სად და როგორ მოვიპოვოთ გრანტები ბიზნესისთვის - პრაქტიკული რჩევები და დაფინანსების რეალური შესაძლებლობა სტარტაპერებისთვის
თანამედროვე ეპოქაში ნებისმიერი ქვეყნისათვის მცირე და  საშუალო ბიზნესის განვითარებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებულ როლს ასრულებს თითქმის ყველა სახელმწიფოს მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში, სამუშაო ადგილების შექმნაში, მსხვილი კომპანიების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაში, ახალი ტექნოლოგიებისა და ნოვაციების დანერგვაში და ა.შ ყოველივე ამის გათვალისწინებით საქართველოსთვის  მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც ისეთი პრობლემების ეფექტურად გადაწყვეტის საშუალებას მოგვცემს, როგორიცაა, მაგალითად, კონკურენციის ზრდა,  ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა და მოსახლეობის დასაქმება და სხვა.   ბიზნესის წამოწყებითვის კი  მხარდაჭერაა უმნიშვნელოვანესი.

რა გზები არსებობს ბიზნესგრანტების მოსაძიებლად, ვის უნდა მიმართოს დაინტერესებულმა პირმა და შესაძლოა თუ არა „მაძიებელი“ გასცდეს საქართველოს ფარგლებს?

,,აწარმოე საქართველოში“ ადგილობრივი სააგენტოა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს წარმოადგენს და ორიენტირებულია სამეწარმეო გარემოს გაუმჯობასებაზე, კერძო სექტორის განვითარებაზე, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობასა და ექსპორტზე. ,,ბიზნესპოსტი“ ერთ-ერთ „იღბლიან“ მეწარმეს გაესაუბრა, რომელმაც საკუთარი ბიზნესიდეისთვის რამდენიმე თვის წინ აღნიშნული სააგენტოსგან 10 000 ოდენობის გრანტი მიიღო:

გიორგი ხეცურიანი:

,,რამდენიმე თვის წინ   ონლაინ რეგისტრაცია პროექტ  ,,აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ფარგლებში გავიარე.  ჩემი ბიზნეს იდეა დაკავშირებული იყო ხის სათამაშოების საწარმოსთან, მოგეხსენებათ ბოლო პერიოდში არაერთი კვლევის შედეგად ბავშვების სათამაშოებში გამოვლინდა  ტყვიისა თუ სხვა მავნე ნივთიერებების არსებობა, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, სწორედ ამიტომ  დეიდაშვილთან ერთად ვაპირებდი ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების დამზადებას. ამის  გამოცდილება მანამდეც მქონდა.  ამიტომ არსებული გამოწვევების არ შემშინებია, მინდოდა თითოეული სათამაშო განსხვავებული, განსაკუთრებული და არაშაბლონური ყოფილიყო. რაც შეეხება რეგისტრაციას  - ეტაპობრივად გავიარეთ, გარკვეულ ეტაპზე მეწარმეებს ტრენინგები გვიტარდებოდა და  მომავალშიც იგეგმება, ვფიქრობ ამ გზით მიღებული გამოცდილებაც ფინანსურ ხელშეწყობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია, საბოლოოდ კი დაგვიმტკიცეს 10 000 ლარიანი გრანტი, რითიც მოხერხდა საჭირო ინვენტარის და დანადგარების შეძენა, ჩვენი საწარმო  მცხეთაშია და იმედი გვაქვს დასახულ მიზნებს და იმედებს გაამართლებს.“ - აღნიშნა ახალგაზრდა მეწარმემ ,,ბიზნესპოსტთან“ საუბარში.

რაც შეეხება უცხოურ გრანტებს, ამ მხრივ უპირატესობით სოფლის მეურნეობის დარგები სარგებლობენ. შესაბამისი კითხვით ,,ბიზნესპოსტი პროექტ ,,ახალგაზრდა მეწარმის მენეჯერს, თორნიკე კაპანაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ  ყველა საგრანტო პროექტი, რომელსაც სოფლის მეურნეობის  პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს ამ ეტაპზე თანადაფინანსების პრინციპით მუშაობს.  ანუ  40 % არის გრანტი,  60 %  კი ბენეფიციარის  თანამონაწილეობა, ,,ახალგაზრდა მეწარმის“ ფარგლებში კი გრანტის მაქსიმალური მოცულობა  60 000 ლარია.

-„საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“ განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ ბიზნესსაქმიანობის განხორციელება საქართველოში და ახორციელებს  ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ დონორი ორგანიზაციის, დანიის სართაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებით.  რაც შეეხება  გრანტის პირობებს, პროცედურული ნაწილი არის საკმაოდ გამართული. დაინტერესებული პირი გადის  რეგისტრაციას ვებგვერდზე  apma.ge, რის შემდეგაც  შემოაქვს განაცხადი, იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი აკმაყოფილებს იმ პირობებს,  რომელიც ასევე ვებგვერდზე არის აღწერილი, პროცესი გადადის ბიზნესგეგმის მომზადების ეტაპზე, აღსანიშნავია რომ ბიზნესგეგმას ბენეფიციარი თავისით არ ამზადებს, მას ამაში  საკონსულტაციო კომპანია ეხმარება, რომელიც სამინისტროს მიერ არის შერჩეული. ბიზნესგეგმის მომზადებისა  და შესაბამისი დოკუმენტაციის მოგროვების შემდეგ ისევ თავის პანელში ატვირთავს ამ მასალას, რის შემდეგაც  მოხდება  მისი განხილვა. რამდენიმე დღეში  კი, დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიდის წერილი ბენეფიციარს, რომ დამტკიცებულია ბიზნესგეგმა და ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს განსაზღვრული დოკუმენტაცია. მთელი ეს  პროცესი   ვებგვერდზე დეტალურადაა  გაწერილ, ახსნილი და  მაქსიმალურად გამჭვირვალეა.  რეალურად, თუ ყველაფერს სწორად წაიკითხავს ბენეფიციარი, ხელშეკრულებაზე  ხელის მოსაწერის გარდა, სააგენტოში მისვლაც არ დასჭირდება.  ასევე შეიძლება ითქვას, რომ უარყოფითი პასუხის  შანსიც არ აქვს, თუ ყველაფერს  სწორად მიჰყვება და ბიზნეს იდეაც მოგებაზე გათვლილი ექნება.  უბრალოდ, უნდა გაითვალისწინოს  ის შეზღუდვები, რაც ვებგვერდზეა განთავსებული .

- სტატისტიკურად თუ იზრდება გრანტის მაძიებელთა რიცხვი და სოფლის მეურნეობის რომელი დარგები ლიდერობენ დაფინანსების სიმრავლით?

- როდესაც  ჩვენ თავდაპირველად  საგრანტო პროექტების კეთება დავიწყეთ,  პირველ ეტაპზე, მახსოვს,  3-4 თვის  მანძილზე სულ,  დაახლოებით, 10-15 განაცხადი შემოვიდა,  ხოლო ,,ახალგაზრდა მეწარმემ“ - ყველაზე ახალმა  პროექტმა  2 თვის განმავლობაში   700 აპლიკაცია მიიღო, ანუ  ფაქტიურად შეიძლება ითქვას,  რომ პროგრამის სიუჟეტი  ბიზნესგეგმის მომზადების ეტაპზე გადასული ბენეფიციარების ჭრილში უკვე ამოწურულია, დინამიკა, როგორც ხედავთ, ძალიან მზარდია. რაც შეეხება პროგრამას,  ძალიან მრავალფეროვანია, თუმცა განაცხადების ჭრილში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიდერი მეღვინეობა-მევენახეობაა. როგორც ჩანს,   ტრადიციულ დარგებზე მოთხოვნა, ინფორმაცია, ცოდნა და გამოცდილებაც უფრო მეტია, სწორედ ამიტომ  ,,ახალგაზრდა მეწარმის“ ფარგლებში ეს დარგები ლიდერობს .

ნოდარ ლატიბაშვილი  ფერმერია საგარეჯოდან, რომელიც რამდენიმე წელია ნატურალური პროდუქტის მოყვანითა არის  დაკავებული. რამდენიმე თვის წინ კი  მარნის აშენება გადაწყვიტა, რომლის საშუალებითაც  ტურისტებს ტრადიციული მეღვინეობა უნდა გააცნოს.  

-,,იდეის ხორცშესახმელად და გრანტის მოსაპოვებლად Apma.ge -ზე ,,ახალგაზრდა მეწარმის“ ონლაინ აპლიკაცია შევავსე, სადაც ყველა საჭირო პროცედურა დეტალურად იყო ახსნილი.  საიტზე რეგისტრაცია ეტაპობრივია. თუკი მოცემულ მოთხოვნებს აკმაყოფილებ, თანდათან გადადიხარ შემდეგ საფეხურზე.  დადებითი პასუხის შემთხვევაში,  მესამე ეტაპზე   ინდმეწარმედ უნდა დარეგისტრირდე  და თანხა შენი თანამონაწილეობით წარმოადგინო.  შემდეგ იდება ხელშეკრულება და იწყება  პროექტის განხორციელება. მე სწორედ ამ ეტაპზე ვარ ახლა. რაც შეეხება თანამონაწიელობას. 60 %,  ჩემი აზრით, ბენეფიციარისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა გამოდის   და კარგი იქნებოდა, გრანტის თანამონაწილეობა 40% -ზე  მეტი ყოფილიყო, თუმცა, მაგალითად, ჩემს შემთხვევაში, როდესაც ისედაც ვაპირებდი  მსგავსი ბიზნესის წამოწყებას, ეს მაინც დიდი შეღავათია. ბიზნესგათვლა, ძირითადად, ტურისტებზე მაქვს. ტრადიციული ქართული მარანი აშენდება, სადაც ისინი თავიანთი თვალით ნახავენ ღვინის წურვისა და დაყენების პროცესს. ასევე ექნებათ რთველში მონაწილეობის მიღების, ჩურჩხელის საკუთარი ხელით ამოვლების ტრადიციული და ნატურალური პროდუქტის დაგემოვნების შესაძლებლობაც.

 

თარიღი: 2018/06/23