რამდენად არის საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე დამოკიდებული?
 „ინტერ რაო“, „გალფი“, „ლუკოილი“, „ბილაინი“, „ვითიბი ბანკი“, „იანდექს ტაქსი“...  - ეს საქართველოში მოქმედი რუსული კომპანიების არასრული ჩამონათვალია

რუსეთი ჩვენი მეზობელი, მოსაზღვრე სახელმწიფოა, შესაბამისად, საქართველოს მასთან მრავალი წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ეკონომიკური ურთიერთობები აკავშირებს.  ამავე დროს, ეს არის ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის  20%  დაპყრობილი აქვს. ამ სიტუაციაში ძალზე მნიშვნელოვანია, რამდენად არის საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე დამოკიდებული.

 ამ მტკივნეულ საკითხზე  „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ პრეზიდენტი შოთა გულბანი გვესაუბრება:

-დღეს ბევრი ფიქრობს, რომ  ეკონომიკური  კავშირები რუსეთთან მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ? თქვენ როგორ შეაფასებთ ამ მოსაზრებას?

-რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მინიმუმამდე დაყვანას ნამდვილად აქვს თავისი ობიექტური საფუძველი, რაც დაკავშირებულია რუსეთის, როგორც აგრესორი და არაპროგნოზირებადი ქვეყნის ამბიციებთან. სხვათა შორის, ჩინელები რუსეთს ორი იეროგლიფით აღნიშნავენ და ეს იეროგლიფები ითარგმნება, როგორც „არაპროგნოზირებადი ქვეყანა“. სწორედ არასტაბილურობაა უმთავრესი ქვაკუთხედი რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ურთიერთობისა. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ქართულმა ბიზნესმა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება  შეამციროს.

-როგორ უნდა მიაღწიოს ამას ქართულმა ბიზნესმა?

-სასურველია, თავისი ბიზნეს-მოდელი ყველამ სხვაგვარად დაგეგმოს. მე მიკვირს, რომ ბიზნესმა მოსალოდნელი რისკები აქამდეც ვერ გათვალა. ბიზნესის წარმომადგენლებს უფრო ადრე უნდა ეფიქრათ მოსალოდნელ რისკებზე და გასაღების ბაზრების დივერსიფიცირებაზე  ეზრუნათ.  მე მხედველობაში მაქვს ექსპორტიორი კომპანიები, რომლებმაც თავიანთი გეგმები მთლიანად რუსეთის ბაზარს დაუკავშირეს. ავიღოთ თუნდაც ღვინის ექსპორტი: ჩვენ ამ დღეებში მომსწრენი გავხდით, რომ „როსპოტრებნადზორმა“ რამდენიმე ქართულ კომპანიას უკვე აუკრძალა ღვინის ექსპორტი, ვითომდა, ხარისხის გაუარესების გამო. იმედი ვიქონიოთ, რომ მსგავსი სანქციები სხვა კომპანიებზე და სხვა პროდუქტებზე არ გავრცელდება.  აქედან გამომდინარე, კომპანიებმა დროულად უნდა დაიწყონ საგარეო ბაზრების დივერსიფიცირება. რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება  აუცილებლად უნდა შევამციროთ.

-ჩვენი ეკონომიკის რომელი დარგებია ყველაზე მეტად რუსეთზე დამოკიდებული

- რუსეთის მოქალაქეებს და რუსულ კომპანიებს საქართველოში საკმაო აქტივები აქვთ. ვგულისხმობ სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებს, როგორიცაა: ენერგეტიკა, კომუნიკაციები, საწვავის ბაზარი, საბანკო სექტორი, ტრანსპორტი თუ სხვა... ამ აქტივებს შორის პირველ რიგში გამოვყოფდი ენერგეტიკას, სადაც ოპერირებს მსხვილი რუსული სახელმწიფო კომპანია - „ინტერ რაო“, რომელიც ფლობს სს თელასის 75%-ს. ამავე კომპანიას ეკუთვნის თბოსადგური შპს ,,მტკვარი ენერგეტიკა”, რომლის ძირითადი საქმიანობაც ელექტროენერგიის გამომუშავება და რეალიზაციაა. ” ,,ინტერ რაოს” საკუთრებაშია ასევე ჰიდროელექტროსადგურები – ,,ხრამჰესი 1” და „ხრამჰესი 2“. გარდა ამისა, ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ „საქრუსენერგოს”, რომელიც ქვეყანაში მაღალი ძაბვის ელექტროსადენების მნიშვნელოვანი ნაწილის მფლობელია. აღსანიშნავია აგრეთვე ნავთობპროდუქტების ბაზარი, სადაც რუსული კაპიტალი სოლიდური წილით არის წარმოდგენილი. ამ მხრივ აღსანიშნავია ნავთობიმპორტიორი კომპანიები, „ლუკოილი“ და „გალფი“.  აქვე უნდა ვახსენო ტელეკომუნიკაციები, კერძოდ, რუსული „ვიმპელკომის“ ჯგუფის წევრი „ბილაინი“, „ვითიბი ბანკი ჯორჯია”, რომლის აქციათა 97%-ს რუსული „ვითიბი ბანკი“ ფლობს. ტრანსპორტის სფეროში უკვე კარგად დამკვიდრებული რუსული ტაქსის ონლაინ გამოძახების კომპანია „იანდექსი“ და კიდევ სხვა დარგები, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.

-ამ რამდენიმე წლის წინ საწვავის დიდი ნაწილი აზერბაიჯანიდან შემოგვქონდა, ახლა კი, ამ ბაზარზე რუსეთი ლიდერობს. როგორ მოხდა ეს?

-ამასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს. რუსული კომპანიების წილი საწვავის ბაზარზე მართლაც მნიშვნელოვანია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ბაზარზე ორი მნიშვნელოვანი რუსული კომპანია ოპერირებს. მათი წილი სოლიდურია, მაგრამ მე მაინც არ ვფიქრობ, რომ ეს საგანგაშო მდგომარეობაა - პირიქით, უნდა ვეცადოთ, მხოლოდ ერთ ქვეყანაზე არ ვიყოთ დამოკიდებული და ეკონომიკის ნებისმიერი დარგის დივერსიფიცირებაზე ვიზრუნოთ.

-შეიძლება ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობა ქვეყანასთან, რომელსაც ოკუპანტად მივიჩნევთ? მგონი, ამის მაგალითები ეკონომიკის ისტორიაში ცოტაა, ან სულ არ არის...

-ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ვერსად გავექცევით  ფაქტს, რომ ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, უამრავ მნიშვნელოვან ბიზნეს აქტივს ფლობს საქართველოში. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რეალობაა ის, რომ რუსეთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია ჩვენს ეკონომიკაში. თუნდაც, ფულადი გზავნილების, ან საექსპორტო ბაზრის მხრივ, ის პირველ ადგილზეა, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ, ტოპ-ათეულში შედის. მოკლედ, რუსეთი ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორია და პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე.

-რა უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენი ეკონომიკა რუსეთზე დამოკიდებული აღარ იყოს და ამჟამად  არსებული სიტუაცია შევცვალოთ?

-ამისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს: პირველ რიგში, მთავრობა და კერძო სექტორი უნდა დასხდნენ სათათბირო მაგიდასთან და მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშაონ, თუ როგორ დავაღწიოთ რუსულ ბაზარს თავი. ეს არ იქნება იოლი პროცესი, ვინაიდან გასაღების ახალი ბაზრების ასათვისებლად მნიშვნელოვანი ხარჯებია საჭირო, მით უმეტეს, როცა ეს ბაზრები  საკმაოდ შორსაა და ჩვენი ლოჯისტიკაც არ არის მოწოდების სიმაღლეზე. ახალი რეალობის დამკვიდრებას ჩვენს ეკონომიკაში ხანგრძლივი და რთული პერიოდი დასჭირდება. მე  შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს შეუძლებელია, თუმცა ვიმეორებ - ეს იქნება ხანგრძლივი პროცესი, დიდი ზარალით და დანაკარგებით. ამიტომაც ვფიქრობ, რომ „ცხელ გულზე“ არ უნდა ვიმოქმედოთ და ისეთი გადაწყვეტილებები არ მივიღოთ, რომელიც ჩვენს ინტერესებს „დაარტყამს“. თქვენს მკითხველს შევახსენებ: იმ პოლიტიკოსების დიდი ნაწილი, რომელიც ახლა უშვერი სიტყვებით ილანძღება, 2008 წლის ომის დროს ქვეყნიდან გაქცეული იყო. ეს არ არის საიმედო ხალხი და მათ არ უნდა უსმინოს საზოგადოების ჯანსაღმა ფენამ. რაღაც ცუდი რომ მოხდეს, ისინი კვლავ გაიქცევიან და უბრალო გლეხს, უბრალო მოქალაქეს დააწვება ეკონომიკური ემბარგოს და არეულობის ტვირთი. ასე რომ, აგრესორ მეზობელთან ურთიერთობისას მეტი დაფიქრებაა საჭირო.  მხოლოდ პუტინის ლანძღვით და გინებით საქმეს ვერ ვუშველით.

 

 

 

თარიღი: 2019/06/27