი. სამწუხაროდ, ჩვენთან 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან პრიორიტეტი ცალსახად კაპიტალის ბაზრის განვითარებას და შესაბამისად, საფონდო ბაზრის ჩამოყალიბებას მიენიჭა, რის შედეგადაც ორგანიზებული სასაქონლო ბაზრის განვითარება იგნორირებული იქნა.

დრომ აჩვენა, რომ ეს თვალსაზრისი, რომელიც სასაქონლო ბაზარს არ მოიაზრებდა საფონდო და სავალუტო ბაზრების განვითარების ერთიან ჭრილში მცდარი იყო. სწორედ აღნიშნული მცდარი მიდგომა და ბირჟის როგორც უნივერსალური ხასიათის სტრუქტურის იგნორირება გახდა შემდგომში იმის წინაპირობა, რომ საბოლოო ჯამში ქვეყანაში ვერც საფონდო და ვერც საკრედიტო ბაზრის ინფრასტრუქტურა განვითარდა ჯეროვნად მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი საერთაშირისო დახმარებები იყო გამოყოფილი.

ნიშანდობლივია, რომ სასაქონლო ბირჟების ფუნქციონირების დროს შეინიშნებოდა უამრავი ისეთი დადებითი ფაქტორები, როგორს სასაქონლო საბითუმო ბაზრის გამჭირვალობა და შედეგად მოღებული ფისკალური ეფექტი, საბაზრო ურთიერთობის განვითარება, დარგობრივი ბაზრების მარკეტინგის ცოდნის და საბირჟო ურთიერთობების კულტურის ამაღლება და ბევრი სხვა. შემდგომში არასტაბილურმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ საქართველოში და დსთ-ს ქვეყნებში სასაქონლო ბაზრების მონოპოლიზაციამ, საბირჟო მოძრაობას საკმაოდ მძიმე დარტყმა მიაყენა, რის შედეგადაც ერთი მეორეს მიყოლებით დაიწყო ბირჟების დახურვა და საბირჟო “ბუმი” ჩაქრა.

დატოვა კი რაიმე პოზიტიური საქართველოსათვის უკვე წარსულში არსებულმა სასაქონლო ბირჟამ? _ თავისთავად, უპირველეს ყოვლისა დარჩა ცივილური საბაზრო ურთიერთობების ნოსტალგია, და კიდევ რამოდენიმე ბირჟის სპეციალისტი ე.წ. “ბოლო მოჰიკანი”, რომლებსაც დღეს კიდევ ოპტიმისტურად ჯერავთ ერთი გამონათქვამის იმის თაობაზე, რომ “ახალი _ ეს არის უკვე კარგად დავიწყებული, არსებული ძველი რამ”.

არსებობს, თუ არა საქართველოში სასაქონლო ბირჟის განვითარების პერსპექტივა?

– რასაკირველია _ კი და თანაც უნიკალური პერსპექტივა, რომელიც არ გააჩნია ძალზედ ბევრ განვითარებულ ქვეყანასაც კი.

აღნიშნული პრიორიტეტი მდგომარეობს უკვე ბანალურად ჟღერად მომგებიან გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, რასაც ადასტურებს “დიდი აბრეშუმის გზის~ ისტორიული არსებობა. მართლაც, რომ გადავხედოთ მსოფლიო ბირჟების განვითარების ისტორიას, შევნიშნავთ, რომ იმდროინდელი წამყვანი სასაქონლო ბირჟები (ამსტერდამი, ლონდონი, ჩიკაგო და სხვა) ფუნქციონირებდნენ საკვანძო სავაჭრო მარშუტების გადაკვეთის ცენტრებში, და არც ერთი ბირჟა არ ჩამოყალიბებულა ამა თუ იმ საბირჟო საქონლის წარმოების არეალის მიხედვით.

დღეს ექსპერტების მიერ, სავსებით სამართლიანად პრიორიტეტი ენიჭება არა ქვეყნის როგორც სატრანზიტო სტატუსის მქონე ტერიტორიის განვითარებას, არამედ ერთიანი კავკასიური ბაზრის ფორმირებას საინვესტიციო და სასაქონლო ნაკადების აკუმულირების მიმართულებით.

აღნიშნული მიდგომები თავსებადია, გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკის მდგრადი განვითარების ახალ კონცეფციაზე გადასვლის მიმართულებითაც და არა თუ გამორიცხავს, არამედ თავის თავში მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, სასაქონლო ბირჟის ფუნქციონირებასაც.

საქართველოს ეკონომიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე ოპტიმალური მოდელი იქნებოდა არა უბრალოდ სასაქონლო საბირჟო მოედნის მოწყობა, არამედ ისეთი უნივერსალური სტრუქტურის ფორმირება, სადაც პრიორიტეტი მიენიჭებოდა აგრო-ბროკერის ინსტიტუტის განვითარებას.

ამასთან ერთად ლოკალური საბირჟო საქონლის გარდა ბირჟაზე ძირითადად წარმოდგენილი უნდა იყოს საბირჟო საქონელი, როგორც აზერბაიჯანიდან (ნავთობის და ნავთობპროდუქტები), ისე შუა აზიის რესპუბლიკებიდან (ბამბა), იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქართველოს (საზღვაო პორტამდე FOB-ის პირობებზე) ტერიტორიაზე განლაგებული სატრანსპორტო-სავაჭრო მარშუტი, წარმოადგენს ყველაზე ოპტიმალურ მარშუტს კავკასიის და შუა აზიის ქვეყნებისათვის. რაც შეეხება საქართველოში მყოფ საბირჟო საქონელს, უნდა ავღნიშნოთ, რომ ის არსებობს და საკმაოდ ფართო ნომენკლატურით.

რაც მთავარია ბირჟის სახით შეიქმნება რეალური და გამჭირვალე ფასწარმოქმნის მექანიზმი და ფასთაცვალებადობის რისკის დაზღვევის სისტემა.

ამავდროულად სასაქონლო ბირჟა წარმოადგენს ანტი-ოლიგოპოლიურ საბაზრო მექანიზმს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის!

დღეს მიმდინარეობს „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხილვა, რომლის ინიციატორია ჩინეთი და სამწუხაროდ საქართველო არც კი მოიხსეინება არანაირ კონტექსტში. არადა საქართველოს შეუძლია შეასრულოს სასაქონლო ნაკადების „ჰაბი“-ს ფუნქცია ისე, როგორც არ შეუძლია ეს არც ერთ ქვეყანას.

საქართველოში არსებობს ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ შეიქმნას საერთაშორისო დონის ისეთი საფინანსო ინსტიტუტი როგორცაა სასაქონლო ბირჟა. რაც მთავარია არსებობს კანონი `სასაქონლო ბირჟების შესახებ”.

საქართველოსათვის სასაქონლო ბირჟა აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, თუნდაც ანტიმონოპოლიური და ანტიდემპიგური ტენდენციების დანერგვისათვის, სხვა რომ არაფერი ვთქვათ ლიკვიდური და კონცენტრირებული საბირჟო ბაზრის ეფექტიანობაზე.

ქვეყნისათვის საბირჟო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს, არსებული საბაზრო ურთიერთობების რეკონსტრუქციის მექანიზმს.

არსებობს საკმაოდ კვალიფიციური კადრები, რომლებსაც გააჩნიათ კომპლექსური ცოდნა საბირჟო საქმიანობისა და დარგობრივი ბაზრების ანალიზის, კორპორატიულ ფინანსებში და სამართალში, რასაც ვერ დაიკვეხნის მაღალანაზღაურებადი საქართველოში მოღვაწე ბევრი უცხოელი ექსპერტი.

ამ ამოცანის რეალიზაციისათვის მნიშვნელოვანი იქნება მთავრობის პოზიცია, ანუ რამდენად იქნება გააზრებული, ქვეყნის და სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული დარგის მდგრადი ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, სასაქონლო ბირჟის ხელშეწყობისა და ფორმირების აუცილებლობა.

წყარო: http://bfm.ge 

თარიღი: 2019/04/06