„ბაზრის უხილავი ხელი“  და  ლიბერალური ეკონომიკის შუქ-ჩრდილები - კოზირი, რომელიც ყოველგვარ  ბარიერს ანგრევს
21-ე საუკუნის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და გავლენიანი მიმართულება ეკონომიკური ლიბერალიზმია. „თუ თავისუფლად მივუშვებთ, საბაზრო ეკონომიკა თავისივე წესების მიხედვით, სპონტანურად განვითარდება“ - აცხადებენ ამ თეორიის მიმდევრები, რომელსაც საფუძველი მე-18 საუკუნის ინგლისში ჩაეყარა. მისი ფუძემდებელი შოტლანდიელი მოაზროვნე - ადამ სმითი გახლდათ, (1723-1790 წ.)  სმითის ნააზრევს  მეორე ბრიტანელი მოაზროვნის - დეივიდ რიკარდოს შრომებიც დაემატა და ასე ჩამოყალიბდა სრულიად ახალი მიმდინარეობა  ეკონომიკაში. ადამ სმითს ადა­მი­ა­ნის­ საქ­მი­ა­ნო­ბის ­ძი­რი­თად­ მო­ტი­ვად­ მი­აჩნდა ინდი­ვი­დის ­ლტოლ­ვა კეთილდღეობისკენ: სა­კუ­თა­რი­ კე­თილ­დღე­ო­ბის ­გან­მ­ტ­კი­ცე­ბით, ადა­მი­ა­ნი  ­­ საერთო კეთილდღეობის ამაღლებას უწყობს ხელს  და სწორედ ეს­ ლტოლ­ვა­ ­აყა­ლიბებს რაციონალურ წესრიგს საზოგადოებაში - ამ ­მოვ­ლე­ნას ­ადამ სმით­მა­ „ბაზრის ­უხი­ლა­ვი­ ხე­ლი“­ უწო­და. რაც უფრო მცირეა სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკურ ცხოვრებაში, მით უკეთესი პირობები იქმნება მისი განვითარებისთვის - ასეთია ლიბერალური ეკონომიკის მომხრეთა პოზიცია, რომელსაც ბევრი არ ეთანხმება, თუმცა, თავისუფალი ვაჭრობის და თავისუფალი ბაზრის პრინციპებს თითქმის მთელი მსოფლიო ემორჩილება. გამონაკლისს ამ მხრივ საქართველოც არ წარმოადგენს.  რამდენად მისაღები და ორგანულია ჩვენთვის თავისუფალი ეკონომიკის პრინციპები? - ამის თაობაზე ეკონომიკის ექსპერტი  სოსო არჩვაძე  გვესაუბრება:  

კოზირი, რომელიც ყოველგვარ  ბარიერს ანგრევს

 სოსო არჩვაძე - ლიბერალური ვაჭრობა და ლიბერალური ეკონომიკა გულისხმობს, რომ საქონელი ქვეყანაში ყოველგვარის ბარიერის, ზედმეტი გადასახადის, აკრძალვის და კვოტირების გარეშე მოძრაობს. თამაშის წესებს ამ დროს მწარმოებელებს შორის ურთიერთობა განსაზღვრავს და მასში სახელმწიფოს როლი მინიმალურია. ის სახელმწიფო, სადაც პრიორიტეტად ლიბერალური ვაჭრობაა აღიარებული, ადგილობრივ თუ უცხოეთიდან შემოსულ კომპანიებს თამაშის ერთნაირ წესებს უწესებს - ეს არის თავისუფალი ვაჭრობის სრული იდეალი. (ცხადია, ასეთი, იდეალური თავისუფლება არც ერთი ქვეყნის ბაზარზე არ არსებობს) თავისუფალი ვაჭრობის პირობებში უპირატესობა იმ სახელმწიფოებს ენიჭება, რომლებსაც ძლიერი ეკონომიკა აქვთ, მსოფლიო ბაზრის ჰეგემონებიც  ასეთი ქვეყნები ხდებიან. არსებობს ასეთი გამოთქმა: საქონლის სიიაფე არის მძიმე არტილერია, რომელიც ჩინური კედლის  ბარიერებსაც ანგრევსო. მე-19 საუკუნეში თავისუფალი ბაზრის ჰეგემონებად მოიაზრებოდა ინგლისი, შემდეგ კი - ამერიკა, გერმანია და საფრანგეთი.  დროთა განმავლობაში მაღალგანვითარებულმა ქვეყნებმა, სადაც ლიბერალური ეკონომიკა უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული, აქცენტი მომსახურების სფეროს განვითარებაზე გადაიტანეს და საქონლის წარმოება მესამე ქვეყნებში გაიტანეს. შესაბამისად, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა და საფეიქრო მრეწველობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდონეზიაში და თურქეთში განვითარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ამ სახელმწიფოებმა წარმოების საიდუმლოებებიც აითვისეს და განვითარებული ქვეყნების სერიოზული კონკურენტებიც გახდნენ. იაპონია, ჩინეთი, სინგაპური, ჰონგ-კონგი, ტაივანი, სამხრეთ კორეა - დღეს ამ  სახელმწიფოებში ლიბერალური ვაჭრობა საკმაოდ მაღალ დონეზეა - ეს ქვეყნები საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო ძალიან მოკლე ვადაში განვითარდეს და წინ წავიდეს. ლიბერალიზაციის საკმაოდ მაღალ დონეს  მიაღწიეს ევროპის ქვეყნებმაც, ამის დასტურია ევროკავშირის შექმნაც.

დეტროიტი - ჩამქრალი „ამერიკული ოცნების“ სიმბოლო

თავისუფალი ვაჭრობის ლიდერებმა - ინგლისმა და ამერიკამ, დღეს უკვე დაკარგეს  თავისი უპირატესობა და  საკმაოდ  მაღალ სატარიფო ბარიერებს უწესებენ ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შესულ საქონელს. რატომ? - აზიური ქვეყნებიდან შესულმა იაფმა პროდუქციამ დაჩრდილა ადგილობრივი ნაწარმი, მომხმარებელი წაართვა უამრავ საწარმოს და სამუშაო ადგილები დააკარგვინა ათასობით ადამიანს. ამის მკაფიო მაგალითია ქალაქი დეტროიტი, რომელიც თავის დროზე აშშ-ის ინდუსტრიული განვითარების და „ამერიკული ოცნების“ სიმბოლო იყო. ამ ქალაქში 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. სწორედ დეტროიტში იყო  თავმოყრილი  წამყვანი ამერიკული კომპანიების სათავო ოფისები,  ეს ქალაქი წარმატების მაგალითი გახდა მთელი ამერიკისთვის. დღეს ეს უკვე პატარა ქალაქია - ძველი დეტროიტის აჩრდილი, რომლის მოსახლეობაც სამჯერ და მეტჯერ არის შემცირებული. დეტროიტს 300-მილიარდიანი ვალი აქვს და ამერიკელები უპერსპექტივო ქალაქად მიიჩნევენ. რატომ? - იმიტომ, რომ ამერიკის ბაზარზე იაფმა  საქონელმა შეაღწია იაპონიიდან და სხვა აზიური ქვეყნებიდან. დღეს იაპონური სააავტომობილო ქარხნები უფრო მეტ მანქანას უშვებენ, ვიდრე ამერიკული კომპანიები. ამან რასაკვირველია, სამუშაო ადგილები წაართვა ამერიკელებს და მათი ცხოვრების დონეზეც უარყოფითად იმოქმედა. კვლევებით დადგენილია, რომ ბოლო წლებში რიგითი ამერიკელების ცხოვრების დონე არ გაუმჯობესებულა მაშინ, როცა სხვა ქვეყნების მკვიდრთა კეთილდღეობის დონე ერთი-ორად გაიზარდა. სწორედ ამიტომ, ამერიკელები ახალ ბარიერებს ქმნიან, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის ქვეყნებიდან - ჩინეთიდან, თურქეთიდან და ევროპიდან იმპორიტრებულ საქონელს რაც შეიძლება მაღალი საბაჟო ტარიფები დაუწესონ. ასეთია აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტის პოლიტიკაც: დონალდ ტრამპმა 50 მილიარდ დოლარიანი საბაჟო ტარიფები შემოიღო ჩინეთიდან შესულ საქონელზე, ახლო მომავალში კი - 25%-იანი საბაჟო ტარიფის შემოღებას გეგმავს ევროკავშირიდან შესულ ავტომობილებზე - ეს ყველაფერი ადგილობრივი წარმოების დაცვას გულისხმობს და ლიბერალური ვაჭრობის საპირისპირო პროცესია. მიიყვანს თუ არა ტრამპი თავის პოლიტიკას ბოლომდე - ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს.

ვის აძლევს ხელს ლიბერალური ეკონომიკის არსებობა?

ნებისმიერი მეწარმის ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი მოიზიდოს და უფრო მეტ ქვეყანაში გავიდეს. მიკროეკონომიკის დონეზე ნებისმიერი კომპანიის ოცნებაა ბაზარი, სადაც ბარიერები არ დახვდება - ეს მეწარმის ბუნებიდან მოდის, მაგრამ სახელმწიფოს აქვს გარკვეული ვალდებულება, რომ ადგილობრივი წარმოება დაიცვას და თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამას საკმაო რესურსი სჭირდება.  თუ ადგილობრივი მეწარმეები უცხოელებთან არათანაბარ პირობებში იქნებიან, იმპორტირებული პროდუქციისგან მიღებული შემოსავლის დიდი ნაწილი იმ ქვეყანაში გაედინება, საიდანაც შემოვიდა. საქართველოში დიდი რაოდენობით თურქული საქონელი თუ გაიყიდება, ჩვენ ამით თურქეთის ეკონომიკას გავაძლიერებთ, ხოლო თუ რუსული საქონელი გაიყიდება - რუსეთის ეკონომიკას... აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს უჩნდება სურვილი, რომ ადგილობრივი წარმოება და მეწარმეები დაიცვას - რა თქმა უნდა, საბაჟო ტარიფებით და კვოტების დაწესებით. მსოფლიო ბაზარზე არსებული რეალობა ყველა სახელმწიფოს უკარნახებს, რომ პროტექციონისტული პოლიტიკა გაატაროს და თავისი ბაზარი შეძლებისდაგვარად დაიცვას.

რა ხდება დღეს საქართველოში?

თავისუფალ ვაჭრობას დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც. ის რაღაცით ჰგავს წამალს, რომელიც სასარგებლოა, მაგრამ მეორე მხრივ, შეიძლება საზიანოც იყოს, იმის  მიხედვით, თუ რა დოზით მივიღებთ და როგორია მასზე ორგანიზმის რეაქცია. მაგალითად: იარაღით მოვაჭრეებისთვის თავისუფალი ვაჭრობის პრინციპები აბსოლუტურად სასურველი და მისაღებია, მაგრამ მათაც კი იციან, რომ ამქვეყნად სრული თავისუფლება არ არსებობს. ბაზარს აქვს ისეთი ეკონომიკური მხარეები, რომელთა გამოსწორება  სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეუძლებელია - თუნდაც, ბუნებრივი მონოპოლიების არსებობა... თანაც, სხვა სახელმწიფოების და პარტნიორების ინტერესის გათვალისწინებაც აუცილებელია, ამიტომ, ყველა სახელმწიფომ თვითონ უნდა განსაზღვროს, რა ჯობია მისთვის. რა მდგომარეობაა დღეს ქართულ ბაზარზე? - ჩვენ საკმაოდ ლიბერალური რეჟიმი გვაქვს. ციფრებსაც მოვიშველიებ: ყველაზე მაღალი საბაჟო ტარიფი იმპორტირებულ საქონელზე 12 პროცენტია, ( ადრე ეს ტარიფი გაცილებით მაღალი იყო) ექსპორტი საერთოდ  არ იბეგრება, ხოლო იმპორტის გადასახადის წლიური თანხა 100 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობს. აქედან გამომდინარე,  ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან ლიბერალურია. ქართულ  ბაზარზე რომ გავიდეთ თითქმის ყველა ქვეყნის პროდუქციას ვნახავთ „მაშრიყიდან მაღრიბამდე“. ამიტომ, სახელმწიფო უნდა ცდილობდეს, რომ ადგილობრივი, ქართული პროდუქციაც დაიცვას. თავისუფალი ვაჭრობა კარგია, მაგრამ „ოქროს შუალედის“ დაცვა ამ შემთხვევაშიც საჭირო და აუცილებელია.

თარიღი: 2018/07/08