როდის და რატომ უნდა დარეგისტრირდეს „სტარტაპერი“ დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით და რას მოუტანს აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესს?
დამატებული ღირებულების გადასახადი, მცირედი გამონაკლისების გარდა, მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში მოქმედებს. 

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან საქონლის/მომსახურების მიწოდებაზე და არაევროკავშირის ქვეყნებიდან საქონლის იმპორტზე  დამატებული ღირებულების გადასახადი დააწესონ, მინიმუმ 15%-იანი განაკვეთით. საქართველოში, უკრაინისა და რუსეთის მსგავსად, დღგ-ს ფიქსირებული განაკვეთი მოქმედებს, რომელიც დასაბეგრი ბრუნვის 18%-ს შეადგენს. ზოგიერთ ქვეყანაში კი დღგ საერთოდ არ არსებობს და მას ბრუნვის გადასახადი ცვლის, მაგალითად აშშ.

ამგვარი დაბეგვრა ქმნის  სისტემას, რომლის დროსაც გადასახადის თანხა წარმოებისა და მიწოდების სტადიების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული.  იგი საბოლოო მომხმარებელზე მიწოდებული საქონლის/მომსახურების ფასით განისაზღვრება.

დღგ-ს გადახდა პირს  კანონით ეკისრება თუკი ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა  100 000 ლარს აღემატება.  თუმცა, არის შემთხვევები, როცა ბიზნესის დაწყების მსურველები დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით რეგისტრირდებიან.

რატომ ირჩევენ ბიზნესმენები დღგ-ს ნებაყოფლობით გადამხდელად რეგისტრაციის გზას და როგორია ამ გადაწყვეტილების დადებითი და უარყოფითი მხარეები?

ჩვენს კითხვებს იურიდიული და მარკეტინგული სერვისების კომპანია- BLH-ის იურისტი, ვახტანგ შენგელია, პასუხობს.

 

  • როდის და რატომ რეგისტრირდებიან ბიზნესის დაწყების მსურველები დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით?
პირი დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირდება, როგორც ნებაყოფლობით, ასევე იმ გარემოებების არსებობისას, რომელთა საფუძველზე კანონი მას   რეგისტრაციას ავალდებულებს.

ნებაყოფლობით დღგ-ს გადამხდელად რეგიტრაციის რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს:

  • სუბიექტი თავიდანვე ისეთ საქმიანობას იწყებს, რომლის ბუნებიდან და მასშტაბიდან გამომდინარე დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია აუცილებელია.
  • პირის საქმიანობიდან გამომდინარე, მალე დადგება გარემოებები, რომელთა გამოც იგი ვალდებული იქნება დღგ-ს გადამხდელად დარეგისტრირდეს. მაგალითად: მოსალოდნელი შემოსავლების მიხედვით, პირის ბოლო 12 თვის ბრუნვა რამდენიმე თვეში აუცილებლად გადააჭარბებს 100,000 ლარს, რაც დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულებას წარმოშობს.
  • სუბიექტის საქმიანობიდან გამომდინარე, მისთვის მომგებიანია დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაცია. მაგალითად, როდესაც იგი აწარმოებს პროდუქციას, რომლისთვისაც ნედლეულს დღგ-ს გადამხდელისგან ყიდულობს და შემდგომ ყიდის ამ პროდუქციას ისეთ პირზე, რომელიც ასევე დღგ-ს გადამხდელია.
ამ შემთხვევაში დღგ-ს გადამხდელად ყოფნა მას და მის პარტნიორებს, რომლისგანაც ხდება ნედლეულის შეძენა, საშუალებას აძლევს, ჩაითვალონ დღგ გადასახადი.

დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, როგორიცაა მაგალითად ანგარიშ-ფაქტურა.

 

  • რა მეთოდით ანგარიშდება მათთვის დღგ-ს თანხა?
დღგ-ს გადასახდი ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირებისთვის ანგარიშდება იმავე მეთოდით, რაც სავალდებულო რეგისტრაციისას, რადგან ნებაყოფლობითი რეგისტრირებული პირი, დღგ-ს ადმინისტრირების და გადახდის მიზნებიდან გამომდინარე, უტოლდება სავალდებულო რეგისტრაცია გავლილ პირებს.

ზოგადად დღგ-თი დაბეგვრის ობიექტი შეიძლება იყოს: დასაბეგრი ოპერაცია, იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი, დროებითი შემოტანა.

ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ დასაბეგრ ოპერაციაზე, რომელთან დაკავშირებითაც დღგ-ს განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ბრუნვის 18%-ის ოდენობით, რომელიც გამოითვლება დასაბეგრი ობიექტის მოცულობიდან გამომდინარე.

მაგალითად: 2000 ლარის საქონლის რეალიზაციის შემთხვევაში, დღგ-სთან ერთად ამ საქონლის ღირებულება იქნება 2360 ლარი, აქედან 360  ლარი იქნება დღგ-ს გადასახადი, ხოლო 2000 ლარი საქონლის ღირებულება.

 

  • რა უნდა გაითვალისწინოს დამწყებმა ბიზნესმენმა ამ დროს?
დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შემდგომ საჭირო იქნება მეტი რესურსის გამოყოფა ბუღალტერიაში; დღგ-ს დეკლარაციების შევსება და წარდგენა; დოკუმენტაციის შეგროვება და მართვა; ჩათვლის დოკუმენტაციის გაგზავნა/მიღება; გადასახადების გადახდა.

ყველაფერი ეს დამატებით ყურადღებას, დროსა და ფინანსებს საჭიროებს .

 

  • რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ბიზნესისთვის ?
დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის დროს, იზრდება გადასახადების ადმინისტრირებისთვის გამოსაყოფი რესურსები, ასევე მეტ ყურადღებას მოითხოვს ფინანსური მენეჯმენტი, მეტი საბუთი იქნება მოსაწესრიგებელი, შესაბამისი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად, უფრო მეტი შეცდომის თავიდან აცილება იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ პატარა ბიზნესისთვის  ამ ნიუანსებზე მორგება საკმაოდ რთულია.

მეორე მხრივ, დამატებითი ღირებულების გადასახადის გადამხდელად ყოფნის შემთხვევაში ადვილდება იმ პარტნიორებთან ურთიერთობა, რომლებიც ასევე დღგ-ს გადამხდელები არიან და საჭიროებენ დღგ-ს ჩათვლას, შესაბამისი ჩათვლის დოკუმენტაციის საშუალებით. მათი გაცემა კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დღგს გადამხდელი ბრძანდებით.

თარიღი: 2018/07/20