„ადამიანების მართვის ხელოვნება ბეწვის ხიდზე გავლაა“ - რა არის შრომითი კმაყოფილება და როგორ მივაღწიოთ მას თანამშრომლებში  
ნებისმიერი წარმატებული კომპანიის მთავარი დასაყრდენი მისი თანამშრომლებია. სწორედ ისინი ქმნიან  პროდუქტს, რომელსაც ორგანიზაციისთვის მოგება და განვითარება მოაქვს. ამიტომ ადამიანური რესურსების სწორად მართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

დადასტურებულია, რომ მომხმარებლის  კმაყოფილება თანამშრომელთა კმაყოფილებაზეა დამოკიდებული.  როდესაც პერსონალი სამუშაოს შესრულებისგან სიამოვნებას იღებს, ის უფრო მეტადაა მიმართული განვითარებისკენ, მეტად მუშაობს საკუთარ თავზე და შესაბამისად, უფრო კარგ შედეგსაც იღებს.

შრომითი კმაყოფილება  ერთ-ერთ ყველაზე მშინვნელოვან და კარგად შესწავლილ ატიტუდს წარმოადგენს ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ფარგლებში. ის გავლენას ახდენს მთელ რიგ ორგანიზაციულ ქცევებზე და შეუძლია დიდად განსაზღვროს მომუშავის კეთილდღეობა. ეს არის სასიამოვნო ან დადებითი ემოციური მდგომარეობა, რომელიც  ინდივიდის მიერ სამუშაოსთან დაკავშირებული გამოცდილების შეფასებითაა გამოწვეული. ამგვარად შრომითი კმაყოფილება ინდივიდის აზრებისა და გრძნობების შედეგია.

რატომაა მნიშვნელოვანი დასაქმებულთა განწყობებზე ზრუნვა და როგორ მივაღწიოთ შრომით კმაყოფილებას თანამშრომლებში? -  ამ თემებზე ტრენერი, ბლოგერი და კომპანია A-LIVE-ის თანადამფუძნებელი, ანდრო დგებუაძე გვესაუბრება.

  • რა კავშირი აქვს თანამშრომელთა კმაყოფილებასა და ბედნიერებას კომპანიის წარმატებასთან?
თანამშრომლებს ჰკითხეს: 0 დან 10-მდე, რამდენია თქვენი ბედნიერებაო. უმეტესობამ უპასუხა საშუალოდ 4. და კომპანიისთვის შენი შესაძლებლობის რამდენს გაიღებო? პასუხი იყო 6. რომ გიხაროდეთ 6, რამდენს გაიღებდითო? და პასუხი იყო 9. ასე რომ კმაყოფილება არა მხოლოდ კავშირშია კომპანიის წარმატებასთან, არამედ გეომეტრიული პროგრესიით იზრდება ბედნიერების წრფივად მატების დროს.

  • ძირითადი შეცდომები, რასაც კომპანიები თანამშრომლებთან ურთიერთობისას უშვებენ...
ადამიანების მართვის ხელოვნება არის ბეწვის ხიდზე გავლა. თანამშრომელს არც უნდა დააძალო და არც უნდა ეხვეწო. ისე უნდა მართო, რომ მას თავად უხაროდეს განვითარება. ეს ასევე ძალიან ჰგავს სწორ პედაგოგიკას.

მაგალითად, მოსწავლეს რომ ასწავლო ფორტეპიანოზე დაკვრა, არც ის უნდა უთხრა, - მოდი, ახლა აი, იმ დიდ პიანისტს მიბაძეო, და არც ის, - შენ როგორც გაგიხარდება ისე დაუკარიო. მან თავის თავის მოსმენა უნდა ისწავლოს და ისე უნდა დაუკრას, როგორც ის, თავის შინაგანი ხმა ეტყვის, დაუკარიო. 

  • რატომ და როგორ უნდა ზრუნავდეს ხელმძღვანელობა დასაქმებულთა კარგ განწყობაზე სამსახურში?
თავისთავად კარგი განწყობა არ არის თვითმიზანი. მიზანი არის ზრდა- განვითარება და განვითარება კი არსობრივად კარგი განწყობაცაა და ბედნიერებაც.

პროგრესი აუცილებლად მოითხოვს ჭიდილს საკუთარ თავთან და ეს პროცესი სულაც არ არის პრიმიტიულად სასიამოვნო. მისი ხიბლი მხოლოდ ბოლოშია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა ზრუნავდეს კომპანია თანამშრომელთა კარგ განწყობაზე, ადამიანი უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ორწევრა არსება - მას აქვს ეგო და ის, რაც მასში მასზე მეტია. კომპანია  ეგოს უნდა მოექცეს მკაცრად, ხოლო იმ შიდა, მაღალ მეს  უნდა მისცეს გამოხატვის შანსი. პრობლემა იმაშია რომ რთულია ადამიანს უთხა: ,,მე შენი ეგო არ მაინტერესებს, მაგრამ გადავყვები შენს მაღალ მეს.'' ამ ტიპის არა მარტო თანამშრომლობა, მეგობრობაც კი არ ვიცით. არადა მე თუ მკითხავთ, მხოლოდ ასეთი ადამიანები გვზრდიან, ვინც  ჩვენს განვითარებაზე დარდობს და არ ინდობს ჩვენს „მინდას“.

  • შეიძლება ითქვას, რომ დასაქმებულისთვის ღია, მეგობრული სამუშაო გარემო ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მაღალი ანაზღაურება?
ასე მარტივადაც არ არის საქმე. თუ ადამიანს პურის ფული არ აქვს, მისთვის გარემო ანაზღაურებაზე ნაკლებია. მე ისევ იმას გავუსვამ ხაზს, რომ მეგობრობა თვითმიზანი არაა. ის შეიძლება იყოს გზა.

თვითმიზანია ის, რომ თანამშრომელი ყოველდღიურად იზრდებოდეს და ამისთვის მეგობრული გარემო გარდაუვალია. ზრდა გულისხმობს მინიმუმ 2 რამეს: გაბედულებას და ადეკვატურ უკუკავშირს. იმისთვის, რომ თანამშრომელმა გაბედოს (მაგალითად ინიციატივა, ინოვაცია) მას არ უნდა ჰქონდეს შიში, რომ დასცინებენ ან იდეას მოპარავენ. ამდენად, მეგობრული გარემო აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი პირობაა.

  • პოზიტიური ატმოსფეროსა და ღიაობის გარდა, რა ფაქტორები უწყობენ ხელს თანამშრომელთა კრეატიულობას ?
კრეატიულობის წინაპირობა შესაძლოა, გახდეს კონკრეტული ამოცანები, თავისუფალი დრო, საინტერესო ხალხთან კონტაქტი და ინსპირაცია, სცენაზე გასვლა, მადლობის მიღება, ადეკვატური დაფასება და აღიარება, და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, უაზრო რუტინაც.

  • რას ურჩეთ მას,  ვინც სამსახურში მხოლოდ სტრესსა და დაღლილობას განიცდის, უპირობოდ დატოვოს დაკავებული ადგილი თუ თავად შეუძლია გახდეს ბედნიერების წყარო კომპანიაში?
ჩაიხედეთ სარკეში და გამოაღეთ ფანჯარა. ანუ ადამიანმა თავის თავში უნდა იპოვოს დეპრესიის წყარო. დეპრესია იქ იბადება, სადაც ჩვენ საკუთარ თავს ვემალებით.

ამის მიზეზი შეიძლება იყოს ათასი რამ. თუნდაც ის, რომ ყოველდღიურად გიწევს სამსახურში ნიღბით სიარული. სულ სხვაა,  როცა ფართოდ შეხედავ რეალობას და დაინახავ უამრავ შანსს თუ როგორ შეიძლება რომ განვითარდე, იპოვო შენი თავი და გამოხატო საკუთარი შინაგანი სამყარო. ადამიანმა ბედნიერების წყაროს ჯერ საკუთარ თავში უნდა მიაგნოს და შემდეგ ბიზნეს იდეაც მარტივად მოვა - ბედნიერებას ჩავაცვამთ პროდუქტს  და გავყიდით. ბედნიერება კი არ ისწავლება. ის ყველამ ინტიმურად უნდა იპოვოს, აი „ძილის წინ რომ ერთი წამია, ყველამ რომ ვიცით“, სწორედ მაგ დროს.

ავტორი:
თარიღი: 2018/07/18