„ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესი გააფუჭეს" - ხათუნა მაღლაკელიძე
რა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა სარესტორნო ბიზნესი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვის შემდეგ?

„თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი" ძალაში მიმდინარე წლის პირველი მაისიდან  შევიდა. აღნიშნული რეგულაცია საქართველოს პარლამენტმა გასულ წელს მესამე მოსმენით მიიღო. კანონის თანახმად, თამბაქოს მოხმარება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში აიკრძალა, გარდა ფიზიკური პირის საცხოვრებელი სახლისა, სამორინეებისა და შესაბამისი ლიცენზიის მქონე სიგარაბარებისა (დასაშვებია მხოლოდ სიგარის მოწევა, თამბაქოს სხვა ნაწარმის არა, ხოლო აღნიშნული ტიპის დაწესებულება ლიცენზიას მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, თუკი სიგარისა და ალკოჰოლის გარდა, არაფრის რეალიზებას არ ახდენს). 

კანონის ინიციატორებისა და მისი მიღების მომხრეების ძირითადი არგუმენტი თამბაქოს მიერ ადამიანთა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანია, განსაკუთრებით ეს პასიურ მწეველებს ეხება. რესტორნებსა და კაფე-ბარებშიც სპეციალურად მწეველებისთვის გამოყოფილი ზონების მოწინააღმდეგეებიც სწორედ იქ დასაქმებულთა უფლებაზე აპელირებენ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აღნიშნული კანონის მიღება ერთბაშად არ მომხდარა. ის პირველად ძალაში 2003 წელს შევიდა და მას შემდეგ არაერთი ცვლილება განიცადა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში  საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალა. 2020 წელს აღნიშნულ კანონში ცვლილება კიდევ ერთხელ შევა. ამჯერად მოწევა ღია სივრცეებშიც - აუზებსა და სტადიონებზეც აიკრძალება. 

საქართველოში გავრცელებულია მცდარი აზრი, რომ ასეთი მკაცრი რეგულაციის მიღებას ევროკავშირთან დადებული ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს. სინამდვილეში კი, ხელშეკრულების თანახმად, საქართველო ვალდებულია, თამბაქოს ინდუსტრიის პროდუქტის წარმოების, წარდგენის, გაყიდვის, რეკლამისა და სპონსორობის რეგულაციები ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვოს. ახალ კანონში წარმოდგენილ ცვლილებს შორის მხოლოდ ნაწილი ატარებს სავალდებულო ხასიათს, მეორე ნაწილი კი ევროკავშირის სარეკომენდაციო ხასიათისაა და კანონპროექტის ავტორების ინიციატივას წარმოადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანაში თამბაქოს მოხმარება შენობა-ნაგებობში სრულად აკრძალული არაა, ზოგიერთგან რესტორნებსა და კაფე-ბარებში სპეციალური ზონებია გამოყოფილი, მაგალითად, ბელგიაში, დანიაში, შვედეთში. ასევე იყო ნიდერლანდებში, თუმცა მიმდინარე წელს თამბაქოს მოხმარება აქაც სრულად აკრძალეს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას ისიც, რომ აღნიშნულ ქვეყნებში თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა ძალიან მცირეა, რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა მწეველების რაოდენობით ევროპაში - მეორე, ხოლო მსოფლიოში - მეექვსე ადგილზეა. კანონის ინიციატორთა ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ეს მაჩვენებელიცაა.  

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით საქართველო გადის ცივილიზებული სამყაროს მიერ განვლილ გზას. მისი თქმით, აღნიშნული კანონით მხოლოდ თამბაქოს ბიზნესი დაზარალდება, ხოლო წარმოება, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე შოულობს ფულს, უნდა გაკოტრდეს. ზოიძის განცხადებითვე, თამბაქოს ინდუსტრია ქვეყნის ეკონომიკისთვისაც დამაზიანებელია.

ასეთი რადიკალური აკრძალვის მოწინააღმდეგეები კანონპროექტის ინიციატორებს ყველაზე ხშირად იმაზე საყვედურობენ, რომ ის ზარალი, რაც ეკონომიკას შეიძლება მიადგეს, მათ სათანადოდ არ გათვალეს. განსაკუთრებული აქცენტი, ბუნებრივია, სარესტორნო ბიზნესზე კეთდება. აკაკი ზოიძის განცხადებითვე,  კანონპროექტის მიღების შემდეგ მის ამოქმედებამდე ერთწლიანი შუალედი სწორედ იმიტომ გაკეთდა, რომ სარესტორნო ბიზნესს  ამ ცვლილების მომზადება მოესწრო. 

რა გავლენა იქონია  თამბაქოს აკრძალვამ სარესტორნო ბიზნესზე, რეალურად შეხვდა თუ არა ეს სეგმენტი მზად ასეთ რადიკალურ ცვლილებებას და რა შედეგები გვაქვს მისი ამოქმედებიდან 2 თვის თავზე? - ამ და სხვა კითხვებით რესტორან ბატონას" გენერალურ დირექტორს, ხათუნა მაღლაკელიძეს მივმართეთ: 

-„თამბაქოს აკრძალვის კანონმა რესტორნები ძალიან სერიოზულად დაგვაზარალა. ყველა ცუდ დღეში ჩავვარდით. პირადად მე, შევამცირე კადრები. აბსოლუტურად გავანახევრე ყველაფერი იმიტომ, რომ კატასტროფული მდგომარეობაა. მწეველ ადამიანს, როცა სვამს და ქეიფობს, მაშინ უნდა მოწევა და კომფორტი და ამ კანონმა შექმნა სერიოზული დისკომფორტი. რამაც განაპირობა ის, რომ ხალხი აღარ მოდის რესტორანში და გადიან ქალაქგარეთ, ან ბუნებაში. ზაფხულში ეს კანონი არაფრით არ უნდა მიეღოთ. ზამთარში მაინც რომ მიეღოთ, ყველა თანაბარ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდით, მაგრამ საერთოდ წინააღმდეგი ვარ ამ კანონის. რადგან ასეთი შეზღუდვა არ შეიძლება. საქართველოში 70-80 % ეწევა, ხოლო რესტორნებში მოსიარულე ადამიანების 80-90% არის მწეველი. გამოდის, რომ ყველა იზღუდება. ამის გამო, იწყება ისევ ტენდენცია ოჯახებში სუფრების გაკეთების, როდესაც ბოლო პერიოდში აბსოლუტურად ყველა ადამიანი აკეთებდა რესტორანში ყველანაირი ტიპის სუფრას. ახლა შეზღუდულად არის და ამის გამო, თავს იკავებს, თუ ძალიან აუცილებელი არ არის. ეს ყველაფერი კი, ბუნებრივია, აისახება შემოსავალზე, აისახება ბიუჯეტზეც. სახელმწიფოს ბიუჯეტში შეგვაქვს ჩვენ თანხები და ამდენ ხალხს ვასაქმებთ. ახლა ამ კანონით გამოდის, რომ დასაქმებულთა რიცხვიც და ბიუჯეტში შესული თანხის ოდენობაც შემცირდება. ეს ყველაფერი კი გამოიწვია ამ კანონმა. კარგი იქნება, თუ ამაზე პეტიციას მოამზადებდნენ, სიამოვნებით მოვაწერ ხელს. ყველა რესტორანი მოაწერს"

-რა იქნება პეტიციის მოთხოვნა? 

- კანონის ძალაში შესვლისთანავე გქონდა რესტორნებს პეტიციის იდეა, მაგრამ ახლა პარლამენტი შვებულებაშია, მაინც არ განიხილავდნენ და გადაიდო. პეტიციის მოთხოვნა უნდა იყოს სპეციალური ზონები არამწეველებისთვის და იქ არ შევლენ მწეველები და შესაბამისად, მწეველიც არ შეიზღუდება. ასეთი რადიკალური ცვლილება არაფრით არ შეიძლებოდა. ამის გამო, ბევრი ობიექტი დაიკეტა. მე შემოვრჩი რაღაცნაირად, საკუთარი ჯიბით ვინახავ ამ ყველაფერს, რომ იქნებ როგორმე შემოდგომამდე მივიდე და მერე შევხედავ. თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, ასეთ წამგებიან ბიზნესზე მუშაობა, არა მგონია, ვინმეს აწყობდეს. ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი საქმე გააფუჭეს, ასე გამოდის. 

-კანონის ინიციატორთა თქმით, ცვლილების მიღებიდან ძალაში შესვლამდე არსებული ერთწლიანი პერიოდი სწორედ სარესტორნო ბიზნესს მიეცა, რადგან მეტ-ნაკლებად მომზადებულიყვნენ. მართლაც, ბევრმა ვერანდა და ეზო მოაწყო... 

-კი, მესმის. მეც მაქვს პატარა ეზო, პატარა აივანიც, მაგრამ ამხელა ობიექტს ვერანდა და ეზო ვერ შეინახავს, ვერც ამდენ კადრს. კი, ბატონო, ვისაც დიდი ვერანდა და ეზო აქვს, გააკეთებს გარეთ დიდ სუფრებს, ქორწილსაც კი, მაგრამ ეს ზაფხულში, ზამთარში ხომ ვერ გააკეთებს? ან ზაფხულშიც რომ გაწვიმდეს და ცუდი ამინდი იყოს, გამოვა, რომ იქაც ჩაიშლება და დისკომფორტი შეექმნებათ მომხმარებლებს. ძალიან ბევრ ცუდ რაღაცებს იწვევს ეს კანონი და ამაზე არ უფიქრია ქალბატონ გუგული მაღრაძეს. მხოლოდ ერთი მხრიდან განიხილა და ამის უკან რამდენი პროცესია და რამდენი რამ ზიანდება, არ გაუთვალისწინებია. 

მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს აკრძალვამ რესტორნების „გაკაბრიოლეტების“ ტენდენციაზე კვების ობიექტების თითქმის ყველა მფლობელი დააფიქრა, ინიციატივის რეალურად ხორცშესხმა მხოლოდ რამდენიმე მათგანმა შეძლო. ზოგს საკმარისი ფართი არ აღმოაჩნდა, ზოგმა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მიშენების ნებართვა ვერ მიიღო, იმ კატეგორიამ კი,  ვინც ეზოების საჭიროებაზე თავის დროზე არც დაფიქრებულა, ტერიტორიის გაყიდვისა და სხვა, უფრო ხელსაყრელი ფართის მოძიების მექანიზმის ამოქმედება დაიწყო. ფაქტი ისაა, რომ კანონმა, რომელმაც რეალურად ადამიანის ჯანმრთელობა დაიცვა, სარესტორნო ბიზნესი სერიოზულად დააზარალა. „გაკაბრიოლეტებული“ რესტორნების „იღბლიანმა“ მფლობელებმა კი ახლა „გამოზამთრებაზე“ უნდა იფიქრონ.  

 

თარიღი: 2018/08/07