„დანამდვილებით არავინ იცის, რამდენი უმუშევარი ცხოვრობს ჩვენს ქვეყანაში“
უმუშევრობა ნებისმიერი ადამიანისთვის მძიმე ტვირთია, ეს არის სიღარიბის და მუდმივი სტრესის წყარო, რომელმაც ათასობით ადამიანი ემიგრანტად აქცია.  თუ ოფიციალურ სტატისტიკას დავეყრდნობით, საქართველოში ამ მხრივ სიტუაცია ყოველწლიურად უმჯობესდება და უმუშევართა რიცხვიც კლებულობს:  „საქსტატის“ ცნობით, 2018 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 1,2 პროცენტით შემცირდა და 12,7 პროცენტი გახდა მაშინ, როცა 2017 წელს ეს მაჩვენებელი 13,9 პროცენტი იყო. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონის შემცირება აშკარაა და ბოლო 15 წლის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, თუმცა, ამ შეფასებას მარტო ხალხი კი არა, ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელიც არ ეთანხმება: პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის - რომან კაკულიას შეფასებით, „უმუშევრობის დათვლის არსებული მეთოდოლოგიით თავს ვიტყუებთ“.  ეს მეთოდოლოგია  ქართველი ეკონომისტების მწვავე კრიტიკას იმსახურებს, რაშიც მათთან საუბარმა დაგვარწმუნა:

ავთო სილაგაძე - აკონომიკის დოქტორი, პროფესორი:

„დასაქმებულთა დიდი ნაწილი საქართველოში მიზერული შემოსავლით არსებობს“

-ოფიციალური სტატისტიკით, უმუშევრობის დონე საქართველოში მართლაც შემცირებულია. 2012 წელს ის 17,2 პროცენტი იყო, 2018 წელს კი - 12,7 პროცენტი გახდა, მაგრამ ეს მაჩვენებლები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ადეკვატურად ვერ ასახავს. ჩემი აზრით, უმუშევრობის დონე ქვეყანაში გაცილებით მაღალია, ვიდრე ოფიციალურად ქვეყნდება. რეალურად, ეს ციფრი გაცილებით მეტია. საქართველოში თვითდასაქმებულებსაც დასაქმებულებად მიიჩნევენ, მაგრამ შემოსავლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა უმუშევარია. მხოლოდ მიწის ნაკვეთის ფლობა საკმარისი არ არის, რომ ადამიანი დასაქმებულად მივიჩნიოთ. ქვეყანაში თვითდასაქმებულთა რაოდენობა ძალიან მაღალია და მათი უმრავლესობა უმუშევართა კატეგორიაში უნდა გადავიდეს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დასაქმებულთა დიდი ნაწილი მიზერული შემოსავლით არსებობს და უმუშევართა აღრიცხვაც არ ხდება სრულყოფილად - ქვეყანაში უმუშევართა დახმარება არ არსებობს და რატომ მოინდომებს ადამიანი, რომ უმუშევრად ოფიციალურად დარეგისტრირდეს? ამიტომ, დანამდვილებით არავინ იცის, რამდენი უმუშევარი ცხოვრობს  დღეს ჩვენს ქვეყანაში.

ქეთი კრიალაშვილი - გადასახადის გადამხდელთა კავშირის დირექტორის  მოადგილე:

„მიგრაცია ყოველწლიურად მატულობს და უმუშევრობის დონე ამის გამოც მცირდება“

-ამ მონაცემებს ოფიციალური  სტატისტიკა აქვეყნებს, ამიტომ, მე ვერ გეტყვით რეალურ მაჩვენებელებს, თუ რამდენი შეიძლება იყოს უმუშევრობა საქართველოში. ის მეთოდოლოგია, რომელიც გვაქვს, რეალურ შედეგს არ იძლევა. ამის პარალელურად შეგვიძლია გადავხედოთ დასაქმების მაჩვენებელს, რომელიც თანდათან იკლებს და უჩვეულო სურათს ვხედავთ: ერთ მხარეს გვაქვს დასაქმების დონე, რომელიც მცირდება და მეორე მხარეს - უმუშევრობა, რომელიც ასევე ყოველწლიურად მცირდება. პირველ რიგში იმაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ სად არის რეალური პრობლემა: თუ ამ 12, 7%-ს თვითდასაქმებულთა რაოდენობას გამოვაკლებთ, ვნახავთ, რომ უმუშევართა რაოდენობა ძალიან გაიზრდება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ თვითდასაქმმებულებიც სხვადასხვა კატეგორიებად ნაწილდებიან.  ცალკე თემაა ის, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა თავს დასაქმებულად არ მიიჩნევს იმის გამო, რომ მიზერული ხელფასი აქვს, ან - სტაბილური სამუშაო არა აქვს და დროებით, სეზონურ სამუშაოზეც თანახმაა. ეს ადამიანები სტაბილურ შემოსავალს არ იღებენ, მაგრამ უმუშევრებად მაინც არ ითვლებიან. ამას ემატება მიგრაცია, რომლის დონეც ჩვენთან ძალიან მაღალია. მიგრაცია საქართველოდან ყოველწლიურად მატულობს და უმუშევრობის დონე ამის გამოც მცირდება. ასე რომ, ამ საკითხს ძალიან ღრმა ანალიზი სჭირდება.  როგორც ვიცი, სტატისტიკის სამსახური მუშაობს, რომ მათი მონაცემები რეალობას დაუახლოვდეს. ჩემი აზრით, ამ უწყებამ უმუშევრობის პრობლემისადმი მიდგომა უნდა შეიცვალოს და სულ სხვა გზით დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა.

პაატა ბაირახტარი - ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცეპრეზიდენტი: 

„უმუშევრობის რეალური მაჩვენებლის დადგენა საქართველოში სავსებით შესაძლებელია“

-ეს მეთოდოლოგია საქართველოში უკვე მრავალი წელია არსებობს და დასახვეწია, რადგან არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც დასაქმებულად მიიჩნევა, მაგრამ რეალურად დასაქმებული არ არის. თუ ადამიანმა მოსავლის აღებაში მიიღო მონაწილეობა და ნატურით რაიმე შემოსავალი მიიღო, ჩვენი სტატისტიკა იმასაც დასაქმებულად მიიჩნევს. რასაკვირველია, ასე ვერ მივიღებთ რეალურ სურათს, თუ რა დონეზეა უმუშევრობა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთაშორისო მეთოდოლოგიაა, მაინც გადახედვას საჭიროებს. თუ ამ მეთოდოლოგიის გადახედვას შევძლებთ, გაცილებით დიდ ციფრებს მივიღებთ. მთავარია, გადაწყვეტილება მივიღოთ და ჩვენს თავს გამოვუტყდეთ, რომ არსებული მეთოდოლოგია რეალურ სურათს არ გვაძლევს. ეს მარტივი სამუშაო არ იქნება, მაგრამ უმუშევრობის რეალური მაჩვენებლის დადგენა საქართველოში სავსებით შესაძლებელია.

თარიღი: 2019/06/04