„ოჯახური ბრენდის“ ხიბლი და სამი ბიზნესპრინციპი, რომელიც შვილების აღზრდისას უნდა გამოვიყენოთ
რატომ უნდა აირჩიონ ბავშვებმა მათივე დასჯის მეთოდები და რისთვისაა საჭირო Scrum-დაფა ოჯახში

ჯერ ჰარვარდის მოლაპარაკებათა პროექტის დამფუძნებლებთან სასწავლო კურსი გაიარა  და გაიგო, როგორ უნდა ეკამათა გონივრულად, შემდეგ სპორტული არხის ESPN-ის მთავარ ოფისს ესტუმრა და გაარკვია, რა ცოდნას ფლობდნენ საუკეთესო ტრენერები იმისთვის, რომ  წარმატებული ბავშვები აღეზარდათ და მათგან კარგად შეთამაშებული გუნდები შეექმნათ. მომდევნო ნაბიჯი უორენ ბაფეტი იყო, რომლისგანაც შეიტყო, როგორ უნდა გადაენაწილებინა ჯიბის ფული ჭკვიანურად, ბოლოს კი ოჯახური ბრენდის შექმნის შესახებ სტივენ კოვის მოსაზრებები მოისმინა. შედეგად „ბედნიერი ოჯახის საიდუმლოებები“ გაიგო და ერთ წიგნად შეკრა. The New York Times -ის კოლუმნისტმა მწერალმა, ბრიუს ფეილერმა მსოფლიო საზოგადოებას უნიკალური ნაშრომი შესთავაზა და   ის ძირითადი ბიზნესპრინციპები გაანდო, რომელთა გადატანაც მთელ ოჯახზე, შვილების აღზრდასა და ახლობლებთან ურთიერთობაზეც საკმაოდ ეფექტურად შეიძლება. ყველაზე საინტერესო მონაკვეთები კი Forbes Life-მა ერთ პუბლიკაციაში მოაქცია და საკუთარ მკითხველს გაუზიარა.

***

ოჯახში ყოველთვის მუდმივი ცვლილებების პროცესი მიმდინარეობს. მაგალითად, ბავშვები  ღამით ძილს სწავლობენ და სანაცვლოდ, წყვეტენ ძილს დღის განმავლობაში. სწავლობენ სიარულს და პარალელურად ხდებიან უფრო ჭირვეულები. ეჩვევიან ფეხბურთს და ამავდროულად, ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლას „აიძულებენ“ ...

ნებისმიერ  ცვლილებას, რომლის გარეშეც ოჯახური თანაცხოვრება, უბრალოდ, არ არსებობს, ყველა წევრი მომზადებული უნდა შეხვდეს - მათ ცვლილებებთან ადაპტირება უნდა შეძლონ.

Scrum-ისა და Agile-ს ერთ-ერთი თანაავტორი, ჯეფ საზერლენდი Harvard Business Review-ს გამოცემებს ათვალიერებდა, როდესაც ერთ საინტერესო სტატიას მიაგნო. სტატიის ავტორები, ხიროტაკა ტაკეუჩი და იკუჯირო ნონაკა, ბიზნესში არსებული ტემპის ცვალებადობაზე საუბრობდნენ. მათივე ინფორმაციით, წარმატებული ორგანიზაციების მთავარი მახასიათებლები სიჩქარე და მოქნილობა იყო. სტატიაში ისეთი კომპანიების სტრატეგიები განიხილებოდა, როგორიცაა, მაგალითად, Toyota და Canon, ხოლო მომუშავეთა ჯგუფები შედარებული იყო სპორტულ თამაშთან - რაგბთან, რომლის დროსაც მოთამაშეები ბურთის გარშემო  წრეს კრავენ და მოქმედების სტრატეგიას განიხილავენ.  

დღეს Scrum და  Agile ასობით ქვეყანაში სტანდარტულ სისტემად ითვლება. (სიტყვა „მოქნილი“ გამოიყენება, როგორც კრებითი ცნება) და პროგრამული უზრუნველყოფის ორი მესამედი სწორედ ასეთი ფილოსოფიის შესაბამისად მუშავდება.

შეუძლიათ თუ არა ოჯახებს რაიმე სარგებელი მიიღონ ამ სისტემის პრინციპებიდან?

„მე უფრო და უფრო ხშირად ვხედავ ხალხს, რომლებიც ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით კი ბავშვებთან მიმართებაში მოქნილ მიდგომას ამჯობინებენ“ - აღნიშნავს ჯეფი.

რა იგულისხმება ამ მიდგომაში?

ნაბიჯი 1. Scrum-დაფის შექმნა, რომელიც სამ სვეტად დაიყოფა: «უნდა გაკეთდეს“, „პროცესშია“, შესრულებულია“.

 

სვეტში „უნდა გაკეთდეს“ თავსდება სტიკერები ამოცანებით, მათ შორის ბავშვებისთვის. მაგალითად, კარნახისთვის მომზადება, საჭმლის გაკეთება, სტომატოლოგთან ჩაწერა და ა.შ. როდესაც რომელიმე ოჯახის წევრი საკუთარ თავზე აიღებს ამოცანას, სტიკერი  გადაადგილდება მომდევნო სვეტში. ვიზუალურად წარმოდგენილი მონაცემების წყალობით გუნდის ყველა წევრს შეუძლია ადევნოს თვალი დანარჩენების მოქმედებების მიმდინარეობას.

„თუ თქვენ სახლში გაქვთ მსგავსი ნივთი საერთო სარგებლობისთვის, მე გაძლევთ გარანტიას, რომ საქმეც ორჯერ მეტი გაკეთდება და ბავშვებიც უფრო ორგანიზებულები გახდებიან“- აღნიშნავს ჯეფრი.  

ნაბიჯი 2. ოჯახური შეკრებების ყოველდკვირეულ ტრადიციად ქცევა

მოქნილი მეთოდოლოგია კომუნიკაციის მექანიზმს იძლევა, ხოლო შეკრების მიზანი არა ინდივიდებზე საუბარი, არამედ იმაზე აქცენტის გაკეთებაა, თუ რამდენად კარგად ფუნქციონირებთ თქვენ, როგორც ოჯახი.

აი, სამი კითხვა, რომლის განხილვაც ამ შეკრებაზე ღირს.

  1. რა მოხდა კარგი თქვენს ოჯახში ამ კვირის განმავლობაში
  2. რა ვერ წავიდა ისე
  3. და რაზე უნდა იმუშაოთ მომდევნო კვირაში
რატომ აქვს ოჯახურ კრებებს კარგი შედეგი? იმიტომ, რომ ისინი დადგენილ დროს ტარდება და მიზანმიმართულია იმისკენ, რომ ყურადღება გამახვილდეს კონკრეტულ ქმედებებზე. თუ თქვენ არ განიხილავთ პრობლემებს მშვიდ გარემოში, თქვენი გეგმები ოჯახური ცხოვრების გაუმჯობესებისა და შვილებთან ურთიერთობის შესახებ შედეგს ვერ მოიტანს.

ნაბიჯი 3. მოქნილი ოჯახის მანიფესტის შედგენა

ეს საკმაოდ საინტერესო და სერიოზული პუნქტია. ხოლო რა შევა მასში,  ეს თქვენი და თქვენი შვილების გადასაწყვეტია. შეეცადეთ, ერთ-ერთ ოჯახურ კრებაზე განიხილოთ, რა პრინციპებს უჭერთ მხარს და რა არის თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანი.   

ბავშვებს უნდა ჰქონდეთ უფლებები და ვალდებულებები

როგორც მშობლები, ჩვენ ინსტიქტურად ვაძლევთ ბავშვებს ბრძანებებს. ვფიქრობთ, რომ უკეთესად ვიცით, რა სჯობს. და ვის აქვს კამათის დრო?  ჩვეულებისამებრ, მართლები აღმოვჩნდებით ხოლმე. ოჯახი - ეს მეტ-ნაკლებად „კასკადური“ სისტემაა. მაგრამ მოგვიანებით მშობლები იმასაც აღმოაჩენენ,  რომ შვილებისთვის ერთი და იმავეს გამეორება ყოველთვის საუკეთესო ტაქტიკა არაა.

ბავშვებმა საკუთარ აღზრდაში გარკვეული როლი უნდა შეასრულონ.

ასეთი მიდგომის სარგებელს  ადამიანის ტვინის ბოლო გამოკვლევებიც ამტკიცებს. კალიფორნიის უნივერსიტეტისა და სხვა სამეცნიერო დაწესებულებების მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს, რომლებიც საკუთარ დროს გეგმავენ, ყოველკვირეულ მიზნებს ისახავენ და საკუთარ ნამუშევარს აფასებენ, პრეფრონტალური ქერქი და ტვინის სხვა ნაწილები უვითარდებათ. შედეგად, კოგნიტური კონტროლი უმჯობესდება. ეს ე.წ. ორგანიზაციული ჩვევები ბავშვებს თვითდისციპლინის გამომუშავებაში, ყურადღების კონცენტრირებაში,  გადაწყვეტილების მიღებისას კი კონკრეტული ქმედებების დადებითი და უარყოფითი მხარეების განსაზღვრაში ეხმარებიან.

როდესაც ბავშვები სასჯელს მათივე სურვილით არჩევენ, მიზნად ისახავენ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ საკუთარი ქმედებების მათ მიერვე დაწესებული ნეგატიური შედეგი. სანაცვლოდ მაქსიმუმს აკეთებენ, რომ მიიღონ ჯილდო, რომელიც კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის დააწესეს. ამიტომაა საჭირო, მიეცეთ ბავშვებს საშუალება, მიიღონ მონაწილეობა საკუთარ აღზრდაში.

ოჯახური ბრენდის შექმნა

როდესაც კოვი  ორგანიზაციის მართვის კონსულტანტად მუშაობდა, ხშირად სთხოვდა კორპორაციის წარმომადგენლებს, ერთ წინადადებაში დაეწერათ პასუხი კითხვაზე: რა არის თქვენი ორგანიზაციის ძირითადი მისია ან მიზანი და როგორია სტრატეგია, რომლის საშუალებითაც ორგანიზაცია ფიქრობს მის განხორციელებას. შემდეგ კი ამ ჩანაწერების ხმამაღლა წაკითხვას სთხოვდა. მონაწილეები, როგორც წესი, გაოგნებულები რჩებოდნენ, იმდენად განსხვავებული იყო მათი პასუხები. შემდეგ კი კოვი მათი ხედვების გაერთიანებასა და საერთო მისიის ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა.  

ცოტამ თუ იცის, რომ სტივენ კოვიმ მსგავსი მეთოდი ოჯახთან მიმართებაშიც საკმაოდ ეფექტურად გამოყენა. მან  ოჯახის წევრებს  საკუთარი მისიის ფორმულირება შესთავაზა.

„მიზანი ისაა, რომ შეგექმნათ ცხადი წარმოდგენა, როგორი უნდა იყოს თქვენი ოჯახი“ - განმარტა მან.

კოვი ამბობდა, რომ  ოჯახური მისიის აღწერა თვითმფრინავის ფრენის განრიგს და მარშრუტს ჰგავდა.

 „კარგი ოჯახები 90%-ის შემთხვევაში  უხვევენ დადგენილ მარშრუტს, თუმცა მათ ზუსტად იციან, რა არის საბოლოო პუნქტი და  აქვთ ამ პუნქტამდე მიღწევის სტრატეგიაც.  საბოლოო ჯამში კი, როდესაც გარდაუვალ ტურბულენტობას და ადამიანურ ფაქტორს წააწყდებიან, წარმატებული ოჯახები მაინც უბრუნდებიან თავდაპირველ გეგმას“ - წერს კოვი.

მისივე მტკიცებით, ოჯახური მისიის განსაზღვრა მისი ოჯახის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა. ყველაფერი კი მან და მისმა ცოლმა საქორწინო კონტრაქტის გადახედვით დაიწყეს. მასში შეტანილი იყო 10 ჩვევა, რომელიც, მათი მოსაზრებით, მათივე შვილებს უნდა ჰქონოდათ. შემდეგ ცოლ-ქმარმა ბავშვებს რამდენიმე კითხვა დაუსვა. მშობლები დაინტერესდნენ, რა მოსწონდათ ოჯახში მათ შვილებს და რა არ მოსწონდათ. ამის შემდეგ ბავშვები ოჯახური მისიის მათეულ ხედვაზეც ალაპარაკდნენ. საბოლოო ჯამში კი კოვიმ ცოლთან ერთად ერთადერთი წინადადება შეადგინა: ჩვენი მისიაა, რომ ჩვენი ოჯახი იყოს რწმენის, წესრიგის, სიმართლის, სიყვარულის, ბედნიერებისა და სიმშვიდის წყარო და მისცეს საშუალება ოჯახის თითოეულ წევრს, იყოს გაცნობიერებულად დამოუკიდებელი და ამასთანავე, ეფექტურად ურთიერთდამოკიდებული ადამიანი, რომელსაც ექნება უნარი, ემსახუროს საზოგადოების ღირსეულ მიზნებს“

 

თარიღი: 2018/06/25