პუტინის სანქციები - კოლაფსი თუ სტიმული უკეთესი მომავლისკენ? - ექსპერტთა შეფასებები
თბილისში მიმდინარე აქციებს მთელი მსოფლიოს და პირველ რიგში, რუსეთის ხელისუფლების მწვავე რეაქცია მოჰყვა. დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე მრავალათასიანი აქციების საპასუხოდ, ვლადიმირ პუტინმა საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების ევაკუაცია გამოაცხადა. ამასთანავე, პუტინმა რუს ტურისტებს მოუწოდა, აღარ ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩვენს ქვეყანას ახალი ავიაბლოკადა დაუწესა. თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ამ ქვეყნიდან ყოველწლიურად მილიონობით ვიზიტორი შემოდის, ეს სანქციები უკვალოდ არ ჩაივლის. ბუნებრივია, ამ დღეებში ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ტურისტული ბიზნესი აღმოჩნდა.  

ტურისტული კომპანია „ტიფლის თრეველის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ჩიტაიშვილმა,ბიზნესპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ წინასწარ დაჯავშნილი ბილეთები უკვე ბევრმა ტურისტმა გააუქმა:

თამაზ ჩიტაიშვილი - არეულობა, არასტაბილური სიტუაცია ბიზნესზე ყოველთვის ცუდად აისახება და ტურიზმი ამ მხრივ ყველაზე მოწყვლადი სფეროა. ტურისტულ ბიზნესს სტაბილური გარემო და სიმშვიდე სჭირდება. სამწუხაროდ, ამ დღეებში მარტო რუსმა ტურისტებმა კი არ გააუქმეს წინასწარ დაჯავშნილი ნომრები, არამედ - სხვებმაც. რუსთაველზე, ძველ თბილისში და მიმდებარე ტერიტორიაზე რაც სასტუმროებია, ყველას ეს პრობლემა შეექმნა. ის ხალხი, ვინც სესხი აიღო, ვინც საოჯახო სასტუმროები ააშენა და რუს ტურისტებზე ჰქონდა გათვლილი თავისი ბიზნესი, დიდ ზარალს ნახავს. საავიაციო რეისების გაუქმებაც არ არის კარგი ამბავი, რადგან მარტო სამგზავრო კი არა, კომერციული რეისებიც გაუქმდება, რაც პროდუქციის შემოტანას შეაფერხებს. ჩვენთან ვიზიტორები ძირითადად რუსეთიდან, დსთ-ის სივცრიდან და არაბული ქვეყნებიდან შემოდიან, ამიტომ, ტურისტული ბიზნესი მოკლევადიან პერიოდში სერიოზულ ზარალს ნახავს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ აქვე, გვერდით სერიოზული კონკურენტი გვყავს თურქეთის სახით და ჩვენი დამსვენებელი თურქეთში თუ წავა, მერე აქ აღარ ჩამოვა.

სოსო არჩვაძე - ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

-გასული წლებიდან ორ ფაქტს შეგახსენებთ: როდესაც რუსეთმა თავის მოქალაქეებს ეგვიპტეში წასვლისაგან თავის შეკავება ურჩია, რუსეთიდან ტურისტების ნაკადი საერთოდ შეწყდა და ამან ეგვიპტის ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა. იგივე განმეორდა თურქეთშიც, ვიდრე ეს ორი ქვეყანა საერთო ენას გამონახავდა, თუმცა, ჩემი აზრით,  რუსეთი ისედაც აპირებდა საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის შეზღუდვას და ეს გასულ წელს გამჟღავნდა - 2018 წლის დეკემბერში, ამ ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა დაუფარავად განაცხადა: „ხალხი საქართველოში დადის, მილიონი ადამიანი კვეთს საზღვარს. ეს ძალიან დიდი ფულია. ისე, უბრალოდ ხომ არ კვეთენ საზღვარს, იქ სრიალებენ, ჭამენ, ცხოვრობენ. ამიტომ, ჩვენ საქართველოს საზღვართან ორ კურორტს განვავითარებთ... ტურისტული სექტორის განვითარებისთვის რუსეთის მხარეს საკმაოდ კარგი ბუნებრივი პირობებია...“ 

     რუსეთი ცდილობს ყირიმის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოაწყოს, მაგრამ იქ ფასები ჩვენთან შედარებით მაღალია. სწორედ ამიტომ მოაწყდა საქართველოს ტურისტების დიდი ნაკადი. კიდევ ერთ საკითხს უნდა შევეხო: ძალიან ბევრი რუსი ტურისტი, რომელიც აქ ჩამოდის, აფხაზეთშიც არის ნამყოფი. ცხადია, ისინი ხედავან და შედარებას აკეთებენ, „თავისუფლებისმოყვარე“ რუსეთმა აფხაზეთი რა დღეში ჩააგდო. საქართველო კი, ოკუპაციის მიუხედავად  მაინც ვითარდება.

     უნდა ვაღაირო, რომ ქართველი ტურისტი ადგილობრივ კურორტზე რომ ისვენებს, რუს ტურიტთან შედარებით 8-ჯერ ნაკლებს ხარჯავს, მაგრამ იმის თქმა, რომ მათ საქართველოსთვის მილიარდი დოლარი მოჰქონდათ, გადაჭარბებულია. რუსი ტურისტების მიერ მოტანილი შემოსავალი 600 მილიონ დოლარს არ აღემატება. იზარალებს თუ არა ტურისტულიბიზნესი? - ალბათ პუტინის განცხადებას რუსეთში ყველა არ დაემორჩილება, მაგრამ ზარალი მაინც იქნება, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც თავისი გეგმები რუსულ ბაზარს და რუსულ კონტიგენტს დაუკავშირა. ჩემი აზრით, ურა-პატრიოტიზმი ქართულ ეკონომიკას ვერ უშველის. აქციები კი არა, ანალიტიკური აზროვნება გვჭირდება. ისეთი ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ დააზიანებს.

თემურ მაისურაძე - ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი:

-ჩემი აზრით, ვისაც ეს ქვეყანა აინტერესებს, მაინც ჩამოვა. პუტინიც მალე შეიცვლება და პოლიტიკა, რომელიც რუსეთმა ამ დღეებში ჩვენს მიმართ გამოიყენა, პოპულარული აღარ იქნება, თუმცა, ეს სანქციები მოკლევადიან პერიოდში აუცილებლად დაარტყამს ჩვენს ეკონომიკას და ტურისტულ ბიზნესს. ისეთ არასტაბილურ მეზობელთან, როგორიც რუსეთია, მეტი სიფრთხილე გვმართებს, ამიტომ, ბაზრის დივერსიფიცირებაა საჭირო. რუსეთში და დსთ-ის სივრცეში საქართველოს ისედაც იცნობენ, შესაბამისად, დასავლეთის ქვეყნებთან და უცხოეთის სხვა მიმართულებებთან უფრო მეტი მუშაობა გვჭირდება. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს ეროვნული და პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ვყოფდეთ, ეს - დიდი შეცდომაა!  პოლიტიკა პოლიტიკაა და ტურიზმი - ტურიზმია. საქართველოს ძლიერი ეკონომიკა რომ ჰქონდეს, ტურისტულ სექტორში მომხდარი ცვლილებები ვერაფერს დააკლებდა, მაგრამ ახლა ამ სექტორის ჩავარდნა ძალიან მტკივნეული იქნება. ცუდია, რომ ეკონომიკის სხვა დარგები არა გვაქვს განვითარებული. მარტო ტურიზმით, ღვინით და „ბორჯომით“ ეკონომიკას ვერ ავაღორძინებთ. შესაბამისად, ისეთი სუსტი და  მყიფე ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე, როგორიც საქართველოა, ასეთი მოვლენები ძალიან ცუდად მოქმედებს.

ზურაბ ტყემალაძე - ეკონომიკის ექსპერტი:

-ყველას გვახსოვს რუსულ ემბარგოს ჩვენს ეკონომიკაზე როგორი გავლენა ჰქონდა და ცხადია, ახლანდელი სანქციებიც უარყოფითად იმოქმედებს - ამას ვერავინ უარყოფს.  ეს სანქციები წლევანდელ ტურისტულ სეზონზეც ცუდად აისახება და შედარებით გრძელვადიან პერიოდზეც.  ნებისმიერმა ეკონომისტმა იცის, რომ ჩვენი ტურისტული სექტორი მარტო რუსულ კონტიგენტზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, მაგრამ ამის მიღწევა ასე უცბად შეუძლებელია. დღეს, ან ხვალ რუსულ კონტიგენტს ევროპელი ტურისტებით ვერ ჩავანაცვლებთ, რადგან ისინი აქ შედარებით მცირე რაოდენობით შემოდიან. აუცილებლად უნდა ვთქვა ფრენების აკრძალვაზეც: ეს არა მარტო ეკონომიკაზე იმოქმედებს, არამედ ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებზეც - საქართველოში ბევრი რუსი ცხოვრობს, რუსეთშიც ცხოვრობენ ქართველები, რომლებიც ამ ქვეყანაში საქმიანობენ და მათი წილი ჩვენს ფულად გზავნილებში ძალიან  მაღალია.

პაატა ბაირახტარი - „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტი:

-ეკონომიკაში ვერანაირ შეზღუდვას პოზიტიური შედეგი ვერ ექნება, მაგრამ მაინც გადაჭარბებულია შეფასება, რომ რუსული სანქციები ჩვენი ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევს. მართალია, ფრენებიც აკრძალეს და რუსული კომპანიები ჩვენკენ საგზურებს აღარ გასცემენ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ რუსი ტურისტების ძირითადი ნაკადი აქ საჰაერო გზით არ შემოდის - ისინი სახმელეთო გზით შემოდიან.  რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას: რუსეთი არასაიმედო პარტნიორია და ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალიან ხშირად იყენებს. ამიტომ, ჩვენთვის სასიცოცხლო და აუცილებელია ერთი რამ: რუსული ბაზარი ჩვენთვის მთავარი კი არ უნდა იყოს, არამედ - ერთ-ერთი. საქართველო ამ ბაზარზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული - ეს პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე სწორი გზაა. თუკი ბიზნესი ევროპელებს მაღალ ხარისხს შესთავაზებს, ტურიზმს ჩვენთან განვითარების პერსპექტივა ნამდვილად აქვს. ტურისტები ერთჯერად კლიენტებად კი არ უნდა აღვიქვათ, არამედ  - სასურველ სტუმრებად, რომლებიც მომავალ წელსაც გვეწვევიან. ვიმეორებ: ტურისტულ სექტორს ჩვენთან განვითარების დიდი შანსი აქვს, თუნდაც იმის გამო, რომ ოთხივე სეზონის კურორტები გვაქვს - ეს კი,  ბევრი ტურისტული ქვეყნისთვის ნამდვილი ფუფუნებაა.

 

 

თარიღი: 2019/06/23