„გადამდები“ საქმიანობა - დეკორატიული მცენარეების მზარდი ბიზნესი საქართველოში
თანამედროვე ეპოქაში დეკორატიული მცენარეების  ინდუსტრია ერთ-ერთი წამყვანი  და მზარდი მეურნეობაა,  როგორც  განვითარებული, ასევე  ბევრი განვითარებადი  ქვეყნისთვის.  დასავლეთ ევროპა, იაპონია, ჩრდილოეთ ამერიკა მისი მთავარი მომხმარებლები და ასევე მწარმოებლებიც არიან. დეკორატიული მცენარეები და ყვავილები, შეიძლება ითქვას, დღეს უკვე  საკმაოდ მოთხოვნადია საქართველოშიც - აივნების თუ ეზოების გალამაზება ერთგვარ ტრენდად იქცა. საცხოვრებელ სახლში არსებული მცენარეები კი ხალისიანი, ფერადი გარემოს შექმნას უზრუნველყოფენ. მათი საშუალებით, შესაძლებელია, უხეში არქიტექტურული ფორმების რეკრეაცია და შერბილება.  ხეები და ბუჩქები მწვანე ფონისა და ჯანსაღი, სუფთა  გარემოს შექმნას განაპირობებენ, ხოლო ყვავილები ახალისებენ და ალამაზებენ სივრცეს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ ქვეყანაში    ყვავილების  იმპორტი თურქეთიდან, ისრაელიდან, სომხეთიდან, ირანიდან და ჰოლანდიიდანაც  ხორციელდება, თუმცა  მომხმარებელთა ზრდამ   დეკორატიული მცენარეების ადგილობრივი  ბიზნესის განვითარებაც განაპირობა, კერძოდ, თუ წლების წინ მხოლოდ რამდენიმე ცნობილი სასათბურე მეურნეობა არსებობდა, დღეს მათი რიცხვი საგრძნობლად გაზრდილია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და სასიხარულოა ამ დარგს რეგიონებშიც უამრავი ადამიანი მისდევს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დარგის განვითარებას თან სდევს  მოთხოვნის გაზრდას ლანდშაფტის დიზაინერებზე, რაც ამ ორივე მიმართულების ბიზნესების ჯაჭვური პრინციპით განვითარებას იწვევს.

,,ბიზნესპოსტი  ქართული საყვავილე მეურნეობის წარმოებით დაინტერესდა, რა  პრობლემებთან არის დაკავშირებული, ასევე რამდენად მომგებიანი და პერსპექტიულია საქართველოში დეკორატიული მცენარეების ბიზნესი და ძირითადად, რა მოთხოვნები აქვთ  ქართველ მომხმარებლებს. მასალების ძიებისას საინტერესო და საქართველოსთვის არატრადიციულ   ლავანდას მეურნეობას, არც მეტი, არც ნაკლები, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში წავაწყდით, რომელიც შპს ,,ინფინიტი ტექნოლოჯის ჯორჯია“-ს ერთ-ერთი პროექტია:

პროექტის მენეჯერი ნელი გვაზავა:

- ლავანდის პლანტაციის გაშენების იდეა  საფრანგეთში, პროვანსის მონახულების შემდეგ დაიბადა. გადავწყვიტეთ, რომ საქართველოშიც უნდა ყოფილიყო ასეთი ულამაზესი ადგილი, რათა  ყველა მსურველს საშუალება ჰქონოდა  დამტკბარიყო ლავანდის სურნელით და სილამაზით.  საქართველო მდებარეობს თითქმის პროვანსის განედში, სუბტროპიკულ ზონაში, ამიტომ 2014 წლის ბოლოს, სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში ვიპოვეთ ნაკვეთი, რომელიც იდეალური იყო მდებარეობის, ფართობის, ნიადაგის შემადგენლობის, ექსპოზიციისა და რელიეფის თვალსაზრისით. ლავანდა კარგად შეეგუა კახეთის ნიადაგს.

- რამდენად რთულია  ლავანდის წარმოება, რა გამოყენება აქვს მას და რაში მდგომარეობს ბიზნესის მოგება?

ლავანდა არაჩვეულებრივი მცენარეა. არა მარტო ლამაზი, არამედ ძალიან სასარგებლოც. მისი ეთერზეთი აქტიურად გამოიყენება მედიცინაში, პორფუმერიაში და არომათერაპიაში. ლავანდას  სილამაზესა და სასარგებლო თვისებებს ადამიანები შორეული პერიოდიდან აფასებენ. საქართველოში კი არსებობს ეთერზეთოვანი კულტურის მოყვანის ძველი ტრადიციები.

წელს დავიწყეთ სტუმრების მიღება ლავანდის პლანტაციაზე და როგორც დავინახეთ, ეს ადგილი იზიდავს როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე  ტურისტებსაც. სტუმრები  ჩამოდიან მეზობელ ქვეყნებიდან ჩვენი ველის სანახავად და ფოტოსესიების ჩასატარებლად, მაგრამ ლავანდის სეზონი მოკლეა, ამიტომ ვცდილობთ შედეგიანად გამოვიყენოთ ეს დრო. ჩვენ ვყიდით ახალ დაკრეფილ ყვავილებს, მშრალ ლავანდას, კულინარიულ ლავანდას, ლავანდის ნერგებს, ვამზადებთ სხვადასხვანაირ პრუდუქციას მისი  გამოყენებით და ასევე ვთანამშრომლობთ ქართველ ოსტატებთან, ვისაც ჩვენსავით უყვართ ლავანდა და იყენებენ მას საკუთარ ნაშრომებში. ყველა პროდუქციის ნახვა და შეძენა შესაძლებელია ჩვენს ინტერნეტ-მაღაზიაში www.lavendershop.ge.

 ველზე ამდენი მცენარეების მოვლა ძალიან შრომატევადია და რთულია, თუმცა ჩვენთვის ეს პლანტაცია არ არის მხოლოდ ბიზნესი. დიდძალი  შრომა და სიყვარული არის ჩადებული ამ საქმეში, ბუჩქებს ვუვლით, როგორც პატარა ბავშვებს. ვზრუნავთ, რომ მალე და კარგად გაიზარდნონ. ამ ეტაპზე ბიზნესი არ არის ძალიან მომგებიანი, მაგრამ უზომოდ გვიხარია, რომ ამ პროდუქტზე არის მოთხოვნა და რომ შეიქმნა ასეთი ინტერესი ჩვენი საქმიანობის მიმართ. ლავანდა მრავაწლიანი მცენარეა, ჩვენი პლანტაცია კი მხოლოდ 3 წლისა. ასე რომ, ყველაფერი წინ გვაქვს...

- სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებას თუ აპირებთ?

- დიახ, სამომავლოდ  ველის გაფართოება იგეგმება  და ვაპირებთ ის შევავსოთ არა მარტო ლავანდებით, არამედ სხვა სამკურნალო და ეთერზეთოვანი მცენარეებით ტუჩოსნების ოჯახიდან, ასევე მალე დავიწყებთ ლავანდის ეთერზეთის წარმოებას და გაყიდვას.

,,ბიზნესპოსტიკიდევ ერთი  სანერგე მეურნეობა ,,ედემის“    შესახებ  გიამბობთ, რომელიც  ლაგოდეხის რაიონში - სოფელ აფენში მდებარეობს.  საოჯახო ბიზნესში უკვე 2 წელია  აქტიურადაა ჩართული 22 წლის რებეკა ხუგაევი. მისი თქმით, ოჯახი ბიონაწარმზეა ორიენტირებული და შესაბამისად, პროდუქტი ქართულ მიწაში ყოველგვარი დანამატების გარეშე  მოჰყავთ. შთამბეჭდავია მცენარეების ფასებიცრომელიც 30 თეთრიდან იწყება.  

- ეს შესანიშნავი საოჯახო ბიზნესიდეა  ჩემ მშობლებს ეკუთვნით, სწორედ მათ დაიწყეს უბრალო სანერგე მეურნეობა 1992 წელს, 2004 წლიდან კი საქმიანობას ყვავილების მოშენებაც დაემატა, სამწუხაროდ, დედას გარდაცვალების შემდეგ მამა ფიზიკურად ვეღარ უძღვებოდა ყველაფერს და მომიწია სოფელში უკან დაბრუნება. მოგეხსენებათ, რთულია  უეცრად მოსწყდე შენ შექმნილ სამყაროს და უკან, წარსულში დაბრუნდე, თუმცა მას შემდეგ, რაც ნელ-ნელა დავუმეგობრდი ფლორას, შემიყვარდა კიდეც. დედის ალერსს ამ საქმიანობაში ვგრძნობდი და გამიჩნდა იდეა, რომ ეს ყველაფერი ერთ ლამაზ, ჩამოყალიბებულ ინტერნეტბიზნესად მექცია, რაც გაცდებოდა ადგილობრივ საზღვრებს, მითუმეტეს მაშინ, როცა ჩვენი პროდუქტის ხარისხი და ფასი ყველა მნახველს ანცვიფრებდა. სანერგე საკუთარ ეზოში გვაქვს მოწყობილი - მაქსიმალურად ვიყენებთ სახლს, ეზოს, ნაკვეთს...

- ვინ გეხმარებათ ამდენი  მცენარის  მოვლაში, ადგილობრივებიც ხომ არ გყავთ დასაქმებული ?

მას შემდეგ რაც  ოჯახურ ბიზნესში ჩავერთე, ყველაფერს მე და მამა ვუვლით, მიუხედავად იმისა, რომ 10 თვის პატარა მყავს, თავს მაინც ვართმევთ საქმეს, ადგილობრივებს რაც შეეხება, მათ  სეზონურად ვასაქმებთ ხოლმე რამდენიმე დღით. ასევე მინდა აღვნიშნო ჩემი დის,  მაიას  და სიძის - ვილჰელმ ჰენკის  წვლილი ჩვენს ოჯახურ ბიზნესში, რომლებიც გერმანიიდან გვიგზავნიან ყვავილების უცხო ჯიშებს, ჩვენ ვამრავლებთ მათ და უკვე აქაურ პირობებზე მორგებულ ძირებს ვყიდით.

- რეალიზაციის მხრივ რა მდგომარეობაა და რას ითხოვს ძირითადად ქართველი მომხმარებელი, აღმოჩნდა თუ არა მეყვავილეობა ,,გადამდებისაქმიანობა ადგილობრივებისთვის?

- მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ინტერნეტსივრცეში, კერძოდ, ფეისბუქსზე გამოვჩნდით. მოგეხსენებათ მომხმარებლისთვის ხელსაყრელი ფასი და ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გავითვალისწინეთ და ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა. მომხმარებლები ყველა ჩვენი პროდუქტით არიან დაინტერესებულები, თუმცა არ შემიძლია არ გამოვყო ,,ვარდისფერი კალა“, ,,ჯუჯა ხეხილი“... სანამ ინტერნეტსივრცეში გამოვჩნდებოდით, ჩვენი მცენარეების რეალიზაცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდებოდა,  ახლა კი მთელ საქართველოში ვყიდით და არეალს ნელ-ნელა ვაფართოვებთ. ეს საქმიანობა მართლაც ,,გადამდებია“. ჩვენთან უკვე რამდენიმე ოჯახმაც დაიწყო მეყვავილეობა.

სამომავლოდ ბიზნესის გაფართოებას ვაპირებთ. ვგეგმავთ პერსონალიური ვებსაიტის „ედემის“ შექმნას, რაც მომხმარებელს პროდუქტის არჩევას გაუადვილებს.

ისე ვარ გატაცებული ჩვენი საქმიანობით, რომ სამომავლო გეგმებზე შემიძლია მთელი დღე გესაუბროთ და არ მომბეზრდეს, თუმცა ლაპარაკს ალბათ საქმით დამტკიცება სჯობს.  

როგორც ჩანს, ფლორისტობას და მასთან დაკავშირებულ ბიზნესს შემოსავლის, ჯანსაღი გარემოსა და ლამაზი სივრცის გარდა, ბედნიერებაც მოაქვს, არამარტო მფლობელებისთვის, არამედ მომხმარებლებისთვისაც. შესაძლოა, სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მსოფლიოში აღნიშნული ბიზნესის ზრდის ასეთ სწრაფ ტემპს. აღსანიშნავია, რომ დეკორატიული მცენარეების  ყველაზე მსხვილი მომხმარებლები არიან  გერმანია, აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, იაპონია, იტალია, შვეიცარია. ჰოლანდია კი  ევროპული ყვავილების ინდუსტრიის ცენტრად  და ძირითად მომწოდებლად რჩება. ალსმერის ყვავილების აუქციონი ჰოლანდიაში არის უდიდესი ყვავილების ბაზარი, ხოლო მარკეტინგის ასოციაციის მონაცემებით აშშ- ბაზარი არის ყველაზე მსხვილი ყვავილების გაყიდვების მიხედვით. სხვათა შორის,  აღნიშნული დარგი არც ჩვენი ქვეყნისთვის არის უცხო.  საქართველოს აზიური ქვეყნიდან ევროპულ ქვეყნად გადაქცევის ერთ-ერთ პირველ მაგალითს წარმოადგენს ჭავჭავაძეების წინანდლის მუზიუმი,  სადაც  ალექსანდრე ჭავჭავაძემ დეკორატიული პარკის განაშენიანება  ჯერ კიდევ 1830 წლიდან  წამოიწყო. სწორედ მან ჩამოიყვანა პირველმა ევროპიდან დეკორატიული ბაღის სპეციალისტები. პარკში უნიკალურ სუბტროპიკულ, სამკურნალო და ტექნიკურ მცენარეებთან ერთად გვხვდება ეგზოტიკური მცენარეებიც (ჩინეთი, ამერიკა, იაპონია, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები და სხვ.).ბაღში მერქანიანი ნარგავების 400 სახეობიდან 150-ზე მეტი ეგზოტიკურია და ამჟამად პარკის ფართობი 18 ჰა- შეადგენს.

 

თარიღი: 2018/07/04