ცხელი ზაფხულის სიურპრიზები: საწვავის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
წლევანდელი ზაფხული საქართველოს მოსახლეობისთვის მეტისმეტად  „ცხელი“ აღმოჩნდა: ეროვნული ვალუტა არნახულად გაუფასურდა, ხოლო „შავი ოქროს“ ფასმა ყოველგვარი რეკორდი მოხსნა: ივლისში ბენზინი და დიზელის საწვავი ერთბაშად  10-15 თეთრით გაძვირდა. ანალიტიკოსები საწვავის გაძვირებას სწორედ ლარის დევალვაციით და საერთაშორისო ბაზარზე შექმნილი ვითარებით ხსნიან. მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასმა ამ დღეებშიც მოიმატა: 2019 წლის 1 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 65.19 (+ 0,02) დოლარი/ბარელზე. ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი 53,95 (- 4,63) დოლარი გახდა.

 „ბიზნესპოსტი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ ანალიტიკოსები და ბიზნესის წარმომადგენლები ამ მტკივნეულ პრობლემას:    

ვანო მთვრალაშვილი - „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი:

„საწვავის ფასის შემცირება ახლო მომავალში გამორიცხულია

-  ბოლო თვენახევრის განმავლობაში ქართულ ბაზარზე ნავთობპროდუქტები ძალიან გაძვირდა, რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. საქართველო ნავთობის იმპორტიორი ქვეყანაა და საერთაშორისო ფასები საწვავის ფასზე ყოველთვის აისახება. ამჟამად, მსოფლიო ბაზარზე საკმაოდ რთული სიტუაციაა: არა მარტო ახლო აღმოსავლეთშია  დაძაბული გარემო, არამედ ბევრ ნავთობის მომპოვებელ ქვეყანაში. საწვავის გაძვირების მეორე და უმნიშვნელოვანესი მიზეზი ლარის გაუფასურებაა - ამ ორი კომპონენტის ერთობლივი ზემოქმედების შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. სამწუხაროა, მაგრამ ოპტიმისტური სიგნალები ამ ბაზარზე არ იგრძნობა და ჩემი პროგნოზიც ვერ იქნება ოპტიმისტური. ლარი გაუფასურებას განაგრძობს, მსოფლიო ბაზარზე კი, ნავთობის ფასი მატულობს, ასე რომ, საწვავის გაიაფება ახლო მომავალში გამორიცხულია.

ბექა კემულარია - ანალიტიკოსი:

„ე.. არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 20-30 თეთრით  მცირეა“

-რა თქმა უნდა, საერთაშორისო ფასები ჩვენს ბაზარზე ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს, მაგრამ ფასების ფორმირებაში  წამყვანი კომპანიებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ამის შესამოწმებლად შეიძლება მიხვიდეთ ე.წ. არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე, სადაც საწვავის ფასი 20-30 თეთრით ყოველთვის მცირეა. ჩემი აზრით, შედარებით მცირე კომპანიებს უფრო ადეკვატური ფასები აქვთ და ეს ფასები საწვავის ბაზარზე არსებულ სიტუაციას უფრო შეესაბამება. რატომ? - მათ შორის არანაირი შეთანხმება, ან გარიგება არ არის და კონკურენცია ქმნის ისეთ ფასებს, როგორიც მათ აქვთ. მსხვილი კომპანიები კი, ხშირად შეთანხმებული ფასებით მოქმედებენ, თუმცა დღევანდელ სიტუაციაში კომპანიებს რეალური მიზეზი აქვთ, რომ საწვავი გააძვირონ. ამიტომაც საწვავის ფასმა ბოლო წლების ისტორიული რეკორდი დაამყარა - ასე ძვირი საწვავი საქართველოში ადრე არ ყოფილა.

სოსო არჩვაძე - ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი:

ნავთობპროდუქტების გაძვირება - ჩვენი ეკონომიკის „აქილევსის ქუსლი“

-საქართველო ნავთობის იმპორტიორი ქვეყანაა და მთლიანად არის დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე. ნავთობი შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, რუმინეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და რუსეთის ფედერაციიდან. კარგია, რომ ეს ბაზარი დივერსიფიცირებულია და რომელიმე ქვეყანას მონოპოლიური მდგომარეობა არა აქვს, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე ფასების რყევა ყოველთვის ახდენს გავლენას ჩვენს სამომხმარებლო ფასებზე. საქართველოში 1 მილიონ 300 ათასამდე ავტომობილია აღრიცხული, ამიტომ, ჩვენი ეკონომიკისთვის ნავთობპროდუქტების გაძვირება ნამდვილი „აქილევსის ქუსლი“. ბუნებრივია, რომ ახლო მომავალში გაიაფებას არავინ ელოდება, რადგან ჯერ ნავთობის ფასი უნდა გახდეს სტაბილური. სამწუხაროდ, საწვავის მსოფლიო ბაზარზე ტურბულენტური სიტუაციაა და ნებისმიერ ესკალაციას შეიძლება მოჰყვეს ფასების ნახტომისებური ზრდა.  საწვავი ერთგვარი სასხლეტია, რომლის მოქმედებაში მოყვანა სამომხმარებლო ფასებზე სწრაფად აისახება.

 რატომ არ ეხმარება ქართულ ლარს ეროვნული ბანკი?

 სოსო არჩვაძე - საწვავის გაძვირება დიდწილად ლარის დევალვაციის ბრალია და ხშირად ამაში ეროვნულ ბანკს ადანაშაულებენ, თუმცა, ეროვნული ბანკი ამ პროცესში ერთ-ერთი დამნაშავეა და არა - ერთადერთი. ყველაფერი ამ უწყებაზე რომ იყოს დამოკიდებული, მთელ ჩვენს გულისწყრომას მისკენ მივმართავდით და ყველაფერი გამოსწორდებოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია. ეროვნულ ბანკს თავისი ცოდვებიც ეყოფა და აუცილებლად მოეკითხება, მაგრამ ლარის დაცემას სხვა მიზეზებიც განაპირობებს. რატომ უფასურდება ლარი? - პირველ რიგში ეს სისტემური პრობლემის მიზეზით ხდება: საქართველოს ეკონომიკა იმდენად სუსტია, რომ მასზე ნებისმიერი რყევა მოქმედებს. როდესაც ადამიანს იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული, მას ნებისმიერი ვირუსი ერევა და სწორედ ამ მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ეკონომიკაც. ასევე სერიოზული პრობლემაა ეროვნული ბანკის და მთავრობის მიერ არჩეული ტაქტიკა, რომლის მიხედვითაც ეროვნულ ბანკს ლარის კურსის შენარჩუნება არ ევალება. ის სამომხმარებლო ფასებზე აგებს პასუხს, ამიტომ, ვალუტის კურსის შენარჩუნება მისი პასუხისმგებლობა არ არის.  ცხადია, ეროვნულ ბანკს შეუძლია ბაზარზე უცხოური ვალუტა გამოუშვას, რითაც დოლარზე აჟიოტაჟურ მოთხოვნას შეამცირებს, მაგრამ ამ უწყებამ პილატესავით ხელები დაიბანა მაშინ, როცა შეეძლო უფრო აქტიური პოლიტიკა ეწარმოებინა, თუნდაც, ვალუტის შეძენის და გაყიდვის თვალსაზრისით. ასეა თუ ისე, ლარის კურსი ეცემა და ეს არა მარტო საწვავის ფასზე ახდენს გავლენას, არამედ სხვა პროდუქტების ფასზე და ეკონომიკურ სიტუაციაზე, მთლიანად.

P.S. გთავაზობთ მონაცემებს, თუ რა ღირს სხვადასხვა ტიპის საწვავი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე:

სოკარი

სუპერი –  2.73 ლარი 

პრემიუმი –  2.63 ლარი

რეგულარი – 2.53  ლარი

ევრო დიზელი – 2.66 ლარი

დიზელი –  2.60 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

ვისოლი

ეკო სუპერი –  2.78 ლარი

ეკოპრემიუმი –  2.69 ლარი

ევრო რეგულარი – 2.59 ლარი

ევრო დიზელი – 2.69 ლარი

ეკო დიზელი – 2.77 ლარი

დიზელ ენერჯი –  2.63 ლარი

გაზი – 1.46 ლარი

ლუკოილი

სუპერი ecto 100 –  2.78 ლარი

ევრო სუპერი –  2.69 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  2.61 ლარი

ევრო რეგულარი – 2.51 ლარი

ევრო დიზელი – 2.68 ლარი

გალფი

სუპერი –  2.74 ლარი

G-Force პრემიუმი –  2.64 ლარი

G-Force ევრო რეგულარი – 2.59 ლარი

რეგულარი – 2.54 ლარი

ევრო დიზელი – 2.69 ლარი

დიზელი – 2.63 ლარი

გაზი – 1.45 ლარი

თარიღი: 2019/08/02